Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 21 სექტემბერი, 2011


დღეს თითქმის ყველა გაზეთი წერს ”ეროვნული ფორუმის” მიერ დაანონსებულ ”ქართველთა მარშზე” და ამ ღონისძიების მიმართ სხვა პოლიტიკური ძალების დამოკიდებულების შესახებ: ”მარშში მარტო ფორუმელები არიან” – ეს ”24 საათის” სათაურია. ”ახალი თაობა” კი წერს: ”გარდა იმისა, რომ ცნობილი გახდა ”ქართველთა მარშის” მარშრუტის შესახებ, ასევე ცნობილი გახდა მათი ვინაობა, ვინც უერთდება ეროვნული ფორუმის ამ იდეას. ასეთი მზადყოფნა, ჯერჯერობით, მხოლოდ სახალხო კრებამ გამოთქვა”. ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში ”ქართველთა მარშის” იდეას დადებითად აფასებს ადვოკატი, პოლიტიკური მოძრაობა ”კანონი და სამართლიანობის” ლიდერი შალვა ხაჭაპურიძე. გარდა ამისა, ის ინტერვიუში ახალი ორგანიზაციის – ”ქართული ეროვნული მოძრაობის” პრეზენტაციასაც აანონსებს.

”ვერსია” გუბაზ სანიკიძესთან მცირე ინტერვიუს აქვეყნებს. რესპონდენტი აღნიშნავს, რომ ”ქართველთა მარშის” იდეა კახა შარტავას ეკუთვნის. ”ვერსიაშივე” დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანთან საუბარიც ქვეყნდება. ჟურნალისტის შეკითხვა: ”ისევ ოპოზიციას დავუბრუნდეთ, მათ შორის რეალურ კონკურენტს ხედავთ?”, პასუხი: ”მთავარი კონკურენტი პრობლემა უმუშევრობაა. თუ ჩვენ შევძლებთ ამ პრობლემის მოგვარებას, კონკურენტი არ გვეყოლება”. ამავე ინტერვიუში მაჭავარიანი აცხადებს, რომ ”დენის გადასახადზე ნაგვის გადასახადის მიბმა ან სამარშრუტო ავტობუსებით მგზავრობის საფასურის გაზრდა მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობაა. გიგი უგულავა თავის სფეროზე აგებს პასუხს”. ”ვერსია” ინტერესდება იმით, შეხვდა, თუ არა ირაკლი ალასანია ვანო ჩხარტიშვილს ლონდონში. ალასანია პასუხობს, რომ, ზოგადად, ბევრ ადამიანს ხვდება თბილისშიც და საზღვარგარეთაც: ”არავითარ პარტიულ საკითხებზე და პარტიის დაფინანსებაზე შეხვედრა არ შემდგარა”. რესპონდენტი აგრეთვე აცხადებს, რომ ჩხარტიშვილის მიერ ”თავისუფალი დემოკრატების” დაფინანსების შესახებ ინფორმაცია ხელისუფლების მიერ გავრცელებული ”ტყუილი იყო”.

”ვერსია” დღეს წერს იმის შესახებაც, რომ გამომცემლობა ”სამშობლოს” შენობა იყიდა კომპანიამ, რომელიც ამ ობიექტის პრივატიზებამდე ერთი კვირით ადრე დარეგისტრირდა და რომელიც ბიზნესმენ თემურ უგულავას ბიზნესჯგუფშია.

”ყველა სიახლე” ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება: ”ქუთაისში მომხდარი ინციდენტი და მისი შემდგომი განვითარება იქნება სერიოზული ტესტი იმის გამოსავლენად, ვის მხარეს დგას და ვის ინტერესებს იცავს რეალურად ხელისუფლება და სახელმწიფო – საკუთარი მოქალაქეების, თუ უცხოელი ინვესტორების?”.

”ყველა სიახლეში” დღეს რობერტ სტურუას ამბავს უბრუნდება და აქვეყნებს ინტერვიუს მსახიობ ბესო ზანგურთან: ”ჩვენთვის, მსახიობებისთვის რუსთაველის თეატრი სტურუას გარეშე ერთი ლამაზი, ჩუქურთმებიანი შენობაა, სხვათა შორის, სომხების აშენებული... ეს ხელისუფლება ისეთ რაღაცას შეეხო, რომ საქმე ასე იოლად არ დასრულდება. ხომ ხედავთ, უკან იხევენ და რობიკოს რეჟისორად დარჩენას სთავაზობენ”.

”რეზონანსი” მკითხველს სთავაზობს რეპორტაჟს სათაურით - ”ორი წეროვანი”, წეროვანში ჩასახლებული დევნილების მდგომარეობის შესახებ. ლიახვის ხეობიდან დევნილები ჩივიან, რომ ახალგორელებზე უარეს პირობებში უწევთ ცხოვრება”. ავტორისთვის ერთ-ერთს შეუჩივლია: ”სააკაშვილმა ჯერ დევნილები უნდა დავასაქმოთო. "ბარამბოსა" და "ბერტაში" მხოლოდ ახალგორელები რომ მუშაობენ, ლიახველები დევნილებად არ ითვლებიან?" მეორე დევნილს კი უთქვამს, რომ ახლა ყველაზე დიდი პრობლემა სკოლის წიგნებია.

”საქართველოს რესპუბლიკაში” ქვეყნდება სტატია: ”კოდუების კლანი დემოკრატიის წინააღმდეგ”. ავტორი წერს, რომ ეს ჟურნალისტური გამოძიების გაგრძელებაა: ”უნდა აღვნიშნო, რომ მოპოვებული უამრავი მასალის გაცნობისას სულ უფრო და უფრო იკვეთება მათ ბიზნესსაქმიანობაში არსებული შავბნელი მაქინაციების სიბინძურე. ჩვენ ისიც ვიცით, თუ ვინ დგას ამ კლანის ყოვლისშემძლეობის უკან, რომელთა მხილების დროც დადგება”.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG