Accessibility links

logo-print

ისრაელელი საქსოფონისტი გილად აცმონი ტელ-ავივში დაიბადა და გაიზარდა. ის გახლავთ ასევე ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი და აქტივისტი, რომელიც პალესტინელ არაბებს უცხადებს სოლიდარობას და მწვავედ აკრიტიკებს ისრაელის საგარეო პოლიტიკას.

თუმცა დღევანდელ სიუჟეტში აცმონის შესახებ მხოლოდ როგორც მუსიკოსზე ვისაუბრებ. მოკლედ, მუსიკალური განათლება იერუსალიმის მუსიკისა და ცეკვის აკადემიაში მიიღო. ჯაზით სტუდენტობისას დაინტერესდა, როცა სალექციო პროგრამაში ბრიტანელი ტენორსაქსოფონისტისა და კომპოზიტორის, რონი სკოტის, შემოქმედებას სწავლობდა. არტისტის თქმით, მის მსოფლმხედველობაზე უდიდესი გავლენა იქონია ჩარლი პარკერმაც - უფრო ზუსტად კი, ამერიკელის 1947-52 წლების ჩანაწერებმა. "მისი მუსიკა ულამაზესი იყო და, ამავე დროს, დივერსიული. პარკერის საქსოფონი სიმებიან ანსამბლს ჰარმონიულად ერწყმოდა, პარალელურად კი, ებრძოდა კიდეც" - ასე დაახასიათა აცმონმა "ბერდის" ხსენებული პერიოდის ექსპერიმენტები.

1994 წელს გილად აცმონი საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, სადაც ესექსის უნივერსიტეტში ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო. თუმცა მუსიკისთვის ზურგი არ უქცევია. რაღაც ხანს ბრიტანელი პანკ-როკ არტისტის, იან დიურის, ბენდში უკრავდა, შემდეგ შეინ მაკგოვანსა და პოლ მაკარტნისთანაც ითანამშრომლა. მოკლედ, მცირე ხანში უნივერსალური შესაძლებლობებისა და მოთხოვნადი სასესიო საქსოფონისტის სტატუსი მოიპოვა, რომლის საშემსრულებლო სტილისტიკაში ბებოპი, ფრი-ჯაზი და კოლტრეინისეული შემართება ჭარბობდა. 90-იანი წლების ბოლოს კი არტისტმა მიმართულება შეცვალა და ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და ბალკანეთის ხალხთა ეთნიკური მუსიკით დაინტერესდა. დიალოგი გააბა ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან, მაგალითად, პალესტინელი მომღერალი რემი კელანი, ტუნისელი ვოკალისტი და უდზე დამკვრელი დაფერ იუსეფი, იტალიელი აკორდეონისტი რომანო ვიაძანი, რუმინელი მევიოლინე და მესაყვირე დიმიტრი ფრატილა და მრავალი სხვა. პერიოდულად იცვლიდა საკრავებსაც, ალტ-საქსოფონის გარდა, სხვადასხვა პროექტებში კლარნეტზე, ზურნასა და ფლეიტაზე უკრავდა.

2000 წლიდან გილად აცმონმა საკუთარი ბენდი ჩამოაყალიბა, რომელსაც "Orient House" ("აღმოსავლური სახლი") დაარქვა. ანსამბლის სახელწოდებიდან გამომდინარე, შეიძლება იფიქრო, რომ არტისტმა ცალსახად აღმოსავლური მიმართულება აიღო. თუმცა, არა. მან ეთნიკური მუსიკისა და ჯაზის არაკლასიკური სინთეზის ფორმები შექმნა, სადაც შამანური აკუსტიკური მედიტაციებით არ გააბრუა მსმენელი, როგორც ამას არაერთი მისი კოლეგა აკეთებს. გილად აცმონმა აღმოსავლური ფოლკლორი ჯაზის სტანდარტულ სტრუქტურებში მოაქცია და არ მისცა დომინირების საშუალება.

გილად აცმონის "აღმოსავლური სახლის" დისკოგრაფია რამდენიმე ალბომისგან შედგება. თუმცა ამჯერად სადებიუტო, 2000 წლის, პროექტს გირჩევთ, რომელზეც, საქსოფონისტის გარდა, პიანისტმა ფრენკ ჰარისონმა, დრამერმა ასაფ სირკისმა და ბასისტმა ოლი ჰეიჰერსტმა იმუშავეს. დისკზე ჯაზურ ყაიდაზე მოქცეულ თურქულ, ბალკანურ და სეფარდულ მოტივებს მოისმენთ, ასევე მაილს დევისისა და უეინ შორტერის კომპოზიციების ორიენტალურ ინტერპრეტაციებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG