Accessibility links




30 იანვარს, თეთრ სახლში გამართული ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა საქართველოსა და მის ხელისუფლებას საკმაოდ ბევრი საქებარი სიტყვა მიუძღვნა დემოკრატიული განვითარების გზაზე მიღწეული წარმატებისთვის. თუმცა ბარაკ ობამა დარწმუნებულია, რომ რეფორმათა შედეგების მდგრადობა დემოკრატიული არჩევნებისა და ”ხელისუფლების ოფიციალური გადაცემის” პროცესს უკავშირდება. როგორ აღიქვეს აშშ-ის პრეზიდენტის მესიჯები საქართველოში?

”ვფიქრობ, საქართველო საოცრად ამაყი უნდა იყოს იმ წარმატების გამო, რომელსაც მან სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის პროცესში მიაღწია”, - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ 30 იანვარს, როცა ის, ოვალურ კაბინეტში გამართული ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტების წინაშე პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად წარდგა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა წლების შემდეგ მისაბაძ მაგალითად იქცეს

ობამა განსაკუთრებით კმაყოფილია იმით, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს და რომ საქართველო ”დემოკრატიისა და გამჭვირვალობის მოდელს” არა მხოლოდ თავისთვის, არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით ქმნის. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა წლების შემდეგ მისაბაძ მაგალითად იქცეს:

„ვფიქრობთ, პროგრესის გაგრძელების შემთხვევაში, რამდენიმე წელიწადში სხვა სახელმწიფოები იტყვიან, თუ საქართველომ შეძლო ასეთი გარდაქმნა, მაშინ ამას ჩვენც შევძლებთო. (საქართველო) პასუხისმგებლობით მოქმედი მოთამაშეა როგორც მსოფლიო სარბიელზე, ასევე მრავალმხრივ ფორმატში.“

ბარაკ ობამამ პირადად მიხეილ სააკაშვილიც შეაქო და თქვა, რომ საქართველომ ”უზარმაზარი ნაბიჯები” სწორედ პრეზიდენტის ხელმძღვანელობით გადადგა. თუმცა წარმატებული რეფორმების შედეგებს შენარჩუნება სჭირდება და ამ კონტექსტში აშშ-ის პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებს მომავალი არჩევნების ხარისხზე:

„ასე რომ, მინდა დავაფასო ის სამუშაო, რომელიც უკვე შესრულებულია, მაგრამ ასევე მოველი სამართლიანსა და თავისუფალ არჩევნებს. ხელისუფლების ოფიციალური გადაცემა, რაც იქნება საქართველოში, ვფიქრობ, განამტკიცებს ბევრ იმ რეფორმას, რომელიც უკვე გატარდა.“

თავის მხრივ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, საქართველო გადავა ”განსხვავებულ კონსტიტუციურ სისტემაზე, რომელიც უფრო აძლიერებს საპარლამენტო ხელისუფლებას”, და 2013 წელს საქართველო ახალ პრეზიდენტს აირჩევს.

”ეს პროცესი ხელს შეუწყობს ჩემი ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლას და ბევრად პლურალისტური და მრავალფეროვანი პოლიტიკური გარემო გვექნება”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 30 იანვარს.

ბარაკ ობამას სიტყვებმა ”ხელისუფლების ოფიციალურ გადაცემასთან” დაკავშირებით, რაც ბევრმა ”ფორმალურ გადაცემად” თარგმნა, საქართველოში განაახლა ინტერესი, თუ რა იგულისხმება ამ სიტყვების მიღმა. გავიხსენოთ, რომ საქართველოში „ხელისუფლების გადაცემის“ მნიშვნელობას ჯერ კიდევ გასული წლის 15 აპრილს გაუსვა ხაზი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ბერლინში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე გამოსვლისას. ხოლო 19 ოქტომბერს, თბილისში სტუმრობის დროს, მსგავსი სიტყვები სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უილიამ ბერნსმაც წარმოთქვა.

ხელისუფლების ოპონენტების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ვაშინგტონის ლექსიკონში საქართველოსთან მიმართებით შემთხვევით არ დამკვიდრებულა ტერმინი ”ხელისუფლების გადაცემა.”

ხელისუფლების ოპონენტების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ვაშინგტონის ლექსიკონში საქართველოსთან მიმართებით შემთხვევით არ დამკვიდრებულა ტერმინი ”ხელისუფლების გადაცემა”. მათი შთაბეჭდილებით, ვაშინგტონის სიტყვებს მიღმა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დასრულების სურვილი იკითხება. თუმცა ასე სულაც არ ფიქრობს თავად მმართველი პარტია.

კომენტარის გაკეთება ადრეც მოუხდა და ჟურნალისტებს 31 იანვარსაც განუმარტა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა, რომ ხელისუფლების გადაცემა ნიშნავს ხელისუფლების იმ ძალისთვის გადაცემას, რომელიც სამართლიან არჩევნებში გაიმარჯვებს და რომ ეს სულაც არ ნიშნავს აუცილებლად სხვა ძალის მოსვლას ხელისუფლებაში. ამასთან, აკაკი მინაშვილი აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები არასდროს არავის მიუთითებს, თუ ვინ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში და ვინ არა.

შეერთებული შტატები საქართველოს შიდა საქმეებში რომ არ ჩაერევა, ნათელია ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძისთვისაც, თუმცა ის მაინც უსვამს ხაზს დიპლომატიური ენის მოქნილობას:

”დიპლომატიურ ენაში სიტყვები ისე გამოიყენება, რომ მათი გაგება სხვადასხვანაირად შეიძლებოდეს. რა თქმა უნდა, შეიძლება ამ სიტყვების ისე გაგება, რომ საუბარია პროცესზე და არა გუნდზე, რადგანაც სამართლიანი პროცესის პირობებში გუნდი შესაძლოა იგივე დარჩეს და არის ამაში ლოგიკა. მაგრამ შეიძლება იგულისხმებოდეს ისიც, რომ ხელისუფლების სათავეში ერთი და იგივე გუნდი არ უნდა იყოს დიდხანს, რადგანაც თავისთავად ასეთ მრავალწლიან მმართველობას დიქტატურის სუნი ასდის ხოლმე.”

ბარაკ ობამას სიტყვებმა კმაყოფილი დატოვა ხელისუფლებაში მოსვლის მსურველი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა.

ბარაკ ობამას სიტყვებმა კმაყოფილი დატოვა ხელისუფლებაში მოსვლის მსურველი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა. გავიხსენოთ, რომ Washington Post–ში და New York Times–ში 30 იანვარს გამოქვეყნდა ვრცელი ღია წერილი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი მოუწოდებს ვაშინგტონს „აამოქმედოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება” თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად საქართველოში. წერილში ნათქვამია, რომ აუცილებელია საქართველოს ყველა ნამდვილმა მეგობარმა გამართოს ”ინტენსიური დიალოგი” პრეზიდენტ სააკაშვილთან, რათა ის არ ეცადოს ძალაუფლების შენარჩუნებას ”ნებისმიერი მეთოდით”, რადგანაც ეს ”საბედისწერო გადაწყვეტილება იქნება საქართველოსთვის.“

როგორც საქართველოს ყოფილი ელჩი შეერთებულ შტატებში და ამჟამად ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში თედო ჯაფარიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ზედმეტი ინტერპრეტაციების გარეშე, მეტად ფასეულია აქცენტი, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ღიად და პირდაპირ დასვა:

”ჩვენ ლაპარაკი გვაქვს ძალიან კონკრეტულ მოვლენაზე და ეს არის აშშ-ის პრეზიდენტის მესიჯი, რომ ხელისუფლების გადაცემა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით უნდა მოხდეს.”

თედო ჯაფარიძე ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდმა მიიღო ის, რასაც მოელოდა, რადგანაც მნიშვნელოვანი იყო იმის დემონსტრირება, რომ მომავალი არჩევნების ხარისხით თავად პრეზიდენტი ობამაა დაინტერესებული.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG