Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ შეასრულა „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ ამოცანები


ევროკომისიის შენობა ბრიუსელში
ევროკომისიის შენობა ბრიუსელში

18 დეკემბერს, ბრიუსელში, ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი მეოთხე და საბოლოო ანგარიში საქართველოს მიერ „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ შესრულების შესახებ. ანგარიშის თანახმად, საქართველომ მთლიანად შეასრულა პროცესის მეორე ფაზის ფარგლებში დასახული ამოცანები. ევროკომისიის განცხადებით, 2016 წლის დამდეგს ის რეკომენდაციით მიმართავს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის საშუალება.

როგორც რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტი იუწყება, თბილისის დროით 18 საათისთვის დანიშნულია პრესკონფერენცია, რომელზეც ევროკომისიის ლიდერები ანგარიშის დეტალებზე ისაუბრებენ. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა ევროკავშირმა საქართველოს 2013 წელს წარუდგინა. გეგმა მოიცავდა დეტალურ მოთხოვნებს, რომლებიც ქვეყანას უნდა დაეკმაყოფილებინა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის მოსაპოვებლად. მოთხოვნები ეხებოდა დოკუმენტების უსაფრთხოებას, საზღვრისა და მიგრაციის მართვას, მობილობას და თავშესაფარს, ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციასთან ბრძოლას, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების დაცვას და სხვა.

ევროპის კომისია სავარაუდოდ 2016 წლის დასაწყისში გამოვა ვიზების მოხსნის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც შემდეგ უნდა დაამტკიცონ ევროპარლამენტმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა. თბილისი იმედოვნებს, რომ პროცესი 2016 წლის შუა პერიოდისთვის დასრულდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნება საქართველოსთვის "ისტორიულ" მოვლენად შეაფასა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG