Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დაგვიანდა მკვლელობაში ბრალდებულის ექსტრადიცია


ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი გიორგი დგებუაძე (იგივე "მასტერა"), რომელიც 22 მარტს, გამთენიისას, საქართველოში ნიდერლანდის სამეფოდან იქნა ექსტრადირებული, ე.წ. „მოტროსოვის ციხეში“ მოათავსეს. „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმესთან დაკავშირებით განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის გასამართლებულ გიორგი დგებუაძეს სასამართლოს მიერ პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული. ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ დანაშაულში ჩართული სხვა პირების მიმართ უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი. რატომ გაჭიანურდა გიორგი დგებუაძის ნიდერლანდის სამეფოდან ექსტრადიციის პროცესი?

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე სამმართველოს ყოფილი უფროსის გიორგი დგებუაძის ბრალი 10 წლის წინათ მომხდარ დანაშაულს უკავშირდება. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მან „2006 წლის 12 იანვარს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსთან დავით ახალაიასთან და ამავე დეპარტამენტის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად“, „ნავთლუღის“ ავტოსადგურში მონაწილეობა მიიღო სამი ახალგაზრდის – შოთა გორგაძის, მარად ართმელაძისა და რომან სურმანიძის – წინასწარ დაგეგმილ მკვლელობაში და ასევე გამოვლინდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. გამოძიების ინფორმაციით, იმ დღეს „ნავთლუღის“ ავტოსადგურში ჩაცხრილული სრულიად უდანაშაულო ადამიანები სულ ტყუილად შერაცხეს ციხეზე თავდამსხმელებად. მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე იმ საერთაშორისო ვალდებულებებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ერთგვარ შეზღუდვებს უწესებს ექსტრადირებული პირის გასამართლების პროცესში:

ირაკლი შოთაძე
ირაკლი შოთაძე

„საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, მოხდება მისი საქმის განხილვა მხოლოდ ამ ბრალდების („ნავთლუღის“ საქმის ბრალდების) ფარგლებში... ამ ეტაპზე მისი საქმის განხილვა, საერთაშორისო ვალდებულებიდან და ექსტრადირების პროცედურიდან გამომდინარე, უნდა მოხდეს ამ საქმის ფარგლებში, ანუ იმ ბრალდების ფარგლებში, რომლითაც მოხდა მისი ექსტრადირება“.

განზრახ მკვლელობაში მონაწილეობისთვის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ა“ და „თ“ პუნქტებითა და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით) ბრალდებულ გიორგი დგებუაძის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. პროკურატურის ინფორმაციით, ამ დანაშაულში ჩართული სხვა თანამონაწილეების მიმართ უკვე დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი. დაკავებულის ადვოკატის დავით აბესაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს 10 წლის წინ მომხდარ დანაშაულში მონაწილეობის ფაქტს:

„დგებუაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში. მას ბრალი წარდგენილი აქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთ ეპიზოდში – ეს არის „ნავთლუღის“ ეპიზოდი. სხვა დანარჩენი ბრალები თუ ეპიზოდები, რომლებიც გაჟღერებული იყო მანამდე თუ დღეს ჟღერდება სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით, მას არა აქვს წარდგენილი“.

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი გიორგი დგებუაძე, იგივე "მასტერა", ნიდერლანდის სამეფოდან სამშაბათს გამთენიისას ჩამოიყვანეს საქართველოში. რატომ გაჭიანურდა ბრალდებულის ექსტრადიცია იმის მიუხედავად, რომ, პროკურატურის ინფორმაციით, ის აქტიურად თანამშრომლობდა

მას შემდეგ, რაც ჰოლანდიის სასამართლოს ყველა ინსტანციამ განიხილა ჩვენი შუამდგომლობა ექსტრადირების შესახებ, ეს შუამდგომლობა დასაშვებად ცნო და მოახდინა მისი ექსტრადირება საქართველოში...
ირაკლი შოთაძე

​ნიდერლანდის „კომპეტენტურ“ ორგანოებთან? ირაკლი შოთაძის განმარტებით, დრო ბრალდებულის უფლებებთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლამ მოითხოვა და ექსტრადიციაც სწორედ ამ პროცედურის გავლის შემდეგ გახდა შესაძლებელი:

„ყველა ქვეყანას აქვს ექსტრადირების თავისი საკუთარი პროცედურები. ამ შემთხვევაში ჩართულია სასამართლო, – კონკრეტულად ხდება სასამართლოს ყველა ინსტანციაში განხილვა, – რამდენად ადამიანის უფლებები დაცული იქნება მისი ექსტრადირების შემთხვევაში. შესაბამისად, ამ პროცედურების მიმდინარეობის გამო, რაც დროში საკმაოდ გაწელილია, ამდენი ხანი არ ხდებოდა მისი ექსტრადირება. მაგრამ მას შემდეგ, რაც ჰოლანდიის სასამართლოს ყველა ინსტანციამ განიხილა ჩვენი შუამდგომლობა ექსტრადირების შესახებ, ეს შუამდგომლობა დასაშვებად ცნო და მოახდინა მისი ექსტრადირება საქართველოში“.

მას შემდეგ, რაც ბოლო წლებში საქართველოს პროკურატურას პრობლემები შეექმნა რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის ექსტრადიციის მიზანთან დაკავშირებით, პოლიტიკური ოპონენტების მსგავსად, საერთაშორისო თანამშრომლობის არასახარბიელო შედეგი პოლიტიკური დევნის არსებობის ეჭვებს დაუკავშირა ექსპერტთა ერთმა ნაწილმაც. მაგალითად, ასეთმა დისკუსიამ თავი იჩინა შარშან აპრილში, როდესაც ინტერპოლმა ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად გააუქმა წითელი ცირკულარი ყოფილი მთავარი პროკურორის ზურაბ ადეიშვილის მიმართ და, შესაბამისად, შეწყდა საერთაშორისო ძებნაც. პროკურატურამ ეს ფაქტი მაშინ ზურაბ ადეიშვილისთვის მინიჭებულ ლტოლვილის სტატუსს დაუკავშირა.

ამასთან, 2015 წლის 14 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში პროკურატურა განმარტავდა, თუ რა იყო ექსტრადიციაზე უარის თქმის მიზეზი ძირითად შემთხვევებში. საუბარი იყო გარემოებაზე, როდესაც: ძებნილი პირი წარმოადგენს თხოვნის მიმღები სახელმწიფოს მოქალაქეს და თხოვნის მიმღები ქვეყნის სისხლის სამართლის კანონმდებლობით არ ისჯება ქმედება, რომლის გამოც მოთხოვნილია პირის ექსტრადიცია; თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობა კონკრეტულ დანაშაულთან მიმართებით არ ითვალისწინებს მინიმალურ ზღვარს, კერძოდ, სულ მცირე, 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას; თხოვნის მიმღები ქვეყნის შიდა კანონმდებლობით გასული იყო სისხლის სამართლებრივი დევნის ან განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადები. პროკურატურა აცხადებდა, რომ იმავე გარემოებების გამო საქართველოსაც უწევს ხოლმე ექსტრადიციაზე უარის თქმა ამა თუ იმ ქვეყნისთვის.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG