Accessibility links

ეს არის შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო


გამოიდარა მგონი. გარეთ და კინოდარბაზებშიც.

იდიოტობების მთელი სერიის შემდეგ, იდიოტობებისა, რომელიც დაგვირგვინდა “ახალ ფელინიდ” მონათლული რეჟისორის, სორენტინოს “დიდებული სილამაზით”, კანის ფესტივალის კონკურსში უჩვენეს ფილმი, რომლის მსვლელობის დროს, პირადად მე საათზე არ დამიხედავს - იაპონელი რეჟისორის, ტაკესი მიიკეს “ჩალის ფარი” გენიალური პორტრეტია თანამედროვე “ბაზრული საზოგადოების”, სატირა, რომლის მსგავსი სტენლი კრამერის სურათის, “ეს არის შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიოს” შემდეგ კინოს ისტორიაში არც შექმნილა. ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვიხსენებ ახლა... არ არის გამორიცხული, იმიტომაც ვერ ვიხსენებ, რომ ჩემი და კანის ფესტივალზე აკრედიტებული სხვა ქართველი ჟურნალისტების ტვინი 17 მაისის თბილისისკენ არის მიმართული. შარშანწინდელი 26 მაისის არ იყოს, ვლაპარაკობთ არა იმდენად კანის ფესტივალის ფილმებზე, რამდენადაც ქართულ პოლიციაზე, რომელმაც “შავი ჯვაროსნების” ბრბოს კარი ვერ ჩაუკეტა.

ჰოდა, პოლიციაა იაპონური ფილმის გმირიც. უფრო სწორად, რამდენიმე პოლიციელი, რომელთაც ევალებათ საკუთარი სიცოცხლის ფასად შურისძიებისგან დაიცვან ერთი ახალგაზრდა ნაძირალა. ამ ყმაწვილმა 7 წლის გოგონა გააუპატიურა და დაახრჩო. ბავშვის ბაბუამ, იაპონელმა მილარდერმა, რომელიც დიდი ხანია აქაურ მედიას აკონტროლებს და როგორც ირკვევა, ხელისუფლებაშიც ჰყავს თავისი ხალხი, ტელევიზიით განაცხადა, რომ 10 მილიარდ იენს გადასცემს იმას, ვინც დამნაშავის ცხედარს მოუტანს.

ასე იწყება ნადირობა ახალგაზრდა პედოფილზე. უფრო სწორად დაპირებულ პრემიაზე. 10 მილიარდი იენის მოპოვების ვნება ლამის მთელ იაპონიას გაეღვიძება. რაც უფრო მეტად იზრდება ფულის მოპოვების მსურველთა რიცხვი, რაც უფრო მეტად ერთვება ხალხი პედოფილზე ნადირობის პროცესში, მით უფრო ძვირი უჯდება სახელმწიფოს ეს ოპერაცია - დამნაშავის გადაყვანა ტოკიოში (სადაც უფრო დაცული იქნება). იხარჯება ფული, იღუპებიან ადამიანები, ფეთქდება ხიდები, იწვება მატარებლები! და ეს რისთვის? ერთი ადამიანის, ისიც საზიზღარი ადამიანის, გამოუსწორებელი პერვერტის სიცოცხლის გადასარჩენად.

სტენლი კრამერის ძველი სატირა შემთხვევით არ გამახსენდა. აქაც ირონიულია რეჟისორი საბაზრო ვნებების მიმართ, რომელმაც მთელი ქვეყანა მოიცვა. თუმცა რამდენადაც “ეს არის შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო” ფინალამდე არ ცდებოდა რეალისტური კინოს საზღვრებში გამოხატულ ექსცენტრიკას, ტაკესი მიიკე სულ სხვა სტილს ირჩევს - ერთგვარ ნაზავს ბრეხტისა და შექსპირისა, რომელსაც ამდიდრებს სამურაებზე იაპონური კინოს ტრადიციებით. ამ უკანასკნელის ესთეტიკას მიიკე, მოგეხსენებათ, ყოველთვის ოსტატურად ფლობდა. იმით იყო ცნობილი, რომ წელიწადში ზოგჯერ 2-3 ფილმს იღებდა - თრილერებს, რომლებსაც ძალიან დიდი წარმატება ჰქონდათ იაპონიაში.

“ჩალის ფარი” გამონაკლისი არ აღმოჩნდა - სურათის პრემიერა რამდენიმე კვირის წინ გაიმართა ტოკიოში და დღემდე წარმატებით გადის. რასაც ვერ ვიტყვით კანის ფესტივალზე - “ჩალის ფარი” პირველი საკონკურსო ფილმია, რომელსაც კანში დაუსტვინეს. მეორე დღეს კი კრიტიკოსებმა რეიტინგები გამოაქვეყნეს. აღმოჩნდა, რომ, ქართველი კრიტიკოსების აზრით, ფესტივალის საუკეთესო ფილმი, უკანასკნელ ადგილს იკავებს “ვარსკვლავებით” აღნიშნული ფილმების სიაში.

ეტყობა, მართლაც ვერ ვართ ობიექტურები და აქაც გვაღელვებს მხოლოდ ის, რაც გვაღელვებს. ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს ოვაციები, რომელიც აქაურმა პრესამ მოუწყო პაოლო სორენტინოს “დიდებულ სილამაზეს” - ფელინის “ტკბილი ცხოვრების” თავისუფალ რიმეიკს, რომლის გმირია რომაელი ჟურნალისტი, 65 წლის ასაკში რომ გადაწყვეტს, გადააფასოს თავისი ცხოვრება და გაიაზროს ეგზისტენციალური კრიზისის მიზეზები. საერთოდ, სორენტინო ძალიან უყვართ კანში და არ არის გამორიცხული, მისი ეს ანტიბურჟუაზიული სატირა პრიზითაც აღნიშნონ. მაგრამ მთავარი მაინც ისაა, როგორი იყო პუბლიკის რეაქცია ფილმის დიალოგებზე და მთავარი გმირის გაუთავებელ მონოლოგებზე. აშკარაა, რომ ევროპელმა ჟურნალისტებმა, განსაკუთრებით იტალიელებმა, რომლებიც კანში, თუ არ ვცდები, ფრანგ კოლეგებსაც ჭარბობენ, კარგად იციან პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც საფუძვლად დაედო სორენტინოს სურათს.

მაიკლ დაგლესი კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე

მაიკლ დაგლესი კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე

და თუ ასე მაინც შეიძლება ახსნა იმისა, თუ რატომ ჰქონდა ფელინის ფილმის ამ, ჩემი აზრით, სრულიად უმწეო სტილზიაციას წარმატება კანში (სხვათა შორის თავად ფელინი წერდა, ჩემი ფილმები სტილიზაციას არ ემორჩილებაო), პირადად ჩემთვის გაუგებარია პრესის საკმაოდ გულგრილი რეაქცია სტივენ სოდერბერგის ფილმზე “კანდელაბრებს მიღმა”, რომელსაც ფესტივალის გახსნამდე “ოქროს პალმას” უწინასწარმეტყველებდნენ ორი მიზეზის გამო: 1. სოდერბეგრმა, რომელიც ერთხელ უკვე იყო “ოქროს პალმის” ლაურეატი, განაცხადა, რომ ეს იქნება უკანასკნელი ფილმი მისი, როგორც რეჟისორის კარიერაში 2. ფილმის დაფინანსებაზე ჰოლივუდის სტუდიებმა უარი თქვეს იმის გამო, რომ “მეტისმეტად ჰომოსექსუალურია”, ამიტომ სოდერბერგს დიდხანს მოუხდა დამფინანსებლის და გამქირავებლის ძებნა. კანში კი ტრადიციულად უყვართ დაჩაგრულები

მართალი გითხრათ, არ ველოდი, რომ ცნობილი ამერიკელი პიანისტის, ვალენტინო ლიბერაჩეს ცხოვრების უკანასკნელი წლების ამსახველი დრამა, მისი და სკოტ ტორსონის სასიყვარულო რომანის ეკრანზიაცია ამდენად საინტერესო და ორიგინალური აღმოჩნდებოდა.

ლიბერაჩეს “კიტჩები” მოსმენილი მქონდა და რაღაცები წაკითხულიც 50-70-იანი წლების ამერიკული შოუ-ბიზნესის ამ ვარსკვლავზე. რატომღაც მეგონა, ვიხილავდით ამერიკული კინოსთვის უკვე ტრადიციულ დრამას “შერეკილ გეიზე” იმ სტერეოტიპის დამკვიდრებით, რომ “გეი სხვანაირია, მაგრამ მაინც ადამიანია”. გავიხსენოთ, რომ ჰოლივიდის ყველა კარგი ფილმი, რომელიც ჰომოსექსუალთა ცხოვრებას ასახავს (ალბათ გას ვან სენტის “მილკის” გარდა) წარმოგვიდგენს გეებს ან ექსცენტრული კლოუნების, ანდა შიდსით დაავადებულების სახით, კომედიის თუ მელოდრამის ჟანრში. ლიბერაჩე კი მართლაც ექსცენტრული კლოუნი იყო, რომელიც შიდსის ვირუსმა იმსხვერპლა.

სოდერბერგის ფილმში არც შიდსია მთავარი და არც ლიბერაჩეს “კიტჩები”. “კანდელაბრებს მიღმა” არის ფილმი სიბერეზე, მარტოობაზე, სოდერბერგის კინოსთვის უცხო ნიუანსებით და ტრაგიზმით. ვფიქრობ, ნიუანსების ამ სიმდიდრეს არა იმდენად სოდერბერგის რეჟისურა, რამდენადაც მთავარი როლების შემსრულებლები, მეტ დეიმონი და მაიკლ დაგლესი განაპირობებენ. ორივემ, და განსაკუთრებით დაგლესმა, შეინარჩუნა ზომიერება იქ, სადაც დიდი იყო ცდუნება “კემპიზაციისა”. მაგრამ კანის ფესტივალზე, ეტყობა, მეტ სკანდალს ელოდნენ. ყოველ შემთხვევაში აქ უკვე წერენ, რომ “კანდელაბრებს მიღმამ” სოდერბერგის თაყვანისმცემელთა მოლოდინი ვერ გაამართლა.

მართლა საინტერესოა, რომელ ფილმს მიანიჭებს უპირატესობას ჟიური. რომელ კინობიოგრაფიას - ძმები კოენებისას (კოენები კანის ფესტივალის წლევანდელი კონკურსის ლიდერებად რჩებიან) თუ სოდერბერგისას. იქნებ “პალმა” გაუყონ ორივეს? დიდი ხანია, კანის ფესტივალი ასე არ დასრულებულა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG