Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 19 აპრილი, 2012


”რეზონანსი” წერს, რომ ”მთებში თოვლის დნობის და საგაზაფხულო წვიმების გამო ადიდებულმა მდინარეებმა საქართველოს მაღალმთიანი რეგიონები სტიქიური უბედურების საფრთხის წინაშე დააყენა”. გეოლოგ ემილ წერეთელს გაზეთისთვის უთქვამს, რომ ”საქართველოში 3 ათასამდე დასახლებული პუნქტია მეწყერებისა და ღვარცოფების საფრთხის წინაშე” და რომ გეოლოგთა ჯგუფები მალე დაასრულებენ ადგილებზე ვითარების შესწავლას და დასკვნასაც მოამზადებენ.

”24 საათი” წერს, რომ 18 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ტერაქტების მოწყობაში მსჯავრდებულთა პროცესი პატიმრების გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. სტატიის ავტორი წერს, რომ პატიმრების ადვოკატებმა ფაქტი ”ერთ-ერთ პატიმარზე, მერაბ ყოლბაიაზე - ”კოჭოიაზე” განხორციელებულ ზეწოლას დაუკავშირეს”, რადგან, მისი ადვოკატის თქმით, ”კოჭოია” სხდომაზე მიცემული აღიარებითი ჩვენების შეცვლას, კერძოდ, ტერაქტების ჩადენაში მონაწილეობის უარყოფას აპირებდა.

ამ თემაზე დღეს ”რეზონანსიც” წერს. ტერორისტული აქტის მოწყობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირის, დავით კეკუტიას ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილს უთქვამს: ”რეალური მიზეზი იმისა, რის გამოც ამ ხალხის ეტაპირება არ მოხდა, არის ის, რომ, როგორც ჩანს, მომდევნო სასამართლომდე ამ ხალხის კარგად ”დასამუშავებლად” დრო სჭირდებათ”.

”ახალ თაობაში” პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხიასთან ინტერვიუ ქვეყნდება. მას ჟურნალისტი ახალაიების კლანისგან სამეგრელოს დაცვის შესახებ ირაკლი ალასანიას განცხადებას შეახსენებს: ”დიახ, ალასანიას შურს წარმატებული ადამიანების, ამ შემთხვევაში - ახალაიების”, - ამბობს მალაშხია და ამავე ინტერვიუში რეზერვზეც ლაპარაკობს: ”სხვათა შორის, ძალიან მაღალია მოთხოვნა ამ ნებაყოფლობითი რეზერვის. კი, გვჯერა საერთაშორისო კომპონენტის, ყველაფრის, მაგრამ რეალურად შიზოიდებთან გვაქვს საქმე და ამ შიზოიდების არაპროგნოზირებადი ხასიათისთვის ჩვენ ქმედებები, როგორც სახელმწიფომ, ხომ უნდა განვახორციელოთ. თუ გინდა, არჩევნებს ემთხვეოდეს ან არ ემთხვეოდეს, ეს საკითხი უფრო ღირებულია ჩვენთვის, ვიდრე არჩევნები.”

”რეზონანსს” კი ”თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი ეუბნება: ”სამეგრელოში კრაზანის ბუდეები მოშლილია. სად არიან ეს ადამიანები გადანაწილებულნი და რომელ იატაკქვეშეთში გადაბარგდნენ, არ ვიცი. ამას ჩვენ ვამოწმებთ და ინფორმაციები მოდის ისევ იმ წყაროებიდან, საიდანაც მოდიოდა. რატომ ეტკინა ასე ხელისუფლებას? იმიტომ, რომ ეს იყო სიმართლე და თქვენმა კოლეგამ პირდაპირ გადაიღო ეს ბუდეები. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ირაკლი ალასანიას სამეგრელოში ყოფნას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა საერთოდ არჩევნების წარმატებისთვის”, - ეუბნება ”რეზონანსის” ჟურნალისტს გია ცაგარეიშვილი.

”ალია” დაწვრილებით აშუქებს ბიძინა ივანიშვილის საჩხერესა და ჭიათურაში ვიზიტს და ივანიშვილისა და მისი თანმხლები პოლიტიკოსების გამოსვლებიდან ციტატებსა და ადგილზე მისული ადამიანების მოსაზრებებს სთავაზობს მკითხველს.

”ალიას” ინფორმაციით, ”ნაციონალურ მოძრაობას” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უკვე შეურჩევია. გაზეთი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს დავით ტყეშელაშვილს, დეპუტატ გოგი ლიპარტელიანს და რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენ ლევან ვასაძეს ასახელებს. გაზეთთან ინტერვიუში ამას არ ადასტურებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი.

”საქართველოს რესპუბლიკაში” წაიკითხავთ რუსთავში შსს-ს მინისტრის, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრების პირველი მოადგილეების, პარლამენტის ვიცე-სპიკერისა და რეგიონის გუბერნატორ დავით კირკიტაძის მიერ მოსახლეობასთან გამართული შეხვედრის შესახებ. ”საქართველოს რესპუბლიკის” ავტორი წერს, რომ შეხვედრა დახურული იყო. იქიდან გამოსულ დავით კირკიტაძეს ჟურნალისტებისთვის უთქვამს: ”ანგარიში ჩავაბარეთ ხალხს. ეს მთავრობისთვის პრიორიტეტია. ასეთ შეხვედრებს კვლავ გავმართავთ. ჩვენთან ერთად ივლიან სხვა სამინისტროს წარმომადგენლებიც. რაც შეეხება თქვენს კითხვას წინასაარჩევნო ელფერთან დაკავშირებით, თქვენ სრული უფლება გაქვთ, როგორი კონტექსტიდანაც გნებავთ, ისე შეხედოთ ამ საკითხს. ჟურნალისტებისთვის დასწრება არ არის აკრძალული. დამირეკეთ მე ან პრესსამსახურს და შეგიშვებთ. ახლა შეხვედრა თითქმის დასრულდა და შესვლას აზრი არ აქვს”. დამსწრეებს შორის კირკიტაძეს დაუსახელებია პედაგოგები, სკოლების დირექტორები და ასევე, სხვათა შორის, სასაფლაოს დირექტორიც.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG