Accessibility links

logo-print

მოსამართლე ტურავამ გიგი უგულავა წინასწარ პატიმრობაში დატოვა


გიგი უგულავა სასამართლოში, 2013 წლის 25 თებერვალი

გიგი უგულავა სასამართლოში, 2013 წლის 25 თებერვალი

მოსამართლე მერაბ ტურავამ, რომელიც ჯერ ისევ საავადმყოფოში იმყოფება, ხელი არ მოაწერა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე „გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ'' და მიზეზად მასზე განხორციელებული ერთგვარი ზეწოლა დაასახელა. რადგანაც მოსამართლე ტურავას ხელმოწერა აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ამ საქმეზე გადაწყვეტილების გამოსაქვეყნებლად, 16 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მას საავადმყოფოშიც მიაკითხა, თუმცა – უშედეგოდ. ამასობაში საკითხმა მწვავე პოლიტიკური დისკუსია და დაპირისპირება გამოიწვია. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მოსამართლე ტურავა ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს.

მოსამართლე მერაბ ტურავას საკითხს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისია შეისწავლის, ხოლო შემდეგ კომისიის დასკვნა შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს – ასეთი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც ბათუმში ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ მოთავსებულმა მოსამართლე ტურავამ არც 16 სექტემბერს მოაწერა ხელი გადაწყვეტილებას გიგი უგულავას საქმეზე და მასთან საავადმყოფოში მისული საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი და სხვა მოსამართლეები უარით გაისტუმრა.

კანონის თანახმად, გამოქვეყნებამდე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწეროს საქმის არსებითად განხილვაში მონაწილე უკლებლივ ყველა მოსამართლემ და, შესაბამისად, რადგანაც მოსამართლე მერაბ ტურავა სამშაბათს საავადმყოფოში მოათავსეს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწია გადაედო 15 სექტემბერს 17:00 საათისთვის დაგეგმილი ღონისძიება, რომელზეც გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებული გადაწყვეტილება უნდა გამოცხადებულიყო. 16 სექტემბერს მერაბ ტურავამ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ხელმოწერაზე უარი მის ავადმყოფობას არ უკავშირდებოდა და რომ მას, უბრალოდ, გონივრული ვადა არ მისცეს 50-გვერდიანი გადაწყვეტილების შესასწავლად:

მერაბ ტურავა

მერაბ ტურავა

„ჯანმრთელობის მდგომარეობა ეს იყო ერთი მიმდინარე ჩვეულებრივი ფაქტი, რომელიც დაემთხვა ამ გარემოებას. მთავარი და ძირითადი, რის გამოც მე გუშინ (15 სექტემბერს) საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელი არ მოვაწერე, არის ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების პროექტის საბოლოო ვერსია, მისი სარეზოლუციო ნაწილით, მე გადმომეგზავნა პირველად გუშინ. ამის შემდეგ, მე არ ვიცოდი ის, რომ გადაწყვეტილება გუშინ ცხადდებოდა... ზეწოლა არის ის, როდესაც შენს კოლეგას, რომელიც ამბობს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად მზად არ არის, შენ ეუბნები, რომ გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწეროს“.

მერაბ ტურავას ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს საკონსტიტუციო სასამართლო. როგორც 16 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ყველა წევრს ჰქონდა გონივრული ვადა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების პროექტის გასაცნობად, აზრის გამოსათქმელად და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განსახორციელებლად, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დანარჩენი წევრების მიერ სრულად იქნა რეალიზებული“.

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა 14 თვეზე მეტია, რაც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, მიუხედავად იმისა, რომ, კონსტიტუციის თანახმად, ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. მან საკონსტიტუციო სასამართლოს გაზაფხულზე მიმართა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ მოთხოვნათა გაუქმება მოითხოვა, რომელთა მიხედვითაც 9-თვიანი წინასწარი პატიმრობა შესაძლებელია გაგრძელდეს იმავე პირისთვის ახალი ბრალდებების წაყენების პირობებში, რაც მოხდა კიდეც თავად გიგი უგულავას შემთხვევაში, 2015 წლის მარტში. ადვოკატ ბექა ბასილიას ვარაუდით, ხელისუფლება დროის გაყვანას ცდილობს, რათა უგულავა წინასწარ პატიმრობაში დატოვოს მანამდე, ვიდრე თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ გამამტყუნებელ განაჩენს არ გამოიტანს.

მერაბ ტურავას ქმედებების უკან ასევე ხელისუფლების ხელწერას ხედავენ ოპოზიციური ფლანგის წარმომადგენლები და მოსამართლეს შეურაცხმყოფელი სიტყვებითაც მოიხსენიებენ. განცხადებები გაკეთდა 16 სექტემბერს პარლამენტის სხდომაზეც და, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა თქვა, ყველაფერი ეს სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგება:

„საკონსტიტუციო სასამართლოს ასეთი სამარცხვინო და მასხრად ასაგდები ფორმით ჩართვა უკანონო პატიმრობის გამართლებაში, უკანონო პატიმრობაზე ხელის დაფარებაში, არის ნამდვილად არა მხოლოდ წინააღმდეგ მოქმედება გიგი უგულავასი, არა მხოლოდ წინააღმდეგ მოქმედება ოპოზიციისა, არა მხოლოდ წინააღმდეგ მოქმედება საღი აზრისა, არა მხოლოდ ფეხქვეშ გათელვა, აბუჩად აგდება საქართველოს კონსტიტუციისა, არამედ არის უკიდურესად დამაზარალებელი საქართველოს სახელმწიფოსთვის“.

იყო პრაქტიკა, როდესაც ე. წ. მორიგე მუხლები ჰქონდათ ხოლმე გამომძიებლებს – დაუშვათ, იარაღის ტარება, ხულიგნობა თუ დაუმორჩილებლობა, რასაც მიუყენებდნენ ხოლმე მეორე ბრალად ბრალდებულს და აღკვეთის ღონისძიებას ხელახლა შეუფარდებდნენ ხოლმე და ასე გრძელდებოდა ხოლმე და იყო შემთხვევები, რომ წლები იყო ადამიანი წინასწარ პატიმრობაში...

მოსაზრებები გამოითქვა საპარლამენტო უმრავლესობაშიც, სადაც მიიჩნევენ, რომ ავადმყოფობის უფლება ყველას აქვს, სასამართლოს პატივი უნდა ვცეთ და რომ წინასწარ გაკეთებული შეფასებებით მოვლენებს წინ არ უნდა გავუსწროთ. ერთგვარად განსხვავებული იყო პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ ბიუროს სხდომაზე გაკეთებული განცხადება. ის მომხდარს „უკიდურესად არასასიამოვნო მოვლენად“ მიიჩნევს და თვლის, რომ ეჭვებსა და შეკითხვებს სასწრაფოდ უნდა გაეცეს პასუხი:

„გაჩნდა გარკვეული საბაბი სხვადასხვა მითქმა-მოთქმის: ერთი მხრივ, იმისა, რომ ჯერ დაუსრულებელი თუ ტექნიკურად გაუმართავი გადაწყვეტილების გამოცხადება დაანონსდა და ხომ არ არის რაიმეს გამო ზედმეტი სიჩქარე და, მეორე მხრივ, როდესაც სრულიად გაუგებარი თუ არადამაჯერებელი მიზეზის გამო მოსამართლის ხელმოწერის დასმა ვერ მოხერხდა გადაწყვეტილებაზე, ხომ არ არის გადაწყვეტილების გამოქვეყნების ხელოვნური გაჭიანურების მცდელობა. არც ერთი ვერსია და არც მეორე ვერსია – ცალ-ცალკე თუ ერთობლიობაში – არ ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში დამკვიდრდეს კონსტიტუციური წესრიგი და სასამართლო სარგებლობდეს იმ ნდობით და ავტორიტეტით, რაც აუცილებელია“.

იურისტ ლევან ალაფიშვილისთვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ კონსტიტუციური მართლმსაჯულების საკითხები პოლიტიკური ეჭვებისა და ვარაუდების სამიზნე გახდა, ხოლო რაც შეეხება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნას, ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს მოთხოვნა გადასახედია:

„იყო პრაქტიკა, როდესაც ე. წ. მორიგე მუხლები ჰქონდათ ხოლმე გამომძიებლებს – დაუშვათ, იარაღის ტარება, ხულიგნობა თუ დაუმორჩილებლობა, რასაც მიუყენებდნენ ხოლმე მეორე ბრალად ბრალდებულს და აღკვეთის ღონისძიებას ხელახლა შეუფარდებდნენ ხოლმე და ასე გრძელდებოდა ხოლმე და იყო შემთხვევები, რომ წლები იყო ადამიანი წინასწარ პატიმრობაში“.

ლევან ალაფიშვილი იმედოვნებს, რომ, დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპებიდან გამომდინარე, დღეს იქნება თუ ხვალ, საკონსტიტუციო სასამართლო წერტილს დაუსვამს წლების განმავლობაში გამეფებულ „მახინჯ ტრადიციას“ და იტყვის, რომ წინასწარი პატიმრობა მხოლოდ უკიდურეს ღონისძიებად უნდა გამოიყენებოდეს და მისი ხანგრძლივობა არასოდეს არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG