Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია თავდასხმების შემდეგ


მიუნხენის სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორია აფეთქების შემდეგ
მიუნხენის სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორია აფეთქების შემდეგ

ოთხი თავდასხმა ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, ათი მოკლული და ათობით დაჭრილი ადამიანი. ასეთია სამწუხარო სტატისტიკა გერმანიიდან, ევროკავშირის ეკონომიკურად უძლიერესი ქვეყნიდან, რომელშიც მარტო შარშან მილიონზე მეტი მიგრანტი ჩავიდა თავშესაფრის მიღების იმედით. მიგრანტების უმრავლესობა სირიიდან, ავღანეთიდან და ერაყიდან ლტოლვილები არიან. განვლილი კვირის თავდასხმების უმრავლესობაც ლტოლვილებმა მოაწყვეს. რა ხდება გერმანიაში და როგორ აპირებენ შესაძლო საფრთხეებზე რეაგირებას?

გერმანიაში გაიზრდება პოლიციელების რიცხვი აეროპორტებსა და რკინიგზის სადგურებში, საზღვრებთან გახშირდება კონტროლი. ასეთია ზომები, რომელთა შესახებაც გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა თომას დე მეზიემ გამოაცხადა 25 ივლისს ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.

გერმანია თავდასხმების შემდეგ
please wait

No media source currently available

0:00 0:05:20 0:00
გადმოწერა

მარტო წინა დღეს, 24 ივლისს, გერმანიაში ორი თავდასხმა მოხდა. თავშესაფრის მაძიებელმა სირიელმა მამაკაცმა ცივი იარაღით მოკლა ერთი და დაჭრა ორი ადამიანი, ვიდრე მას პოლიცია დააკავებდა. ინციდენტის ადგილი იყო სამხრეთ-დასავლეთ გერმანიის ქალაქი როიტლინგენი. იმავე დღეს, მოგვიანებით, ასევე თავშეფრის მაძიებელმა სირიელმა თავი აიფეთქა სამხრეთ გერმანიის ქალაქ ანსბახში, მუსიკალური ფესტივალისათვის განკუთვნილ ადგილთან. დაიჭრა, სულ ცოტა, 12 ადამიანი.

მას ნათქვამი ჰქონდა, რომ სძულს ადამიანები. ახლა ისიც ვიცით, რომ ამოკით დაავადებული მსროლელი, რომელსაც, ცხადია, ვერ დავკითხავთ, ბრალდებულის მონათხრობით, დიდ დროს უთმობდა კომპიუტერულ თამაშებს, მათ შორის თამაშებს, რომელთა დროსაც სროლის და ბრძოლის იმიტაცია ხდება. ასევეა ამჟამად ბრალდებული პირის შემთხვევაში. ის ინტენსიურად არის დაკავებული ასეთი თამაშებით...
თომას შტაინკრაუზ-კოხი

„აფეთქება მოხდა არა ღონისძიებისათვის განკუთვნილ ადგილას, არამედ მის წინ, ანუ შესასვლელთან. ამდენად, გვიხარია, რომ აფეთქების შედეგად კიდევ უფრო მეტი ადამიანი არ დაიჭრა“, - ეს სიტყვები ანსბახის მერმა კარლა ზაიდელმა წარმოთქვა მის ქალაქში მოწყობილი აფეთქების შემდეგ. ამავე დროს, ინციდენტი განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს, რადგან თვითმკვლელის პირველი აფეთქებაა, რომელიც ისლამისტური ექსტრემიზმის მიმდევარმა მოაწყო გერმანიის ტერიტორიაზე.

როგორც ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრმა იოახიმ ჰერმანმა აუწყა ჟურნალისტებს, 27 წლის სირიელის მობილურ ტელეფონში იპოვეს ვიდეო, რომელშიც ის ერთგულებას უცხადებს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოს“. მალე ექსტრემისტებთან დაახლოებულმა საინფორმაციო სააგენტო „აამაყმაც“ გაავრცელა ცნობა, რომ ანსბახში თავდასხმა „ისლამური სახელმწიფოს“ „ჯარისკაცმა“ მოაწყო. ჰერმანის ინფორმაციით, თავდამსხმელის ზურგჩანთა სავსე იყო ასაფეთქებელი მოწყობილობებით და ლითონის ნატეხებით, რასაც ბევრი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა შეეძლო. საბედნიეროდ, არავინ დაღუპულა თავად თავდამსხმელის გარდა...

თავდამსხმელის ვინაობა საჯაროდ არ გაუმხელიათ, მაგრამ იუწყებიან იმას, რომ 27 წლის სირიელს მკურნალობდნენ ფსიქიკური აშლილობის გამო. ის ორი წელი ცხოვრობდა ანსბახში, მაგრამ უარი მიიღო თავშესაფარზე და იცოდა, რომ გერმანიიდან გამგზავრება მოუწევდა.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ტობიას პლატემ ორშაბათს ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ თავდამსხმელს არ უპირებდნენ სირიაში დეპორტაციას. „სირიელების სირიაში დეპორტაცია ამჟამად შეუძლებელია. ამაზე ორი აზრი არ არსებობს! მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ, ზოგადად, შეუძლებელია სირიელების დეპორტაცია. ამ შემთხვევაშიც სირიელს, უფრო ზუსტად, სავარაუდო სირიელს, რომელზეც ახლა, ანსბახის შემთხვევაში, ვსაუბრობთ, დეპორტაციით დაემუქრნენ - კერძოდ, ბულგარეთში გაგზავნით“, - განაცხადა ტობიას პლატემ 25 ივლისს.

გერმანიაში თავდასხმების სერია 18 ივლისს დაიწყო, როცა თავშესაფრის მაძიებელმა 17 წლის მოზარდმა - სავარაუდოდ, ავღანეთიდან ან პაკისტანიდან - ცულითა და დანით დაჭრა ხუთი ადამიანი მატარებელში. ინციდენტი ბავარიის ქალაქ ვიურცბურგთან მოხდა. გარდა თავდამსხმელისა, რომელიც პოლიციელებმა მოკლეს, საბედნიეროდ, არავინ დაღუპულა, განსხვავებით ინციდენტისაგან, რომელიც 22 ივლისს მიუნხენში მოხდა.

18 წლის გერმანელმა (წარმოშობით ირანელმა) მამაკაცმა ცეცხლი გახსნა და ცხრა ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, ვიდრე თავს მოიკლავდა. მის შემთხვევაში, როგორც ჩანს, საქმე ეხებოდა არა ისლამისტურ ტერორიზმს, არამედ ფსიქიკურად დაავადებული ადამიანის, ამოკით შეპყრობილის, ძალადობას. მოგვიანებით, პოლიციამ დააკავა მიუნხენელი თავდამსხმელის ამხანაგი, 16 წლის ავღანელი ბიჭი.

„ამ ორმა ერთმანეთი გაიცნო შარშან, 2015 წლის ზაფხულში, სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობის დროს. ბრალდებულმა იქ შეიტყო, რომ ამოკით შეპყრობილი მსროლელი (ანდრეს) ბრეივიკით იყო დაინტერესებული. მას ნათქვამი ჰქონდა, რომ სძულს ადამიანები. ახლა ისიც ვიცით, რომ ამოკით დაავადებული მსროლელი, რომელსაც, ცხადია, ვერ დავკითხავთ, ბრალდებულის მონათხრობით, დიდ დროს უთმობდა კომპიუტერულ თამაშებს, მათ შორის თამაშებს, რომელთა დროსაც სროლის და ბრძოლის იმიტაცია ხდება. ასევეა ამჟამად ბრალდებული პირის შემთხვევაში. ის ინტენსიურად არის დაკავებული ასეთი თამაშებით“, - განაცხადა გერმანიის მთავარმა პროკურორმა თომას შტაინკრაუზ-კოხმა მას შემდეგ, რაც მიუნხენში დააკავეს 22 ივლისის თავდასხმის მომწყობის ამხანაგი.

მიგრანტები გერმანიაში
მიგრანტები გერმანიაში

გერმანიაში განვლილი კვირის თავდასხმებიდან ეს ის შემთხვევაა, რომელიც არ უკავშირდება თავშესაფრის მაძიებელ უცხოელებს.

გერმანიის მთავრობის პრესმდივანმა ულრიკე დემერმა 25 ივლისს ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ, ევროპაში ბოლოდროინდელი თავდასხმების მიუხედავად, ლტოლვილები არ უნდა მივიჩნიოთ სხვებზე მეტი საფრთხის შემქმნელებად. „განვლილი დღეებისა და კვირების ბოროტმოქმედებები არაერთგვაროვან სურათს აჩვენებს. იმ ტერორისტების უმრავლესობა, ვინც ბოლოხანს ევროპაში თავდასხმები მოაწყო, ლტოლვილები არ ყოფილან და ეს ინფორმაცია შეესაბამება ამჟამინდელ გამოძიებას, რომლის მიხედვითაც, (ლტოლვილებს შორის) ტერორიზმის საფრთხე არც მეტია და არც ნაკლები, ვიდრე მოსახლეობის დანარჩენ ნაწილში. ამის მიუხედავად, ფედერალური მთავრობა ამ საფრთხეს სერიოზულად ეკიდება“, - განაცხადა 25 ივლისს გერმანიის მთავრობის პრესმდივანმა.

თავდასხმების საფრთხეს რომ სერიოზულად ეკიდებიან, აშკარა იყო 25 ივლისს, გერმანიის კულტურული ცხოვრებისათვის გამორჩეულ დღეს, ბაიროითის სახელგანთქმული ფესტივალის გახსნისას. თუ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში თავად რიხარდ ვაგნერის მიერ დაარსებული საოპერო ფესტივალის გახსნა, ჩვეულებრივ, წითელ ხალიჩაზე საპატიო სტუმრების გამოჩენით იწყება ხოლმე, ამჯერად არც წითელი ხალიჩა იყო და არც პოლიტიკური ლიდერები გამოჩენილან, მათ შორის, არც გერმანიის კანცლერი. ხოლო იმათ, ვინც მაინც მივიდა ვაგნერის „პარსიფალის“ მოსასმენად, ხანგრძლივი შემოწმების გავლა მოუხდათ უსაფრთხოების გამკაცრებულ ზომებთან დაკავშირებით. გაუქმდა პრემიერის შემდგომი ტრადიციული სადღესასწაულო მიღებაც - იმ ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად, ვინც გერმანიაში ბოლო კვირის თავდასხმების შედეგად დაიღუპა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG