Accessibility links

logo-print

21 წლის ქართული არმიის სახე და პრიორიტეტები


სამხედრო აღლუმი თბილისში. 2010 წლის 26 მაისი

სამხედრო აღლუმი თბილისში. 2010 წლის 26 მაისი

30 აპრილს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 21 წელი შეუსრულდა. შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით 51 სამხედრო პირს სახელმწიფო ჯილდოები გადაეცა, 800-ს კი - ხვადასხვა უწყებრივი მედლები.

ქართულ შეიარაღებულ ძალებს ქვეყნის შიგნით 1991 წლის აპრილიდან დღემდე სხვადასხვა ხანგრძლივობის და მასშტაბის კონფლიქტებში მონაწილეობა უწევდა, უკანასკნელად კი - 2008 წლის აგვისტოში. ამჟამად ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე ISAF-ის ოპერაციაში 936 ქართველი ჯარისკაცი მონაწილეობს, თუმცა უკვე გადაწყვეტილია წლის ბოლომდე მათი რაოდენობის ერთი ბატალიონით, ანუ 750 ჯარისკაცით, გაზრდა. რა გამოცდილებით, ცოდნით და შესაძლებლობით ხვდება ქართული არმია 21-ე წლისთავს?

ქართული შეიარაღებული ძალები თავის 21-ე წლისთავს ერთი კომპონენტის დონეზე ხვდება და ეს არის მხოლოდ სახმელეთო ძალები, ამბობს სამხედრო ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი:

” ანუ მის შემადგენლობაში მხოლოდ სახმელეთო ჯარები შედის. სამხედრო საზღვაო ძალები გაუქმდა 2009 წელს, აგვისტოს ომის წლისთავზე, ხოლო ერთი წლის შემდეგ, 2010 წელს, ასევე გაუქმდა საქართველოს სამხედრო საჰაერო ძალები, ანუ სამხედრო საჰაერო ძალები შევიდა სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში, ხოლო სამხედრო საზღვაო ძალების დიდი ნაწილი თითქმის მთლიანად გადავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვაში.”

საბრძოლო გამოცდილება არ არის მხოლოდ უშუალო თავდასხმაში ან თავდაცვაში მიღებული გამოცდილება. იგივე ის, რომ ადამიანი მთელი დღის განმავლობაში არის საბრძოლო მზადყოფნაში ...
როგორც ირაკლი ალადაშვილი ამბობს, თავის დროზე ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ფინანსური შესაძლებლობების სიმცირით იყო განპირობებული, თუმცა, მისი შეფასებით, ქვეყანას, რომელსაც სახმელეთო საზღვარი აქვს, საჰაერო თავდაცვაზეც უნდა ფიქრობდეს; თუნდაც 2008 წლის აგვისტოს ომის გამოცდილებით, შეიარაღებული ძალების ამ ორი კომპონენტის განვითარებაზე სერიოზულად უნდა ზრუნავდეს.

ირაკლი ალადაშვილი და, მასთან ერთად, სხვა სამხედრო ანალიტიკოსებიც ფიქრობენ, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლების მთავარი საზრუნავი საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობაა. სწორედ ამის დასტურია ის, რომ ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე ISAF-ის ოპერაციაში 936 ქართველი ჯარისკაცი მონაწილეობს, თუმცა უკვე გადაწყვეტილია წლის ბოლომდე მათი რაოდენობის ერთი ბატალიონით, ანუ 750 ჯარისკაცით, გაზრდა. სამხედრო ანალიტიკური კვლევების ცენტრის - ”ჰერის” - თავმჯდომარე გიორგი თავდგირიძე არ ეთანხმება აზრს, რომ ქართული არმია ასეთ ოპერაციებში მხოლოდ ნატოსთან დასაახლოებლად მონაწილეობს. ის არც იმ ანალიტიკოსების შეხედულებას იზიარებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ იქ მიღებული გამოცდილება მხოლოდ პატრულირებისთვის გამოდგება:

საბრძოლო მანქანა"ლაზიკა"

საბრძოლო მანქანა"ლაზიკა"

” საბრძოლო გამოცდილება არ არის მხოლოდ უშუალო თავდასხმაში ან თავდაცვაში მიღებული გამოცდილება. იგივე ის, რომ ადამიანი მთელი დღის განმავლობაში არის საბრძოლო მზადყოფნაში... ის, რომ ხდება პატრულირება, ხდება ცალკეული ამოცანების შესრულება, ეს უკვე უზარმაზარი გამოცდილებაა... როგორ მოხდეს განაღმვითი სამუშაოები - ესეც საკმაოდ დიდი და ფასდაუდებელი გამოცდილებაა, რომელსაც ჩვენი შეიარაღებული ძალები შემდგომში გამოიყენებს.”

გიორგი თავდგირიძის ამ აზრის პარალელურად, სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი, ქართველი სამხედროების ავღანეთში ყოფნისას მიღებულ გამოცდილებაზე საუბრისას, უფრო პარტიზანული, ასიმეტრიული ომის გამოცდილებაზე ლაპარაკობს და ამბობს, რომ ქართველ სამხედროებს ავღანეთში ასევე თალიბების, როგორც პარტიზანების, ბრძოლის მეთოდების გაზიარებაც უწევთ, რაც ასევე კარგი გამოციდილებაა. თუ საქართველოს პოტენციურ საფრთხეებს გავაანალიზებთ, ამბობს ირაკლი ალადაშვილი, შესაძლოა ეს გამოცილება ყველაზე გამოსადეგი აღმოჩნდეს:

” ეს გამოცდილება ერაყში რომ მიგვეღო და გამოგვეყენებინა აგვისტოს ომში, იმ რუსული ჯავშანკოლონების გადაადგილება, რომლებიც მოიწევდნენ დედაქალაქისკენ, ან მანამდე ჯერ ცხინვალისკენ და მერე გორისკენ, მათი დიდი ხნით შეფერხება შეიძლებოდა.”

ასეთ შეიარაღებას თუ მართლა ვამზადებთ და ასეთ პრაქტიკას გადიან ამერიკელებთან თუ, თუნდაც, ავღანეთი ავიღოთ, წესით, უნდა იყოს ნორმალური ჯარი ...
თუ ქართული არმიის 21 წელს შევაფასებთ, ”თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს“ გამგეობის წევრის თეონა აქუბარდიას თქმით, მთავარ პრობლემად იქცა თავდაცვის სამინისტროს კარჩაკეტილობა, რაც საზოგადოების მხრიდან კონტროლის საშუალებას აბსოლუტურად არ იძლევა:

” ალბათ, კარგი იქნებოდა, რომ საზოგადოება იყოს ჩართული ამ ყველაფერში და მიუწვდებოდეს ხელი იმ ინფორმაციაზე, რასაც ჰქვია რეფორმის მიმდინარეობა და განვითარება. სამოქალაქო კონტროლი, ფაქტობრივად, განუხორციელებელია შეიარაღებულ ძალებზე, ისევე როგორც, მაგალითად, პარლამენტის მიერ კანონით გათვალისწინებული ზედამხედველობის გაწევა.”

თავდაცვის სფეროს ექსპერტები შეგნებულად არ ლაპარაკობენ ქართული არმიის ბრძოლისუნარიანობაზე. ისინი ამბობენ, რომ 2008 წლამდე ხელისუფლების მიერ ნაწარმოებმა კამპანიამ აგვისტოს ომის შემდეგ სერიოზული იმედგაცრუება მოიტანა.

რადიო თავისუფლებამ რიგით გამვლელებს ჰკითხა, რა იციან არმიაში არსებული მდგომარეობის შესახებ და ენდობიან თუ არა მას, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციას. პასუხები ასეთი იყო:

”კონკრეტულად არ ვიცი, რა ხდება, მაგრამ რასაც ტელევიზორში უჩვენებენ, ასეთ შეიარაღებას თუ მართლა ვამზადებთ და ასეთ პრაქტიკას გადიან ამერიკელებთან თუ, თუნდაც, ავღანეთი ავიღოთ, წესით, უნდა იყოს ნორმალური ჯარი.”

”ჯარის მიმართ არა, მაგრამ ხელისუფლების მიმართ მართლაც შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება.”
XS
SM
MD
LG