Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 26 იანვარი, 2012


პრესა აქტიურად ცდილობს გაარკვიოს, რა გეგმა აქვთ ბიძინა ივანიშვილსა და მის გვერდით მდგომ პოლიტიკურ ძალებს და როგორ ემზადებიან არჩევნებისთვის.

“ახალი თაობა” აქვეყნებს ინტერვიუს რესპუბლიკელთა ერთ-ერთ ლიდერ დავით ბერძენიშვილთან, რომელიც აცხადებს: “სააკაშვილი წააგებს ამ არჩევნებს”. ინტერვიუს დიდი ნაწილი სააკაშვილსა და მის პერსპექტივას ეძღვნება: “სააკაშვილს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კიდევ რჩება დრო პრეზიდენტობის, თუმცა ის ხედავს და მე ვფიქრობ, საფუძვლიანად თვლის, რომ საპარლამენტო არჩევნებს თუ წააგებს, მისი პრეზიდენტობა იქნება ჯოჯოხეთი და კოშმარი და პრაქტიკულად დამთავრდება პრეზიდენტობაც. ამიტომ სააკაშვილი ყველაფერს ეცდება, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, მაგრამ ქართველი ხალხის და დასავლეთის წინააღმდეგ ერთობლივი სვლის რესურსი სააკაშვილს დღეს არა აქვს.”

“ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში “ქართული ოცნებიდან” წამოსული ნანა დევდარიანი ამბობს: “იმ პარტიებისთვის, ვინც ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობს, მთავარია ივანიშვილის სახელი და მისი ფინანსური რესურსი. მე შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ისინი დაინტერესებული არ არიან, რომ მან პარტია შექმნას.”

“ალიას” სოზარ სუბარი უცხადებს, რომ “დიდ პატივს” სცემს ნანა დევდარიანს და იქვე დასძენს, ““ქართულ ოცნებაში” საგანგაშო არაფერი ხდება, არანაირი ინტრიგა იქ არ დამინახავსო”.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური აქტივობის შეფასებას იძლევა “ალიასთან” საუბარში პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე: “სააკაშვილი არ არის ის ძალა, რომელზეც ეგ იტყვის - მოვედი, ვნახე, დავამარცხეო. მე სააკაშვილის ადვოკატი კი არა ვარ, თვითონ ივანიშვილი არ ტოვებს კეისრის შთაბეჭდილებას.”

ისევ “ალიაში”, კახა კუკავა: “მე არ მესმის, თუკი სტალინი და რუზველტი გაერთიანდნენ ჰიტლერის წინააღმდეგ, რატომ არ შეიძლება ჩვენ და ბიძინა ივანიშვილი გავერთიანდეთ ამ რეჟიმის წინააღმდეგ?”

“რეზონანსი” გია ნოდიას ეკითხება სააკაშვილი-ობამას მომავალი შეხვედრის სავარაუდო მიზეზზე. ნოდია უპირველეს მიზეზად ასახელებს აშშ-ის შიდა ვითარებას: “ობამას აკრიტიკებენ რესპუბლიკელები და კონგრესი იმისთვის, რომ ის არასაკმარისად უჭერს მხარს საქართველოს და, როგორც ჩანს, ახლა გადაწყვიტა ობამამ, რომ გარკვეული დემონსტრაციაა საჭირო იმისთვის, რომ საქართველოს მხარს უჭერს.”

“რეზონანსი” და “24 საათი” დღეს წერენ 25 იანვარს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრაზე, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობას მიეძღვნა. “პირდაპირ ნათელია, არაპირდაპირ - ბუნდოვანი” - ასეთია “24 საათის” სათაური. “რეზონანსი” კი წერს, რომ “ხელისუფლება “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანას გეგმავს. თუმცა ჯერჯერობით არ კონკრეტდება, რის შეცვლას აპირებენ. სავარაუდოა, რომ ეს ცვლილებები მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებულ რეგულაციებს შეეხება.”

“საქართველოს რესპუბლიკაში” ქვეყნდება წერილი, სათაურით - “საზოგადოება და... ჯოგი”. ის ასე სრულდება: “საზოგადოების ჯოგად გადაქცევის მოწადინეთ უნდა ახსოვდეთ, რომ, მართალია, ჯოგის გადადენა-გადმოდენა უფრო ადვილია, ვიდრე საზოგადოებისა, მაგრამ მისი მართვა არის შეუძლებელი. ხოლო უმართავ პროცესებს რაც მოჰყვება ხოლმე, ამის გამოცდილება უხვად არსებობს.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG