Accessibility links

logo-print
მიმოხილვას ”რეზონანსით” დავიწყებთ, რომელიც დღეს აქვეყნებს სტატიას, სათაურით „სახალხო დამცველმა კონტროლის პალატის საქმიანობაში ბევრი დარღვევა აღმოაჩინა“. გაზეთი წერს, რომ ომბუდსმენმა შეისწავლა კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ 2012 წლის მარტში მოქალაქეებისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის დროს უფლებადარღვევათა ფაქტები და ადამიანის უფლებათა შეზღუდვისა ფაქტები გამოიკვეთა. კერძოდ, გაზეთი წერს, რომ ახსნა-განმარტების მისაცემად მისულ პირთა დიდი ნაწილი არასამუშაო საათებში მათ დაბარებას მტკივნეულად აღიქვამდა, ახსნა-განმარტების ჩამორთმევა რამდენიმე საათის დაგვიანებით იწყებოდა, რაც დამატებით დისკომფორტს უქმნიდა გამოსაკითხ პირს. ასევე, კონტროლის პალატის მიერ გამოძახებული პოლიტიკური პარტიების ათეულობით წევრი, მოხალისეები და მათი კანონიერი წარმომადგენლები ხაზს უსვამდნენ იმ გარემოებას, რომ დაცვის პოლიციის თანამშრომლები შენობაში შესვლისას მათ დეტალურად ამოწმებდნენ როგორც დეტექტორით, ასევე ხელით, ხდიდნენ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს, ართმევდნენ პირად ნივთებს, მოქალაქეებს არ აძლევდნენ საშუალებას გამოსაკითხ ოთახში შეეტანათ ტელეფონი, საათი, საქაღალდე და სხვა.

”ყველა სიახლე” აქვეყნებს ინტერვიუს სოზარ სუბართან, რომელიც მომავალ აქციაზე, ივანიშვილზე შესაძლო თავდასხმაზე და საკუთარ პოლიტიკურ წარსულზე ლაპარაკობს. ”"ქართულ პარტიაში" გაწევრება ნამდვილად შეცდომა იყო. სხვათა შორის, ვიდრე პარტიას შევქმნიდით, ჩემი მომავალი თანაპარტიელებისთვისაც მქონდა ნათქვამი, როგორც კი საზოგადოება შეიტყობს, რომ ერთად ვიწყებთ პოლიტიკურ საქმიანობას, მაშინვე ხაზი გადაესმება ყველაფერს, რაც აქამდე გამიკეთებია-მეთქი”, - ამბობს ის და განაგრძობს: ”ქართული ოცნების" შემთხვევაში შეცდომაზე ნამდვილად არ მიფიქრია. ბიძინა ივანიშვილის მიმართ ჩვენს საზოგადოებას დიდი ნდობა აქვს. ამგვარი ნდობა მხოლოდ ფულით არ მოიპოვება, ამას სწორად ცხოვრება სჭირდება.”

”ახალი თაობა” კი პაატა ზაქარეიშვილს გაესაუბრა და ჰკითხა, იქნება თუ არა რუსეთ-საქართველოს ახალი ომიო. პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს, არაო, და ასე ხსნის: ”ომში სახელმწიფო მარტო გამარჯვებისთვის ხომ არ იბრძვის, - რაღაცის მიღწევა უნდა. რუსეთმა მიაღწია იმას, რომ საქართველო ნატო-ში დიდხანს ვერ გაწევრდება, ჩვენს ტერიტორიაზე განლაგებული აქვს რუსული ჯარი, ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი მიითვისა, აითვისა, ოკუპაცია განახორციელა და შემდეგ აღიარა ეს ტერიტორიები. რაც უნდოდა, გააკეთა. დაამცირა, შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყანას”. პაატა ზაქარეიშვილი განაგრძობს: „ყველამ კარგად იცის საქართველოში, რომ რუსეთს ტერიტორიები სჭირდება, სამხედრო ბაზები და კავკასიაში გავლენები და არა სააკაშვილი - გინდ ასე და გინდ ისე..."
XS
SM
MD
LG