Accessibility links

Sooner murder an infant in its cradle than nurse unacted desires.
(ჯობს ჩვილი აკვანში მოკლა, ვიდრე გაზარდო დაუკმაყოფილებელი სურვილები.)




უილიამ ბლეიკის ეს აფორიზმი შეიძლებოდა ვილჰელმ რაიხის შრომებისათვის წაგვემძღვარებინა წინ. რაიხმა, ავსტრიელმა ფსიქოანალიტიკოსმა, რომელიც გასული საუკუნის 30-იან წლებში სექსუალურ რევოლუციასა და ფაშიზმზე წერდა, ეს ორი ერთმანეთთან დააკავშირა. მისი აზრით, ფაშისტის ფსიქოლოგიური აგებულება ჯანსაღი სექსუალური ქცევის - ანუ ნევროზისაგან დაუმძიმებელი ორგაზმის განცდის - შეუძლებლობის მიერაა გამოწვეული. სადაც არაა კარგი სექსი, იქ ვერ იქნება კარგი პოლიტიკა, დაასკვნა მან.

რაიხის სერიოზულად აღქმა დღეს უკვე ძნელია - მისი ფროიდო-მარქსიზმი მოძველდა, ამერიკაში ემიგრაციის შემდეგ მის მიერ შექმნილი „ორგონომიკა“ კი რაღაც საშუალოა სიგიჟესა და შარლატანობას შორის. მაგრამ, აი, სულ რაღაც ოციოდე წლის წინ, რესპექტაბელური სოციოლოგი, ტონი ბლერის მრჩეველი და ლონდონის ეკონომიკის სკოლის რექტორი ენტონი გიდენსი დაახლოებით ამასვე იტყვის - თანამედროვე ინტიმურობა და დემოკრატია ახლო კავშირშია ერთმანეთთანო.

ზუსტად ვიცი პირველივე შეკამათება, რაც ამაზე ქართველ კაცს ახსენდება - რუსეთში სექსი, ამოიხვნეშებს ის სინანულით, ბევრია, ოღონდ პოლიტიკა იქაც არაფრად უვარგათო. მაგრამ თეორეტიკოსებმაც კი იციან, რომ ბევრი სექსი კარგ სექსს არ ნიშნავს. რაიხი აღფრთოვანებული იყო სექსუალობის სფეროში 20-იანი წლების საბჭოთა ექსპერიმენტებით, რომელთაც დასავლურ საზოგადოებებს მაგალითად უსახავდა. მაგრამ როგორც კი 1929 წელს, დიდი გარდატეხის წელს, სტალინმა ჩარხი უკან დააბრუნა და ტრადიციული ოჯახის აღორძინება იწყო, რაიხს გული აუცრუვდა საბჭოთა კავშირზე და, განსხვავებით ბევრი მარქსისტი ამხანაგისგან, არ მორიდებია ამის თქმას (რის გამოც გერმანიის კომუნისტური პარტიიდან სულ პანღურის ცემით გააგდეს. სხვათა შორის, რაიხისა და, რაც ჩვენთვის ალბათ უფრო მნიშვნელოვანია, თანამედროვე საქართველოში სექსუალობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული გამოკვლევა "სექსუალობა თანამედროვე საქართველოში". რაც შეეხება გიდენსს, ის აჩვენებს, რა არის თანამედროვე სექსუალობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარდამქმნელი ფაქტორი - თანასწორობა სქესებს შორის. ხოლო, მიუხედავად თავისუფალი სექსუალური ზნე-ჩვეულებებისა, რუსეთში გენდერული თანასწორობა ისეთივე პრობლემაა, როგორც ჩვენში, მით უმეტეს, თუ ისეთ მსოფლიო ქალაქის საზღვრებს, როგორიც მოსკოვია, ოდნავ გავცდებით და „გლუბინკაში“ გადავინაცვლებთ.

ასე, რომ დემოკრატიასა და სექსს შორის კავშირის ჰიპოთეზა ძალაში რჩება.

ახსნა არცთუ ისე რთულია - ადამიანი, ვინც ეგუება იმას, რომ მისი სხეულსა და სექსუალობას სხვები მართავენ, იმასაც შეეგუება, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები მის მაგივრად სხვებმა მიიღონ. დიახ, ის შეიძლება აუჯანყდეს ერთ ბატონს, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ სხვა ბატონს დამორჩილდეს. საქმე ეხება ავტონომიას - თუ ადამიანის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ავტონომია მოიპოვოს საკუთარი თავისათვის, ის ამას გააკეთებს როგორც სექსუალობის, ისე პოლიტიკის სფეროში. თუ ადამიანს მთავარ მიზნად ავტონომია კი არა, რაღაც სხვა დაუსახეს - სახელმწიფოსა თუ ნაციის სიძლიერე, ოჯახის პატივი, რელიგიური ერთობის სიწმინდე - მაშინ ის ამ „რაღაც უფრო დიდს, ვიდრე თვითონ არის“, შესწირავს თავის სექსუალურ და პოლიტიკურ თავისუფლებასაც.

რა ხდება ამ მხრივ საქართველოში?

ზუსტად იგივე, რაც ყველა დანარჩენ სფეროში. დაკვირვებული ვარ, რომ ბოლო ოცი წელიწადია ასეთი - ცოტა არ იყოს, ანტი-ლენინური - რიტმით ვვითარდებით: ორი ნაბიჯი წინ, ერთი ნაბიჯი უკან. იგივე ხდება სექსუალობასთან დაკავშირებითაც - 90-იანი წლებიდან მოყოლებული აქაც თავისუფლების ქარმა დაჰბერა. ზოგადად, 90-იანების სექსუალობა იყო ბევრად უფრო პერვერსიული, ვიდრე ოდესმე. ახალგაზრდებს ერთმანეთთან სექსი ჰქონდათ იმის გარეშე, რომ ქალწულობის ნორმა დაერღვიათ. ის, რაც სექსუალური დახვეწილობის (изощренность) ნიმუშად ითვლება ყველგან - ასე ვთქვათ, «ექსტრა-გენიტალური» სექსი, 90-იანი წლების ქართველი ახალგაზრდებისათვის იყო გაცნობიერებული აუცილებლობა, რომელიც გენიტალურ სექსს ანაცვლებდა (ბოლო პერიოდის ტექსტებიდან, რომელიც ამ თემას ასახავს, დავით ქართველიშვილის რომანი „სიყვარული და მსხალი“ მახსენდება). ეს ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა - ყველაფერი ლიბერალიზაციისაკენ უნდა წასულიყო. ამას მოითხოვდა ტელევიზია და ინტერნეტი, სწავლა და მოგზაურობა საზღვარგარეთ, სოციალური სტრუქტურის მოშლა და ნორმების გადაგდება. მაგრამ გლობალიზაციის ამ ტალღას ისეთი უკუდარტყმა მოჰყვა, როგორსაც ვერავინ იწინასწარმეტყველებდა. მანამდე საქართველოში სექსს არეგულირებდა ოჯახი, სამეზობლო-სანაცნობო და სახელმწიფო სტრუქტურები („ამორალური“ ყოფაქცევისთვის საბჭოთა კავშირში სამსახურიდან გაგდება სრულიად დასაშვები რამ იყო). არეგულირებდა სხვადასხვაგვარად: ქალებისათვის აკრძალვით, კაცებისათვის - გაუფასურებით. 2000-იანებში კი გამოჩნდა ახალი აქტორი - ეკლესია. რეაქციის ტალღამ სექსუალობის სფეროს საკმაოდ ძლიერად დაარტყა - დღევანდელი ახალგაზრდები აღარ არიან ისეთივე შებოჭილნი, როგორც წინა თაობები, მაგრამ მათი დისკურსი (ანუ მეტყველება) სექსის შესახებ ბევრად უფრო არქაულია, ვიდრე ჩვენი ან ჩვენი მშობლების.

მაგრამ განა ყველა კვლევა იმას არ გვაჩვენებს, რომ ეკლესიაში რეგულარულად ცოტა ადამიანი (დაახლ. 20 პროცენტი) დადის? რანაირად უნდა მოახდინოს გავლენა ეკლესიამ საზოგადოების ქცევაზე? ძირითადად, გაშუალებულად. სინამდვილეში ეკლესიის მთავარი ძალა ქცევაზე გავლენაში კი არ მდგომარეობს, არამედ დისკურსზე გავლენაში. მაგრამ არავის ეგონოს, რომ ეს ცოტაა - სწორედ დისკურსში ღიად თუ დაფარულად გადმოცემული წარმოდგენები და ღირებულებები იქნება ის ფაქტორები, რომლებიც მომავალში განსაზღვრავს ქცევასაც.

ცხადია, ეკლესია არაა ერთადერთი აქტორი. მეორე მნიშვნელოვანი სოციალური ჯგუფი, რომელსაც ცვლილებები უნდა შეეტანა სექსუალობის სფეროში, ელიტაა - საზოგადოებრივი ელიტა. საღი აზრიც და უკანასკნელი გამოკვლევებიც ადასტურებს - სექსუალური თავისუფლება პირდაპირ კავშირშია მატერიალურ რესურსებთან, ანუ, უხეშად რომ ვთქვათ, იმას უფრო მრავალფეროვანი სექსი აქვს, ვისაც აქვს მეტი ფული. მაგრამ სწორედ აქ ჩნდება დისკურსის პრობლემაც - დიახ, დღევანდელი ქართული ელიტა ბევრად უფრო თავისუფალია თავის სექსუალურ ქცევაში, ვიდრე სხვა ფენები არიან და ვიდრე თავად ის ყოფილა ოდესმე. მაგრამ იგივე ელიტა მაქსიმალურად მალავს ამ ფაქტს. არ ხდება ქცევის უნივერსალიზაცია, არ ხდება დისკურსის გავრცელება, სადაც სექსუალობის თავისუფლება ცენტრალური თემა იქნებოდა. თავისუფალ სექსს იმის მსგავსი სტატუსი აქვს, რაც ბოროტმოქმედებას - ის ექსკლუზიურია და არა - ინკლუზიური. ხშირად ეს ელიტა ხდება სწორედ ეკლესიური დისკურსის ყველაზე გავლენიანი გადამტანიც. ასე რომ, პრობლემა მოსახლეობის კონსერვატიზმში არაა - მოსახლეობამ უნდა ჯერ აღმოაჩინოს, უნდა თუ არა კონსერვატიული ღირებულებები. მაგრამ ამისთვის საჭიროა, ვიღაცამ სექსუალური თავისუფლება იქადაგოს - არა ლიბერალიზმი, რომელიც გულისხმობს ყველას შეწყნარებას, არამედ სწორედაც თავისუფლება, რომელიც გულისხმობს შეზღუდვების მაქსიმალურად გაქრობას; შემდეგ ამას დაუპირისპირდებიან კონსერვატორები, რომლებიც დაიცავენ ოჯახურ ღირებულებებს; შემდეგ ამას მოჰყვებიან არამკითხე ლიბერალი არბიტრები, რომლებიც დაიწყებენ იმაზე საუბარს, რომ საჭიროა ცივილური დისკუსია - და, აჰა, თქვენ ლიბერალური დემოკრატიის ერთი შესანიშნავი მაგალითი.

მაგრამ, ამის მაგივრად, ქვეყანაში სულ უფრო ძლიერდება ათწლეულების წინ ერთი უარღესად გამჭრიახი კაცის მიერ ნათქვამი ფრაზის ექო - „რაც თქვენ გინდათ, არის ბატონი. თქვენ მას მიიღებთ“.

P. S. მე ვიცი, რას იტყოდა ჭკვიანი კონსერავტორი საპასუხოდ - ბლეიკს სულაც არ უთქვამს, რაც თქვენ გგონიათო. თუ დავაკვირდებით და მეტაფორის ადეკვატურ წაკითხვას შევძლებთ, ბლეიკი იმას კი არ ამბობს, სურვილები გააძლიერეო, არამედ ზუსტად საპირისპირო რამეს - ჯობს სურვილი თავიდანვე მოკლა, სანამ გაძლიერდებაო. ამაზე მიგვითითებს სიტყვა „გაზარდო“, რომელიც სურვილს უკავშირდება, მაგრამ იმ ჩვილზე მიუთითებს, რომელიც აკვანშივეა მოსაშთობი. ამ ციტატის ასეთი წაკითხვის მიხედვით ბლეიკი სულაც არ გამოდის სექსუალური თავისუფლების ქადაგი, სულ პირიქით.

მაგრამ სად გინახავთ ჭკვიანი კონსერვატორი საქართველოში?

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG