Accessibility links

logo-print

მსოფლიო ბანკის ვარაუდით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2014 წლის ბოლოს ისევ 6 %-ს დაუბრუნდება. გასულ წელს, ანუ 2013-ში, ჩვენი ეკონომიკა ორჯერ ნაკლები პროცენტით იზრდებოდა. მიზეზი, რამაც ეს ერთწლიანი ჩავარდნა გამოიწვია, როგორც ჩანს, ის არის, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ ბიზნესები ელოდებოდნენ პოლიტიკური მდგომარეობის სტაბილიზებას. ამ წელს კი სავარაუდოდ, როგორც იტყვიან, ნდობა აღდგა.

პოლიტიკური მდგომარეობის სტაბილიზებაში იგულისხმება ის, რომ ერთპარტიულიდან ორპარტიულ სისტემაზე გადასვლა თითქმის დასრულებულია. მართალია, მმართველი პარტია ჯერ კიდევ სხვადასხვა უკანონო და არაფორმალური მეთოდებით ცდილობს ოპოზიციური პარტიის დაჩაგვრას, მაგრამ საერთო ჯამში, „ქართული ოცნების“ ისტებლიშმენტში მაინც ყველა შეგუებულია, რომ კონკურენტულ გარემოში მოუწევთ ბრძოლა.

ამ სტრუქტურული ფაქტორებით გამოწვეული წარმატების პირად დამსახურებად გამოცხადების ცდუნება დიდია. ღარიბაშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ეს 6 %-იანი ზრდა (თუ მართლაც მოხდა), შესაძლოა, თავიანთი მთავრობის წარმატებული მუშაობის შედეგად გამოაცხადონ. სინამდვილეში, თავიდანვე მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, რომ 6 %-იან ზრდაში არაფერია არაორდინარული და განსაცვიფრებელი. პირიქით, საქართველოს ეკონომიკისთვის ეს სრულიად ბუნებრივი ზრდის მაჩვენებელია. 2003-დან 2013 წლამდე საქართველოს ეკონომიკა ყოველწლიურად სწორედ დაახლოებით 6 %-ით იზრდებოდა.

უფრო მეტიც, 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისის და ომის შემდგომაც კი, საქართველოს ეკონომიკას 6 %-იანი ზრდა ფაქტობრივად არ შეუწყვეტია, გასულ, 2013 წელს თუ არ ჩავთვლით. ეს დიაგრამაზეც შეგვიძლია ვიხილოთ.

(წყარო: მსოფლიო ბანკი)

(წყარო: მსოფლიო ბანკი)

ამგვარი ზრდა საქართველოს ეკონომიკისთვის, როგორც აღვნიშნე, ნორმალურია. ამავე დროს, აუცილებლად კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო და ალბათ გამეორება კიდევ ხშირად მოგვიწევს, რომ ეს ზრდა აქამდე არ გადაითარგმნებოდა სიღარიბის შემცირებაში.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2003-დან 2012 წლამდე იმ ადამიანთა რიცხვმა, ვინც დღეში ორ დოლარად ცხოვრობს, მხოლოდ 5 %-ით იკლო.

(წყარო: მსოფლიო ბანკი)

(წყარო: მსოფლიო ბანკი)

იმათი რიცხვი კი, ვინც დღეში 1,25 დოლარად ცხოვრობს, ფაქტობრივად, არ შეცვლილა.

სამწუხაროდ, უფრო ახალი მონაცემები ჯერჯერობით არ არსებობს და სიღარიბის მაჩვენებლის ცვლილებაზე ახალი მთავრობის პირობებში, ვერაფერს ვიტყვით. ერთი რამ კი ცხადია: ახალმა მთავრობამ, წინა მთავრობის მსგავსად, არ უნდა დაუშვას საბედისწერო შეცდომა და ეკონომიკის ზრდა არ უნდა მიიღოს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებად. თუ სიღარიბეს, როგორც უმთავრეს საზოგადოებრივ პრობლემას, ყურადღება არ დაეთმობა, წინ კიდევ გველის ახალი პოლიტიკური არასტაბილურობის ეტაპები.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG