Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია - ლტოლვილთა მიღების ავანგარდში


მიგრანტები მაკედონიის საზღვართან
მიგრანტები მაკედონიის საზღვართან

წელს მხოლოდ გერმანია თავშესაფრის 800 ათას მაძიებელს მიიღებს, რაც ოთხჯერ მეტია, ვიდრე შარშანდელი მონაცემი და ამით გერმანია პირველ ადგილზეა ევროპის კავშირის ქვეყნებს შორის. ამ ფონზე, ისეთი სახელმწიფოები, როგორიცაა პოლონეთი, უნგრეთი, ასევე ჩეხეთის რესპუბლიკა და სლოვაკეთი, უარზე არიან, მიიღონ ბრიუსელის წინადადება, დაწესდეს თავშესაფრის მაძიებელთა მიღების საერთო ევროპული კვოტა.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 31 აგვისტოს საზოგადოებას ამცნო, რომ გერმანია აპირებს 24 სექტემბრისთვის გამოაქვეყნოს ლტოლვილთა პრობლემის მოგვარების ფართო გეგმა, რომელმაც უნდა განსაზღვროს მიგრანტების მიღების, განსახლებისა და მათზე ზრუნვის პირობები. ბერლინში, ჟურნალისტებთან საუბრისას, მერკელმა მოუწოდა ევროკავშირის სხვა წევრებს, აღიარონ თავშესაფრის მაძიებელთა სამართლიანი განაწილების გეგმა. გერმანიის კანცლერი ფიქრობს, რომ იტალიას ევროკავშირმა უნდა შესთავაზოს დახმარება ხმელთაშუა ზღვიდან იქ ჩასული ლტოლვილების პრობლემის გასამკლავებლად. მერკელმა გააკრიტიკა ზოგიერთი ქვეყანა, - მათ შორის, სლოვაკეთი, - რომლებმაც უარი თქვეს მაჰმადიანი ლტოლვილების მიღებაზე. ლტოლვილების გამო კრიზისი, მერკელის თქმით, გამოცდაა უნივერსალური უფლების იდეალებისა ევროპის შუაგულში. თუ ევროპა წარუმატებელი იქნება ლტოლვილთა საკითხში, თუ კავშირი უნივერსალურ უფლებებთან გაწყდა, ეს აღარ იქნება ის ევროპა, რომელიც გვსურდაო, თქვა მერკელმა და განმარტა:

ანგელა მერკელი
ანგელა მერკელი

„მიგრაციის საკითხი უმთავრესი იქნება არა მხოლოდ დღეებისა და თვეების განმავლობაში, არამედ, როგორც ჩანს, უფრო დიდხანს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ვთქვათ: შესანიშნავია გერმანული საფუძვლიანობა, მაგრამ ახლა გვჭირდება გერმანული მოქნილობა“.

იმ დროს, როცა მერკელი სიამაყით აცხადებს, რომ იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ლტოლვილებს იღებენ, ეხმარებიან, მხარში უდგებიან, ბევრად აღემატება წამქეზებლებისა და ქსენოფობების რიცხვს, უნგრეთში მთავრობამ ბუდაპეშტის მთავარი სადგურის ევაკუაცია მოახდინა, რათა საშუალება არ მიეცა იქ სამხრეთიდან შესული მიგრანტებისთვის ჩამსხდარიყვნენ ავსტრიისა და გერმანიისკენ მიმავალ მატარებლებში. მიგრანტები ორგანიზებულად ითხოვდნენ გერმანიაში წასვლას და გაჰყვიროდნენ, გერმანიისკენ გვსურსო. უნგრეთმა არ მიიღო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლორან ფაბიუსის, კრიტიკა, რომელიც ეხებოდა ბუდაპეშტის მხრიდან ასობით ლტოლვილის მიმართ გამოვლენილ დამოკიდებულებას. ლტოლვილები უნგრეთის გავლით გერმანიასა ან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ცდილობენ მოხვედრას. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ 30 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, „შოკისმომგვრელი და უსაფუძვლო ბრალდებების ნაცვლად, უკეთესი იქნებოდა ევროპისთვის ერთიანი გამოსავლის მოძებნაზე გვემუშავაო“. ამ განცხადებამდე ლორან ფაბიუსმა თქვა, უნგრეთის მიერ სერბეთის საზღვარზე აგებული მავთულხლართების ღობე არ პასუხობს „ევროპის ერთიან ღირებულებებსო“. უნგრეთს მწვავედ აკრიტიკებენ ამ ღობის გამო, რომლითაც ის ცდილობს შეაჩეროს ათასობით ლტოლვილი სირიიდან, ავღანეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან. ამჟამად იგეგმება მავთულხლართების ღობე ოთხი მეტრის სიმაღლის ბეტონის კედლით გაამაგრონ. უნგრეთს ასევე აკრიტიკებენ ლტოლვილთა ბანაკებში განთავსებისა და იმის გამოც, რომ მათ უფლებას არ აძლევდა ავსტრიისა და გერმანიისკენ მიმავალ მატარებლებში ჩამსხდარიყვნენ. პირველ სექტემბერს, მოგვიანებით, ბუდაპეშტის კელეთის სადგური გაიხსნა, მაგრამ მატარებლით მგზავრობის უფლებას მხოლოდ არამიგრანტებს აძლევდნენ და ყველას საბუთებს უმოწმებდნენ. ავსტრიაში, ვენაში, მხოლოდ 31 აგვისტოს 3 500-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა.

ევროკავშირს მიგრაციის კრიზისში ვერ დავადანაშაულებთ. ამ კრიზისის წყარო არ არის ევროპა. უნდა ვიცოდეთ, რომ ამჟამად მსოფლიოში იძულებით ადგილნაცვალთა რიცხვი 70 მილიონია და თითქმის ყველას ევროპაში სურს ჩამოსვლა, რადგან დღეს ევროპაა ყველაზე მიმზიდველი ადგილი, ჩვენი კონტინენტის შემწყნარებლობის, სტაბილურობის და ტრადიციული გახსნილობის გამო...
დონალდ ტუსკი

ავსტრიის დედაქალაქში ორშაბათს ათასობით ადამიანი გავიდა ქუჩაში, რათა პროტესტი გამოეთქვათ ლტოლვილების მიმართ არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ. იმავე დილით სატვირთო ავტომანქანაში დახოცილი 71 ლტოლვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საგანგებო ღვთისმსახურება გაიმართა. ამ დროს გერმანიის ქალაქებში - მიუნხენში, შტუტგარტში, ასევე ფრანკფურტში - ასეულობით მიგრანტი ჩადის ავსტრიის გავლით. იმ ზემოხსენებული ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც თავს იკავებენ მიიღონ ლტოლვილების ნებისმიერი რაოდენობა, თავისებურ განცხადებებს აკეთებენ. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, მიგრანტების ავტომატური განაწილების სისტემას თუ მივიღებთ, ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძებთ და სლოვაკეთში არაბული სამყაროდან ჩამოსული ასი ათასი ადამიანი გვეყოლება - ეს კი ის პრობლემაა, რომელიც არ მსურს ჩემს ქვეყანას ჰქონდესო. ფიცო თვლის, რომ ევროპამ პრობლემის მიზეზებს უნდა ჩასდიოს. ის კრიტიკულია სირიასა და ლიბიაში ოპოზიციური ძალებისთვის მხარდაჭერის მიმართ და ამბობს, ამ სტრატეგიამ წარმოშვა სამოქალაქო ომები და მათში ამდენი ადამიანის ჩაბმაო. მიგრანტების მიღების საერთო ევროპული კვოტების დაწესების წინააღმდეგია ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანიც, რომელიც კიდევ უფრო კატეგორიულია: ჩეხეთის რესპუბლიკამ საკუთარი საზღვრებისთვის უნდა იზრუნოს, არალეგალური მიგრანტები უნდა განვდევნოთ, არმიის გამოყენებაც შეიძლება, თუ ამის საჭიროება იქნაო. პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, თვლის, რომ ევროპის დადანაშაულება ამ კრიზისში არ შეიძლება:

„ევროკავშირს მიგრაციის კრიზისში ვერ დავადანაშაულებთ. ამ კრიზისის წყარო არ არის ევროპა. უნდა ვიცოდეთ, რომ ამჟამად მსოფლიოში იძულებით ადგილნაცვალთა რიცხვი 70 მილიონია და თითქმის ყველას ევროპაში სურს ჩამოსვლა, რადგან დღეს ევროპაა ყველაზე მიმზიდველი ადგილი, ჩვენი კონტინენტის შემწყნარებლობის, სტაბილურობის და ტრადიციული გახსნილობის გამო. ამიტომ არის ჩვენთვის, ევროპელებისთვის, მიგრაციის პრობლემა უფრო რთული, ვიდრე ეს აშშ-ისა ან რუსეთისთვის, ან სხვა სახელმწიფოსა თუ ქვეყნისთვის იქნებოდა“.

ეს ახსნა-განმარტება ვერაფერს და ვერავის შველის. აი, მაგალითად, ეს უცნობი, აშკარად გადაღლილი, მიგრანტი, რაც ევროპაში ჩამოაღწია, გადაწყვეტილებას მოელის და მოითხოვს: „გვითხარით, სადაა გამოსავალი, გვითხარით, რაშია გამოსავალი, ყველა შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენს დღეში, ჩვენს მდგომარეობაშიო“.

გაეროს თანახმად, 2015 წელს ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ევროპისკენ 300 ათასი ლტოლვილი გამოემართა.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG