Accessibility links

logo-print

გერმანიის პარლამენტმა სომეხთა გენოციდი აღიარა


სომეხი აქტივისტებისა და ეკლესიის წარმომადგენელთა რეაქცია გერმანიის პარლამენტის მიერ ხოცვა-ჟლეტის გენოციდად აღიარების შემდეგ

სომეხი აქტივისტებისა და ეკლესიის წარმომადგენელთა რეაქცია გერმანიის პარლამენტის მიერ ხოცვა-ჟლეტის გენოციდად აღიარების შემდეგ

გერმანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას ოსმალეთის იმპერიაში 1915 წელს სომეხთა ხოცვა-ჟლეტის გენოციდად აღიარების შესახებ. გერმანელმა კანონმდებლებმა სომეხთა გენოციდი აღიარეს, მიუხედავად თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის გაფრთხილებისა, რომ რეზოლუციის მხარდაჭერა ზიანს მიაყენებს ორმხრივ ურთიერთობას.

თურქეთმა ბერლინიდან თავისი ელჩი გაიწვია, ხოლო პრეზიდენტმა გაიმეორა შეფასება, რომელიც გამოთქვა მანამდე, სანამ გერმანიის პარლამენტში კენჭს უყრიდნენ რეზოლუციას სომეხთა გენოციდის შესახებ.

„რასაკვირველია, რეზოლუცია, რომელიც გერმანიის პარლამენტმა მიიღო, სერიოზულად დააზარალებს გერმანია-თურქეთის ურთიერთობას“, - განაცხადა 2 ივნისს თურქეთის პრეზიდენტმა.

გერმანიის პარლამენტში დამტკიცებული ხუთგვერდიანი სიმბოლური რეზოლუციის ტექსტში საუბარია 1915 და 1916 წლებში სომხებისა და ქრისტიანთა სხვა უმცირესობების გენოციდზე.

თურქი ერის ისტორია ნათელია! ჩვენს წარსულში არ არსებობს მოვლენა, რომლის გამოც თავი სირცხვილით უნდა დავხაროთ...

მრავალი ისტორიკოსი გენოციდად მიიჩნევს პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მილიონამდე სომხის დახოცვასა და დეპორტაციას. სომეხთა გენოციდი აღიარებული აქვს 20-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საფრანგეთს, იტალიას, რუსეთს. თურქეთი კი აცხადებს, რომ სომხებს შორის მსხვერპლი გაცილებით ნაკლები იყო და ეს მსხვერპლი მოჰყვა სამოქალაქო არეულობას და არა ოსმალეთის იმპერიის პოლიტიკას, სომხების გასანადგურებლად მიზანმიმართულს.

2 ივნისს გერმანიის პარლამენტში სომეხთა გენოციდის აღიარების შემდეგ, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა კიდევ ერთხელ კატეგორიულად განაცხადა, რომ ის, რაც მოხდა, არ შეიძლება გენოციდად შეფასდეს. „თურქი ერის ისტორია ნათელია! ჩვენს წარსულში არ არსებობს მოვლენა, რომლის გამოც თავი სირცხვილით უნდა დავხაროთ“, - თქვა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა თურქეთის სამართლიანობისა და განვითარების პარტიის წევრებთან შეხვედრისას.

გარდა იმისა, რომ ანკარამ ბერლინიდან თავისი ელჩი გაიწვია, თურქეთის საგარეო უწყებამ გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი დაიბარა ორმხრივ ურთიერთობაზე რეზოლუციის შედეგების განსახილველად.

ანგელა მერკელი

ანგელა მერკელი

ამასობაში, გერმანიის პარლამენტში მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა კანცლერი ანგელა მერკელი. მან ბერლინში ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ბუნდესტაგში კენჭისყრას რაც შეეხება, მინდა მკაფიოდ ვთქვა სწორედ ნატოს გენერალური მდივნის თანდასწრებით, რომ გერმანიასა და თურქეთს ბევრი რამ აკავშირებს და მაშინაც, როცა რომელიმე საკითხში განსხვავებული აზრის ვართ, ჩვენი ურთიერთობის მასშტაბი, ჩვენი მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობის მასშტაბი იმდენად დიდია - იქნება ეს თავდაცვის თუ სხვა საკითხები... და მნიშვნელოვანია ისიც, რომ გერმანიაში ცხოვრობს თურქული წარმომავლობის 3 მილიონამდე მოქალაქე“.

და გერმანიისათვის თურქეთთან ურთიერთობას დამატებით მნიშვნელობას სძენს ის გარემოებაც, რომ ანკარას გადამწყვეტი როლი ენიჭება ევროკავშირში მასობრივი მიგრაციით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში. მიგრაციის ტალღა, როგორც ცნობილია, უწინარეს ყოვლისა, გერმანიისაკენ არის მიმართული...

ბუნებრივია, გერმანიის პარლამენტის გადაწყვეტილებას დადებითი გამოხმაურებაც მოჰყვა. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ედუარდ ნალბანდიანის შეფასებით, გერმანიას დასაფასებელი წვლილი შეაქვს არა მარტო სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარებასა და დაგმობაში, არამედ მსოფლიოს ბრძოლაში გენოციდების, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების პრევენციისათვის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG