Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ოსვენციმის ბუღალტრის" სასამართლო პროცესი გერმანიაში


ოსკარ გროენინი, ოსვენციმი საკონცენტრაციო ბანაკის დაცვის ყოფილი წევრი
ოსკარ გროენინი, ოსვენციმი საკონცენტრაციო ბანაკის დაცვის ყოფილი წევრი

გერმანიაში მიმდინარე სასამართლოს მეორე დღეს, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის დაცვის ყოფილმა წევრმა დეტალური ჩვენება მისცა თუ როგორ მიჰყავდათ ურმებით ებრაელები საკონცენტრაციო ბანაკებში. მან ასევე დეტალურად აღწერა, თუ როგორ ართმევდნენ მათ პერსონალურ ნივთებს და როგორ ხოცავდნენ გაზის კამერებში.

ოსკარ გროენინს 300 ათასი ადამიანის მკვლელობაში თანამონაწილეობაში ედება ბრალი. სწორედ ამდენი ადამიანი იქნა მოკლული ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში 1944 წლის მაისსა და ივნისში. ეს ადამიანები უნგრეთიდან გადაყვანილი 450 ათასი ებრაელის ერთი ნაწილი იყო.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ფაშისტური გერმანიის SS-ის დანაყოფის დაცვის ყოფილ წევრს, რომელიც ახლა 93 წლისაა, 45 წლიანი პატიმრობა შეეფარდება. სასამართლო პროცესი ივლისამდე გაგრძელდება.

გერმანული პრესა გრეონინგს, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკში 1942-1944 წლებში მსახურობდა, „ოსვენციმის ბუღალტერს“ უწოდებს. როგორც თავად ბრალდებული აცხადებს, მას საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრებისთვის ფულის ჩამორთმევა და აღრიცხვა ევალებოდა.

„ჩემთვის უდავოა ის, რომ მორალურ დანაშაულს მეც ვიზიარებ,“ გუშინ სასამართლოს გახსნაზე განაცხადა გროენინგმა. სასამართლოს 70-მდე ჰოლოკოსტის მსხვერპლი და დაღუპულთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.

ბრალდებულმა აღიარა, რომ მან იცოდა პატიმრების გაზით მოწამვლის შესახებ, რომელთა უმრავლესობა ებრაელი იყო. მან პატიება ითხოვა.

იმის გათვალისწინებით, რომ ნაცისტების მიერ ჩადენილი დანაშაულები 70 წლის წინ მოხდა და დამნაშავეები უკვე ხანდაზმულები არიან, გროენინგი, გასამართლებულ ნაცისტებს შორის, სავარაუდოდ, ერთ-ერთი უკანასკნელი იქნება.

გროენინგი ნაცისტური პარტიის „სს“ სამსახურის მოხალისე თანამშრომელი იყო. ის ერთ-ერთი ბრალდებულია იმ 30-მდე ადამიანს შორის, რომელთა გასამართლების რეკომენდაცია ფაშისტების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების სამსახურმა გასცა. ბრალდებული აცხადებს, რომ შეესწრო ომის არაერთდანაშაულს, მაგრამ პირადად მონაწილეობა არ მიუღია მათ ჩადენაში.

60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გერმანიის სასამართლოები ომის დანაშაულების ჩადენაში მხოლოდ იმათ ასამართლებდნენ, ვინც პირადად ღებულობდა მონაწილეობას მკველელობებში. თუმცა, 2011 წელს მოსამართლე, ჯონ დემიანუკს 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას ომის დანაშაულებში პირადად მონაწილეობა არ მიუღია, ის სობიბორის საკონცენტრაციო ბანაკში დაცვის წევრად მუშაობდა.

ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში 1940 წლის ივნისიდან 1945 წლის იანვრამდე 1,3 მილიონი ებრაელი მოხვდა. ეს ადოლფ ჰიტლერის გეგმის ნაწილი იყო, რომლის თანახმადაც მას ევროპაში მცხოვრები ებრაელები უნდა დაეხოცა. ოსვენციმში გაზის კამერებში მოწამვლის, შიმშილის, არაადამიანური მოპყრობისა და დაავადებების შედეგად 1,1 მილიონი ებრაელი იქნა მოკლული. მთლიანობაში კი, მეორე მსოფლიო ომამდე ევროპაში მცხოვრები 11 მილიონიდან ფაშისტურმა რეჟიმმა ექვსი მილიონი ებრაელი მოკლა.

XS
SM
MD
LG