Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბრექსიტის“ შედეგი დიდი ბრიტანეთისა და ევროპის მომავლისთვის


ბრიტანეთის ერთ-ერთი წამყვანი ლიბერალური გამოცემა „ფაინენშელ ტაიმსი“ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დიდი ბრიტანეთის არსებობას მას შემდეგ, რაც 23 ივნისს დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმში ევროკავშირიდან გასვლას, „ბრექსიტს“, ამომრჩეველთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. „დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა გაყოფილია... რეფერენდუმმა გამყოფი ხაზი გაავლო ინგლისშიც მის დედაქალაქსა და პოსტინდუსტრიულ პროვინციებს შორის... სავარაუდოა, ევროკავშირის წინააღმდეგ ხმის მიცემა ასეთივე წარმატებით გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ ხმის მიცემით დასრულდეს. შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას ევროკავშირში დარჩენა სურდათ, ისევე როგორც ლონდონს, მსოფლიოში სახელგანთქმულ ქალაქს. ასე რომ, ერთის კავშირიდან გასვლა, შესაძლოა მეორის სიკვდილს მოასწავებდეს. ვინ უსაყვედურებს შოტლანდიელებს, ევროპა ერჩიოთ იმ ინგლისს, რომელმაც საკუთარ თავს უღალატა? ან რამდენ ხანს შეძლებს ინგლისი ჩრდილოეთ ირლანდიის ანგარიშების განაღდებას?“, - კითხულობს ინგლისური გამოცემა „ფაინენშელ თაიმსი“.

მისგან განსხვავებით, კონსერვატიული „დეილი ტელეგრაფი“ დარწმუნებულია, რომ „ბრექსიტით“ ბრიტანელებმა ბორკილები მოიშორეს და მთელ მსოფლიოს ხმამაღლა უთხრეს, რომ აღარ სურთ სხვები მართავდნენ. „ფინანსთა სამინისტრო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და თვით აშშ-ის პრეზიდენტიც კი მოუწოდებდნენ ბრიტანელებს დარჩენისაკენ, მაგრამ არა. ხალხს სურდა ეთქვა საკუთარი სათქმელი და თქვა. ხალხმა ყური არ ათხოვა ამ ექსპერტებს და საკუთარი გულის კარნახით გააკეთა არჩევანი. ყველაზე მეტი მხარდამჭერი „ბრექსიტს“ მშრომელებში აღმოაჩნდა: ქვეყნის ჩრდილოეთი მმართველ ლეიბორისტებს აუჯანყდა...შესაძლოა, რომ ამომრჩევლები უფრო უკეთ ჩასწვდნენ ამ რეფერენდუმის არსს, ვიდრე ჩვენ, კომენტატორები. ბრიტანეთისათვის ეს იყო ნდობის რეფერენდუმი, რომელსაც პასუხი უნდა გაეცა შეკითხვაზე: ჩვენ უნდა განვკარგოთ საკუთარი საქმეები, თუ უცხოელ ბიუროკრატებს უნდა გადავულოცოთ ამის უფლება?“, - წერს კონსერვატიული „დეილი ტელეგრაფი“.

ევროკავშირს ძალიან გაუჭირდება ამ შოკიდან გამოსვლა, წერს მსხვილი იტალიური ლიბერალური გამოცემა „ილ სოლე“, რომელიც მიიჩნევს, რომ „’ბრექსიტი’ არის ნამდვილი სარკე, რომელიც დაუნდობლად ააშკარავებს სავალალო თვითშეგნებას ევროკავშირისა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საკუთარ თავთან იყო უთანხმოებაში. მოლაპარაკებები რთული იქნება და, წინანდელისგან განსხვავებით, ამჯერად, როგორც ჩანს, ნაკლებად არსებობს კომპრომისის ნება, რადგან ევროკავშირისათვის ახლა პრიორიტეტულია ის, რომ სხვა სახელმწიფოები დაიცვას მსგავსი შედეგისგან. საქმეს ართულებს ისიც, რომ მომავალ წელს საყოველთაო არჩევნები ტარდება ნიდერლანდებში, საფრანგეთსა და გერმანიაში. პირველი ორი წლების განმავლობაში ნაციონალიზმისა და ევროსკეპტიციზმის აუტანელი წნეხის ქვეშ იმყოფება, მესამე კი ანტიიმიგრანტული და ანტიევროპული სიმპტომებისგან იტანჯება“, - წერს იტალიური გამოცემა „ილ სოლე“.

დევიდ კამერონის იდეა რეფერენდუმის თაობაზე რისკიანი სვლა იყო, რაც კრახად შემოუტრიალდა კონსერვატიული პარტიის ლიდერსო, - წერს ფინური „ჰესინგინ სანომატი“, რომელიც იხსენებს, რომ დევიდ კამერონი რეფერენდუმის ჩატარებით ორი კურდღლის მოკვლას - თავისი და თავისი პარტიის პოზიციების განმტკიცებას ესწრაფოდა. „კამერონმა იცოდა, თუ რამდენად იყო გავრცელებული ევროსკეპტიციზმი ბრიტანეთში და გაცნობიერებული ჰქონდა ისიც, რომ ასეთი პლებისციტები ყოველთვის არ უწყობს ხელს პრობლემის მოგვარებას. მიუხედავად ამისა, მან გარისკა და დანიშნა რეფერენდუმი. ფსონი მაღალი იყო და კამერონიც დამარცხდა, წააგო ბრიტანეთმაც და, მთლიანად, ევროკავშირმა, ახლა დადგა დრო შედეგებზე პასუხისგებისა“, წერს ფინური „ჰესინგინ სანომატი“.

„ტაიმსი“ რეფერენდუმის შედეგებს რევოლუციურს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ორივე მხარე უნდა დაეთანხმოს მას, ბრიტანეთისათვის ამ გარდამავალ პერიოდში ორივე მხარემ თავიდან უნდა აიცილოს ქაოსი და შურისგება და უნდა უზრუნველყოს ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე მშვიდი და მეგობრული გადასვლა. სტაბილურობა უმნიშვნელოვანესია. „ბრექსიტში“ სისწრაფეს შესაძლოა შეეწიროს ბევრი რამ და, მათ შორის, სამუშაო ადგილების დაკარგვა იქნება ამის ერთ-ერთი საფასურიო, - წერს „ტაიმსი“. გამოცემა ყურადღებას ამახვილებს ასევე ევროკავშირის მომავალზე. „28 წევრისგან შემდგარმა გაერთიანებამ 24 ივნისს ახალ რეალობაში გაიღვიძა. ევროკავშირის მეორე უმდიდრესმა და მოსახლეობით მესამე ადგილზე მყოფმა ქვეყანამ მძიმე განაჩენი გაოუტანა ევროპულ პროექტს, მისი დღევანდელი სახით. ბრიტანეთის ლიდერობის გარეშე, ევროკავშირს სჭირდება რეფორმები იმისათვის, რომ გადარჩეს“, - წერს „ტაიმსი“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG