Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კეკელიძის სერიული „სხვა“


საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის კეპიანი დირექტორი გიორგი კეკელიძე ცოტა ხნის წინ ქართულ ლიტერატურას სერიულ მკვლელად მოევლინა. გამომცემლობა „პალიტრა L“-მა მისი დეტექტივების სერიის გამოცემა დაიწყო. ჯერჯერობით სამი წიგნია გამოცემული: „სიკვდილი პიცერიაში“, „მურმანის სევდა“ და „ანასტასიას ზარი“, თუმცა, როგორც გიორგიმ საუბარში მითხრა, იგი ყოველთვიური სერიული მკვლელობების გაგრძელებას აპირებს და მას თორმეტამდე აიყვანს. ანუ ეს მისი ერთწლიანი პროექტია. ჯიბის ფორმატის ამ წიგნების დიზაინის წარმმართავი ფიგურა თავად ავტორია, ცხადია, თავზე კეპით: ნარცისიზმის, თვითირონიისა და მარკეტინგის ეფექტური ნაზავი. აღსანიშნავია, რომ გიორგი კეკელიძე ამ სერიას თავისებურ დეფინიციას უკეთებს და „სხვა დეტექტივს“ არქმევს. ამ „სხვაში“ ძალიან ბევრი რამ იკითხება და იგულისხმება. სწორედ ეს „სხვა“ არის ის, რაც განსაკუთრებულ ეშხს აძლევს მკვლელობების ამ ჯერ კიდევ დაუსრულებელ სერიას, და რა არის ეს „სხვა“, სწორედ ამაში გარკვევას შევეცდები ჟურნალისტ შოთა დიღმელაშვილთან, რომელმაც, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ,„სხვა წინასიტყვაობა“ დაურთო წიგნს „სიკვდილი პიცერიაში“.

შოთა დიღმელაშვილი
შოთა დიღმელაშვილი

შოთა დიღმელაშვილი: „სტრუქტურა არ არის სტანდარტული. პროტაგონისტი არანაირ გამოძიებაში ჩართული არ არის, გარე დამკვირვებელია და სიუჟეტი მისგან დამოუკიდებლად გამოიძიება. ეს წიგნები ჰგავს მის პროზაულ დებიუტს „გურული დღიურები“ - არა დეტექტიურობით, არამედ დოკუმენტურობით. ავტორი აღწერს ყოველდღიურ ყოფას, როგორც „გურულ დღიურებში“ აღწერს გურულების ყოველდღიურ ყოფას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ნაწარმოებებს დეტექტიურობის, დანაშაულის კომპონენტი რომ ჩამოვაცილოთ, დაგვრჩება ჩვეულებრივი ყოფა.

ასეთი ენა, ალბათ, უკვე გახდა მისი სამარკო ნიშანი: სხარტი, არ არის წინადადებები გადატვირთული ზედმეტი სიტყვებით. რამდენიც სჭირდება, იმდენს იყენებს, ზოგჯერ იმაზე ცოტასაც, ვიდრე სჭირდება. ანუ ეს სხარტი ალეგორიები, შედარებები, თემების უეცარი ცვლა არ გღლის წაკითხვისას, ადვილად აღქმადი ენით გამოგზაურებს ტექსტში.

„გურული დღიურები“ ხომ რეალურად ტრაგიკულ ამბებს ჰყვება და სულაც არ არის სასაცილო და საკმაოდ მძიმე ცხოვრებას აღწერს, მაგრამ ახერხებს, რომ მხოლოდ მოწყენა არ იყოს ერთადერთი ემოცია, რასაც ეს ტექსტი ჩვენში გამოიწვევს, სწორედ ამ თხრობის სტილით. თხრობის ეს სტილი შენარჩუნებული აქვს მთელ ამ სერიაში და ეს, ალბათ, კიდევ ერთი კაუჭია, რითიც თავის პუბლიკას ითრევს და იჩენს აუდიტორიას“.

აღსანიშნავია, რომ გიორგი კეკელიძეს მოუწია ნულიდან საკუთარი თავის შექმნა პროზაში. ანუ ვიცით მისი პოეტური კარიერა - თუ შეიძლება ამაზე „კარიერა“ ითქვას: საკმაოდ საინტერესო, წარმატებული, რამდენიმე პრიზიც აქვს აღებული, კრიტიკისგან კარგად დაფასებული ავტორია, თავისი ახალგაზრდა ასაკისთვის, და უცებ მოინდომა გადასვლა პროზაში...
შოთა დიღმელაშვილი

როგორც შოთა დიღმელაშვილმა აღნიშნა, ჩემთვისაც სწორედ ეს „კაუჭები“ იყო ლიტერატურული თვალსაზრისით ყველაზე საინტერესო. თავისთავად დეტექტივი ის ჟანრია, რომელშიც, ფაქტობრივად, იუმორი არ იგულისხმება. გიორგი კეკელიძის დეტექტივები კი იუმორითაა გაჟღენთილი. ის ამ ტექსტებში სახასიათო პერსონაჟებს ძერწავს, სახასიათო სიტუაციებს ქმნის. ამ დეტექტივებში დედუქციური თუ ინდუქციური მეთოდები არ გამოიყენება, კეკელიძე არ ქმნის თავის შერლოკ ჰოლმსს, კომისარ მეგრეს თუ ერკიულ პუაროს, მას გამომძიებლის ფენომენი საერთოდ არ აინტერესებს. მას, უბრალოდ, აინტერესებს, რატომ კლავენ ადამიანები ერთმანეთს, მაგრამ ეს ხომ თითქმის ყველა მწერალს აინტერესებს. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ კეკელიძე მკითხველს ატყუებს, დეტექტივის ნაცვლად ჩვეულებრივ ლიტერატურულ ტექსტს აჩეჩებს ხელში, მაგრამ ატყუებს პატიოსნად, ყდას აწერს, რომ ეს „სხვა დეტექტივია“ (შეეძლო დაეწერა „ფსევდოდეტექტივი“ ან „კვაზიდეტექტივი“, მაგრამ ეს ცოტა დამაბნეველი იქნებოდა) და, რაც მთავარია, მოტყუებული მკითხველი სულაც არ რჩება იმედგაცრუებული, ხშირ შემთხვევაში შეიძლება ვერც კი შენიშნოს, რომ რაღაც „სხვა“ წაიკითხა და არა დეტექტივი. და ამ ტექსტებს რამდენიმე შრე აქვს: რიგითი მკითხველისთვის ეს მსუბუქი, კარგი „საკითხავი“ იქნება, გამოცდილი მკითხველისთვის კი ისინი სავსეა ლიტერატურული ალუზიებით და რემინისცენციებით, ლიტერატურულ კლასიკასთან გათამაშებებით.

მოვუსმინოთ კვლავ შოთა დიღმელაშვილს.

შოთა დიღმელაშვილი: „აღსანიშნავია, რომ გიორგი კეკელიძეს მოუწია ნულიდან საკუთარი თავის შექმნა პროზაში. ანუ ვიცით მისი პოეტური კარიერა - თუ შეიძლება ამაზე „კარიერა“ ითქვას: საკმაოდ საინტერესო, წარმატებული, რამდენიმე პრიზიც აქვს აღებული, კრიტიკისგან კარგად დაფასებული ავტორია, თავისი ახალგაზრდა ასაკისთვის, და უცებ მოინდომა გადასვლა პროზაში. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ საკუთარი თავის შექმნისას ლიტერატურის ინდუსტრიაშიც ადვილად შესამჩნევია, რომ არც ერთ წიგნს და არც ერთ ავტორს ასეთი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია, ანუ ამ ადამიანმა გააკეთა ის, როგორც ავტორმა, წერას რომ მოვწყდეთ და ვისაუბროთ ინდუსტრიაზე, რასაც სხვა ადამიანები უნდა აკეთებდნენ მისთვის. შეიძლება მის მიერ ამ ჟანრის არჩევა ამასთანაც იყოს დაკავშირებული. შეიძლება იგრძნო მოთხოვნა აუდიტორიის მხრიდან, იგრძნო, რომ დეტექტივი იყო ის ჟანრი, რომელსაც ფართო მასა ადამიანების უფრო ადვილად მიიღებდა და შეიძლება ამან განაპირობა არჩევანი“.

გიორგი კეკელიძე
გიორგი კეკელიძე

გიორგი კეკელიძის წერის სტილი რომ უკეთ იგრძნოთ, მოდით, ვნახოთ, როგორ ახასიათებს ის თავის ერთ-ერთ პერსონაჟს „ანასტასიას ზარში“: „ამირან მგელაძე ეგრე აღზარდეს, რომ შენობით საგარეო ტანსაცმელში ჩაცმულ საკუთარ თავსაც არ ელაპარაკებოდა. ზედმიწევნითი კაცი იყო, კორექტურას და წერტილ-მძიმეს მძიმე მარხვასავით იცავდა და გაუპარსავი მხოლოდ ერთხელ ნახეს, როცა გლანდები ამოიჭრა. ხანდახან ბარბარიზმები თუ გაეპარებოდა და ისიც, მგონი, შეგნებულად – ამირანს უნდოდა ხალხს სტერილური არ მოსჩვენებოდა. ზომიერად იყენებდა ნეოლოგიზმებსაც და იშვიათად - სათვალეს. უფრო მზის.“ მისი ეს ტექსტები სავსეა მსგავსი, თუ შეიძლება ასე ითქვას, „გარტყმებით“. ენა თბილისურ სლენგსა და გურულ დიალექტს შორის მოძრაობს, ხანდახან ერთმანეთშიცაა ჩახლართული. სიუჟეტებიც, რომლებიც ძირითადად თბილისში ვითარდება, „გურულ კუდებს“ იბამს. არცთუ იშვიათად ლირიკაც იჭრება, გამჭვირვალე, ემოციური, სურათ-ხატებით სავსე... და ეს შემთხვევით არ ხდება. და ამაზე შოთა დიღმელაშვილიც გვესაუბრება.

შოთა დიღმელაშვილი: "ეს ადამიანი თითქოს საკუთარი თავით მეტად ინტერესდება, კარგი გაგებით, ანუ საკუთარი გრძნობებით... ლექსებში ხომ სულ ეს აქვს, და ეს გადმოჰყვა პროზაში. ყველაზე კონტრასტული რამ მის პოეზიასა და პროზას შორის არის იუმორის არარსებობა პოეზიაში. საკმაოდ ტრაგიკული ლექსები აქვს. ბლუზის მოტივებზე, სულ რაღაცას ჩივის ან სულ რაღაცაზე წუხს. ყოველ შემთხვევაში, არ გრჩება ამ ლექსის წაკითხვის შემდეგ ისეთი შეგრძნება, რომ ეს ადამიანი ბედნიერია, ბედნიერი პოეტის ლექსი არ არის. ტექსტში ჩანს, რომ ეს არ არის ნაძალადევი იუმორი. ნაძალადევი იუმორი ვერ გაცინებს. ანუ ეს მომენტი მასში არის. ის ენა, რომლითაც საუბრობენ ერთმანეთში გურულები, - ენა განაპირობებს აზრებს, - და ისე ჩამოყალიბდა, რომ ამ ენობრივ წიაღში მეტი იუმორი იბადებოდა და ამ ენობრივი წიაღიდან აღმოცენებული ავტორები კარგად ხუმრობენ ტექსტებში, ეს ბუნებრივად ზის მათში, და არა მარტო ავტორები, არამედ ბატონი ედუარდ შევარდნაძეც, რომელიც „გურული დღიურების“ ყდაზეა, ყველაზე გამახალისებელი პრეზიდენტი იყო, რომელიც საქართველოს ჰყოლია".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG