Accessibility links

ცუდი ფილმები და გრძელი რიგები

საბედნიეროდ, მექსიკაში ხშირად მიწევს ყოფნა. მეხიკოში ჩასვლისას, ყოველთვის ვცდილობ შევიარო კარლოს სლიმის მუზეუმში.

კარლოს სლიმი, მოგეხსენებათ, ყველაზე მდიდარი კაცია მსოფლიოში. მექსიკის სატელეკომუნიკაციო კომპანიის, Telemex-ის მფლობელის პირადი ქონება 74 მილიარდ დოლარს შეადგენს. სლიმი მეხიკოში უზარმაზარ კვარტალს ფლობს - მაღაზიებით, ოფისებით, სასტუმროებით... და ხელოვნების მუზეუმით, რომელიც მილიარდერმა თავისი ცოლის გარდაცვალების შემდეგ ააშენა და ამ უნიკალურ შენობაში ცოლის კოლექცია გადაიტანა. სლიმის განკარგულებით მუზეუმში შესვლა უფასოა - სალვადორ დალი, როდენის ქანდაკებები, რენუარის და კრანახის ფერწერა, რივერას ფრესკები შეუძლია ნახოს ყველამ. მათ შორის, მაგალითად, მექსიკელმა ღარიბმა ბავშვებმა, რომელთაც ქანდაკება და ფერწერა კი არა, ტელევიზორიც არ უნახავთ ცხოვრებაში. სლიმის მუზეუმი მუდმივად სავსეა სწორედ ბავშვებით - ისინი მოჰყავთ სკოლიდან, ახატინებენ, ხელოვნებაზე უყვებიან...

მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლების სათავეში “ოცნება” მოვიდა, ორჯერ მომიხდა ამ მუზეუმში ყოფნა და სულ ბიძინა ივანიშვილზე ვფიქრობდი: რატომ მოხმარდა მისი ქველმოქმედება თუნდაც ნიჭიერი არტისტების დახმარებას (უნიჭოებისაც), კერძო პირების ხელფასებს და არა განათლებას, სტუდენტებისთვის განკუთვნილ პროგრამებს, სამოქალაქო კულტურის ამაღლებას... თუნდაც ხელოვნების სწავლებას? თუნდაც ეროვნული ფილმფონდის გადმოტანას მოსკოვიდან თბილისში? თუნდაც თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის აშენებას?

რატომ არ გვაქვს თბილისში თუნდაც ისეთი სივრცე, როგორიც სლიმის მუზეუმია? პარიზის პომპიდუს ცენტრის თუ პეკინის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრის მსგავს დაწესებულებაზე აღარაფერს ვამბობ. ამაზე, მგონი, არც არავინ ოცნებობს საქართველოში.

ამ პლანეტაზე ძალიან ბევრი ფული რომ ტრიალებს, კანის კინოფესტივალზეც კარგად ჩანს. მაგრამ ამავე ფესტივალზე ისიც კარგად ჩანს, როგორ... პირდაპირ ასე ვთქვათ, უსამართლოდ იხარჯება ეს ფული. ანდა, კარგად ვამბობთ ქართველები, როგორ იფანტება ეს ფული.

ამაზე ადრეც მიფიქრია სხვადასხვა ფესტივალზე. მაგრამ წელს განსაკუთთრებით ამეკვიატა ეს აზრი. და არა იმიტომ, რომ ერთი წლის მანძილზე უფრო მეტი ღარიბი ადამიანი ვნახე. და არც იმიტომ, რომ უფრო “მარცხნივ გადავიხარე”. პირიქით მოხდა ყველაფერი (სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ). უბრალოდ, კანის ფესტივალის წლევანდელი საკონკურსო პროგრამა განსაკუთრებით სუსტი აღმოჩნდა, ყოველ შემთხვევაში, ფესტივალის პირველი ნახევარი. საკონკურსო ფილმების მსვლელობისას არაერთხელ მიფიქრია ამ ცუდი ფილმების გადაღებაზე დახარჯულ ფულზე. ვის სჭირდება ეს? რას მოუტანს ხელოვნებას, ადამიანებს თუნდაც ეს 3დ-ში გადაღებული “დიდი გეტსბი”? ანდა, “გეტსბი” ჯანდაბას - გაერთობა მაინც ხალხი, ლამაზ კოსტიუმებს და ლეონარდო დი კაპრიოს ნახავს. მაგრამ კანის ფესტივალის კონკურსში ჩართული, მაგალითად, აი, ეს “ჯიმი პიკარი” ვის სჭირდება, ფრანგი რეჟისორის, არნო დეპლეშენის მოსაწყენი დრამა, ცნობილი ეთნოლოგისა და ფსიქოლოგის, ჟორჟ დავრეს წიგნის, “ინდიელის ფსიქოთერაპიის” ეკრანიზაცია, რომლის ჩვენების დროს თითქმის მთელ დარბაზს ეძინა? ანდა ვალერია ბრუნო-ტედესკის სურათი “ციხე-სიმაგრე იტალიაში” საიდან მოხვდა კანის ფესტივალის კონკურსში? რა დამსახურების გამო? იმიტომ, რომ კარგი მსახიობია და რეჟისორობა გადაწყვიტა? თუ იმიტომ, რომ სარკოზის ცოლის დაა და “კარგი კავშირები” აქვს ფრანგულ ელიტაში?

კინოფესტივალების მსვლელობის დროს სუბიექტურ სელექციაზე მუდმივად საუბრობენ ხოლმე კინოკრიტიკოსები. საკონკურსო პროგრამებს დიდ ფესტივალზე სულ რამდენიმე ადამიანი არჩევს და ცხადია, პროგრამა ყველას გემოვნებას ვერ დააკმაყოფილებს. იმასაც არავინ მალავს, რომ სელექცია გარკვეული პოლიტიკაა, თუ გნებავთ კონიუნქტურა. მაგრამ ცუდი ფილმების გადაღებაზე უსამართლოდ დახარჯულ ფულზე არავინ ლაპარაკობს. ყოველ შემთხვევაში აქ, კანში, სეანსის წინ, უკვე ტრადიციულ რიგში, კინოკრიტიკოსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მგონი ყველაფერზე მსჯელობენ გარდა იმისა, რომ ცუდი ფილმის გადაღება ყველაფერთან ერთად დიდი, დიდი უსამართლობაა.

ადრეც მითქვამს ამის შესახებ - სეანსის დაწყებამდე რიგები, ძმები ლიუმიერების, დებიუსის, ბაზენის და ბუნუელის დარბაზში დიდი ხანია კანის ფესტივალის სახედ იქცა. ჟურნალისტებს აქ განსხვავებული კატეგორიის აკრედიტაციები გვაქვს. ყოველდღიურ პრესას “ვარდისფერი”... ეს ხალხი დარბაზში ურიგოდ შედის. უმრავლესობა “ცისფერები” ვართ! ჩვენი აკრედიტაციით, დარბაზში შესვლის უფლება მხოლოდ მაშინ გვაქვს, როცა “ვარდისფერები” თავიანთ ადგილებს დაიკავებენ. ამ წესის გამო “ცისფერებს” (არიან კიდევ უფრო მეტად დაჩაგრულები - “შავები”, “ყვითლები”) სეანსის დაწყებამდე ერთი საათით ადრე გვიწევს რიგის დაკავება. ზოგს მოსწონს კიდეც ეს ტრადიცია (“კლასობრივი დაყოფის” გადმონაშთი კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე), კოლეგები ერთმანეთს ველაპარაკებით და საკონკურსო პროგრამაზე ვმსჯელობთო. მაგრამ წლევანდელ ფესტივალზე რიგებით მგონი ყველა უკმაყოფილოა. ერთი უბრალო მიზეზით - კანში წელს თავსხმა წვიმებია. ერთი საათი ქოლგის ქვეშ დგომა და ამ პროცესის დასრულება ცუდი ფილმის ნახვით დიდი ვერაფერი ბედნიერებაა.

ასეთ დროს იფიქრებ, აბა რა, ტყუილად დაკარგულ დროზე და ისევ და ისევ ტყუილად გაფანტულ ფულზე, რომელიც ცუდი ფილმების გადაღებას მოხმარდა.

თუმცა რა ერთი საათი?

ერთი საათით ადრე რიგის დაკავება არ აღმოჩნდა საკმარისი ძმები კოენების ახალი სურათის სანახავად. საქმე ისაა, რომ კოენების “ლუინ დევისის შიგნით”, 60-იანი წლების ამერიკელი მომღერლის დეივ ვან რონკის ბიოგრაფიის ეკრანიზაცია, კინოთეატრებში მხოლოდ ზამთარში გამოვა. კოენებს კი ფანატები ჰყავთ მთელ მსოფლიოში. მათ შორის, კინოკრიტიკოსი-ფანატები, რომლებიც სპეციალურად ჩამოვიდნენ კანში სურათის სანახავად. როგორც ჩანს, მათ შორის, “ვარდისფერი” ბევრი იყო. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ფილმის დაწყებამდე 3 საათით ადრე მოგვიწია რიგის დაკავება... არ არის გამორიცხული, რომ სწორედ დაღლამ განაპირობა პირადად ჩემი სრული გულგრილობა ამ სურათის მიმართ. კარგი მუსიკა არაა საკმარისი იმისთვის, რომ ფილმი თუნდაც “საინტერესოდ” მიიჩნიო. მით უმეტეს, რომ პირადად მე არასდროს მესმოდა კოენების ტლანქი იუმორის (ერთადერთი ფილმის, “მოხუცების” გარდა).

ასეა თუ ისე ძმები კოენების ახალი ფილმი ლიდერობს კანის 66-ე კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის რეიტინგებში (ყველაზე მეტი “ვარსკვლავითაა” აღნიშნული). რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ წლევანდელი ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელია კანის კინოფორუმის ისტორიაში.

თუმცა ერთი გამონაკლისი უკვე სახეზეა - გადასარევი იაპონური ფილმი “ჩალის ფარი”, რომლის შესახებ შემდეგ დღიურში გიამბობთ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG