Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სისხლის მდინარეები


მგონი ჩვენ ფუნდამენტური საკითხები არასწორად გვესმის. სოფელ ჭელაში მომხდარმა ამბებმა მიბიძგა ამ აზრისაკენ, თუმცა ეს ამბები ჯაჭვის მხოლოდ ერთი რგოლია.

მაგალითად, საკითხი, თუ როგორ მუშაობს დემოკრატია.

ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩამოყალიბდა აზრის ფორმაში გახვეული განცდა, თითქოს დემოკრატია ხალხის მმართველობა იყოს, რომელიც, თუ ხალხმა ვერ ივარგა, ბრბოს მმართველობაში გადადის.

ეს ასე არაა.

მაგრამ ლაპარაკი ინსტიტუტებზე, რომლებიც ამ ბრბოს შეაჩერებს, არაა ეფექტიანი. ინსტიტუტი აბსტრაქტული წესია, რომელსაც ასრულებ. ამ წესის უკან ვიღაც უნდა იდგეს. ვიღაც, ვინც წესს იცავს.

რადგანაც წესებს არ იცავენ, პოლიტიკოსებმა ადვილი გამოსავალი მონახეს - ქართველ ხალხს აბრალებენ. დაბალი პოლიტიკური კულტურა ჰქონია და ჩვენ რა ვქნათო.

ბოდიში, მაგრამ დემოკრატია ასე არ მუშაობს.

იმიტომ, რომ პირველ რიგში ინსტიტუტებს იცავს ელიტა და უკვე მეორე რიგში - ხალხი.

მაგალითი განვითარებული დემოკრატიის ქვეყნიდან: თქვენ იცით, ვინ იყო ენოქ პაუელი?

1968 წელს ბრიტანელმა დეპუტატმა კონსერვატიული პარტიიდან და ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა წარმოთქვა სიტყვა, სადაც ემიგრანტების მიერ გამოწვეულ პრობლემებსა და „სისხლის მდინარეებს“ წინასწარმეტყველებდა. ჩვენ გიჟები უნდა ვიყოთ, უფლებას რომ ვაძლევთ სხვა რასის წარმომადგენლებს, უკონტროლოდ შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაშიო.

სიტყვის წარმოთქმიდან მეორე დღესვე პაუელმა დაკარგა თავისი პოზიცია პარტიაში, რადგან მის მიერ წარმოთქმული სიტყვა განხილულ იქნა როგორც „წამქეზებლური და საზიანო რასობრივი ურთიერთობებისათვის“. ამის შემდეგ ის ვეღარასოდეს დაიკავებს წამყვან პოლიტიკურ თანამდებობას. რამდენიმე წელიწადში პაუელს მოუხდება, პარტიიდან გავიდეს.

პოლიტიკურმა ელიტამ, რომელიც, მოგეხსენებათ, ბრიტანეთში, ძირითადად, ორი დაპირისპირებული პარტიისაგან შედგება, თითქოს პირი შეკრა: პაუელის პოზიცია მიუღებელი აღმოჩნდა მთელი პოლიტიკური სპექტრისათვის. მას ჰქონდა ხალხის მხარდაჭერა: გამოკითხვების მიხედვით, პაუელის პოზიციას ემხრობოდა მოსახლეობის 74%; მის მხარდასაჭერად პროფკავშირები დემონსტრაციებსა და მსვლელობებს აწყობდნენ, მაგრამ პოლიტელიტამ ჩათვალა, რომ ეს ხალხი უპასუხისმგებლო ლიდერის მიერ იყო აჟიტირებული.

დღეს საქართველო ადგას გზას, რომლის ბოლოსაც ქვეყნის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ელიტა ენოქ პაუელებისგან იქნება შედგენილი.

არა, პაუელსაც დაუმსახურებლად ნუ შეურაცხვყოფთ: კაცი კემბრიჯის უნივერსიტეტში კლასიკური ლიტერატურის სპეციალისტი იყო და ჰეროდოტე დღესაც მისი რედაქციით გამოდის; “სისხლის მდინარეც“ ციტატაა - ვერგილიუსის „ენეიდიდან“, რომელიც, დარწმუნებული იყავით, პაუელს ორიგინალში ჰქონდა წაკითხული. მას, შესაძლოა, პოლიტიკური საღი აზრი არ ეყო, თორემ ასეთი განათლებისა და ზოგადი კულტურის ლიდერი ჩვენს ქვეყანაში, ალბათ, საერთოდ არც გვყავს. მისი ანალოგი ფიგურები საქართველოში წერა-კითხვასთანაც მწყრალად იქნებიან.

ან, პრინციპში, ენოქ პაუელის მაგალითი რად გვინდა? ოცდახუთი წლის წინათ ჩვენ აქ უკვე ვიყავით. ოღონდ, განსხვავებით ბრიტანეთისაგან, ვერაფერი მოვუხერხეთ ამ „პაუელებს“ და ქვეყანაც თავზე დავინგრიეთ.

არადა, რა მარტივი ტესტი არსებობს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ელიტისათვის: შეგეძლოს მაშინაც კი შეთანხმდე საბაზისო საკითხებზე, როცა ეს შენს უშუალო ინტერესებში არ შედის; შეგეძლოს იმასთანაც კი შეთანხმდე საბაზისო საკითხებზე, ვინც შენი მოწინააღმდეგეა.

სხვა შემთხვევაში, სახეზე გვექნება არა ერთი ქვეყანა, არამედ რაღაც სხვა, რაზეც ლაპარაკიც კი სახიფათოა - სიტყვებს საშინელი ძალა აქვთ.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG