Accessibility links

logo-print

”ქართული ოცნების” დარგობრივი მიმართულებები


პრეზენტაცია "ქართული ოცნების" ოფისში

პრეზენტაცია "ქართული ოცნების" ოფისში

საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნება” დარგობრივი მიმართულებების ჩამოყალიბებას იწყებს. ერთ-ერთი პირველი მიმართულების პრეზენტაცია 21 დეკემბერს ”ქართული ოცნების” ოფისში გაიმართა. ”სამართლის სისტემა, ადამიანის უფლებები და მართლმსაჯულება” - ამ მიმართულებით მუშაობას იწყებენ უფლებადამცველები და სამართლის ექსპერტები. მათი განცხადებით, დამუშავდება მწვავე პრობლემები, შედეგად კი ნორმატიული რეგულაციისათვის მომზადდება კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივების პროექტები.

”სამი სიტყვა დაიმახსოვრეთ. ჩვენი ძირითადი მიზანი იქნება დამკვიდრდეს სამართალი, სიმართლე და სამართლიანობა” - ასე დაახასიათა მეცნიერმა იურისტმა მინდია უგრეხელიძემ ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი პირველი დარგობრივი მიმართულება, რომელსაც ის უხელმძღვანელებს და რომლის პრეზენტაციაც 21 დეკემბერს გაიმართა. პრეზენტაციას ადამიანის უფლებათა დამცველები და სამართლის სფეროში მომუშავე ექსპერტთა მნიშვნელოვანი ნაწილი დაესწრო.

როგორც პრეზენტაციის მსვლელობისას გახდა ცნობილი, მიმართულების მთავარ მიზანს წარმოადგენს შესაბამის სფეროებში შექმნილი ვითარების ანალიზი, შედეგად კი - დემოკრატიული განვითარებისა და იურიდიული ინსტიტუტების რეკონსტრუქციის მომზადება. მინდია უგრეხელიძის თქმით, თემატურ ჯგუფებში მომუშავე დარგის სპეციალისტები აღნუსხავენ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან პრობლემებს, შეისწავლიან მათ და აუცილებელი ნორმატიული რეგულაციისათვის მოამზადებენ კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივების პროექტებს. როგორი იქნება მუშაობის სტილი და პრინციპი? - რადიო თავისუფლების ამ კითხვას მინდია უგრეხელიძე ასე უპასუხებს:

”პირველ ეტაპზე სამუშოა შედარებით მარტივია. ეს არის კატალოგის შედგენა, რომლითაც უნდა ჩამოითვალოს საზოგადოებისათვის რაც შეიძლება მტკივნეული და მგრძნობიარე საკითხები. როდესაც ეს ყველაფერი დასაბუთებული სახით გვექნება და თაროებზე დალაგდება, მერე უნდა განისაზღვროს პრიორიტეტები. ჩვენი შეხვედრები ყოველკვირა თუ არა, ყოველ ორ კვირაში ერთხელ შედგება”, - ამბობს მინდია უგრეხელიძე.

პაატა ცნობილაძე, სამართლის დოქტორი და პროფესორი, სამართლის სისტემის ჯგუფს უხელმძღვანელებს. ქართული სამართლის სისტემა რეაბილიტაციას მოითხოვს, ამბობს პაატა ცნობილაძე და ირწმუნება, რომ უმოკლეს ვადაში ისინი საზოგადოებას წარუდგენენ საინტერესო მასალას, რომელიც სასამართლო სისტემის გაუმჯობესებისაკენ იქნება მიმართული:

”ქართული სამართალი, მთელი სამართლის სისტემა აღმოჩნდა უაღრესად პოლიტიზებული და იდეოლოგიზებული. სწორედ ამის გამო უკვე აღარ არსებობს წყალგამყოფი სამართალსა და პოლიტიკას შორის”, - მიაჩნია პაატა ცნობილაძეს.

ადვოკატი და მედიასამართლის ექსპერტი სანდრო ბარამიძე მართლმსაჯულების განხრით გეგმავს მუშაობის წარმართვას. სასამართლო ხელისუფლება ვერ ახორციელებს მთავარ კონსტიტუციურ უფლებას, რადგან ვერ ახერხებს დააბალანსოს და გააკონტროლოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, ამბობს სანდრო ბარამიძე და მიუთითებს, რომ სასამართლო ხელისუფლება საქართველოში პირდაპირი დიქტატის ქვეშ იმყოფება. ამის საილუსტრაციოდ კი მას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება მოჰყავს საქმეზე ”ენუქიძე-გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“.

”სასამართლომ თქვა, რომ ის გაოგნებულია იმ ფაქტით, თუ რა ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებენ ხელისუფლების სხვადასხვა შტოები იმისათვის, რომ საქმეზე არ განხორციელდეს მართლმსაჯულება, ნაცვლად ერთმანეთის გაკონტროლების და დაბალანსებისა”, - ამბობს სანდრო ბარამიძე.

კიდევ ერთი განხრა, რომელზეც ”ქართული ოცნების” ბაზაზე შექმნილი დარგობრივი მიმართულება იმუშავებს, ადამიანის უფლებებია. უფლებადამცველი და ადვოკატი სოსო ბარათაშვილი ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელ უჩა ნანუაშვილთან ერთად სწორედ ამ კუთხით იმუშავებს. როგორც ისინი 21 დეკემბერს გამართულ პრეზენტაციაზე მიუთითებდნენ, ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა, რომელიც დღეს საზოგადოებას აწუხებს, ტერიტორიული მთლიანობის შემდეგ, ადამიანის უფლებებია.

მანანა კობახიძე, არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია ”საზოგადოებრივი დამცველის” აღმასრულებელი დირექტორი, მიიჩნევს, რომ მეცნიერულ დონეზე დამუშავებული კონცეფციები, რომლებსაც, საბოლოო ანგარიშით, სამართლის დარგის სპეციალისტები საზოგადოებას წარუდგენენ, ერთნაირად საინტერესო უნდა იყოს როგორც რიგითი მოქალაქეებისათვის, ასევე პოლიტიკური პარტიებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის. ის ამბობს, რომ თუ ”ქართული ოცნების” ბაზაზე შექმნილი ჯგუფი მოლოდინს გაამართლებს, მათ მიერ შემუშავებული დოკუმენტები ყურადსაღები და მნიშვნელოვანი იქნება:

"აქვე გეტყვით, რომ ”ქართული ოცნება”, რომელსაც სათავეში ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი უდგას, გარდა მართლმსაჯულების და ადამიანის უფლებებისა, სხვა მიმართულებებითაც იწყებს მუშაობას. მათ შორის იქნება ჯანდაცვა, განათლება, კულტურა და კონფლიქტები."

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG