Accessibility links

logo-print
„გაიწოდა ხელი აბრამმა და აიღო დანა შვილის დასაკლავად.
მოუხმო მას უფლის ანგელოზმა ციდან და უთხრა: აბრაამ!
მიუგო: აქა ვარ.
უთხრა: ნუ აღმართავ ხელს ამ ყმაწვილზე, ნურაფერს დაუშავებ მას“


ფეისბუკზე მეგობრების დამატების ლიმიტი თითქმის ამოვწურე. ამ ჭრელ ხალხში ნამდვილი მეგობრებიც მყავს, უბრალოდ, ცნობისმოყვარეებიც და, ცხადია, „თაყვანისმცემლებიც“, რომლებიც საერთოდ არ მიცნობენ, მაგრამ მეც მიმტკიცებენ და საკუთარ თავსაც, რომ სიყვარულის და თაყვანისცემის ღირსი ვარ. ეს უკანასკნელი ჯგუფი ყოველთვის აქტიურობს. სისულელეც რომ დაწერო (მაგალითად, „ლიმონი“), აუცილებლად გამოგეხმაურება და სტატუსს მოგიწონებს.

მაგრამ ერთია „ლიმონი“ და მეორეა ამბავი, რომელიც ყველაზე მეტად დაბრმავებულმა ფანებმაც კი არ გაიზიარეს; ამ კვირაში ინტერვიუ ჩავწერე ერთ კარგ რკინიგზელ კაცთან, ილო ლეჟავასთან; ინტერვიუ დაღუპულ მაღაროელებზე და უსაფრთხო შრომის პირობებზე. მაინტერესებდა, რამდენი ადამიანი გამოეხმაურებოდა ინტერვიუს ბმულს, რომელიც ჩემივე ფეისბუკ-გვერდზე დავდე. მიუხედავად იმისა, რომ ბმულის გამოქვეყნებიდან უკვე 24 საათზე მეტი გავიდა, ლეჟავასთან ინტერვიუს ერთადერთი კომენტარი მოჰყვა; ეს, შესაძლოა, ნაწილობრივ ადასტურებს იმას, რასაც ილო ლეჟავა ამბობს: საზოგადოებას არ აინტერესებს არც შრომის პირობების გაუმჯობესების თემა და, რაც ყველაზე საგანგაშოა, არც დაღუპული მაღაროელების ამბავი...

ცხადია, შეგვიძლია ყველაფერი დავაბრალოთ მედიას, რომელსაც ვაკის რესტორანში მომხდარი ჩხუბი და პარტიების დაფინანსების თემა, ნესტან კირთაძის ვიზიტი ბრიუსელში და „ზურაბ ხარატიშვილი პოლიტიკაში მოდის!“ უფრო მნიშვნელოვანი ჰგონია, ვიდრე ტრაგედია ჭიათურაში. მაგრამ ჩვენ, თავად, რამდენად გვაწუხებს ეს ამბავი? ყოველ ჩვენგანში მეტნაკლებად ხომ არ ზის ის ქართველი კვაზილიბერტარიანელი, რომელიც ამ ტრაგიკულ ფაქტს ჩვეული ცინიზმით გამოეხმაურებოდა, თავისთვის იფიქრებდა, ან, თუ სითამამე ეყოფოდა, ხმამაღლა განაცხადებდა: „ეს სამუშაო მისი არჩევანი იყო, არავის დაუძალებია!“

ქართული მედია პოლიტიკური სივრცის ნაწილი რომ არის, ახალი არაა და ამაში განსაკუთრებული არაფერია. დაღუპული მაღაროელების ამბავი ტელევიზიებს არ აინტერესებთ იმ უბრალო მიზეზით, რომ არ აინტერესებთ პოლიტიკოსებს, დღევანდელ რეალობაში დაპირისპირებულ პოლიტიკურ ჯგუფებს: ნაცმოძრაობას, უფრო იმიტომ, რომ სწორედ მისი მმართველობის დროს გაუქმდა საქართველოში შრომის ინსპექცია, მისი მმართველობის დროს დამკვიდრდა ეს მაგიური სიტყვები „ეს მისი არჩევანია!“... „ოცნებას“ კი დღეს ამ ხალხისთვის არ ცხელა - დაპირებები აქვს შესასრულებელი და ვერ ასრულებს. არადა, არჩევნები ახლოვდება!

ჰოდა, ამ გლობალური ამოცანების შესრულება-შეუსრულებლობის პროცესში, როცა საქმე „ქვეყნის ინტერესებს“ ეხება, ვის აღელვებს ერთი თუ ორი მაღაროელის დაღუპვა? ჭიათურელი მაღაროელი არ არის ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცი, მის მართლაცდა გმირულ სიკვდილს, მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი რომ გამოეხმაუროს. არც „მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაცვლილი საქართველოს სახალხო არტისტია“, რომელმაც ეროვნული კულტურის აღორძინებას შეუწყო ხელი... ეს მაღაროელი ერთი ჩვეულებრივი კაცია, რომელმაც ძლივს იშოვა სამუშაო, ოჯახი რომ ერჩინა, შვილისთვის სწავლის საშუალება რომ მიეცა... რა დროს მაღაროს მოძველებულ ტექნიკაზე ფიქრი და უსაფრთხოების ნორმების არარსებობის გამო პროტესტის გამოხატვაა? მან სამუშაოს მიაგნო იქ, სადაც თითქმის არავინაა დასაქმებული! დიახ, მან თავად გააკეთა ეს არჩევანი!

ჭიათურის მაღაროში მომხდარი ტრაგედია უცნაურად დაემთხვა მოვლენას, რომელსაც ასევე აუარა გვერდი ქართულმა მედიამ (და პოლიტიკურმა სპექტრმა) - საქართველოს პატრიარქის ინტერვიუს, რომელშიც ილია მეორე უკვე დაუფარავად გამოხატავს თავის სიმპათიას სტალინის მიმართ. ამ ორ ფაქტს, ერთი შეხედვით, არაფერი აკავშირებს. არადა, რომ დავუფიქრდეთ, დიახაც, აკავშირებს...

გავიხსენებ ჩემს საყვარელ ეიზენშტეინს და მის ფილმს „ბეჟას მდელო“, რომელიც სტალინის განკარგულებით არა მხოლოდ აიკრძალა, არამედ სრულიად განადგურდა: დაწვეს ფირი, ისე, როგორც სწორედ იმ წლებში ფაშისტები წვავდნენ წიგნებს.

არადა „ბეჟას მდელო“ ხომ პავლიკ მოროზოვის მითის ინტერპრეტაციაა, სტალინის საყვარელი მითისა, რომლის თანახმად, კოლექტივის ინტერესებისთვის შვილი მზად უნდა იყოს დააბეზღოს საკუთარი მამა.

მაგრამ ეიზენშტეინმა ყველაფერი შეაბრუნა და ყურადღება გაამახვილა არა შვილის ღალატზე, არამედ შვილის მკვლელობაზე. მამამ მოკლა შვილი, რადგანაც შვილმა უარი თქვა ბრმა მორჩილებაზე და აუმხედრდა „ოჯახის ინსტიტუტს“. უფრო სწორად, ფილმის სცენარით თუ ვიმსჯელებთ, აუმხედრდა ყველა იერარქიასა და ინსტიტუტს, რომელიც ადამიანის უნიკალურობას და თავისუფლებას ზღუდავს. ისტორიის ლოგიკით, ასეთი ადამიანი უნდა მოკვდეს. პროგრესს მსხვერპლი სჭირდება!

სცენარზე მუშაობისას, ეიზენშტეინმა თქვა, რომ სურდა გადაეღო ფილმი „უკანასკნელ მსხვერპლზე“ ისტორიაში. როცა დასრულდება ისტორიის ლოგიკისთვის დამახასიათებელი „მსხვერპლშეწირვის დრამატურგია“ და როცა ისტორია ყველასთვის, აბსოლუტურად ყველასთვის იქნება ისტორია! ე.ი. როცა ისტორიაში აღარ იარსებებენ „ინსტიტუტებიდან ამოვარდნილი“ პატარა ადამიანები (საოცარი დამთხვევაა, „ბეჟას მდელოს“ სცენარზე მუშაობის დროს, მსოფლიო ეკრანებზე გამოდის ჩარლი ჩაპლინის „დიდი ქალაქის ჩირაღდნები“, სადაც ერთი ადამიანის ბედნიერება ისევ ეწყობა მეორის, ჩაპლინის მაწანწალას ხარჯზე, მისი მსხვერპლშეწირვით).

მაგრამ „ბეჟას მდელოს“ დასრულების შემდეგ ქვეყანაში საბოლოოდ დამკვიდრდა ძალაუფლების ვერტიკალური სისტემა, რომელიც ეყრდნობოდა სახელმწიფო, სოციალურ ინსტიტუტებს; ამ ინსტიტუტების გასაძლიერებლად მსხვერპლი უკვე აღარაფერს ნიშნავდა. ხალხი ჯერ შიმშილით კვდებოდა (კოლექტივიზაცია!), შემდეგ რეპრესიების პროცესში ქრებოდა უგზო-უკვლოდ. მაგრამ მოსახლეობა, ბელადის ხელმძღვანელობით, მაინც განაგრძობდა ნათელი მომავლის შენებას და ამკვიდრებდა მითს „გმირზე“, როგორც კოლექტივის ნაწილზე.

მას შემდეგ ასეა: ყველასთვის უცნობი მშრომელი კაცი, რომელიც დილიდან დაღამებამდე მუშაობს მაღაროში, არ აინტერესებს არც ძალაუფლების სამსახურში ჩამდგარ მედიას და არც საზოგადოებას, რომლისთვისაც დიდი ხანია არაფერს ნიშნავს ადამიანი, რომელიც მის კლასს, მის ფენას, მის ჯგუფს არ მიეკუთვნება.

პრინციპში, არსებობს გამოსავალი, რომელსაც მემარცხენეები გვთავაზობენ: უნდა გაძლიერდეს პროფკავშირები და მათი დახმარებით ქვეყანაში უნდა აღორძინდეს სოციალური სოლიდარობის იდეა! ეს პოზიცია არახალია, მაგრამ საქართველოში ჯერჯერობით ვერა და ვერ ხდება საკმარისად ეფექტიანი, რაც, ჩემი აზრით, ისევ და ისევ კლანურ-ფეოდალური ტრადიციების სიძლიერით უნდა აიხსნას: მეინსტრიმისთვის, ვერტიკალის სათავეში მდგომი „კლანისთვის“, რომელიც განაგებს ქართულ მედიასივრცეს, და ადამიანთა უმრავლესობისთვის მაღაროელი, რომელიც მისთვის უცხო სივრცეში მუშაობს, მეტისმეტად უცხოა, პირდაპირ შეიძლება ითქვას - „უცხოელია“. თანაც, ის „უცხო“ და „უცხოელი“ არა, რომელიც, ასე თუ ისე, ამ მეინსტრიმის წევრია. მას შეიძლება არ იცნობდე, მაგრამ მაინც ამტკიცებდე, რომ თაყვანისცემის ღირსია. იმდენად ღირსია, რომ სიტყვა
„ლიმონს“ დაწერს, შენ კი აუცილებლად დაურთავ კომენტარს. არა, ეს სულ სხვა უცხოა: მიწისქვეშეთში ჩასული უცხო, რომელსაც ბანკის ვალები უსახლკარობით ემუქრება და რომელიც მზადაა, იქაც კი იმუშავოს, სადაც არავინ აძლევს სიცოცხლის გარანტიას.

ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, საქართველოში შრომის უსაფრთხოების დარღვევის გამო 245 ადამიანი დაიღუპა. ვის გვახსოვს ეს ხალხი? რამდენმა იცის მათი სახელები და გვარები? და თუნდაც ფეისბუკზე რომ გავიხსენოთ, სად უფრო მეტი კომენტარი შეგროვდება: ამ ხალხის სახელებთან, „ვაკელების ჩხუბთან“ თუ, სულაც „ლიმონთან“?

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG