Accessibility links

logo-print

2001 წლის 11 სექტემბრის დილა ნიუ-იორკელი ქართველებისთვის განსაკუთრებით მტკივნეული მოგონებაა.

ამბობენ, რომ ყველა ამერიკელს ზუსტად ახსოვს, თუ სად იყო და რა განიცადა 11 სექტემბრის იმ ტრაგიკულ დილას, როცა ისინი პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ თვალს თავზარდამცემ მოვლენებს. ზოგიერთი მათგანი მოვლენების ეპიცენტრში იყო და ნიუ-იორკის შენობების დანგრევას და ერთდროულად ათასობით ადამიანის დაღუპვის სცენას უშუალოდ შეესწრო. ეს დღე ნიუ-იორკელი ქართველებისთვისაც მტკივნეული მოგონებაა.

იანა გეგეჭკორი მაშინ ნიუ-იორკში ტყუპი ცათამბჯენებიდან სულ ორი ქუჩის გადაღმა მდებარე Prudential Security-ს ოფისში მუშაობდა. 3 თვის ორსული იმ დილით სამსახურისკენ ჩქარობდა. ალმოდებული შენობა შორიდან დაინახა და ძალიან შეეშინდა, რადგან იქ 67-ე სართულზე მისი უახლოესი მეგობრის და მენტორის შვილი მუშაობდა და ცახცახით სართულების თვლა დაიწყო. იანას ამბის მოყოლისას ახლაც ხმა უკანკალებს. შემდეგ ავტობუსი გაჩერდა. უთხრეს, რომ ქუჩა გადაკეტილია და დანარჩენი მანძილის გავლა ფეხით მოუწევთ. ავტობუსიდან ჩამოსულს ქუჩაში სრული ქაოსი დახვდა. თვალში ჯერ უჩვეულო ჭვარტლი, სიბნელე, ჰაერში მოფარფატე ფურცლები და მტვერი მოხვდა. ადამიანები სხვადასხვა მიმართულებით გარბოდნენ, კითხულობდა, საით გარბოდნენ? რა უნდა ექნა? Just run - უბრალოდ გაიქეციო, გამოსძახეს უცნობებმა.

გადაწყვიტა თავისიანებისთვის დაერეკა და ქუჩის ტელეფონის რიგში ჩადგა. ქორწილი სულ რამდენიმე დღის წინ ქონდა და მასთან ბევრი ნათესავი და მეგობარი იყო ჩამოსული. წინა დღით, დედამთილმა და მამიდამ მოილაპარაკეს, რომ წასულიყვნენ მაღაზიში World of Knowledge, რომელიც უშუალოდ ტყუპ შენობებში იყო და ისინი აუცილებლად უნდა გაეფრთხილებინა, რომ იქ აღარ მისულიყვნენ.

„აი ის მომენტი მახსოვს ძალიან კარგად. „ფეი-ფოუნები“ იყო მაშინ ჯერ კიდევ და რიგში დავდექი, რომ დავრეკო-თქო. აი ამ რიგში რომ ვიდექი და ეტყობა მეორე თვითმფრინავის დარტყმის დროს, ამაგდო ჰაერში“. შეგრძნება დაახლოებით ისეთივე მქონდა, როგორც სომხეთში, სპიტაკში მომხდარი მიწისძვრის დროსო, ყვება იანა. ძალიან შეეშინდა და დაიბნა. ბედზე თანამშრომელი შეხვდა, რომელმაც ხელი სტაცა და შენობაში შეაგდო. იქ უკვე ტელევიზორით ადევნებდნენ თვალს მიმდინარე მოვლენებს. დაახლოებით სამი საათის შემდეგ, როცა ორივე შენობა დაინგრა, უთხრეს, რომ სახლში დაბრუნება შეეძლოთ. დიდ ხანს ფეხით იარა. კარგად არ ახსოვს დღის ეს ნაწილი.

„დავუყევით ასე ფეხით, „ბრუკლინ-ბრიჯი“ (ბრუკლინის ხიდი) გადავიარეთ და შეგრძნებაა საოცარი: თან გგონია, რომ ახალი მოთოვილია, თეთრი, თეთრი ყველაფერი. მაგრამ იცი, როგორი გრძნობაა? რომ ტალახში ხარ ამოვლებული, რაღაც სიბინძურე, პირს ვერ აღებ, ვერ ლაპარაკობ, იმიტომ რომ გამშრალი გაქვს, ვაიმე, აი აღარ... სახლამდე როგორ მივედი, არ მახსოვს. იყო საღამოს ალბათ სადღაც 8 საათი. ვიღაც ქალი იყო, რომელმაც მომკიდა ხელი და მატარა. იმიტომ, რომ რაღაც მომენტში ვგრძნობდი, რომ ვეღარ, ვეღარ მივდიოდი“.

ამის შემდეგ თვეების მანძილზე სამსახურში მარტო ვერ დადიოდა, ქმარი აცილებდა. სულ პანიკა და შიში ქონდა, „სუნი მქონდა გამოყოლილი და ყველგან ის სუნი მცემდა. დღესაც, ასოციაცია რომ მაქვს შემთხვევითაც კი ამ სუნთან, ძალიან ცუდად ვხდები“ - ამბობს იანა.

თამუნა ჩუბინიძე მანჰეტენში, მედისონ ავენიუზე მდებარე ჯონი ფრიდას სალონში მუშაობდა. აფეთქების მომენტში უკვე სამსახურში, შენობაში იყო, რომელიც ტყუპი შენობებიდან საკმაოდ შორს მდებარეობდა. ამბობს, რომ ეს იყო უდიდესი შოკი მის ცხოვრებაში. ისიც 8 თვის ორსული ყოფილა და აგონდება ნიუ-იორკის ქუჩებში მდინარესავით მომავალი შავი კვამლი. გაურკვევლობის, პანიკის შეგრძნება ახსოვს, ის, რომ მთელი დღე ტელეფონით ვერავის უკავშირდებოდა. თამუნა ყვება, რომ ოჯახში ყველაზე დიდი შოკი მაინც ალბათ 8 წლის დამ და მისმა მეგობრებმა მიიღეს, რადგან ერთ-ერთ თანაკლასელს ტყუპ შენობებში დედა დაეღუპა.

მანჰეტენში მუშაობდა თამუნა ბაქრაძეც. პირველი რაც გაიფიქრა, იყო ის, რომ მისი მეგობარი, ქართველი გოგონა იქ ტყუპ შენობებში მდებარე საადვოკატო ფირმაში მუშაობდა და მასთან დაკავშირება სცადა, მაგრამ ამაოდ, ყველა ტელეფონი გამორთული იყო. თამუნას მოყოლის დროს ტირილი უყდება და საუბარს დროებით ვწყვეტთ...

ხათუნა ბათლიძესთან დაკავშირებას იმ დღეს გოგი გაბუნიაც ცდილობდა. ის დილით უკვე სამსახურში იყო, როცა უეცრად ხმაური და ყვირილის ხმა შემოესმა და ოფისიდან გამოვიდა. დერეფანში უთხრეს, რომ მსოფლიო სავაჭრო ცენტრს თვითმფრინავი დაეჯახა და იწვის. „უცბად გავვარდით. დიდი ლაბორატორია იყო, ერთი 20 კაცი ვმუშაობდით და ყველა მივარდა ტელევიზორთან. ძალიან დიდი პანიკა ატყდა, იმიტომ რომ ზოგს იქ ნაცნობები ყავდა, ნათესავები ჰყავდათ, ვინც იქ მუშაობდა. ერთ-ერთ შენობაში ჩემი მეგობარი მუშაობდა ქართველი, ძალიან შემეშინდა, იქ ხომ არ არის-თქო. გადარჩა, იმიტომ რომ დააგვიანა ფაქტიურად სამსახურში მისვლა. მისი მთელი თანამშრომლები დაიღუპნენ“.

გოგი სტომატოლოგია და იგონებს, რომ რამდენიმე თვის შემდეგ ტყუპ შენობებში გადარჩენილ ერთ-ერთ მეხანძრეს, რომელიც მისი პაციენტი იყო, დამტვრეული კბილები უფასოდ აღუდგინა. მეტი რა შემეძლოო, ამბობს. მეხანძრე შენობის დანგრევის მომენტში 37-ე სართულზე ყოფილა, მაგრამ ბლოკებს შორის ისე ჩავარდნილა, რომ სასიცოცხლო ორგანოები არ დაზიანებია. მისი თანამშრომლების უმეტესი ნაწილი დაღუპულია.

ნიკა ჩხეიძემაც ტყუპ შენობაზე თვითმფრინავის დაჯახების მომენტი ტელევიზორში ნახა. თავიდან კინო ეგონა და სიძეს დაუძახა, მოდი, ნახე, რა მაგარი გაკეთებული ფილმიაო. „არავინ არ ველოდებოდით, რომ დაინგრეოდა ეს შენობები, რატომღაც მეგონა, რომ ამერიკული ესტაბლიშმენტი იმდენად ორგანიზებული და მობილიზებული იყო, რომ იმას (ხანძარს) ძალიან მარტივად ჩააქრობდნენ. თუ არ ჩააქრობდნენ და ევაკუაციას აუცილებლად გაუკეთებდნენ სახურავებიდან ხალხს, ისე, როგორც ნანახი მაქვს ამერიკულ ფილმებში... ყველაზე ცუდი შეგრძნება რა მახსოვს იცი? თვითმფრინავი რომ დაეჯახა უკვე პენტაგონს. აი მაშინ უკვე მართლა ავნერვიულდი და ჩავთვალე, რომ დაიწყო სერიოზული ომი ამერიკის წინააღმდეგ“ - ამბობს ნიკა.

ეკა ნერგაძე სწორედ იმ რეისზე უნდა ყოფილიყო, რომელიც ლოს ანჯელესში მიფრინავდა და ტყუპ შენობას დაეჯახა, რადგან ძალიან ეჩქარებოდა და პირდაპირ რეისს ეძებდა. ბედზე ყველა ბილეთი გაყიდული დახვდა. ჩიკაგოთი მოუწია გადაფრენა. „რატომღაც დამამახსოვრდა ის ხედი, ტყუპ შენობებს რომ ჩავუარეთ აფრენისას, ისეთი კრიალა ცა იყო და ისეთი ლამაზი იყო მანჰეტენი იმ დილით, რომ ილუმინატორიდან თვალი ვერ მოვწყვიტე. არადა, დაჯახება ალბათ სულ რამდენიმე წუთში მოხდა“.

ჩიკაგოს აეროპორტში უკვე საგანგებო მდგომარეობა დახვდა. ევაკუაცია გამოცხადდა. ეკა გაკვირვებული ადევნებდა თვალს, თუ როგორ მშვიდად, დროდადრო ერთმანეთისთვის ბოდიშის მოხდით და გზის დათმობით, საოცრად ორგანიზებულად იცლებოდა უზარმაზარი აეროპორტი. თუმცა, სახეები სტრესისგან ყველას შეშლილი ჰქონდაო, იგონებს. მაშინ მივხვდი, როგორები არიან ამერიკელებიო. თვითონ საშინლად ნერვიულობდა, რადგან ოჯახის წევრებს აფეთქებულ თვითმფრინავზე ეგონათ და მათთან 8 საათის მანძილზე დაკავშირება ვერ შეძლო, რომ ეთქვა, ცოცხალი ვარო. ეკას თქმით, მგზავრები სამგზავრო ავტობუსებით სასტუმროებში გადაიყვანეს და 4 დღის მანძილზე სასტუმრო და სამჯერადი კვება მათ მთავრობამ გადაუხადა.

კვამლი და დამწვრის სუნი იმ დილით ქვინსამდეც მოდიოდაო, ყვება თამრიკო ტვილდიანი. ისეთი შოკი იყო, რომელიც სამუდამოდ გამყვება და სანამ ცოცხალი ვარ, არასოდეს დამავიწყდებაო. „ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ მეგონა ამ ტრაგედიის შემდეგ მთელი სამყარო შეიცვლებოდა. სამწუხაროდ, დღეს ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მას შემდეგ დიდად არაფერი შეცვლილა“.

XS
SM
MD
LG