Accessibility links

logo-print

გასულ კვირას საქართველოს კინემატოგრაფიული საზოგადოება დაემშვიდობა 59 წლის ქართველ კინოოპერატორს, გიორგი ბერიძეს. იგი აჭარაში ახალ ფილმზე მუშაობის დროს დაიღუპა. ლევან პაატაშვილის მოწაფე, გიორგი ბერიძე, ქართული საოპერატორო სკოლის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

გიორგი ბერიძე 40-ზე მეტი ფილმის ოპერატორია. ფილმოგრაფიას რომ გადახედოთ, გაოცდებით, პირველ რიგში, მისი შრომისმოყვარეობით. შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანი არასდროს ისვენებდა, სულ კამერასთან იდგა და სულ რაღაცას ეძებდა. დაუმატეთ ამას მისი, როგორც პედაგოგის, მოღვაწეობა - მოასწრო და არაერთი კარგი ოპერატორი აღზარდა, გატაცებული იყო ფოტოხელოვნებით და ყველა, შეიძლება ითქვას, “ტექნოლოგიური სიახლით” კინოში.მაგრამ ყველაზე საოცარი მაინც ისაა, თუ როგორ შეეძლო შეეცვალა ,გადაღების ხელწერა თავად ფილმის დრამატურგიის, ჟანრის, სტილის მიხედვით. თანაც ამას თავიდანვე აკეთებდა, თავის პირველივე ნამუშევრებში - ტატო კოტეტიშვილის “ანემია” გიორგი ბერიძის პირველი წარმატება იყო. ვფიქრობ, ამ სურათის სტილისტიკა მაინც ყველაზე ახლოს აღმოჩნდა გიორგის გემოვნებასთან, იმ კინოსთან, რომელსაც იგი თავის იდეალად მიიჩნევდა - რეალობა და წარმოდგენა აქ ისეა გადაჯაჭვული, რომ საზღვარი მათ შორის თითქმის არ არსებობს და გიორგიც სწორედ ასეთ ვიზუალურ სამყაროს ქმნის: დოკუმენტური, ყოფითი შეუმჩნევლად გადადის პირობითში, ხანდახან ფანტასტიკურშიც კი. იცვლება სტილი. გიორგი ახალ ფილმებს იღებს (მათ შორის, ისტორიულ ფილმებს), მაგრამ გარემოს განსაკუთრებული შეგრძნება ყველა ამ სურათში - კარგ და სუსტ ფილმებში -ერთნაირად ჩანს. პირადად მე გიორგის ნამუშევრებს შორის განსაკუთრებით გამოვყოფდი ლანა ღოღობერიძის ფილმს “ვალსი პეჩორაზე”, რომელშიც მან ეპოქის ფაქტურის შეგრძნება გამოხატა; ზაზა ურუსაძის ფილმს “სამი სახლი” (ოპერატორ გიორგი შველიძესთან ერთად), რომელშიც 3 სხვადასხვა ეპოქა, პირველ რიგში, განსხვავებული ვიზუალური გადაწყვეტით იხატება ( სხვათა შორის, აქცენტი კეთდება არა მარტო გარემოს ცვლაზე, არამედ განათების, ფაქტურის ცვლაზეც), და, რა თქმა უნდა, ნუცა ალექსი-მესხიშვილის მოკლემეტრაჟიან ფილმს “ბედნიერება”, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული ფილმია - როგორც ფილმი და როგორც ოპერატორის ნამუშევარი - ბოლო დროის ქართულ კინოში. აქ კამერა უკვე არა მარტო გარემოს ქმნის, არამედ, შეიძლება ითქვას, ფილმის უხილავი, მაგრამ მნიშვნელოვანი პერსონაჟიც კია.

ჩვენი რადიოს არქივში ინახება ინტერვიუ გიორგი ბერიძესთან, რომელიც 2006 წელს მისი მასწავლებლის, ლევან პაატაშვილის იუბილესთან დაკავშირებით ჩავწერეთ. ლევან პაატაშვილის სახელოსნო თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო. პაატაშვილის მოწაფეებმა რადიკალურად შეცვალეს ქართული კინო, გახადეს ის, თუ გნებავთ, უფრო სანახაობრივი, ვიზუალურად უფრო მდიდარი. ლევან პაატაშვილზე რომ ვესაუბრეთ, იმხანად გიორგი უკვე ცნობილი ოპერატორი იყო.

”ზუსტად ათი წლის წინ დავამთავრეთ საოპერატორო ფაკულტეტი. ჩვენ ვიყავით პირველი ჯგუფი, რომელიც საქართველოში გამოუშვეს. მაშინ იგი 70 წლის გახდა... ეს არის ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გვასწავლა - ბუნებით პედაგოგი, თავისი ათასნაირი უცნაური თვისებით - ძალიან ემოციურად. ჩვენ ორი წელი სულ ფოტოებს ვიღებდით, ტირილამდე მივსულვართ - ასი ფოტოდან შეიძლებოდა ერთი მოსწონებოდა მხოლოდ და ყველა დანარჩენი გადაეხია. ასევე, თითქმის უსიტყვოდ შეუძლია გაგრძნობინოს, რა მოეწონა. როგორც ჩვენი არ მოსწონდა არაფერი, ასევე თავისი არ მოსწონდა არაფერი, ასეთივე კრიტიკულია თავისი თავის მიმართ”.

“კრიტიკული თავისი თავის მიმართ” - ეს თვისება გიორგისაც აღმოაჩნდა, პირველივე ფილმებზე მუშაობისას აღმოაჩნდა. თუმცა მთავარი, რაც თავისი მასწავლებლისგან აითვისა, ქართველებისთვის ნაკლებად დამახასიათებელი პუნქტუალურობა, შეიძლება ითქვას, პედანტურობა იყო - უფრო სწორად, პასუხისმგებლობის განსაკუთრებული გრძნობა, რომელსაც გიორგი თავის სახელოვან მასწავლებელში ხედავდა.

”ითვლებოდა, რომ ლევან პაატაშვილი ნელა მუშაობს. იმ რეჟისორებმა, რომელთაც უნდოდათ ლევანთან მუშაობა, იცოდნენ ლევანის მუშაობის სტილი და ენდობოდნენ. რეზო ესაძე, მაგალითად, მახსოვს, როგორ თამაშობდა ჭადრაკს და როგორ ელოდებოდა, როგორ მუშაობდა ამ დროს ლინზებზე, ანუ ასი პროცენტით მისი დრო და ენერგია საქმით იყო დაკავებული“.

გიორგი ბერიძის ცხოვრების დრო და ენერგიაც საქმე იყო, საყვარელი საქმე. ამიტომაც სევდიანი, მაგრამ მაინც კანონზომიერებაა -სევდიანი კანონზომიერება: იგი ახალი ფილმის გადაღების დღეებში დაიღუპა.

XS
SM
MD
LG