Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2 ნოემბერი, 2011


ქართული პრესის მიმოხილვა
ნინო გელაშვილი, თბილისი
დღევანდელი გაზეთები მკითხველს ბიძინა ივანიშვილის 1 ნოემბრის პრესკონფერენციის დეტალებზე მოუთხრობენ და ექსპერტთა შეფასებებს სთავაზობენ.

ჯერ სათაურებს გაგაცნობთ: “რეზონანსი” – “მასკარადად გადაქცეული პრესკონფერენცია და ხელებაკანკალებული ჟურნალისტები”, “24 საათი” – “მოლოდინი უშედეგო ფინალით”, “ყველა სიახლე” – “ყველაზე ხმაურიანი პრესკონფერენცია საქართველოს ისტორიაში“, “საქართველოს რესპუბლიკა” – “დიდი მადლობა ბატონ ბიძინას!”. “ვერსია” მკითხველს პრესკონფერენციის სრულ ტექსტს სთავაზობს.

ახლა, რაც შეეხება დეტალებს: “რეზონანსის” ავტორი წერს, რომ “ნაციონალური არხების ჟურნალისტებს თავიანთი რედაქტორები პრესკონფერენციის მსვლელობისას ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ - “ან დასვით შეკითხვა, ან სამსახურში აღარ დაბრუნდეთო”. “იყო ისეთი ზარები, სადაც ხელმძღვანელობა ჟურნალისტებისგან მოითხოვდა, რომ კითხვის დასმა ნებისმიერი ქმედების ხარჯზე მოეხერხებინათ, თუნდაც ამისთვის ივანიშვილის მაგიდასთან მიჭრა დასჭირვებოდათ”. “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში სოციოლოგი მერაბ ფაჩულია ამბობს, რომ ივანიშვილს რეიტინგის გაზრდის პრობლემა არ აქვს - “მთავარია, მისი რეიტინგი არ დაეცეს”. “რეზონანსის” ავტორი ყურადღებას ამახვილებს ივანიშვილის რეზიდენციაში შესვლის პროცედურაზე და წერს, რომ დაცვა “სიფრთხილითა და პატივისცემით” აკეთებდა საქმეს. ამ პროცედურაზე სხვა გაზეთებშიც წაიკითხავთ. “ახალი თაობის” ავტორი დაწვრილებით აღწერს ვითარებას, რომ 200 ადამიანის შემოწმება სწრაფად და მშვიდად მიმდინარეობდა, დაცვა თავაზიანი იყო და ისეთსავე პროცედურას ასრულებდა, რაც, მაგალითად, პარლამენტში ან უზენაეს სასამართლოში შესვლისას არის აუცილებელი.

“ყველა სიახლის” კორესპონდენტი ასე ასრულებს სტატიას: “ამ შეხვედრამ, რომელზეც კიდევ დიდხანს ილაპარაკებენ და შოკის მომგვრელიც იყო, არაერთი შტრიხი შესძინა ბიძინა ივანიშვილის პორტრეტს და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა რაოდენ პოლარიზებულია ჩვენი საზოგადოება, რაც, ცხადია, უპირველესად, მეოთხე ხელისუფლებაზე - მედიაზე აისახება, ეს ერთგვარი ლუსტრაციაც იყო”. “ყველა სიახლისთვის” მიცემულ ინტერვიუში უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე და ყოფილი დეპუტატი ლაშა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ადამიანები “ძალიან ცდებიან, ფულში რომ ეძებენ ბიძინა ივანიშვილის ძალას. აქ ფული არაფერ შუაშია. მთავარი სხვა რამაა: ივანიშვილის სახელი დაუკავშირდა ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებების მშვიდობიანად განხორციელების აქამდე თითქმის ჩამქრალ იმედს. ეს კი ყველა იმ ფულზე მეტია, რაც დედამიწაზე ოდესმე მოჭრილა.”

“ყველა სიახლის” კორესპონდენტს ფსიქოლოგმა რამაზ საყვარელიძემ უთხრა, რომ ეს იყო პირველი პრესკონფერენცია, რომლის დასრულებაც მას დაენანა. პოეტ დავით მაღრაძის შეფასებით, ეს იყო “ბრძენი პოლიტიკოსისა და უგნური ხელისუფლების შეხვედრა”.

“საქართველოს რესპუბლიკაში” ექსპერტ გია ხუხაშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება. ხუხაშვილი ამბობს: “ბატონ ბიძინას ერთადერთ რამეს ვურჩევ, რომ ამ ნერვების თამაშში ნერვებმა არ უმტყუნოს, ხელისუფლებას არ აჰყვეს თამაშში, რასაც ის ცდილობს. პარადოქსია, მაგრამ დღეს თვითონ ხელისუფლება ცდილობს ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩაითრიოს ბიძინა ივანიშვილი, გაიყვანოს კონსტიტუციის გარეთ, სრული უკანონობის ველზე.”

“24 საათის” მთავარი პუბლიკაციები დღეს რუსეთში აზრის გამოხატვის თავისუფლების მხარდასაჭერად მიმდინარე აქციებსა და საქართველოში პრობაციონერი მსჯავრდებულებისთვის კანონის შემსუბუქებას ეძღვნება. ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციის შესახებ ინფორმაციის ავტორი კი წერს, რომ საათნახევრიანი შეხვედრის შედეგად ტელეაუდიტორიამ ახალი ინფორმაცია ვერ მიიღო და ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG