Accessibility links

logo-print

როცა რაღაც ხდება სხეულში

ფრანსუა ოზონმა კანის ფესტივალზე უჩვენა თავისი ახალი ფილმი “ახალგაზრდა და ლამაზი” (ზოგიერთ ენაზე თარგმნეს, როგორც “მხოლოდ 17 წლის).

ეს რეჟისორი მაინც და მაინც არ მიყვარს. მისი სურვილი, “გააფრანგულოს” რაინერ ვერნერ ფასბინდერი და ელეგანტური გახადოს ფასბინდერის “უხეში სტილი”, ცოტა არ იყოს აბსურდული მეჩვენება... არ მომწონს მისი ზედაპირულობა, ვითომდა პოპკულტურის ენის კარგი ფლობით კეკლუცობა. მაგრამ ოზონის ფილმები შარლოტა რემპლინგის მონაწილეობით სულ სხვა კინოა. რაღაცნაირად გაამდიდრა და გააღრმავა დიდმა მსახიობმა ოზონის კინო. თუ გნებავთ, ასე ვთქვათ - სევდა შესძინა.

ფრანსუა ოზონის ახალ ფილმში შარლოტა რემპლინგი მხოლოდ ფინალში ჩნდება. იგი ხვდება თავისი გარდაცვლილი ქმრის საყვარელს, 17 წლის იზაბელს, “ხალგაზრდა და ლამაზის” მთავარ გმირს, რომლისთვისაც ეს კაცი მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთი კლიენტი იყო - კლიენტი, რომელიც სექსის დროს გარდაიცვალა.

ოზონმა თავისი ახალი სურათი დაახასიათა, როგორც “ამბავი ახალგაზრდა ქალზე, რომელიც წელიწადის 4 დროს 4 სიმღერით გამოეხმაურა”. ოზონის კინოსთვის ტრადიციული იდიოტური სიმღერებით. მაგრამ ფილმის მსვლელობის დროს დარწმუნდებით, რომ წელიწადის დროთა ცვლა და, მით უმეტეს, ეს იდიოტური სიმღერები სრულიად უმნიშვნელოა ფრანსუა ოზონის ფილმში. მთავარი აქ სხვა რამეა - იმის კვლევა, თუ რა მოსდის ქალის სხეულს სიყმაწვილის ასაკში და როგორ მოქმედებს ეს ცვლილებები ადამიანის ქცევაზე. რატომ გრძნობს თავს ადამიანი ამ დროს მარტოდ და რატომ არავის არ შეუძლია მისი შველა. მართლა არავის! არც ფსიქოანალიტიკოსს, არც მშობელს, არც მეგობარს. საერთოდ არავის!

“ახალგაზრდა და ლამაზში” ფრანსუა ოზონი ამტკიცებს, რომ გარემოს და აღზრდას შეიძლება არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდეს “სხეულის პრობლემის” გაჩენის პროცესში. იზაბელს, რომელმაც დაბადების დღე, საფრანგეთის რომელიღაც კურორტზე, “ქალწულობის ჩაბარებით” აღნიშნა, მოსიყვარულე მშობლები ჰყავს - არც ფინანსურად უჭირს და სკოლაც კარგი აქვს. მიუხედავად ამისა, იგი ხვდება, რომ არ აკმაყოფილებს ეს გარემო, არ აინტერესებს თავისი მეგობრები და ოჯახში, “კეთილ მშობლებთან” ურთიერთობაც ბეზრდება. იზაბელს მძაფრი ემოციები სჭირდება - ხიფათის განცდა, თავგადასავალი: ამისათვის იგი მეძავობას ირჩევს, ხდება “გოგონა გამოძახებით”. და რაც უფრო მეტად მოირგებს ამ როლს, მით უფრო გაუჭირდება მისგან განთავისუფლება.

კანის 66-ე კინოფესტივალი. ცენტრში: ფრანსუა ოზონი

კანის 66-ე კინოფესტივალი. ცენტრში: ფრანსუა ოზონი

ოზონის ფილმი აუცილებლად გაგახსენებთ ლუის ბუნუელის შედევრს “შუადღის ლამაზმანი”, სადაც კატრინ დენევის გმირი, სრულიად რესპექტაბელური ქალი, საღამოობით ქმარს სიყვარულში ეფიცებოდა, შუადღეზე კი სტუმრობდა ბორდელს, სადაც ბოლოს და ბოლოს მუშაობა დაიწყო კიდეც. მაგრამ თუკი ბუნუელი-სიურეალისტის სურათში დენევის გმირის ორმაგი ცხოვრება, ბურუსით მოცული გრძნობების და არაცნობიერი სამყაროს გამოძახილის შედეგი იყო, ფრანსუა ოზონთან იზაბელის ეროტიკული თავგადასავლები მხოლოდ და მხოლოდ “არარეალიზებული შემოქმედის” ვნებაა, იმ მარტოობის გადალახვის სურვილია, რომელიც აუცილებლად თან ახლავს ტინეიჯერის ასაკს.

საფრანგეთში პროსტიტუცია სტუდენტებს შორის ქვეყნის სერიოზული პრობლემა ხდება. ამის შესახებ წერს პრესა, ამ პრობლემის გადაწყვეტის მიზნით ეწყობა ფსიქოლოგების, პედაგოგების, სოციოლოგების სამეცნიერო კონფერენციები... მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით ვერავინ ახსნა, როგორ შეიძლება გადაწყდეს ეს პრობლემა - ვერავინ ახსნა, მაინც რატომ უჩნდება პროსტიტუციის სურვილი ახალგაზრდა ქალს მაშინ, როცა, “უძველესი პროფესიის” სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავებით, მატერიალურად მაინც და მაინც არ უჭირს.

ოზონი კი კვლავ იკვლევს იდენტობის პრობლემას. ბოლო დროს ასაკოვანი ხალხი უფრო აინტერესებდა (თუნდაც ფილმებში იმავე შარლოტა რემპლინგის მონაწილეობით). ახლა, როგორც ჩანს, ისევ ახალგაზრდებს დაუბრუნდა - როგორც თავად განაცხადა პრესკონფერენციაზე, კანში, დაუბრუნდა ასაკს, “როცა ყველაფერი თავიდან იწყება”. იდენტობაზე ეს აქცენტი ოზონის შემოქმედებაში ბევრს აღიზიანებს, განსაკუთრებით საფრანგეთში, სადაც უამრავი სოციალური პრობლემაა მოსაგვარებელი. მაგრამ ფრანსუა ოზონი თავისას არ იშლის - იდენტობა ის “დისკურსია”, საიდანაც, მისი აზრით, “ყველაფერი თავიდან იწყება.”

ფრანსუა ოზონი რაინერ ვერნერ ფასბინდერის მსგავსად შეძლებულ ოჯახში გაიზარდა და შიმშილი და გაჭირვება არასდროს განუცდია. თავისი ზოგიერთი კოლეგის მსგავსად შეეძლო, ცხადია, თუნდაც პარიზის გარეუბანში გასულიყო და იმათი ცხოვრება ენახა, ვინც ნაკლებად აინტერესებს მედიას, პოპულარულ ხელოვნებას და, ზოგჯერ, ხელისუფლებას. მაგრამ მან სხვა გზა აირჩია - ადამიანის იდენტობის კვლევა დაიწყო, რადგან სწორედ იდენტობაში დაინახა სათავე ყველა პრობლემისა - მათ შორის სოციალური პრობლემებისა. თუკი ადამიანი არ იქნება თავისუფალი, თუკი თავის თავთან ექნება კონფლიქტი, თუკი ვერ იცხოვრებს თავისი ცხოვრებით, აბა როგორღა დაძლევს უსამართლობას და როგორღა მოაგვარებს ურთიერთობას სხვებთან? თუკი ადამიანი საკუთარ თავს ვერ შეიცნობს, ვერ გაიგებს რა ხდება მის თავში, მის სხეულში და ამაში მას სხვები არ დაეხმარებიან, აბა როგორ შეძლებს, იყოს ბედნიერი? როგორ შეძლებენ... ისინი, სხვები, იყვნენ ბედნიერები?

თბილისში ადამიანებს სცემდნენ მათი განსხვავებული იდენტობის გამო, როცა კანის ფესტივალზე ფრანსუა ოზონის ახალი ფილმის პრემიერა გაიმართა. თბილისში მოძალადე მრევლმა ქრისტეს სახელით “ხაფანგში” მოაქცია ადამიანები მათი განსხვავებული იდენტობის გამო. პარიზში - მიუხედავად იმისა, რომ, ევროპის სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში ერთსქესიანი ქორწინების აკრძალვის მოთხოვნით - წარმოუდგენელია დღეს ვინმემ ხელი შეუშალოს აქციას ჰომოფობიის წინააღმდეგ. მაგრამ ოზონმა კანის ფესტივალის პუბლიკაც მოახვედრა ხაფანგში: არსებობს თუ არა ზღვარი, რომლის იქით ძნელია შეეგუო ადამიანის განსხვავებულობას... სხვაგვარად რომ ვთქვათ, სადამდე შეგვიძლია ვიყოთ ტოლერანტულები? აისახება თუ არა ლიბერალიზმი, მაგალითად, სექსუალურ ცხოვრებაში, და არსებობს თუ არა ასეთი განსაზღვრება - “ლიბერალიზმი სექსუალურ სივრცეში”? შეგვიძლია თუ არა შევეგუოთ ყველაფერს, რაც უნიკალურია? და თუ შეგვიძლია, რატომ ვერ ვუგებთ ფრანსუა ოზონის გმირს, 17 წლის გოგონას, რომლისთვისაც სექსუალური თავგადასავლები - ხიფათით, ტკივილით, სისხლით - პირველ რიგში შემოქმედებაა, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარია. რომელიც, უბრალოდ, ასეთია! განსხვავებულია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG