Accessibility links

logo-print

ტურავას საკითხს შეისწავლის სასამართლოს დისციპლინურ საქმეთა კომისია


საკონსტიტუციო სასამართლომ გაავრცელა კიდევ ერთი განცხადება, რომელშიც ამბობს, რომ მოსამართლე მერაბ ტურავამ 16 სექტემბერსაც უარი განაცხადა ხელი მოეწერა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პარლამენტის წინააღმდეგ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას სარჩელის თაობაზე. სასამართლო იუწყება, რომ ტურავას საქმე შესასწავლად და დასკვნის გამოსატანად გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიას - რომლის დასკვნაც, შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცემა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. 16 სექტემბერს სასამართლო სრული შემადგენლობით შეხვდა ტურავას ჯანმრთელობის ცენტრში და გადაწყვეტილება მიუტანა ხელმოსაწერად, თუმცა ტურავამ კვლავ უარი თქვა ხელმოწერაზე. ერთი დღით ადრე, 15 სექტემბერს ტურავა არ დაესწრო გადაწყვეტილების გამოცხადებას. თავდაპირველად მისი გამოუცხადებლობის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, თუმცა თავად ტურავამ 16 სექტემბერს ტელეკომპანია „მაესტროს“ უთხრა, რომ დასკვნაზე ხელმოწერა შეეძლო, მაგრამ დოკუმენტის გასაცნობად საკმარისი დრო არ ჰქონდა. სასამართლო თავის განცხადებაში ამას უარყოფს და ამბობს, რომ სასამართლოს პლენუმის ყველა წევრს გონივრული ვადა ჰქონდა დოკუმენტის გასაცნობად. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას სარჩელი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე ნორმის შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითი განხილვისთვის წელს ივნისში მიიღო, გადაწყვეტილება კი 15 სექტემბერს უნდა გამოეცხადებინა. გიგი უგულავა პრობლემურად მიიჩნევს კოდექსის რამდენიმე ნორმას, მათ შორის იმ გარემოებას, რომ პატიმრობის გამოყენების ცხრათვიანი ვადა რამდენიმე ბრალდების საქმეზე დამოუკიდებლად აითვლება და შესაბამისად, ჯამში შესაძლოა 9 თვეს გადააჭარბოს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG