Accessibility links

სისტემა, რომელიც უნდა დაინგრეს 2 (წერილი 1):

Homo sacer-ი ძველი რომაული სამართლის ერთი უცნაური და ბოლომდე გაურკვეველი ფუნქციის სუბიექტია, რომელიც სიტყვასიტყვით „წმინდა ადამიანს“ ნიშნავს, ანუ ამ სტატუსის მქონე ადამიანი წმინდაა, საკრალურია. ასეთი სახელწოდების ფონზე, 21-ე საუკუნის ადამიანისთვის შეიძლება ერთგვარი პარადოქსიც იყოს ის გარემოება, რომ ჰომო საკერი რომაული საზოგადოების ყველაზე უფასურ არსებას ეწოდებოდა, რომლის სიცოცხლის ღირებულება იმდენად დაბალი იყო, რომ მისი მსხვერპლად შეწირვა არ შეიძლებოდა. სამაგიეროდ მისი მოკვლაც არ ითვლებოდა დანაშაულად. ასეთ სტატუსს ზოგი იღებდა სასჯელად ფიცის გატეხვისთვის. დამნაშავე ის არის, ვინც სიკვდილით ვერ დაისჯება, რადგანაც სიკვდილით დასჯა რომში იმ ღმერთისათვის მსხვერპლშეწირვად მიიჩნეოდა, რომლის წინაშეც დამნაშავემ „შესცოდა“. ამ თვალსაზრისით, სიკვდილით დასჯა განწმენდის რიტუალიცაა, რომლის გვიანდელ გამოძახილად შუა საუკუნეებში კოცონზე დაწვა შეიძლება ჩაითვალოს. იქ ცეცხლს რელიგიური ფუნქცია ჰქონდა, მას მწვალებელი ან დამნაშავე ეშმაკისა თუ ავი სულებისგან უნდა განეწმინდა.

ჰომო საკერი, მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელი სიწმინდეს ატარებს, გამორიცხულია საკრალური სფეროდან, ანუ არ ექვემდებარება მსხვერპლად შეწირვას და ამ გზით სიწმინდის, საკრალურის სფეროში შესვლას. ამავე დროს, იგი გაძევებულია პროფანული, ანუ სამოქალაქო სფეროდანაც, რამდენადაც ის კანონს მიღმა დგას, კანონი მას აღარ იცავს და, შესაბამისად, მისი წამება ან მოკვლა ნებადართულია. ჯორჯო აგამბენი სტრუქტურულ ანალოგიას ხედავს უფლებაწართმეულ ჰომო საკერსა და საგანგებო მდგომარეობით კანონზე მაღლა დამდგარ სუვერენს შორის: ორივე სამართლის გარეთ იმყოფება. განსხვავება კი ისაა, რომ კანონზე მაღლა დგომით სუვერენი ძალადობაზე სრულ უფლებას ფლობს, მაშინ როდესაც კანონით დაუცველი ჰომო საკერი ძალადობისათვისაა განწირული. „სუვერენი არის ის სფერო, რომელშიც მოკვლა შესაძლებელია მკვლელობის ჩაუდენლად და მისგან მსხვერპლშეწირვის შეუსრულებლად, ხოლო წმინდა (საცერ) ჰქვია იმას, რაც მოკვლადია, მაგრამ არა მსხვერპლი, ის არის სიცოცხლე, რომელიც ამ სფეროში თავსდება“ – წერს აგამბენი. იტალიელი ფილოსოფოსი ჰომო საკერს, ანუ „წმინდა ადამიანს“ „გაწმინდებულ“, ანუ „შიშველ სიცოცხლეს“ უკავშირებს. ის შეგნებულად უვლის გვერდს რელიგიათმცოდნეობაში დამკვიდრებულ მოსაზრებას საკრალურის (სიწმინდის) ორბუნებოვნების შესახებ, რომლის თანახმადაც სიწმინდე საკუთარ თავში შეიცავს უწმინდურობასაც და, ამდენად, მისგან სრული გამიჯვნის აუცილებლობას. სიწმინდის თავდაპირველი კრიტერიუმია ადამიანის, საგნისა ან ადგილის მიუკარებლობა თუ ხელშეუხებლობა, მისი გატანა და იზოლაცია ყოფითი, ანუ პროფანული სივრციდან. წმინდა ან შიშველი სიცოცხლე კი ადამიანის ყოფის ის ფორმაა, რომელსაც, გარდა ბიოლოგიური არსებობისა, წართმეული აქვს ყველა სხვა უფლება, უპირველეს ყოვლისა კი სამართლებრივი დაცვა. აგამბენის თეორიის თანახმად, „შიშველი სიცოცხლე“ ძალაუფლების სუვერენულობის პროდუქტია. სუვერენული ძალაუფლება, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში ვლინდება, - იქნება ეს რეალური თუ ფიქციური საგანგებო მდგომარეობა - ხელისუფლების კანონით განსაზღვრული ჩარჩოებიდან გასვლას გულისხმობს. ამ თვალსაზრისით, ჰომო საკერი არა მხოლოდ ისტორიული, არამედ არადროითი შინაარსის ფენომენია, რომელიც, აგამბენისავე აზრით, 21-ე საუკუნეშიც ახალი სიმძაფრით გამოჩნდა აბუ ღრაიბისა თუ გუანტანამოს საპყრობილეებში. სუვერენულობის ეს ზესამართლებრივი ძალაუფლება წარმოშობს ანომიურ, სამართლის გარეშე სივრცეებს და კანონისგან დაუცველ ადამიანებს, ჰომო საკერებს, რომლებიც ძალაუფლების აღვირახსნილობის აუცილებელი შედეგია.

ამ თეორიული შესავლის შემდეგ დავუბრუნდეთ საქართველოს ციხეებში პატიმრების წამების ფაქტებს, რომელთა გასაჯაროება სამოქალაქო პროტესტის აფეთქებისა და სისტემის დანგრევის მოთხოვნის წინაპირობა იყო, რასაც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დასასრული მოჰყვა. არჩევნების შემდეგ აღმოჩენილი ფაქტები და ვიდეომასალები უკვე იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ წამებას სისტემური ხასიათი ჰქონდა. თუ ამ მოვლენის რაციონალურ ან პრაგმატულ ახსნას შევეცდებით, რაკი პატიმრების წამება და გაუპატიურება ვიდეოზე აღიბეჭდებოდა, ერთადერთი სავარაუდო დასკვნა შეიძლება იყოს კომპრომატის შექმნისა და ამ გზით პატიმრების იძულებით გაჯაშუშების მცდელობა, რაც სისტემის პარანოიდული ლოგიკითაც უნდა აიხსნას, რამდენადაც ის პერმანენტულ ომში იმყოფება. რაციონალური, პრაგმატული ახსნა, ანუ ადამიანის „გადმობირება“, თუნდაც ძალდატანებით, ამ პირს ფასეულს ხდის და გარკვეულ მნიშვნელოვნებასაც სძენს, და მას, მართალია, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მაგრამ მაინც უბრუნებს საზოგადოებრივ ფუნქციას. ამგვარად ნაწამები და იძულებით გაჯაშუშებული ადამიანი მსხვერპლი ხდება, ანუ მის მდგომარეობას ერთგვარი „საკრალური“, მოწამეობრივი შეფერილობა ემატება. მაგრამ უკვე დაფიქსირებული წამების ფაქტების თუ წამების ამსახველი ვიდეომასალის რაოდენობა და მასშტაბები თითქმის შეუძლებელს ხდის რაციონალურ ახსნას. სინამდვილესთან უფრო მიახლოებული უნდა იყოს პატიმრებზე ძალადობაში ჰომო საკერების სერიული რეპროდუქციის დანახვა. ესაა ადამიანის ყოფიერების მხოლოდ ბიოლოგიურ არსებობამდე დაყვანა, სიცოცხლე, რომელსაც არანაირი ფასი აღარ შემორჩენია, ადამიანი, რომელსაც კანონით მინიჭებული ყველა უფლება წართმეული აქვს და, სრულიად დაუცველი, გადაცემულია ძალადობისათვის. ამ ტიპის ძალადობას არანაირი „ეკონომია“, არანაირი გამოყენებითობა არ გააჩნია. მისი არსი სწორედ მისი სიჭარბე, ზედმეტობაა, რომელიც ყოველგვარი გონიერებისა და ეკონომიის გადალახვისკენაა მიმართული და სწორედ ამ გზით უკავშირდება სუვერენულობის იმ იდეას, რომელიც აგამბენამდე ფრანგმა თეორეტიკოსმა ჟორჟ ბატაიმ აღწერა. ბატაიმ სუვერენულობის, სუვერენული ძალაუფლების სწორედ ეკონომიკური ფაქტორი წარმოაჩინა: სუვერენულობა არაგამოყენებით სიჭარბეში ხორციელდება, რაც ყოველგვარი ეკონომიკური პრინციპისა და კანონის საწინააღმდეგოა და რასაც, საბოლოო ჯამში, თვითგანადგურებამდე მიჰყავს სუვერენულობის სუბიექტი.

სუვერენულობის იმ თეორიებში, რომლებიც კარლ შმიტის მოძღვრებიდან მომდინარეობს, სუვერენულობა გამოიყვანება „საგანგებო მდგომარეობის“ პრინციპიდან, რომელიც, ერთი მხრივ, კანონიერების გადაბიჯების საფუძველია, მეორე მხრივ, ხელისუფლებას „მტრების“ განადგურებისა და „წესრიგის“ დამყარებისა თუ „სამართლიანობის აღდგენის“ შეუზღუდავ თავისუფლებას აძლევს. ამასთანავე, სუვერენს ანიჭებს „მტრისა“ და „წესრიგის“ თუ „სამართლიანობის“ განსაზღვრის უფლებამოსილებას. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ძალაუფლება თავის შეუნიღბავ და შემზარავ ბუნებას განსაკუთრებულ, „საგანგებო“ მდგომარეობებში ავლენს და ეს ბუნება გულისხმობს სამართლებრივი და ეკონომიკური ზღვრების გადაბიჯებას, რაც წარმოშობს მისივე მსგავს ობიექტებს, ოღონდ საწინააღმდეგო მოდუსით. თუ სუვერენული ძალაუფლება აბსოლუტური ფასეულობაა, მისი სამართლებრივ-ეკონომიკური ანტიპოდი, ჰომო საკერი, ყოველგვარ ფასეულობასაა მოკლებული. ზღვარგადასული ძალაუფლება და მოდერნის ხანის ჰომო საკერი – გაუფასურებული ადამიანური სიცოცხლე - სისტემის ორეულია: ერთის არსებობა თავის თავში მეორესაც მოიცავს.

მნიშვნელოვანი და არამეორეხარისხოვანი დეტალია ძალადობის სექსუალური ფორმა, რამაც ციხის ვიდეოების გამოქვეყნებისთანავე საზოგადოების ყველაზე დიდი აღშფოთება გამოიწვია. საქმე ეხებოდა არა მხოლოდ წამების აქტს, არამედ გამორჩეულად მის ფორმას. სექსუალურ ძალადობას საკმაოდ ღრმა და არქაული ფესვები აქვს და ის უმეტესწილად ომში გამოიყენებ(ოდ)ა: გამარჯვებული მამაკაცი დამარცხებულის ცოლს, დედას თუ ასულს ეუფლება და მათი გაუპატიურებით საკუთარ ტრიუმფს აღნიშნავს. გაუპატიურებას შურისძიების დანიშნულებაც ჰქონდა. ასეთი ფაქტები საქართველოს ისტორიაშიცაა დადასტურებული, მაგალითად, როდესაც მე-11 საუკუნის შუა ხანებში ბაგრატ IV-სა და კლდეკარის ერისთავს – ლიპარიტ ბაღვაშს შორის მრავალწლიანი საომარი კონფლიქტი მიმდინარეობდა. ბიზანტიელი ისტორიკოსის გიორგი კედრენეს ცნობით, 1048 წელს ბაგრატი თავს დაესხა კლდეკარს და ლიპარიტის ცოლი გააუპატიურა. ამის საპასუხოდ, ლიპარიტი დაეცა ბაგრატის სასახლეს და დედა და ცოლი გაუუპატიურა.
თუ გაუპატიურება ომების დროს ინარჩუნებს თავის წმინდად სექსუალურ შინაარსს, როგორც მოთხოვნილების დაკმაყოფილება და სიამოვნება, მამრობითი სქესის პატიმრებზე განხორციელებულ სექსუალურ ძალადობას მხოლოდ სასჯელის და უკიდურესი დამცირების მნიშვნელობა აქვს. გაუპატიურების აქტის ჰომოსექსუალური ფორმა დესექსუალიზებულია, ანუ ის არ ემსახურება სექსუალური სიამოვნების განცდას, მაგრამ, ამასთანავე, სწორედ ეს ფორმა, ანუ ჰომოსექსუალობა უბრუნებს მას სექსუალურ შინაარსს, რომელიც საქართველოში ჰომოფობური ისტერიის ერთ-ერთი გამაძლიერებელი ფაქტორიც გახდა. გარდა ამისა, ჰომოსექსუალობა, როგორც საქართველოში მოქმედი გამორჩეულად მწვავე კულტურული ტაბუ, რომელიც მკვლელობების შემთხვევაშიც კი იჩქმალება, რათა ამით არ შეილახოს გარდაცვლილის ხსოვნა, იმის გარანტიასაც იძლეოდა, რომ ასეთი ფორმის ძალადობა არასდროს არ „გასკდებოდა“.

(გაგრძელება იქნება)

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG