Accessibility links

logo-print

13 აგვისტოს რუსეთმა სავაჭრო სანქციები დაუწესა ალბანეთს, ჩერნოგორიას, ისლანდიასა და ლიხტენშტაინს. უკრაინის მისამართით მოსკოვი სანქციებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შემოიღებს, თუ 2016 წელს ძალაში შევა კიევსა და ევროკავშირს შორის დადებული სავაჭრო ხელშეკრულება. თავის მხრივ, ევროკავშირმა 2016 წლის იანვრამდე გაუგრძელა ვადა რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს. შეგახსენებთ, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციები არ ეხება ბუნებრივ გაზს.

სანქციების ამ ომს, როგორც იცით, საქართველო მხოლოდ ნაწილობრივ შეუერთდა. თბილისმა სანქციები დაუწესა მხოლოდ ყირიმში წამოებულ პროდუქციას. მოსალოდნელი იყო, რომ ამის საპასუხოდ, იმ ოთხ ახალ ქვეყანას, რომელთა საკვებ პროდუქციასაც 13 აგვისტოს რუსეთმა ემბარგო დაუწესა, საქართველოც შეემატებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. რუსეთის მედიაზე დაყრდნობით, Georgia Today წერს, რომ საქართველოს დასჯა რუსეთის მინისტრთა კაბინეტმა მხოლოდ იმ მიზეზით არ ჩათვალა საჭიროდ, რომ თბილისის სანქციების ზემოქმედება მოსკოვზე უმნიშვნელო იყო და თანაც, საქართველოსა და რუსეთის სავაჭრო ურთიერთობათა ინტენსივობა ისედაც დაბალია.

განვითარებული მოვლენების ფონზე კრიტიკული თვალით უნდა გადავხედოთ საქართველოს პოლიტიკასა და საჯარო სივრცეში რუსეთზე არსებულ შეხედულებებს. დაახლოებით ამ ერთი წლის წინ ვწერდი, რომ რუსეთთან თანამშრომლობა საშიშია და ფინეთის მოდელი ამ შემთხვევაში ვერ გამოგვადგება. მიზეზი ის არის, რომ ფინეთი ე.წ. „შეკავების დოქტრინის“და ერთ ხანს უფრო რადიკალური რეიგანის დოქტრინის პირობებში ცდილობდა დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. დღეს აშშ-სა და ევროპას რუსეთის მიმართ მსგავსი აგრესიული პოლიტიკა ჯერჯერობით არ აქვთ. მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით ამ არგუმენტს შეგვიძლია დავამატოთ კიდევ ერთი იმის საჩვენებლად, თუ რატომ არ გვიღირს რუსეთთან თანამშრომლობა.

მაშინ, როცა რუსეთის მოსახლეობა მზად არის, უკან არ დაიხიოს და სანქციების გამანადგურებელ ეფექტს გაუძლოს, რამდენად სწორია ჩვენი პოზიცია, რომ სანქციებს ყველანაირად ავარიდოთ თავი?

ერთი კონტრარგუმენტი, რასაც, ძირითადად, „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები იყენებენ რუსეთისთვის სანქციების დაწესების საწინააღმდეგოდ, ის არის, რომ ასეთი ნაბიჯი დააზარალებს საქართველოს ეკონომიკას. ეს არგუმენტი გულისხმობს, რომ ეკონომიკა ნამდვილად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე, ვთქვათ, სამართლიანობა. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, მაგრამ ისიც ცხადია, რომ თვითგადარჩენისთვის ეკონომიკურ ინტერესებს სახელმწიფომ და საზოგადოებამ ზოგჯერ გარკვეული მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს. საკითხავი მხოლოდ ის არის, რა დონემდე შეიძლება მორალური საკითხების უგულებელყოფა ეკონომიკის აღორძინებაზე ფიქრისას? როდის უნდა გადაწონოს მორალმა ეკონომიკა?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა დავაკვირდეთ მოწინააღმდეგის ქცევას: რამდენად სერიოზულია მოწინააღმდეგისთვის არსებული დაპირისპირება? რისი გაწირვა შეუძლია მოწინააღმდეგეს იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიოს? ჩვენს შემთხვევაში ისე გამოდის, რომ რუსეთის მოსახლეობას ძალიან პრინციპული და პატრიოტული პოზიცია უკავია და ყველანაირად მზად არის, ეკონომიკური კეთილდღეობაც გაწიროს იმის განსახორციელებლად, რაც მორალურად გამართლებულად მიაჩნია. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ მოცემულ შემთხვევაში რუსეთის მოსახლეობისთვის თავიანთი საზოგადოების კოლექტიური ინტერესები (ე.წ. ნაციონალური იდეა) უფრო მაღლა დგას, ვიდრე დროებითი ეკონომიკური სარგებელი. თუ ჩვენი სახელმწიფო რუსეთთან საგარეო ვაჭრობას გაწყვეტს, ამით ის იმაზე ნაკლებად დაზარალდება, ვიდრე რუსეთი ზარალდება ევროკავშირის და აშშ-ის სანქციების ზემოქმედების შედეგად. რატომ არ ვართ მზად ასეთი რადიკალური ნაბიჯის გადასადგმელად? ვფიქრობ, ეს კითხვა სრული სერიოზულობით უნდა დავუსვათ ერთმანეთს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG