Accessibility links

logo-print

რას ნიშნავს ავტოიმუნურობა?

ავტოიმუნურობა სამედიცინო ტერმინია და ისეთ დაავადებას აღნიშნავს, რომლის დროსაც ადამიანის იმუნური სისტემა, რომელიც ჩვეულებისამებრ ორგანიზმს იცავს, მის მიერ დასაცავ ორგანოებს შეცდომით აღიქვამს უცხო სხეულებად და მათთან ბრძოლას იწყებს. ავტოიმუნურობა მიმართულია ორგანიზმის დამცავი მექანიზმის - იმუნიტეტის წინააღმდეგ, რასაც ორგანიზმი დაუძლურებამდე და, ბოლოს, სიკვდილამდეც მიჰყავს. ამ იშვიათ და უცნაურ დაავადებას იმუნური სისტემის სიგიჟესაც უწოდებენ, როდესაც თავდაცვა თვითგანადგურებად იქცევა.

ეს სამედიცინო ტერმინი საზოგადოებრივ მეცნიერებაში გადაიტანა ფრანგმა ფილოსოფოსმა ჟაკ დერიდამ. თავდაპირველად მან ის 1994 წელს იხმარა რელიგიასთან მიმართებით და აღნიშნა, რომ საკრალური, ანუ სიწმინდე, ხსნა, გამოსყიდვა, განკურნება, ანუ ყველაფერი, რაც რელიგიის არსს წარმოადგენს, მისი იმუნური სისტემაა. მაგრამ, ამასთანავე, რელიგიის იმუნურობა საკუთარი იმუნური სისტემის წინააღმდეგაც მიიმართება, განიცდის ავტოიმუნიზებას, ანუ საკუთარი ფუნდამენტური პრინციპების, საკუთარი თავდაცვის მექანიზმების მიმართაც იმუნური ხდება, რაც თვითნგრევად გამოიხატება. ეს განსაკუთრებით თვალში საცემია თანამედროვე სამყაროში, სადაც რელიგია უკან ბრუნდება არა როგორც შემეცნებითი, ფილოსოფიური რეფლექსიის თემა, არამედ მთელი თავისი სისასტიკით, როგორც ფუნდამენტალიზმი, როგორც ადამიანის ელემენტარული უფლებების უარმყოფელი და მოძალადე, რაც, დერიდას თანახმად, რელიგიის „იმუნურ-თავდაცვითი რეაქციულობის გამოხატულებაა“. ავტოიმუნურობა „სიკვდილისაკენ ლტოლვად“ გადაიქცევა და რელიგია თვითგანადგურებისკენ მიყავს.

2003 წელს, თავის წიგნში „ავაზაკები. ორი ნარკვევი გონების შესახებ“ ავტოიმუნურობის ცნება დერიდამ პოლიტიკის სფეროში გადაიტანა. ამ ნაშრომში, რომელიც ერაყში აშშ-ის ინტერვენციის ფონზე და პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის პოლიტიკაზე რეფლექსიის შედეგად შეიქმნა, დერიდა ლაპარაკობს დემოკრატიის ავტოიმუნურობაზე, რომელიც დემოკრატიის სახელით და მისი დაცვის მიზნით თავად დემოკრატიასვე ანადგურებს. დერიდას აზრით, დემოკრატია ეწირება სუვერენულობას, რომელიც დემოკრატიას „გადაავადებს“ და ძალადობაზე გადადის სხვა მიზნის, მაგალითად, უსაფრთხოების მისაღწევად. დემოკრატიის ნებისმიერი სახით გადადება (ანუ ჯერ უსაფრთხოება და მერე დემოკრატია, ან ჯერ დამოუკიდებლობა და მერე დემოკრატია, ან ჯერ ეკონომიკა და მერე დემოკრატია და ა.შ.), იწვევს დემოკრატიის რღვევას. ესაა მისი ავტოიმუნური დაავადება, რომელიც დემოკრატიის დაცვის მიზნით იწყებს მოქმედებას, მაგრამ სინამდვილეში დემოკრატიისავე საფუძვლებს ანგრევს.

ავტოიმუნურობის დერიდასეული მეტაფორა გადაამუშავა და კიდევ უფრო გააფართოვა თანამედროვე იტალიელმა ფილოსოფოსმა რობერტო ესპოზიტომ. მას საზოგადოების იმუნიზება მოდერნულობის მთავარ პრინციპად მიაჩნია: თანამედროვე ადამიანთა ერთობა იმას ემყარება, რომ მუდამ ვიღაცისგან ან რაღაცისგან იცავს თავს, იქნება ეს ვირუსები, ეპიდემიები, ტერორიზმი, უცხო იდეოლოგიები, უცხოელები, ლტოლვილები თუ რაიმე სხვა. კოლექტიური იდენტობა გამოიყვანება მასთან არაიდენტურთან გამიჯვნით და მისგან თავის დაცვით. ასეთი მუდმივი თავდაცვა იმის უარყოფაში გადაიზრდება, რის დაცვა-გაფრთხილებისკენაც იმუნურობაა მიმართული, ანუ იმუნურობა ავტოიმუნური დაავადების სახეს იღებს. ესპოზიტოსათვის ავტოიმუნურობის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია გერმანული ნაციზმი. ზოგადად, რასობრივი თუ სხვა რომელიმე ნიშნით „სისუფთავის“ თეორიები, რომლებიც ყველა ფაშისტური იდეოლოგიისთვისაა დამახასიათებელი და რომელმაც გერმანულ ნაციზმში სრულიად ექსტრემალური სახე მიიღო, ავტოიმუნური თვითგანადგურების ურადიკალურესი ნიმუშებია. ნაცისტების მიერ „არაარიელების“ (ძირითადად ებრაელების), ჰომოსექსუალების, კომუნისტების, ან გარკვეული ფიზიკური „ნაკლის“ მქონეთა, აგრეთვე, ყველა განსხვავებულად მოაზროვნის დევნამ და განადგურებამ უფრო დიდი ზიანიც კი მიაყენა გერმანულ საზოგადოებას და მის კულტურულ თუ ეკონომიკურ პოტენციალს, ვიდრე მოკავშირეების მიერ გერმანიის დაბომბვამ და ომისშემდგომმა დანაწევრებამ.

ავტოიმუნურობის ამავე ექსტრემალურ, თუმცა შინაარსით თვისებრივად განსხვავებულ კატეგორიას, მიეკუთვნება საბჭოთა ტოტალიტარიზმიც, რომელიც სრული სახით სტალინის მმართველობის დროს გამომჟღავნდა: თუკი ოქტომბრის რევოლუცია და სამოქალაქო ომი მლიანად კლასობრივი ბრძოლის პრინციპზე იდგა, რომლის დროსაც რევოლუციური კლასი საკუთარ კლასობრივ მტერს ძალაუფლებას ართმევს და ამ მიზნით მას ანადგურებს, რათა ექსპლუატატორთა ჩამოცილებით უკლასო საზოგადოება შეიქმნას, სტალინური ტერორი, პირველ რიგში, თავად რევოლუციისა და უკლასო საზოგადოების შემოქმედი ძალების წინააღმდეგ იყო მიმართული. რევოლუციის იმუნური სისტემა - თავდაცვა კონტრრევოლუციური ელემენტებისგან - თავად რევოლუციის მიზნების წინააღმდეგ შემოტრილდა და მისი იდეალების განადგურებას შეუდგა. 1937 წლის რეპრესიებით, ფაქტობრივად, განხორციელდა პირველი თაობის ბოლშევიკებისა და მათი მიმდევრების სრული ლიკვიდაცია. შედეგად კი მივიღეთ არა უკლასო საზოგადოება, არამედ საზოგადოების მუტაცია აგრესიულად მორჩილ საბჭოთა ადამიანებად. ავტოიმუნურობის ეს მოდელი პირველად გამოჩნდა საფრანგეთის რევოლუციისა და იაკობინელთა დიქტატურის პერიოდში, როდესაც 1793 წლის ტერორს მოჰყვა რევოლუციის, შემდგომ კი იაკობინური მთავრობის ლიდერთა სრული ლიკვიდაცია.

ავტოიმუნურობის ეს მაგალითებიი, ანუ გერმანული ნაციზმი, ან სხვა ევროპული ფაშიზმები და სტალინიზმი, თავისი სრულიად ექსტრემალური გამოვლინებით, შეიძლება ითქვას, საზოგადოების თვითგანადგურების აბსოლუტური ფორმაა, რომლის ანალოგია ისტორიას არ ახსოვს და რომელიც არანაირ ფარდობითობას არ ექვემდებარება. მაგრამ სწორედ ასეთი ექსტრემალური ფორმა, რომელშიც ამა თუ იმ მოვლენის არსი თავისი სრული შემზარაობით ცხადდება, საშუალებას იძლევა, რომ მისი პრიზმიდან უფრო ნათელი და გასაგები გახდეს მცირე მასშტაბის თვითნგრევის ტენდენციები, თუნდაც სხვა ისტორიულ კონტექსტში.

„გენეტიკურად ქართველი“ - ავტოიმუნურობის პათოგენეზი საქართველოში

ავტოიმუნურობა, რომლის ყველაზე ექსტრემალური გამოვლინებაც გერმანული ნაციზმი იყო, სათავეს იღებს XIX საუკუნის „რასობრივი სისუფთავისა“ და „სისხლისა და მიწის“ ერთობის წარმოდგენებში, რომლებიც ევროპული ნაციონალიზმების წიაღში გაჩნდა. ახლად გაჩენილი ნაციები, როგორც საჯიშე ცხოველებზე, ისე ალაპარაკდნენ საკუთარი „სისხლის სიწმინდესა“ და „რასობრივ ჰიგიენაზე“, რომლებსაც ერები უცხო და დაბალი რასებით „დაბინძურებისგან“ უნდა დაეცვათ. ამასთანავე, სისუფთავის დაცვის სტრატეგიები, უპირველეს ყოვლისა, ერის შინაგანი „დეგრადაციებისა“ და „დეფექტებისგან“ უნდა დაეცვათ. XIX საუკუნეში გაჩენილი ფსევდომეცნიერება ევგენიკა შიდა გენეტიკურ სელექციას ქადაგებდა: ერთი მხრივ, ერსა თუ „რასაში“უნდა შერჩეულიყო საუკეთესო გენეტიკური ინფორმაცია წახალისებულიყო და მათი გამრავლება, მეორე მხრივ კი უნდა განადგურებულიყო უვარგისად და დეფექტურად, ან მავნედ შეფასებული. საკუთარი საუკეთესოობისა და გამორჩეულობის სრულიად მატერიალურ-სხეულებრივი განსაზღვრა იმეორებდა კაპიტალიზმის საბაზრო-სასაქონლო კონკურენციის პრინციპებს და ის ერთა შორის დაპირისპირებისა და რასიზმისა თუ შოვინიზმის მამოძრავებელ ძალად იქცა. ისეთი ტერმინები, როგორიცაა „გენი“, „ჯიში“, „ჯილაგი“, აგრეთვე ნეგატიური შინაარსის - „გადაჯიშება“, „გადაგვარება“ - პირველყოფილი გვარ-ტომობის და კაპიტალისტური საბაზრო საქონელბრუნვის ნაზავის რასისტულ-ნაციონალისტურ ამაღლებულ ხარისხში აყვანილი კატეგორიებია, საიდანაც კოლექტიური ავტოიმუნურობის დაავადება ჩნდება.

ავტოიმუნურობის ქართული ვერსიაც ნაციონალიზმთან ერთად იბადება და ის სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვაგვარი სიმპტომებით გამოიხატებოდა, ან, შეიძლება ითქვას, ახალ-ახალი სიმპტომებით მდიდრდებოდა. მისი გააქტიურება და რეალური ამოქმედებაც ქართული ნაციონალიზმის იმ სახეობებს უკავშირდება, რომლებიც 1980-იანი წლების ბოლოს გახდა საყოველთაოდ ხილვადი. XIX საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც ქართული ნაციონალიზმის პირველი კონტურები იკვეთება, ძირითადი მიზანი ქართველის განსაზღვრება და გვარტომებად თუ ფეოდალურ მამულებად დაქუცმაცებული ხალხის საერთო ნიშნით გაერთიანება იყო, რაც არაქართველისგან ქართველის გამიჯვნასაც გულისხმობდა. ამ პერიოდის ყველაზე ცნობილი პროდუქტია ქართული არმენოფობია. ქართული ნაციონალიზმის ისტორიაში მეორე მნიშვნელოვანი ეტაპია საბჭოთა პერიოდი, როდესაც ნაცია, ერი, ფაქტობრივად, ეთნოსთან იგივდება, რაც ეთნოცენტრისტული ნაციონალიზმის საფუძვლებს ამზადებს. ამავე დროს, სწორედ საბჭოთა პერიოდში იქმნება ქართული კულტურის უძველესობის, გამორჩეულობისა და კულტურულად აღმატებულობის ნარატივებიც. ამ ცნობიერებით იწყება მესამე, პოსტსაბჭოთა ეტაპი, რომლის მთავარი ნიშანი სწორედ ავტოიმუნურობაა, ანუ მთელი ყურადღება, ერთი მხრივ, „სუფთა“ ქართველის განსაზღვრებასა და მისი „სისუფთავის“ დაცვისკენაა მიმართული, მეორე მხრივ კი ყველა იმ საფრთხის წინააღმდეგ და მათი ლიკვიდაციისაკენ, რომელიც ამ „სისუფთავეს“ ემუქრება. ამდენად, „გენეტიკურად ქართველი“, როგორც გარკვეული საზრისის მატარებელი ტერმინი, საკუთარ პოტენციაში ეთნიკური წმენდისაკენ მოწოდებას შეიცავს. მისი იდეალი - სუფთა სისხლის ქართველი - მიზნად „სისხლის გასუფთავებასაც“ გულისხმობს.

1988 წლიდან მოყოლებული, როდესაც საბჭოთა სივრცეში ნებადართული გახდა მანამდე აკრძალულ თემებზე საჯარო საუბრები, ქართული მედია მასობრივად ალაპარაკდა „ქართულ გენზე“, მის გამორჩეულობაზე, ყველა სიქველისა თუ ღირსების გენეტიკურად განპირობებულობასა და მემკვიდრეობით გადაცემაზე. ამგვარი ფრაზეოლოგია არა მხოლოდ პოლიტიკურ-პოპულისტური რიტორიკის, არამედ ინტელექტულური დისკუსიების ნაწილიც გახდა და, შეიძლება ითქვას, „გენეტიკურად ქართველი“ ეროვნული იდენტობის პირველ ფორმულად იქცა. ამგვარი იდენტობის (თუნდაც რიტორიკულ დონეზე) აბსურდულობისა და სახიფათოობის შესახებ ხმის ასამაღლებლად მაშინ გამბედაობა და პროფესიული კეთილსინდისიერება მხოლოდ ერთ ადამიანს აღმოაჩნდა: არქეოლოგსა და პალეოანთროპოლოგს ზაალ ქიქოძეს. ამ სფეროში პროფესიონალთა უდიდესი ნაწილი არათუ ვერ ბედავდა კრიტიკული პოზიციის გამოხატვას, არამედ თავადაც ცდილობდა აქტიურად ჩართულიყო ეთნონაციონალიზმის მარათონში და კიდევ უფრო მეტად განევრცო ფსევდომეცნიერული დებულებები „ქართული გენისა“ და „ჯიშის“ შესახებ.

ეროვნული იდენტობის კონსტრუქციის ბიოლოგიურ-გენეტიკურ „სისხლით ერთობამდე“ დაყვანით საქართველო ავტომატურად აღმოჩნდა XIX-XX საუკუნეების რასისტულ წარმოდგენებში, საიდანაც უკვე ლოგიკურად გამომდინარეობდა გენისა და სისხლის „სისუფთავის“ დაცვის აუცილებლობა. „მავნე“, „არასუფთა“ ელემენტები, რომლებისგანაც ქართულ სისხლსა და გენს თავისი სისუფთავე და შეურყვნელობა უნდა დაეცვა, რაღა თქმა უნდა, საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად არაქართველები აღმოჩნდნენ, ვის წინააღმდეგაც ამოქმედდა ახალი ეროვნული იდენტობის იმუნური სისტემა, რისი პირდაპირი გაგრძელებაც მცირე თუ ფართო მასშტაბის ეთნიკური დაძაბულობები და კონფლიქტები იყო. ეს კონფლიქტები, უპირველეს ყოვლისა, იმ ცნობიერების პროდუქტი იყო, რომლიდანაც „გენეტიკურად ქართველზე“ წარმოდგენა, როგორც ავტოიმინური დაავადების სიმპტომი, ამოიზარდა. ამ დაავადებულმა ცნობიერებამ უცხო სხეულებად აღიქვა საქართველოში მცხოვრები აფხაზი, ოსი, სომეხი, აზერბაიჯანელი, ქურთი, იეზიდი - ყველა „გენეტიკურად“ არაქართველი - და მათზე შეტევა დაიწყო.

ამავე პერიოდში „გენეტიკურად ქართველს“ დაემატა და შეერწყა კიდევ უფრო აბსურდული ფორმულა „გენეტიკურად მართლმადიდებელი“, რომლის მეშვეობითაც ეთნოცენტრისტულ ნაციონალიზმს რელიგიურ-კონფესიონალური იდენტობა დაემატა და მისი ჩარჩოები კიდევ უფრო მეტად შევიწროვდა. თუ „გენეტიკურად ქართველი“ მხოლოდ სისხლით ნათესაობისა და „გენის სისუფთავის“ ფიქციაზე იყო აგებული, „გენეტიკური მართლმადიდებლობის“ შემოტანით ქართველის განსაზღვრებიდან ავტომატურად ამოვარდა ყველა „სისხლით“ ქართველი, მაგრამ სარწმუნოებით არამართლმადიდებელი. სარწმუნოებრივი ფაქტორის გენეტიკურ ფიქციაში შეტანით და მისი ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელ ნიშნად გამოცხადებით მოხდა ილია ჭავჭავაძის მიერ 1877 წელს „ოსმალოს საქართველოში“ ჩამოყალიბებული ეროვნული ერთობის განმსაზღვრელი პრინციპების უარყოფა („არც ერთობა ენისა, არც ერთობა სარწმუნოებისა და გვარტომობისა ისე არ შეამსჭვალებს ხოლმე ადამიანს ერთმანეთთან, როგორც ერთობა ისტორიისა. ერი, ერთის ღვაწლის დამდები, ერთს ისტორიულ უღელში ბმული, ერთად მებრძოლი, ერთსა და იმავე ჭირსა და ლხინში გამოტარებული - ერთსულობით, ერთგულობით ძლიერია.“) მიუხედავად იმისა, რომ XIX საუკუნის ქართულ ნაციონალიზმში, მათ შორის, ილია ჭავჭავაძესთანაც იყო ეთნონაციონალიზმის ცალკეული ნიშნები, რაც გულისხმობდა ქართველის საქართველოში მკვიდრი ეთნიკურად არაქართველისგან, უპირველეს ყოვლისა, სომხისგან გამიჯვნას, სარწმუნოებრივი და ენობრივი ფაქტორების უკანა პლანზე გადატანით, მიმდინარეობდა ქართველის ცნების შინაარსობრივი გაფართოება. თანამედროვე ქართულ ნაციონალიზმში, ამის საპირისპიროდ, საქმე გვაქვს შინაარსობრივ ატროფიასთან.

სარწმუნოების ეთნოსთან გაიგივება შუა საუკუნეებში ჩნდება და გაჩენისთანავე მიმართულია ეთნოსის, როგორც სისხლით მონათესავის, შეკვეცისაკენ. ქართველი კათოლიკე გადაიქცა ფრანგად, მაჰმადიანი - თათრად, სომხური სარწმუნოების - სომხად. ილია ჭავჭავაძეს, როგორც ქართული სეკულარიზმის პირველ თეორეტიკოსს, სწორედ ამ გამაუცხოებელი და დამაქუცმაცებელი ფაქტორის გადალახვით ისტორიულ მეხსიერებაზე დაფუძნებული ეთნო-კულტურული მთლიანობის აღდგენა სურდა, რაც ქართველი ერის განმსაზღვრელი პრინციპი უნდა გამხდარიყო. XX საუკუნის ბოლოს სარწმუნოებრივი ფაქტორის რეაქტუალიზაციით და მისი გენეტიკურ-მემკვიდრეობით ხარისხში აყვანით, გარდა რასისტული ფიქციისათვის რელიგიური შეფერილობის მიცემისა, დაიწყო საქართველოსა და ქართველის შინაგანი დაქუცმაცებისა და საკუთარ თავთან გაუცხოების პროცესი. ამის პირველი ექსტრემალური გამოვლინება იყვნენ 1944 წელს მესხეთიდან შუა აზიაში გადასახლებული, „თურქ მესხებად“ წოდებული ქართველი მაჰმადიანები, რომელთა რეპატრიაციის წინააღმდეგაც 1980-იანი წლების ბოლოს გაილაშქრა როგორც საქართველოში მოქმედი პოლიტიკური ძალების, ისე ჯერ ისევ ავტორიტეტული ინტელიგენციის უდიდესმა ნაწილმა. „გენეტიკური“ ლოგიკით, რეპატრიაციის მსურველებს არა მარტო უნდა დაესაბუთებინათ „სისხლით“ ქართველობა, არამედ უნდა მოქცეულიყვნენ „გენეტიკურად ქართულ“ მართლმადიდებლობაზე. ასეთმა „ზემოდან“ თავს მოხვეულმა განწყობამ იმოდენა რეზონანსი იქონია ეროვნული „გამოფხიზლების“ პროცესში მყოფ ქართულ საზოგადოებაში, რომ საქართველოში დაბრუნებული რამდენიმე ოჯახი, ფაქტობრივად, დაუცველი აღმოჩნდა მათ მიმართ გაღვივებული შუღლისა და ძალადობისაგან.

1989 წლიდან მოყოლებული „თურქი მესხების“ წინააღმდეგ ატეხილი ეთნო-რელიგიური ისტერიის სამიზნეს დაემატა სხვა „გენეტიკურად“ არამართლმადიდებელი ქართველიც. პირველ რიგში, ესენი იყვნენ კათოლიკე ქართველები, რომელთა ტაძრებიც ბათუმში, უდესა და ქუთაისში თითქმის ერთდროულად მიითვისა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, და აჭარასა და სამცხეში მცხოვრები ქართველი მაჰმადიანები, რომლებზეც მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან, მასთან დაახლოებული პოლიტიკური ძალების ხელშეწყობით, დამოუკიდებელ საქართველოში სისტემატურად ხორციელდება ზეწოლა.

თანამედროვე ქართული ნაციონალიზმი, რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწირულს გამომზეურდა, სისხლისა და სარწმუნოების სისუფთავის, მისი გენეტიკად მისტიფიკაციის აბსურდული ფორმულებიდან იშვა და პროგრესირებად ავტოიმუნურ დაავადებად მოევლინა საქართველოს. XXI საუკუნეში მას უკვე ახალი სიმპტომები გამოუჩნდა. მისი პროგრესირება კი პირდაპირპროპორციულია საქართველოსა და ქართველის ცნების ატროფიისა.

შინაგანი ოკუპაცია

საქართველოს ავტოიმუნურ დაავადებას, რომელიც ქართველის ცნებას ამჭიდროვებს და აპატარავებს, შინაგანი ოკუპაცია შეიძლება ეწოდოს. ის არანაკლები გამანადგურებელი ძალისაა, ვიდრე გარედან წამოსული ნებისმიერი სახის ოკუპაცია. თავად ოკუპანტი არა რომელიმე უცხო ძალა, ან შემოპარულ-გადაბირებული „მეხუთე კოლონა“, არამედ ქართული ნაციონალიზმია. ნაციონალიზმი არ არის ბუნებრივი წარმონაქმნი, ის არ ამოიზრდება თავისთავად ხალხის წიაღიდან, არამედ ის მთლიანად ხელოვნური კონსტრუქციაა, რომლის მეშვეობითაც გარკვეული სოციალური კლასები საკუთარ ძალაუფლებას მოიპოვებენ და იმყარებენ. ესაა იდეოლოგია, რომელიც ხალხს ერად, ნაციად გარდაქმნის. ნაციონალიზმი თავად ქმნის და აწესებს ნაციის, ერის განმსაზღვრელ პრინციპებს და სტერეოტიპებს და თავადვეა მისი სიწმინდისა და შეურყვნელობის თავდაცვის სისტემა, მისი იმუნიტეტი.

ნაციონალიზმი, როგორც ნაციის იმუნური სისტემა, ნაციისათვის უცხო და მავნე ელემენტების მოგერიებისკენაა მიმართული. თუმცა ამ ელემენტთა უცხოობასა და მავნებლობას თავად ნაციონალიზმი განსაზღვრავს და აყალიბებს. ამდენად, ნაციონალიზმი ნაციის ნორმატიული და ზედამხედველური სისტემაა. ის მოწოდებულია იმ სხეულის დაუფლებისა და დასაკუთრებისაკენ, რომლის სიჯანსაღის დაცვაც საკუთარ მოვალეობად მიაჩნია. სწორედ ამ ფუნქციების შესრულებისას ის გადაიქცევა ოკუპანტ ძალად, რომელიც იპყრობს და იმორჩილებს ყველა იმ ადამიანის სხეულს, რომელიც მის სამფლობელოში, ანუ ერში მოიაზრება. ნაციონალიზმი მოიცავს არა მხოლოდ ლიტერატურულსა თუ თეორიულ ნარატივებსა და ფიგურებს, არამედ ის, უპირველეს ყოვლისა, ბიოპოლიტიკაა - ადამიანის სხეულების მართვისა და კონტროლის სისტემა. ნაციონალიზმი იგონებს არა მხოლოდ წინაპართა და გმირთა ფუგურებს, არამედ ცოცხალი ადამიანების სიცოცხლისა და ცხოვრების ნორმებსაც, მაგალითად: როგორი უნდა იყოს ქალი და როგორი უნდა იყოს მამაკაცი, რა არის ჯანსაღი და არაჯანსაღი, ეროვნული და არაეროვნული, მისაღები და მიუღებელი, ტრადიციული და არატრადიციული. როგორც დამპყრობელი ქვეყანა აგლეჯს დაპყრობილს ცალკეულ ნაწილებს, ასევე ნაციონალიზმი ართმევს ნაციას ყველა იმ ადამიანს თუ კულტურულ ფორმას, რომლებიც არ თავსდებიან ნაციონალიზმის მიერ დადგენილი და განსაზღვრული ეროვნულობის ნორმებში. ესაა ნაციონალიზმის ავტოიმუნურობა, რომელიც ერად წოდებული ადამიანთა ერთობის შინაგან ოკუპაციას ახდენს.

XXI საუკუნის საქართველოში ავტოიმუნური დაავადება გამომჟღავნდა ახალი სიმპტომებით, რომლებზეც ცალკე წერილში ვისაუბრებთ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG