Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაძაბული ფონი გერმანიის კანცლერის რუსეთში ვიზიტისთვის


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი
გასულ კვირაში გერმანიაში პარლამენტარებმა დაამტკიცეს არასავალდებულო ხასიათის რეზოლუცია, რომელიც კანცლერ ანგელა მერკელს მოუწოდებს რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული პრობლემების წამოჭრისკენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე, რომელიც 16 ნოემბერს მოსკოვში გაიმართება.

ბუნდესტაგის მიერ დამტკიცებული ანგარიშის ენა მკაცრია. მისი ავტორია გერმანია-რუსეთის ურთიერთობების საკითხებში მერკელის კომისარი ანდრეას შოკენჰოფი. ანგარიში აზუსტებს, რომ რუსეთის დემოკრატიული განვითარება კიდევ უფრო გაუარესდა მაისის შემდეგ, ანუ მას მერე, რაც კრემლს მესამე ვადით პრეზიდენტად ვლადიმირ პუტინი დაუბრუნდა.

წარსულში, გერმანიის კანცლერ გერჰარდ შრიოდერის პირობებში, ბერლინი რუსეთის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი იყო ევროპაში. კავშირები ძირითადად პრაგმატულ ინტერესებს ეფუძნებოდა - მაგალითად, ენერგეტიკას - ისევე როგორც პირად ახლო ურთიერთობებს შრიოდერსა და პუტინს შორის. ერთხელ შრიოდერმა პუტინს „უნაკლო დემოკრატიც“ კი უწოდა.

თუმცა, მერკელის მმართველობის პირობებში, ბერლინის პრაგმატიზმი ღირებულებების სასარგებლოდ გადაიხარა. მარშალის ფონდის ანალიტიკოსი კონსტანც შტელცენმიულერი ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს:

„რუსეთთან ურთიერთობა წარმოადგენს ურთიერთობას, რომელსაც, ჩემი აზრით, გერმანელი დიპლომატები „სტრატეგიულს“ უწოდებენ ხოლმე, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ბევრი საერთო ღირებულება არ გვაკავშირებს, მაგრამ ეს ქვეყანა რაღაცებისთვის გვჭირდება. ახლა ძალიან ღიად ვსაუბრობ, მაგრამ სტრატეგიული ურთიერთობის ხალხური ახსნა სწორედ ასეთია. მოკავშირეები და მეგობრები ის ხალხია, ვისთანაც ღირებულებები გაქვს საერთო. არა მგონია რუსებს ან მოკავშირის ცნება მიესადაგებოდეს, ან მეგობრის“.

რუსეთიდან იმპორტი, უხეში გათვლებით, გერმანიაში მოხმარებული ბუნებრივი აირის ერთ მესამედს შეადგენს.
გერმანიის დიპლომატია ენთუზიაზმით შეხვდა პერსპექტივას, რომ სტოკჰოლმსა და ვარშავასთან ერთად ემუშავა აღმოსავლეთ პერიფერიის მიმართ უფრო აქტიური პოლიტიკის გატარებაზე ...
კონსტანც შტელცენმიულერი

მერკელი ცდილობს შეამციროს რუსეთის გაზზე დამოკიდებულების ხარისხი - ხელს უწყობს ქვანახშირის თბოელექტროსადგურების მშენებლობას და პოლონეთში ფიქლის გაზის მოპოვებას.

ამასთან, მერკელი ერთ-ერთი იმ ლიდერთაგანია, რომლებიც ყველაზე ხმამაღლა აკრიტიკებენ მოსკოვის ახლო მოკავშირეს - ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს.

მერკელმა მკაფიოდ დაუჭირა მხარი ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამას, მოსკოვის ხმამაღალი უკმაყოფილების მიუხედავად.

შტელცენმიულერი თვლის, რომ ამან მნიშვნელოვნად გააძლიერა ევროკავშირის სხვა წევრების - მაგალითად, პოლონეთის და შვედეთის - პოზიციები, ვინაიდან ისინი მხარს უჭერდნენ რუსეთის ყოფილ საბჭოთა მეზობლებთან კავშირების განმტკიცებას:

„გერმანიის დიპლომატია ენთუზიაზმით შეხვდა პერსპექტივას, რომ სტოკჰოლმსა და ვარშავასთან ერთად ემუშავა აღმოსავლეთ პერიფერიის მიმართ უფრო აქტიური პოლიტიკის გატარებაზე. ამის ყველაზე ნათელი დადასტურება ბელორუსიის მიმართ გერმანიისა და პოლონეთის მიერ ერთობლივად გატარებული პოლიტიკაა“.

ახლა კი მერკელის მომავალ ვიზიტს რუსეთში შოკენჰოფის ანგარიში უქმნის დაძაბულ ფონს - ისევე როგორც ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადებები, პანკ-ჯგუფ „ფუსი რაიოტის“ საქმის ირგვლივ. მერკელი დაესწრება პეტერბურგში გამართულ ორმხრივ შეხვედრას, მოსკოვში კი ვლადიმირ პუტინთან გამართავს მოლაპარაკებას.

„შპიგელისთვის“ ახლახან მიცემულ ინტერვიუში შოკენჰოფი ამბობს: „ფაქტია, რომ რუსეთის პოლიცია, სასამართლოები და კანონმდებლები ახლა სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლას და მათ წინააღმდეგ რეპრესიებს ეყრდნობიან. ისიც კი შესაძლებელია, რომ ამ პროცესების დაწყების კონკრეტული თარიღი ვთქვათ - ექვსი მაისი“, ანუ პუტინის ინაუგურაციის დღე.

შოკენჰოფის ანგარიშის პირველი ვერსია გასულ თვეში გავრცელდა და რუსეთის საგარემო საქმეთა სამინისტროს დიდი აღშოთება გამოიწვია. სამინისტრომ შოკენჰოფს პირადად პუტინის ცილისწამებაში დასდო ბრალი. სამინისტროს გაბრაზება იმდენად ცხარე იყო, რომ მან განაცხადა, შოკენჰოფს აღარ ვაღიარებთ გერმანიის მთავრობის წარმომადგენლადო.
ახლა მოწმენი ვართ ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირში რუსეთის მიმართ ჯგუფური უკმაყოფილებისა და გერმანიის მხრიდან იმის მზაობის, რომ ამას საჯარო კინკლაობა მოჰყვეს ...
ედუარდ ლუკასი

ამ ნაბიჯების პასუხად მერკელის პრესმდივანმა შტეფენ ზაიბერტმა რუსეთის რეაქციას „შოკისმომგვრელი“ უწოდა და განაცხადა, ბერლინი წყვეტს იმას, თუ ვინ იქნება გერმანიის მთავრობის წარმომადგენელიო. მან დაადასტურა, რომ რუსეთში ვიზიტისას მერკელთან ერთად შოკენჰოფიც იქნება.

მეტიც, გავრცელებული ცნობით, სწორედ შოკენჰოფი იქნება ერთ-ერთი მოდერატორი სამოქალაქო საზოგადოების შესახებ დისკუსიისა, რომელიც პეტერბურგის დიალოგად ცნობილი ფორუმის მორიგ შეხვედრაზე გაიმართება. ეს ფორუმი 2001 წელს დაარსდა და ორი ქვეყნის კავშირების განვითარებას ემსახურება.

ბრიტანული „ეკონომისტის“ საერთაშორისო საკითხების მიმომხილველი, რუსეთის საკითხების ანალიტიკოსი ედუარდ ლუკასი თვლის, რომ მოსკოვთან ასეთ ღია კონფრონტაციაზე წასვლა სიახლეა მერკელის მმართველი, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისთვის:

„ახლა მოწმენი ვართ ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირში რუსეთის მიმართ ჯგუფური უკმაყოფილებისა და გერმანიის მხრიდან იმის მზაობის, რომ ამას საჯარო კინკლაობა მოჰყვეს“, - აცხადებს ლუკასი და განაგრძობს: „ეს ძალიან მკაფიო სიგნალებია, რაც წარსულში ძალიან უჩვეულო იქნებოდა. და თუკი ამას ბუნდესტაგში პარასკევს გამართულ დებატებსაც დავუმატებთ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ წინ ძალიან საინტერესო კვირა გველის გერმანიისა და რუსეთის ურთიერთობაში - შესაძლოა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე საინტერესოც. პეტერბურგში დიალოგი გაიმართება, შედგება პუტინისა და მერკელის სამიტი. რომ შემეძლოს, ბუზად გადავიქცეოდი და ყველა ამ შეხვედრას ჩუმად დავესწრებოდი“.

გავრცელებული შეხედულებით, მერკელს და პუტინს კარგი ურთიერთობა არასოდეს ჰქონიათ.

გერმანიის დიპლომატიურ წრეებში კვლავაც ჰყვებიან მერკელის ვიზიტზე რუსეთში მაშინ, როცა პუტინი პრემიერი იყო. როგორც ამბობენ, პუტინმა მერკელი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ალოდინა, შემდეგ კი ის თავისი შავი ლაბრადორის სიახლოვეს დასვა - არადა, იცოდა, რომ მერკელს ძაღლების შიში აქვს.

ეს მკაფიო კონტრასტს ქმნის წინა პერიოდთან, როცა პუტინი ახლო მეგობრობით გამოირჩეოდა როგორც შრიოდერთან, ისე ევროპის რამდენიმე სხვა ლიდერთან.
XS
SM
MD
LG