Accessibility links

ქსენია სობჩაკმა ბორის ნემცოვის მკვლელი, ფაქტობრივად, უკვე დაასახელა. ესაა სიძულვილის ქაოსი. დაახლოებით ასევე შეაფასა 27 თებერვალს მომხდარი ტრაგედია ირინა ხაკამადამ. რუსი ოპოზიციონერები იხსენებენ, როგორ აშუქებდა პუტინის მედია 1 მარტისთვის დაგეგმილ აქციას, რას ამბობდა ხელისუფლება ნემცოვზე და რა ხდებოდა მოსკოვში ეგრეთ წოდებულ „ანტიმაიდანზე“ – როგორი ლოზუნგებით გამოვიდა აქციაზე ავტობუსებით „გადმოყვანილი“ ხალხი. რუსეთში გაიხსენეს კიროვის მკვლელობაც, რომელიც სტალინმა შესანიშნავად გამოიყენა კუდიანებზე და, პირველ რიგში, „იმპერიალიზმის აგენტებზე“ ნადირობის დასაწყებად. სტალინმა (ისევე, როგორც გერმანიაში – ჰიტლერმა) ოსტატურად მოახერხა სიძულვილის გარდაქმნა ქაოსიდან სიმეტრიად, მწყობრ სისტემად, რასაც, საბოლოოდ, 1937 წლის რეპრესიები მოჰყვა. როგორც ჩანს, ასეთივე მიზნები აქვს რუსეთის ხელისუფლებას, რომელიც დღეს ნემცოვის მკვლელობას აფასებს, როგორც „საკრალურ აქტს“ და, მართალია, მსხვერპლშეწირვას ხან უკრაინას, ხან დასავლეთს, ხანაც ისლამისტებს აბრალებს, ფაქტობრივად, აღიარებს, რომ შეეცდება გამოიყენოს ეს მსხვერპლი მის მიერვე შექმნილი „სიძულვილის ქაოსის“ ორგანიზებისა და „სიმეტრიულ სისტემად“ გადაქცევისთვის.

საქართველოში ოპტიმისტები უკვე ალაპარაკდნენ „პუტინის უკანასკნელ წელზე“ და მისი რეჟიმის დაცემაზე. ბევრს, რამდენადაც ცინიკურადაც უნდა ჟღერდეს, იმედი მიეცა, რომ საზარელი ტრაგედია რუსეთის დაშლის დასაწყისი იქნება, რაც, თავის მხრივ, საქართველოს მოუტანს ნანატრ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, დაუბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს და ა.შ.

მაგრამ არის თუ არა დღევანდელი საქართველო მზად ამ თავისუფლებისთვის? ხომ არ არის საშიშროება, „პუტინის სცენარი“ აქ რუსეთის ჩაურევლად განმეორდეს? თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულ და რუსულ კულტურებს, ამ „ერთმორწმუნე ძმებს“, მართლაც ბევრი რამ აკავშირებთ: 200-წლიანი თანაცხოვრება, საბჭოთა წარსული, იგივე სტალინი, 90-იანი წლების ქაოსი და, მაპატიეთ, მაგრამ ნარცისული არასრულფასოვნება, რომელსაც თავის დროზე სახაროვმა, ჩემი აზრით, საკმაოდ უზუსტოდ დაარქვა „დიდი და პატარა იმპერია“.

27 თებერვალს, როცა ერთ-ერთ რუსულ საიტზე „ლაივრეჟიმში“ ჩართულ ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებულ კადრებს ვუყურებდი, ჩემი ყურადღება მიიქცია ამავე საიტზე ჩართულმა სასაუბრომ, „ჩატმა“; შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ვირტუალური ომი უკრაინელებსა და რუსებს შორის. ტერმინებმა, რომლებსაც რუსი ნაციონალისტები უკრაინელების მისამართით იყენებდნენ, – „америкасосы“, „либерасты“ – ბოლო დროს მყარად მოიკიდა ფეხი ჩვენს პრორუსულ პრესაში, ფორუმებზე, ფეისბუკში. რუსულ ჩატში „სიძულვილის ენას“ ძირითადად ორი თემა განსაზღვრავდა: ანტისემიტიზმი („ამერიკა ებრაელების ქვეყანაა“) და ჰომოფობია. საქართველოში პირველი, საბედნიეროდ, ვერ დამკვიდრდა. თუმცა მისი მრავალი ნაირსახეობა ვიცით ჯერ კიდევ იმ წლებიდან, სახაროვმა „მცირე იმპერია“ რომ შეგვარქვა.

„ერთმორწმუნეობა“ აქ ყველაზე ნაკლებადაა შუაში. ფაშიზმი ყველგან ერთნაირია: რუსეთშიც, საქართველოშიც, საფრანგეთშიც, საბერძნეთშიც; ნარცისული არასრულფასოვნება არსებობს მხოლოდ და მხოლოდ მტრის ხატებზე და შეთქმულების თეორიებზე, პარანოია ჟანგბადია მისთვის. და რაც უფრო ძლიერია სიძულვილი, რაც უფრო ორგანიზებული და „სიმეტრიულია“ ზიზღი, ის მით უფრო მეტად ედება ყველას: ბავშვებს, ახალგაზრდებს, მოხუცებს, ოჯახებს... და, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას. სწორედ ზიზღით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას ხელისუფლება, რომელიც დაშორდა იმას, ვისაც უნდა ემსახუროს: დაშორდა ადამიანს.

კარგად გვახსოვს, ალბათ, ნაცმოძრაობის მიერ საგანგებოდ მომზადებული ფილმი „ნოემბრიდან ნოემბრამდე“. ეს პროსაბჭოთა „აგიტკა“, ერთი შეხედვით, „რუსეთის აგენტების“ მხილებას ემსახურებოდა. უხერხულამდე უხეიროდ გაკეთებულ ფილმში (თუ გადაცემაში), რომელსაც, სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი დაეთმო, მთელი გალერეა წარმოგვიდგინეს „ქვეყნის მოღალატეებისა“. მაგრამ „სიძულვილის ქაოსის“ შექმნა ვერ მოხერხდა; ხელისუფლებას უკვე აღარ ჰქონდა ისეთი ავტორიტეტი, რომ ხალხს შალვა ნათელაშვილის, ლევან ბერძენიშვილის თუ ცოტნე გამსახურდიას გასამართლება მოეთხოვა; ქარხნებსა და ფაბრიკებში გამართულიყო საგანგებო კრებები, სადაც მუშათა კლასი მოღალატეების დაპატიმრებას მოითხოვდა.

2012 წელს საქართველოში ხელისუფლება დემოკრატიული არჩევნების გზით შეიცვალა, „სისტემა უნდა დაინგრეს“ – ამ ლოზუნგით. თუმცა, როგორც გაირკვა, „სისტემაში“ მხოლოდ მცირე ჯგუფი გულისხმობდა სიძულვილის დისკურსის დანგრევას, რასაც მე „სამართლიანობის დამკვიდრებას“ (და არა „აღდგენას“) დავარქმევდი. აღმოჩნდა, რომ „სამართლიანობის აღდგენა“ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტის განადგურებას ისახავდა მიზნად.

რა მოჰყვა ამ პროცესს? „სიძულვილის ქაოსი“ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, ნოდარ ლადარიას და ზურაბ ჭიაბერაშვილის „ჩაი“ ლიტერატურულ კაფეში, ნუგზარ წიკლაურისა და "ასავალ-დასავლის" ჟურნალისტის, ზაზა დავითაიას ცემა, „ზონები“, რომლებიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ; მოჰყვა „17 მაისი“ – სამარცხვინო დღე საქართველოს ისტორიაში, სამარცხვინო როგორც კულტურისთვის, ისე ეკლესიისთვის. ვინც ხელისუფლებისგან ელოდა სამართლიანობის აღდგენას, იმ ხალხის დასჯას, რომელიც სხვას აწამებდა, აშანტაჟებდა, წილს ართმევდა, იძულებული გახდა, თავად ეძება სამართალი (მათ შორის, ახლად გამოჩეკილ პრორუსულ პოლიტიკურ ორგანიზაციებში გაერთიანებით), რადგან ხელისუფლებამ – მისმა პროკურატურამ, სასამართლომ, პარლამენტმა – ვერ მოახერხა ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების ბოლომდე მიყვანა, არ ეყო არც პროფესიონალიზმი, არც ნიჭი, არც ნებისყოფა, რათა თავისი ხალხისთვის და, თუ გნებავთ, დასავლეთისთვის ეჩვენებინა: 2012 წელს „საოცნებოდ“ კი არ მოვიდა მართლა, არამედ მოვიდა ყოველი მოქალაქის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს დაებრუნებინათ მთავარი –ბედნიერების უფლება... არ ეყო იმიტომ, რომ თავად მართავდა სიძულვილით. შიშებით, ეჭვიანობით, უნდობლობით, კრიტიკოსების დისკრედიტაციით... და „ოცნებით“ იმაზე, რომ 2030 წელს მაინც აყვავდება ეს ქვეყანა.

ასე, ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ხელისუფლების სტილი ქვეყანაში – საკუთარი უნიათობის სხვისთვის გადაბრალება და ახალი მტრის ხატების დამკვიდრება. ახლა 2007 წლის მთავარ „მტრის ხატს“ – რუსეთს, რომელიც თავის დროზე უნიჭობამ საქილიკოდ აქცია თავისი „მოდელირებული ქრონიკებითა“ და „აგვისტოს 5 დღით“, დაემატნენ სიძულვილის ახალი და ახალი სუბიექტები: სამოქალაქო სექტორი, ევროპის „სახალხო პარტია“, ეროვნული ბანკი, მედია, „რუსთავი-2“-ს აყოლილი ტელევიზიები... ნაციონალებისგან შექმნილი მტრის ხატი კი იმდენად ძლევამოსილი აღმოჩნდა, რომ უმრავლესობამ სავალუტო კრიზისზეც კი არ ისურვა საუბარი, მხოლოდ იმიტომ, რომ ინიციატორი ნაცმოძრაობა იყო. ერთი შეხედვით ეს ყველაფერი ბავშვურ თამაშს ჰგავს, ბუტიაობას. მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ უწყინარი ინფანტილიზმი თუ ხელისუფლების ძალისხმევით გაძლიერებული სიძულვილის ქაოსი უმართავ პროცესებში გადაიზარდოს.

იმის იმედი ნურავის ექნება, რომ საქართველოში ოდესმე შესაძლებელი იქნება ქაოსის გადაქცევა სიძულვილის სიმეტრიად, ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, დიქტატურად. საბედნიეროდ, ამის რესურსი ქვეყანაში არ არის და რამდენი „მტრის ხატიც“ უნდა გაამრავლოს ვინმემ, დგება დრო, როცა ქართველს ბეზრდება ერთფეროვნება. მაგრამ სიძულვილის ქაოსი რომ არანაკლებ საშიშია, ვიდრე ზიზღზე დამყარებული წესრიგი, უკვე გამოჩნდა 27 თებერვალს, მოსკოვში.

„საკრალური მსხვერპლებით“ კი ჩვენ ნამდვილად ვეღარ ვიარსებებთ თუნდაც ასევე საკრალურ 2030 წლამდე, ძვირფასო ქართველო მოქალაქევ...

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG