Accessibility links

ორშაბათის პრესა ტრადიციულად ყოველკვირეული გაზეთების მიმოხილვას ეთმობა ხოლმე. თუმცა, ყოველკვირეული გამოცემების ერთი ნაწილი გასულ ხუთშაბათს გამოვიდა. დღეს ორიოდე გაზეთიდან მიმოვიხილავ პუბლიკაციებს. ესენია - “კვირის პალიტრა” და “ახალი თაობის” “შაბათ კვირა”. ორივე გაზეთში ქვეყნდება ინტერვიუები “ქართული პარტიის” პოლიტიკურ მდივან ეროსი კიწმარიშვილთან. ორივე მათგანში დიდი ადგილი ეთმობა “ქართული პარტიის” ნინო ბურჯანაძესთან დამოკიდებულების საკითხს: “ჩვენ დღემდე ვთვლით, რომ ის არის ქალი, რომელიც სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში უკან არც ერთი წამით არ დაიხევს. თუმცა, მან შეიძლება თავისი მოქმედებებით თავისი და ზოგადი საქმეც გააფუჭოს” - ეუბნება კიწმარიშვილი “ახალ თაობას”. კიწმარიშვილი ლაპარაკობს “ოპოზიციურ რვიანზეც”: “საზოგადოებაც ხედავს, რომ მოლაპარაკება ჩიხშია და ვერანაირი კლინტონის განცხადება ლაზარეს ვერ გააცოცხლებს” - აცხადებს კიწმარიშვილი “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში. “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუს კი ასე ასრულებს: “სააკაშვილს წელს გავისტუმრებთ. თუ ეს ვერ გავაკეთე, თქვენთან ვდებ პირობას, რომ ჩემს გვარსა და სახელს ვერასოდეს გაიგონებთ პოლიტიკაში. ხელისუფლება წელს შეიცვლება ან რევოლუციით, ან ევოლუციით, ანუ არჩევნებით” - აცხადებს კიწმარიშვილი.

“ახალი თაობა” გოგა ხაინდრავასთან ინტერვიუს აქვეყნებს. ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს ის “პოლიტიკური პროცესის იმიტაციას უწოდებს” და ამბობს: “ერთადერთი გზა არის კომბლები. ვინც ამისთვის მზად არის, ის ქართველი ხალხის მოწონებასა და მხარდაჭერას ჰპოვებს. ვინც - არა, ამას მომავალი თავისუფალი არჩევნები გვაჩვენებს”.

“კვირის პალიტრაში”, ლევან ბერძენიშვილი რევოლუციაზე მოლაპარაკე ძალებზე: “სინამდვილეში, რევოლუციის სურვილი არც ერთს არ აქვს. სახალხო კრება აქამდე ამბობდა, 2 მაისს რაღაც მოხდებაო, ახლა გავიგეთ, რომ 2-ში იტყვიან 17-ში რა მოხდება. ეს რევოლუციის გზა არ არის. რევოლუციამ არ იცის მოთმინება და თარიღების დათქმა. ეს ცნობილი ტექნოლოგიაა, რომელსაც რეიტინგული ტივტივი ჰქვია და ემსახურება იმ პოლიტიკური ძალების აქტუალიზაციას, რომლებიც ამას ვერ ახერხებენ სხვა საშუალებებით” - ამბობს ლევან ბერძენიშვილი. 2 მაისს სამოქმედო გეგმის გამოცხადების განზრახვაზე ლაპარაკობს სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრი ნონა გაფრინდაშვილი: “რამდენი ადამიანიც უნდა გამოვიდეს, ჩვენ მოქმედებას მაინც დავიწყებთ”.

“კვირის პალიტრაში” პარლამენტის ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანთან ინტერვიუც ქვეყნდება. ქუჩაში პროცესების შესაძლო განვითარებაზე დასმულ შეკითხვას ის ასე პასუხობს: “ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჭექა-ქუხილი არის გზა ჩხისკენ და გზა არსაით”. ამავე ინტერვიუში მას ისრაელი ბიზნესმენების საქმეზეც ეკითხება ჟურნალისტი: “მაოცებს მათი პოზიცია, ვინც ცრემლებს ღვრის ამ თაღლითების გამო. შიმონ პერესი მათ საქმეში იმიტომ ჩაერია, რომ დაკავებული ებრაელები მისი პარტიის დაფინანსებაში მონაწილეობდნენ. სხვათა შორის, პერესს არ უთქვამს, დაკავებულები უდანაშაულონი არიანო”.

“კვირის პალიტრის” კიდევ ერთ პუბლიკაციას მივაპყრობ მსმენელის ყურადღებას. ეს არის ინტერვიუ გიორგი დემეტრაძესთან, ფეხბურთელთან, რომელსაც ქურდული სამყაროს მიმდევრობაში დასდეს ბრალი. ინტერვიუში ის თავს უდანაშაულოდ აცხადებს: “ხომ ნახეთ ყველამ, პროკურატურამ ჩემი ბრალის დადასტურება ვერ შეძლო, ვერ შეძლო თუნდაც ერთი მოწმის მოყვანა”. ინტერვიუში დემეტრაძე ყვება კარცერში ჯდომაზეც, სადაც 5 დღე იყო: “იქ ხმამაღალი სიცილის გამო ჩამსვეს”-ო. ხელსაბანის წვეტიან კუთხეზე ხელის დაზიანება უცდია იმისთვის, რომ ციხის საავადმყოფოში გადაეყვანათ.
XS
SM
MD
LG