Accessibility links

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღოღეთში სტუმრებს დილიდან ელოდნენ. სოფლის მოსახლეობა პოლიციის განყოფილების შენობასთან შეიკრიბა, მალე სოფლის ცენტრში ლურჯ ჟილეტებში გამოწყობილი ახალგაზრდები გამოჩნდნენ და იქვე ასევე ლურჯი ფერის კარავი გაშალეს, პოლიციის მახლობლად კი ევროკავშირისა და გაეროს დროშები ააფრიალეს. ყველაზე დიდ დისკომფორტს წვიმიანი ამინდი და ტალახი ქმნიდა. ღოღეთელები სოფლის მთავარ პრობლემად სწორედ გზის მოწესრიგებას და ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი ნაკვეთების საკითხს ასახელებენ. მევლუდ შათირიშვილმა მავთულხლართების გავლების შემდეგ ჰექტარ-ნახევარი მიწის ფართობი დაკარგა. ღოღეთელ ბავშვებს მეზობელი სოფლის სკოლაში მისასვლელად ყოველდღიურად რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ. სოფელს არც საბავშვო ბაღი აქვს. ირმა კოჩიევი მთავრობისგან, პირველ რიგში, ამ საკითხის მოგვარებას ითხოვს.

თავიანთ პრობლემებზე ღოღეთელები სოფელში ჩასულ სტუმრებსაც ესაუბრნენ. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა საქართველოში სიმონე ვოლკენმა დღეს სოფელ ღოღეთში ჰუმანიტარული დახმარება დაარიგეს - მათ პირველადი მოხმარების ნივთები, თბილი გადასაფარებლები და კარ-ფანჯრის იზოლაციისთვის საჭირო მასალა 77 ოჯახს გადასცეს. ამ აქციით დაიწყო ევროკავშირისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ზამთრის დახმარების ერთობლივი პროექტი, რაც საოკუპაციო გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები ოჯახების სტაბილურობას და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ეხება. საერთაშორისო ორგანიზაციები ამ აქციით გამოეხმაურნენ საქართველოს მთავრობის მოწოდებას ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრედ მცხოვრები მოქალაქეების დახმარების შესახებ. ამ ორგანიზაციების დახმარებით კონფლიქტის ზონაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მარტოხელა ხანდაზმული პირები 500 ლარიან დახმარებასაც მიიღებენ. ტრისტან შათირიშვილი ამბობს, რომ, მართალია, დახმარება მასშტაბური არ არის, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღებაა.

სტუმრებთან ერთად ღოღეთში იმყოფებოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, რომელიც ღოღეთელებს იმ პროგრამების შესახებ ესაუბრა, რომელთაც საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ქართულ სოფლებში ახორციელებს. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა და სპეციალური კომისია განაგრძობს კონფლიქტის ზონის სოფლებში არსებული პრობლემების მოგვარებას და ამ საქმეში საერთაშორისო დონორებიც აქტიურად არიან ჩართულნი.

ღოღეთში უკვე შეყვანილია ბუნებრივი აირის მილსადენი და მალე ყველა ოჯახს გაზი ექნება. დაგეგმილია სოფელში საბავშვო ბაღის აშენებაც. სოფლის ცენტრში შეკრებილმა ღოღეთელებმა ფილიპ დიმიტროვს სთხოვეს, რომ ევროკავშირმა ამ ორგანიზაციაში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი დააჩქაროს, რადგან რუსეთი ყოველდღიურად ათობით კილომეტრზე მავთულხლართებს აბამს და არავინ იცის, ეს სოფელი საერთოდ გადარჩება თუ არა. ამის პასუხად დიმიტროვმა აღნიშნა, რომ ევროპა საქართველოს უკვე მიიჩნევს საკუთარი ოჯახის წევრად და მას არავის დააჩაგვრინებს, სრულ ინტეგრაციამდე კი ღოღეთელებს მოთმინება უსურვა.

ევროკავშირისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ჰუმანიტარული აქცია მომდევნო დღეებში საოკუპაციო გამყოფი ხაზის მოსაზღვრე სხვა სოფლებშიც გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG