Accessibility links

logo-print
საქართველოში დემოკრატიის იდეა პოპულარულია. ეს სერიოზული რესურსია - არსებობს ქვეყნები, რომლებიც ამით ვერ დაიკვეხნიან. არსებობს ქვეყნები, სადაც მოქალაქეები პირდაპირ ამბობენ, რომ სურთ ძლიერი ხელი და არა - „ყბედი პარლამენტი“. საქართველოს მოქალაქეები, პირიქით, მეტ დემოკრატიას ითხოვენ.

მაგრამ პრობლემა მაინც არსებობს - დემოკრატია ჩვენთან ბევრს წარმოუდგენია, როგორც რაღაც ერთიანი, მთლიანი და ტოტალური. ქართველი ხალხის ნება აუცილებლად ურყევი და განუყოფელი უნდა იყოს.

არადა, თანამედროვე დემოკრატია დაყოფებისა და გამიჯვნების რეჟიმია. ჯერ ერთი, იმ აზრით, რომ ლიბერალურ დემოკრატიაში ყველა ადამიანი ერთ აზრზე და „ერთ ნებაზე“ ვერანაირად ვერ იქნება. მეორეც, იმ აზრით, რომ დემოკრატია, როგორც პოლიტიკური რეჟიმი, ეყრდნობა სხვადასხვა სფეროების ერთმანეთისაგან აუცილებელი გამიჯვნის პრინციპს.

საქართველოში განსაკუთრებით მაშინ ჩანს ეს პრობლემა, როდესაც ეკლესიისა და სახელმწიფოს გაყოფის საკითხთან მივდივართ.

ვიღაცამ შეიძლება მომიგოს - რა აიჩემეთ ეს ეკლესია ამ „ლიბერალებმაო“. რა, სხვა პრობლემებს ვერ ხედავთო?

არ ავიჩემეთ.

დღეს ჩვენში არავინ შეიტანს ეჭვს, რომ სახელმწიფო და ბიზნესი, სახელმწიფო და მეცნიერება სახელმწიფო და სამოქალაქო საზოგადოება/მედია გამიჯნული უნდა იყოს. მაგრამ როგორც კი საქმე ეკლესიაზე მიდგება, ეს დარწმუნებულობა სადღაც ქრება.

არადა, ისტორიულად, სახელმწიფოსა და ეკლესიის, პოლიტიკისა და რელიგიის გაყოფა პირველი იყო, რომელმაც დასაბამი - და, გარკვეულწილად, მაგალითი - მისცა სხვა გამიჯვნებს.

მაგალითად, რელიგიისა და ხელოვნების გამიჯვნას. შეგიმჩნევიათ ის უცნაური გრძნობა, როდესაც ევროპული დედაქალაქების მუზეუმებში ანტიკური სკულპტურებისა და შუა საუკუნეების დარბაზების მერე მე-17 საუკუნის ჰოლანდიურ ფერწერას გადააწყდებით? როდესაც ხედავთ, რომ, განსხვავებით წინა ეპოქებისაგან, არც წმინდა ოჯახის გამოსახულებებთან გაქვთ საქმე და არც - წმინდანების მარტვილობისა, არამედ ჩვეულებრივი ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ სურათებთან: უსახელო ქალები, რომლებიც წერილებს კითხულობენ და უსახელო მკერავები, რომლებიც სამუშაოში არიან ჩაფლულნი - აი, სად მოხდა სეკულარიზაცია ხელოვნებაში.

მაგალითად, რელიგიისა და სამართლის გამიჯვნა. გახსოვთ, როგორი იყო სამართალი რელიგიურ ეპოქაში? ბრალდებულს აწამებდნენ, ხოლო წამებისათვის გაძლება იმის ნიშნად ითვლებოდა, რომ ღმერთმა მას ძალა მისცა, რადგან სიმართლე მის მხარესაა. ამას ორდალია ერქვა და სწორედ მისი გაუქმების შედეგად მივიღეთ თანამედროვე მართლმსაჯულება.

მაგალითად, რელიგიისა და მეცნიერების გამიჯვნა. გალილეის ამბავი ხომ ყველას გვისწავლია სკოლაში? თუ დღეს ამ ამბავს აღარ ასწავლიან? აი, დედამიწის ბრუნვის აღმოჩენაზე რომ ათქმევინეს უარი დაჩოქილს, რის შემდეგაც წამოდგა და თქვა, ის მაინც ბრუნავსო? გამიჯვნის ამბავია, ლეგენდად გადმოცემული.

რა მოსდის რელიგიას ამ გამიჯვნების შემდეგ? ჯერ ფიქრობდნენ, რომ რელიგია დაკნინდებოდა და გაქრებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ამ გამიჯვნების შემდეგ პოულობს რელიგია საკუთარ სფეროს, რომელიც არაა შერეული და, ვთქვათ პირდაპირ, შერყვნილი სხვა ინტერესებითა და ლოგიკებით. ეს რწმენის სფეროა - რაღაც ტრანსცენდენტურის რწმენისა, რომელიც მორწმუნეთათვის ყველაფერს, კარგსაც და ცუდსაც, საზრისს ანიჭებს. ხოლო ის ადამიანები, ვისაც არ სწამს, სრულიად უპრობლემოდ რჩებიან ამ სფეროს გარეთ, ისე, რომ არც მათ აწუხებს ვინმე და არც ისინი აწუხებენ მაინცდამაინც სხვებს.

ის, რომ საქართველოში პოლიტიკისა და რელიგიის გამიჯვნასთან გვაქვს პრობლემა, იმის მანიშნებელია, რომ სინამდვილეში არც სხვა გამიჯვნების გატარება შეგვიძლია ხეირიანად, რაზეც ბოლო ოცი წლის ისტორიაც მეტყველებს.

გადაჭარბებული შეფასებაა? სულაც არა. ამ დღეებში საქართველოს პარლამენტი განიხილავს ცვლილებას უმაღლესი განათლების შესახებ კანონში, რომელიც პირველივე პუნქტში გვეუბნება, რომ აკადემიური ხარისხი არის კვალიფიკაცია, რომელსაც ანიჭებს უმაღლესი სასწავლო დაწესებულება ან საქართველოს პატრიარქი.

კონტექსტს უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა: ამ ფორმულირების შემდეგ მეცნიერებას დაკარგული აქვს საკუთარი ავტონომიურობა. თუნდაც საქმე მხოლოდ თეოლოგიას ეხებოდეს - თეოლოგიაც მეცნიერებაა, რომელსაც თავისი შინაგანი, იმანენტური წესები აქვს. არ შეიძლება საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ხარისხის მოპოვება ერთი ადამიანის ნებაზე იყოს დამოკიდებული. ის, რაც მხოლოდ ერთი ადამიანის ნებასა და სურვილზეა დამოკიდებული, ვერ იქნება მეცნიერება, ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი.

ცოდნას აწარმოებს მეცნიერება, ხოლო რწმენა - რელიგიის საქმეა. ცოდნის წარმოება ხდება უნივერსიტეტში, ხოლო რწმენით ცხოვრება - ყოველ შემთხვევაში, ქართველ მორწმუნეთა უმრავლესობისათვის - ეკლესიაში. არასოდეს მიყვარდა „ცოდნის ტაძარი“ როგორც უნივერსიტეტის მეტაფორა. მაგრამ ცუდი და „გოიმური“ მეტაფორა ერთია, ხოლო ფიქრი, რომ საგანმანათლებლო და სალოცავი სივრცეები მართლა ერთი და იგივეა - ესაა დაბრუნება ადრეულ შუა საუკუნეებში (ადრეულში იმიტომ, რომ შემდგომში იქაც საგანმანათლებლო სივრცემ საკუთარი ავტონომია მოიპოვა ეკლესიასთან მიმართებაში. ეს ავტონომიზაცია მაღალ შუა საუკუნეებში ემთხვევა უნივერსიტეტების გაჩენას მე-12 საუკუნის დასავლეთ ევროპაში). ეს დაბრუნება კი არც მეცნიერების განვითარებას შეუწყობს ხელს და არც - დემოკრატიზაციის პროცესს.

დღეს ქვეყანაში თავიდან იწყება დისკუსია უნივერსიტეტებისათვის და მეცნიერებისათვის მეტი ავტონომიისა და თავისუფლების მინიჭების შესახებ, რაც ძალიან კარგია. ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარალელურად უმაღლესი განათლების სფეროს კლერიკალიზაცია არ მოხდება. სხვაგვარად, აკადემიური თავისუფლების შესახებ საუბარი უსაგნო იქნება. როცა ჰაერის უკმარისობა გახრჩობს, წყლის სიმცირეზე ფიქრს აზრი არ აქვს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG