Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მცირე იმპერიალიზმი და ჰეგემონიურობის ლოგიკა


ჩვენისთანა ტოლერანტი კიდევ არის სადმე ერი?!

ქართული ტოლერანტობის მითი, რომელზედაც თაობები, მათ შორის ჩემი თაობაც იზრდებოდა, სულ ცოტა, ბოლო 25 წლის მანძილზე, ფაქტობრივად, გაქარწყლდა, როდესაც საქართველოს უახლესი ისტორია შეუწყნარებლობისა და კოლექტიური ფობიების ენციკლოპედიად გადაიქცა. მე-20 საუკუნის 80-90-იანი წლების ეთნიკურ კონფლიქტებს 21-ე საუკუნის პირველსავე წლებში დაემატა დაპირისპირებები რელიგიურ ნიადაგზე. საყოველთაო რელიგიურობის წიაღიდან აღმოცენდა აგრესიული სიძულვილი „არატრადიციული“ სექსუალური ქცევის მიმართ, აგრეთვე ძალადობრივად გამოხატული ქალთმოძულეობა. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მოქმედმა ექსტრემისტულმა ჯგუფებმა „კუდიანებზე ნადირობა“ წამოიწყეს იმ ადამიანებსა თუ მცირერიცხოვან ჯგუფებზე, რომლებიც, მათი წარმოდგენით, ამა თუ იმ ნიშნით არ თავსდებოდნენ ქართულ „ტრადიციაში“ (რომელიც მართლმადიდებლობასთან იგივდებოდა) და ამით საფრთხეს უქმნიდნენ ეროვნულ იდენტობას.

დისკრიმინაციის და შეუწყნარებლობის ერთი, თითქმის უხილავი ფორმა, რომლითაც საქართველო იმდენადაა გაჟღენთილი, რომ მისი დანახვა და გაცნობიერება შემეცნების ველს მიღმა რჩება, სოციალურ-კლასობრივი ნიშნით სიძულვილია. ადამიანთა მოდგმის ეს უმანკიერესი სნეულება, რომელიც საფუძვლად უდევს სოციალურ იერარქიებს და ყველა სახის უცხოსა და განსხვავებულის მოძულეობის პირველსახეა, ვერც სოციალისტური რევოლუციებით განიკურნა და ვერც „ბაზრის უხილავი ხელით“, ის ვერც რელიგიებმა განაჯადოეს და ვერც იდეოლოგიებმა გააუვნებელყვეს. მდიდარი და ღარიბი, „ქალაქელი“ და „სოფლელი“, ქალაქის ცენტრში მცხოვრები და გარეუბნელი, დედ-მამისა და ოჯახისშვილი არისტოკრატული გვარითა და „გლეხი“, განათლებული და „ბნელი“ - ამგვარი განსჯის კრიტერიუმებითაა დაკომპლექტებული 21-ე საუკუნის ქართველის ცნობიერება, რომელიც შინაგანი სიძულვილის შესანიღბად განუწყვეტლივ იმოსება გარეთ გადატანილი ხან ეთნიკური, ხან რელიგიური, ხანაც სექსუალური ნიშნით მოტივირებული ზიზღით.

კონფლიქტებისა და შეუწყნარებლობის ატმოსფეროს გაჩენაზე საუბრისას, ყველაფრის საქართველოს გარეთ მოქმედ მტრულ „მესამე ძალაზე“ გადაბრალება ისეთივე უადგილოა, როგორც აპელირება „ტრადიციულ ქართულ ტოლერანტობაზე“. ფაქტია, რომ ყველა კონფლიქტი საქართველოში გაჩნდა და მათი შემსრულებლებიც ქართველები იყვნენ. შესაბამისად, მიზეზებიც საქართველოში, მის უახლეს ისტორიასა და მისი საზოგადოებისა და კულტურის შიდა სტრუქტურებშია საძიებელი.

ზოგადად, ამა თუ იმ ერის ტოლერანტულად ან არატოლერანტულად გამოცხადება სერიოზული მსჯელობის საგანი არაა, რამდენადაც ტოლერანტობა არ არის თანდაყოლილი თვისება, არც ცალკეული ინდივიდისათვის და არც რომელიმე ეროვნებისათვის. ტოლერანტობას სრულიად კონკრეტული სოციალური, პოლიტიკური და კულტურული საფუძვლები აქვს და ის, ერთი მხრივ, კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკით მიიღწევა, მეორე მხრივ კი ტოლერანტულ გარემოს ეკონომიკური ინტერესები ქმნის. ორივე შემთხვევაში ტოლერანტობას რაციონალური გადაწყვეტილება და პოლიტიკური ნება უდევს საფუძვლად. ამგვარი ნების არქონა, ან პოლიტიკის საწინააღმდეგო მიმართულებით წარმართვა კი კარს უხსნის აფექტურ, გონებისა და განსჯის უნარდაცლილ ემოციურ ქმედებებს, რასაც ხშირად საბედისწერო შედეგები მოაქვს. საქართველოს უახლესი ისტორია სწორედ აფექტების ტრიუმფია გონებასა და რაციონალიზმზე, რის შედეგადაც ქვეყანა საკუთარ თავთან ომში აღმოჩნდა და თვითნგრევისა და განადგურების გზას დაადგა. ამ ავტოდესტრუქციულ განვითარებას ოფიციალურ ქართულ პოლიტიკურსა თუ ისტორიულ დისკურსებში ამაღლებული შინაარსის სახელები ეწოდება: „ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა“, „ეროვნული თვითგამორკვევა“ ან „ეროვნული თვითშეგნება“. ამგვარი პათეტიკური ფორმულებით იფარება ის არცთუ ამაღლებული და შთამაგონებელი რეალობა, რომლის შედეგიც ნგრევა და ძალადობაა. ამიტომაც, სწორედ რეალური მოვლენების გასაგებად, საჭიროა ამ მოვლენების საფუძვლების მოძიება და მისი განვითარების ანატომიის გაანალიზება.

„ფორმით ეროვნული“, შინაარსით იმპერიული

„ეროვნული თვითშეგნება“ (национальное самосознание) 1920-იან წლებში ბოლშევიკების მიერ შემოტანილი ტერმინია, რომლის მიხედვითაც ხორციელდებოდა საბჭოთა კავშირის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა და ეროვნული პოლიტიკა. ამ პოლიტიკის განსახორციელებლად გამოიგონეს კიდევ ერთი ტერმინი: коренизация, რომელიც პირობითად „ფესვგადგმად“ შეიძლება ითარგმნოს. საქმე ეხება საბჭოთა კავშირის ეროვნულ-ეთნიკური ნიშნით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობას, რომელიც სსრკ-ში მცხოვრები ეროვნებების იერარქიულ დახარისხებას ეფუძნებოდა. ეთნოგრაფების, ლინგვისტებისა და სტატისტიკოსებისგან შედგენილი კომისიები განსაზღვრავდნენ როგორც ცალკეულ მოქალაქეთა ეროვნულ კუთვნილებას, ისე ამა თუ იმ ეროვნების განვითარების დონესა და ხარისხს, რომლის მიხედვითაც ამ ერებსა თუ ეროვნებებს უნდა მინიჭებოდათ მოკავშირე ან ავტონომიური რესპუბლიკისა თუ ოლქის სტატუსი. ასე გაჩნდა 15 მოკავშირე რესპუბლიკა (მათ შორის საქართველოს სსრ) მათზე დაქვემდებარებული ავტონომიური რესპუბლიკებითა და ოლქებით. ყოველ ასეთ წარმონაქმნს სახელი „სატიტულო ნაციის“ მიხედვით დაერქვა და უმაღლესი თანამდებობების დაკავებაც ამ სატიტულო ეროვნების მქონეებით განისაზღვრა. როგორც საბჭოთა ისტორიის ერთი თანამედროვე გერმანელი მკვლევარი იორგ ბაბეროვსკი ამბობს, ეს იყო „კორენიზაციის გამარჯვება ინტერნაციონალიზმზე“, რაც იმას ნიშნავს, რომ საბჭოთა იმპერია თავის საწყისებშივე ეროვნულ-ეთნიკურ პრინციპებს დაეფუძნა და კლასობრივ-სოციალურმა ასპექტმა მეორე პლანზე გადაიწია. 1930 წელს სტალინმა ასეთი ფორმულა გამოიგონა: „ფორმით ეროვნული, შინაარსით სოციალისტური“, რაც ნაწილობრივ და ფაქტობრივად ახალგამოგონილი საბჭოთა ერების და ეროვნული კულტურების მაქსიმალურ განვითარებას გულისხმობდა. ამასთანავე ეროვნულობა მთლიანად გააიგივეს ეთნიკურობასთან, ერი - ეთნოსთან.

ერის ეთნოსამდე დაყვანა ეროვნულის გაეთნოგრაფიულებასაც ნიშნავდა. საბჭოთა გამონაგონია ქართველის, როგორც ჩოხოსნისა და ჩიხტიკოპიანის, სტილიზაცია. 30-იანი წლები საბჭოთა კავშირში ეროვნულობის ინსცენირებებისა და სიამაყის ზეიმები იყო, რამაც ხელი შეუწყო საბჭოთა ადამიანების ცნობიერებაში შეფარული ნაციონალიზმისა და შოვინიზმის სტერეოტიპების გაჩენასა და გამძაფრებას. ერის ეთნოსთან გაიგივების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ეთნიკურად არაქართველი გაუცხოვდა ქართველი ერის ცნებისგან და, ფაქტობრივად, გაიგივებულ იქნა უკანონოდ მცხოვრებთან, ან, უკეთეს შემთხვევაში, დროებით, სტუმრად მყოფთან, რომელმაც ადრე თუ გვიან უნდა დატოვოს აქაურობა. საბჭოთა პერიოდში ჩაისახა ქართული ნაციონალიზმი, მისი ყველაზე პრიმიტიული და ფეთქებადსაშიში - ეთნოცენტრისტული - ფორმით.

40-იანი წლები მეორე ნახევარში სტალინის იდეოლოგებმა ახალი კამპანია წამოიწყეს „უძირობის“ (беспочвенность) და კოსმოპოლიტიზმის წინააღმდეგ, რომელსაც ასეულობით ადამიანი შეეწირა. საქმე ეხებოდა, უპირველეს ყოვლისა, საბჭოთა ისტორიოგრაფიაში ეროვნული ისტორიების დამკვიდრების პრინციპს, რამაც მოგვიანებით ისტორიული მეცნიერების მთლიანად პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია გამოიწვია და შეამზადა ეთნიკური ნიშნით დაძაბულობის ფონი. საბოლოო ჯამში, ეროვნულმა ფორმამ სოციალისტური შინაარსის ადგილი დაიკავა და ოფიციალურ დონეზე ინტერნაციონალური საბჭოთა კავშირი ნაციონალიზმისა და ეთნიკური ნიშნით შოვინიზმის ინკუბატორად იქცა, რაც მთელი სიმძაფრით გამოჩნდა 80-იანი წლების ბოლოს, ზემოდან ნებადართული სიტყვისა და გამოხატვის ლიბერალიზაციის პირობებში, როდესაც ერთ დროს „მოძმე საბჭოთა ერები“ ერთმანეთს დაერივნენ. ასეთ პოლიტიკურ და ემოციურ ფონზე 1989 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ერთ ინტერვიუში ცნობილმა საბჭოთა ფიზიკოსმა და დისიდენტმა ანდრეი სახაროვმა შემიტანა გამოთქმა „მცირე იმპერია“. სახაროვის აზრით, რომელიც იმდროინდელმა ქართულმა საზოგადოებამ საქართველოს შეურაცხყოფად და მტრულად მიიჩნია, საბჭოთა კავშირი ისეთი პრინციპით იყო მოწყობილი, რომ მასში შემავალი მოკავშირე რესპუბლიკები, რომლებიც იმპერიულ ჩაგვრას განიცდიდნენ, თავადვე გადაიქცნენ „მცირე იმპერიებად“, რომლებიც ზუსტად ისევე ეპყრობიან თავიანთ ავტონომიურ წარმონაქმნებსა და ეთნიკურ უმცირესობებს, როგორც მათ თავად იმპერია ექცევა. ერთ-ერთ ასეთ მაგალითად სახაროვი ასახელებდა საქართველოს, რომლის დამოკიდებულებაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიებისადმი იმპერიულია. ანუ, იმისათვის, რომ ქართველმა საქართველოში თავი ბატონ-პატრონად იგრძნოს, მას სჭირდება მასზე დაქვემდებარებული ერთეულები, რომლებზედაც იძალადებს და ამით ჰეგემონობის ილუზიას შეიქმნის. თუკი საქართველოზე რუსეთი ან საბჭოთა იმპერია ძალადობს, რომლის წინაშეც პატარა საქართველო უძლურია, მაშინ მან უნდა იპოვოს თავისზე პატარა და სუსტი, რომელზე ძალადობაც მას დიდ და ძლიერად განაცდევინებს საკუთარ თავს. „ეროვნული უმცირესობები“ ამ თვალსაზრისით იდეალური საჩუქარი აღმოჩნდა, თუმცა ასეთი მიმართულებით სვლა ძალადობის მსხვერპლს მოძალადესთან მიმიკრიულ კავშირში აბამს, რაც ჩაგრულს მჩაგვრელად აქცევს, ანუ საკუთარი დაჩაგრულობის კომპენსაცია სხვისი ჩაგვრით მიიღწევა. თუმცა, ასეთი კომპენსაცია მხოლოდ ფსიქოლოგიურია და ის პოლიტიკურსა თუ სოციალურ რეალობას არათუ არ ცვლის, არამედ კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს.

ჰეგემონიურობის ლოგიკა

ჰეგემონიურობა დაქვემდებარებულობას საჭიროებს, იგი იმდენად არსებობს, რამდენადაც ვიღაცაზე ბატონობს და საკუთარ აღმატებულობასა თუ სიძლიერეს სხვისი დაძლევით გამოხატავს. ესაა ჰეგემონიის უმთავრესი კანონი: ის აუცილებლად და გამუდმებით უნდა ახორციელებდეს საკუთარ ძალაუფლებას სხვისი უფლებების შეზღუდვის ხარჯზე. ეს პრინციპი უნივერსალურია, თუმცა სხვადასხვა დროსა და სივრცეში სხვადასხვაგვარი გამოხატულებები აქვს და მუდამ იცვლის გეოგრაფიასაც და ნიღბებსაც. დემოკრატიული მმართველობა ახერხებს მის მოთოკვასა და ჩარჩოში მოქცევას, მაგრამ არა გაქრობას. დასავლურმა დემოკრატიამ და, ძირითადად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაჩენილმა დასავლურმა სოციალურმა სახელმწიფოებმა საკუთარ მოსახლეობაში მაქსიმალურად შეამცირეს სიღატაკე, მნიშვნელოვანწილად ნაკლებად განვითარებული ქვეყნებიდან იაფი მუშახელის შემოყვანის ხარჯზე. ამან კი გააჩინა ემიგრანტთა „პარალელური საზოგადოებები“, ანუ ერთგვარი თანამედროვე გეტოები, რომლებიც ქვეყნის საზოგადოებრივ პროცესებში, ფაქტობრივად, არ მონაწილეობენ. უფრო მოგვიანებით გლობალურმა კაპიტალიზმმა სოციალურ-კლასობრივი გეოგრაფია შეცვალა და „მესამე სამყაროში“ გადაიტანა სუბალტერნული, ანუ დაქვემდებარებული ფენები, რომლების ექსპლუატაციითაც უნდა განხორციელდეს აღმატებული კულტურის ქვეყნის ჰეგემონიურობა. ამით სოციალურ ფენას ჩაენაცვლა უცხოელი ემიგრანტი, ან სხვა ქვეყნები, კლასობრივს - ნაციონალური.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე იქცნენ განვითარებადებად, დაიწყო სუბალტერნის ადგილობრივი რესურსების ათვისების პროცესი. ამ პროცესში სოციალურად დაქვემდებარებული და „დაბალ ფენად“ დეკლასირებული ქართველი მიტინგებსა და დემონსტრაციებზე განლაგდა და გამთლიანდა ეროვნულ სხეულად, სადაც, როგორც ქრისტეს მისტიურ სხეულში, აღარავინ იყო მონა და არავინ - თავისუფალი, ანუ სოციალურ-კლასობრივ იდენტობასა და იერარქიებს ჩაენაცვლა საერთო-ეროვნული თანასწორობის ილუზია. საკუთარი სოციალური პრობლემის დავიწყებით, აქ ის სხვის ენაზე ამეტყველდა, ანუ იმის გამეორებას შეუდგა, რაც მისი სატკივარი კი არ იყო, არამედ „ზედა ფენის“ წარმომადგენელი ლიდერებისგან მოისმოდა. ამგვარი ჩანაცვლება რომ მოხდეს და თავად უუფლებომ თავი ბატონ-პატრონად, ჰეგემონად იგრძნოს, საჭიროა მას სხვაზე ძალადობის საშუალება მიეცეს, რამდენადაც მხოლოდ სხვაზე ძალადობრივად გამოხატული უპირატესობა აჩენს ძალაუფლებისა და დომინანტობის ილუზორულ შეგრძნებას.

ძალა-უფლების ილუზიის შესაქმნელად იდეალური მდგომარეობაა იმ უმრავლესობის ნაწილად ყოფნა, რომელიც თავადვე წარმოშობს უმცირესობას, რომელზეც ის ძალადობრივად ახორციელებს საკუთარ აღმატებულებას. თავად ისეთი წარმოდგენა, როგორიცაა „უმცირესობა“, დისკრიმინაციული შინაარსისაა და გარკვეული ნიშნით დაჯგუფებული საზოგადოების ნაწილის გამოხშირვას და ფაქტობრივ იზოლაციას გულისხმობს. ამგვარი სტატისტიკა უმრავლესობის განსაზღვრისთვის იქმნება, რათა მას მიზანში ჰყავდეს ამოღებული საკუთარი ძალადობის ობიექტი, რომელიც უმრავლესობას თვითიდენტობის შესაქმნელად ესაჭიროება, რამდენადაც ის ვერ იარსებებს უმცირესობის გარეშე - ისევე, როგორც ჰეგემონიას სჭირდება სუბალტერნი, დაქვემდებარებული სოციალური ფენები ან მთელი ქვეყნები, რომელთა ფონზეც და რომლებზე ბატონობითაც ჰეგემონია ხორციელდება. ამდენად, სრულიად ლოგიკურია, როდესაც უმრავლესობა აცხადებს, რომ უმცირესობის უფლებების დაცვა უმრავლესობის უფლების შებღალვის ტოლფასია, რადგანაც უმცირესობის უფლებრივი გათანაბრება უმრავლესობას ართმევს მის წმიდათაწმიდა უფლებას - უმცირესობაზე ძალადობის, ან, მისი გაეგზოტიკურებით, პოზიტიური დისკრიმინაციის უფლებას.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია უმრავლესობის მხრიდან სხვადასხვა ნიშნით შექმნილ უმცირესობებზე ძალადობისა და მათი დისკრიმინაციის ისტორიაა, რაზეც უფრო დეტალურად შემდეგ წერილში ვისაუბრებთ.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG