Accessibility links

logo-print

1993 წელს ამერიკელმა პოლიტოლოგმა სემუელ ჰანტინგტონმა ავტორიტეტიან ჟურნალ Foreign Affairs-ში გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „ცივილიზაციათა შეჯახება?“ ამ სტატიაში ჰანტინგტონი წერს, რომ მსოფლიოში იდეოლოგიურ და ეროვნულ კონფლიქტებს ცივილიზაციათა შორის კონფლიქტი ჩაანაცვლებს. წერილს მოჰყვა ცხარე დებატები დასავლეთისა და, ზოგადად, მთელი მსოფლიოს აკადემიურსა და ინტელექტუალურ წრეებში, საჯარო სივრცეში. მოგვიანებით, 1996 წელს, ჰანტინგტონმა იმავე სათაურით გამოუშვა წიგნი, რომელიც დარგის კლასიკად იქცა. ჰანტინგტონის თეზისი აქტუალობას არც დღეს კარგავს, განსაკუთრებით 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ. მასზე დაფიქრება კიდევ ერთხელ მოგვიწევს 13 და14 ნოემბერს, ბეირუთსა და პარიზში ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ მოწყობილი ტერაქტების შემდეგ, რომლებსაც 150-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ჰანტინგტონის უზარმაზარი გავლენა იგრძნობა ანტიდასავლელ ფილოსოფოსებშიც კი, მაგალითად, ქართველებისთვის კარგად ცნობილი რუსი გეოპოლიტიკოსის, ალექსანდრ დუგინის ნაწერებშიც. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ჰანტინგტონმა საფუძველი ჩაუყარა მნიშვნელოვან თეორიულ მოდელს, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ასახსნელად გამოიყენება. როგორც თავად ავტორი აღნიშნავდა, ის სულაც არ ცდილობს დაამტკიცოს, რომ იდეოლოგიური და სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტი მთლიანად გაქრება, არამედ მხოლოდ იმას ამბობს, რომ ცივილიზაციათა შორის კონფლიქტი მათ მეორეხარისხოვნად აქცევს.

პოლიტიკურ დონეზე ეს თეზისი არ გამართლდა: არ ჩამოყალიბდა მკვეთრი რეგიონალური ბლოკები, რომლებიც სხვადასხვა ცივილიზაციებს ერთმანეთისგან გამოაცალკევებდა და რომლებიც ერთმანეთს დაუნდობლად დაუპირისპირდებოდა. ჰანტინგტონისთვის ცივილიზაციების რიცხვი 1990-იან წლებში ცხრით შემოიფარგლებოდა. ესენია: დასავლური, ლათინურამერიკული, იაპონური, ჩინური, ბუდისტური, ისლამური, ინდუისტური, აფრიკული და ქრისტიანულ-მართლმადიდებლური. მათგან მხოლოდ ერთი − იაპონური ცივილიზაციაა მოქცეული ერ-სახელმწიფოში. დანარჩენი ცივილიზაციები სხვადასხვა ერ-სახელმწიფოებს მოიცავენ. მაგალითად, ისლამური ცივილიზაცია მოიცავს ახლო აღმოსავლეთის სუნიტურ და შიიტურ ქვეყნებს, ასევე, ევროპის, აზიისა და აფრიკის ისლამურ ქვეყნებსაც (ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, პაკისტანი, ინდონეზია, მალაიზია, ლიბია, მალი, ნიგერია და ა.შ.). ჰანტინგტონის თეზისის მიხედვით, დროთა განმავლობაში ცივილიზაციები საერთო პოლიტიკურ ბლოკებად უნდა ჩამოყალიბებულიყვნენ და ერთმანეთს დაპირისპირებოდნენ.

რეალურ ცხოვრებაში მოვლენები იმაზე გაცილებით უფრო კომპლექსურად განვითარდა, ვიდრე ჰანტინგტონმა იწინასწარმეტყველა. ცივილიზაციათა შორის კონფლიქტმა ვერ გადაწონა ვერც კონფლიქტი ერ-სახელმწიფოებს შორის, და ვერც ეკონომიკური და იდეოლოგიური ხასიათის კონფლიქტები. ქვემოთ ამის დამადასტურებელ მაგალითებს მოვიყვან და შემდეგ ვისაუბრებ იმაზე, თუ ვის სურს დღეს ყველაზე მეტად ჰანტინგტონის თეზისის გამართლება და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თეზისი არ გამართლდეს.

დავიწყოთ იმით, რომ ჰანტინგტონის თეზისის სისწორეს ვერ შევამოწმებთ იაპონიის მაგალითზე. რაკი იაპონური ცივილიზაცია ერთ ერ-სახელმწიფოშია მოქცეული, ძნელია თქმა, თუ რომელია ჰანტინგტონისეული ცივილიზაციის ინტერესები და რომელია ცალკეული ერი-სახელმწიფოს ან იდეოლოგიის ინტერესები (მაგალითად, რომელია იაპონიის ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფოს ინტერესები და რომელია იაპონური ცივილიზაციის ინტერესები და რის მიხედვით მოქმედებენ იაპონელები). რაც შეეხება ქრისტიანულ-მართლმადიდებელ ცივილიზაციას, აქ ვითარება ჰანტინგტონის თეზისის შესაბამისად არ განვითარებულა. მართლმადიდებელმა უკრაინამ და მათლმადიდებელმა საქართველომ სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს მართლმადიდებელი რუსეთის მცდელობას, გაეზარდა თავისი გავლენა. ამას გარდა, კათოლიკურმა და პროტესტანტულმა დასავლეთმა თავის პოლიტიკურ ბლოკში გააერთიანა მართლმადიდებელი საბერძნეთი, რუმინეთი და ბულგარეთი. ამ შემთხვევაში, ევროპული იდენტობა განსაზღვრა არა საერთო ცივილიზაციის ნიშნებმა, - ჰანტინგტონის მიხედვით, კათოლიკურმა და პროტესტანტულმა ქრისტიანობამ და განმანათლებლობის ისტორიულმა გამოცდილებამ - არამედ ქვეყნების საერთო პოლიტიკურმა იდეოლოგიებმა: მათმა ერთგულებამ ლიბერალური დემოკრატიისა და სეკულარიზმისადმი.

ვითარება ანალოგიურად განვითარდა ჩინური ცივილიზაციის შემთხვევაშიც. ჰანტინგტონის მიხედვით, კორეული და ჩინური კულტურები მსგავსი კულტურებია, თუმცა ამჟამად სამხრეთი კორეა რადიკალურად საპირისპირო ბანაკში მოიაზრება და იდეოლოგიურად აშშ-ისა და იაპონიის მხარე უფრო უკავია, ვიდრე ჩინეთისა (მაშინ, როდესაც კომუნისტური ჩრდილოეთი კორეა იდეოლოგიურად ჩინეთთან არის დაახლოებული). ცივილიზაცია იდენტობის სუსტი განმსაზღვრელია ლათინურ ამერიკაშიც, სადაც გვხვდება იდენტობის განმსაზღვრელი დამატებითი ნიშნები: მაგალითად, სალაპარაკო ენა ბრაზილიის შემთხვევაში (პორტუგალიური), ან სოციალიზმი ვენესეულის, ეკვადორისა და ბოლივიის შემთხვევებში.

ჰანტინგტონის ცივილიზაციების თეზისი ყველაზე მეტად არ მართლდება ისლამურ სამყაროში. დღეს ისლამური სამყარო არ არის გაერთიანებული საერთო „ცივილიზაციური“ ნიშნით. ამ სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ. „სექტარიანული“ დაყოფები. მათგან უმთავრესია დაყოფა სუნიტებად და შიიტებად. სუნიტები თავს ტრადიციული ისლამის მიმდევრებად მიიჩნევენ და სჯერათ, რომ მუჰამედის ნამდვილი მემკვიდრე მისი სიმამრი, აბუ ბაქრი იყო. ამის საპირისპიროდ შიიტები მიიჩნევენ, რომ მუჰამედის ბიძაშვილი და სიძე ალი იყო მისი პირველი ხალიფა. ალი აბუ-ბაქრის მომხრეებმა ლოცვის დროს მოკლეს. მისი შვილები და მუჰამედის შვილიშვილები ჰასანი და ჰუსეინი ასევე საპირისპირო ბანაკთან დაპირისპირებას ემსხვერპლნენ. ჰასანი ცოლმა მოწამლა, ხოლო ჰუსეინი მოკლეს ქარბალის ბრძოლაში, სადაც დღემდე ყოველწლიურად იკრიბებიან შიიტი მუსლიმები ე.წ. „აშურას დღეს“ (გახსენების დღეს) და იმამ ჰუსეინს გლოვობენ. შიიტების უმრავლესობას ასევე სწამს, რომ მეთორმეტე იმამი მუჰამედ ალ-მაჰდი არ გარდაცვლილა, არამედ გაუჩინარდა და ერთ დღესაც სამართლიანობის დასამყარებლად მოევლინება მსოფლიოს.

შიიტებისა და სუნიტების კონფლიქტი დღეს ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დაპირისპირებაა. აშშ-ისა და კოალიციური ჯარების მიერ ერაყის ოკუპაციის შემდეგ, 2006 წელს, ერაყში გაჩაღდა სამოქალაქო კონფლიქტი სუნიტებსა და შიიტებს შორის. ოკუპაციამდე ერაყის დიქტატორი სადამ ჰუსეინი ქვეყანას რელიგიური იდეოლოგიით არ მართავდა (თავის პარტიას ის სოციალისტურს უწოდებდა). ამის მიუხედავად, თავად ჰუსეინი სუნიტური ოჯახიდან იყო, მაშინ, როდესაც ერაყის მოსახლეობის უმრავლესობას შიიტები შეადგენენ. ჰუსეინის ჩამოგდების შემდეგ, უმცირესობაში მყოფმა და „უპატრონოდ“ დარჩენილმა სუნიტებმა პრივილეგიები დაკარგეს, ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული პრემიერ-მინისტრი კი შიიტი გახდა. სუნიტებმა დაიწყეს ტერორისტული თავდასხმების განხორციელება შიიტებზე. ისინი აფეთქებდნენ მეჩეთებს, ბაზრებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებს. პასუხად, შიიტი მებრძოლები იტაცებდნენ და აწამებდნენ სუნიტებს, სიკვდილით სჯიდნენ მათ. ერაყელ სუნიტებს ეხმარებოდნენ ფინანსური შემომწირველები და მებრძოლები სხვა სუნიტური ქვეყნებიდან (მათ შორის, „ალ-ყაიდის“ ექსტრემისტული ორგანიზაცია), ხოლო ერაყელ შიიტებს მხარდაჭერს უცხადებდა და დღემდე უცხადებს ყველაზე დიდი შიიტური ქვეყანა − ირანი.

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“, რომელიც რადიკალურ სუნიტურ ისლამს მისდევს, სწორედ ერაყში განვითარებული მოვლენებიდან იღებს სათავეს. ის განსაკუთრებით გაძლიერდა სირიის სამოქალაქო ომის მსვლელობაში. ამავე დროს, დღეს მის მოწინააღმდეგეთა რიგებში არიან როგორც შიიტური, ისე სუნიტური ისლამის მიმდევრებით დასახლებული ქვეყნები. მაგალითად, 2015 წლის დასაწყისში, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა შეიპყრეს და ცოცხლად დაწვეს იორდანიელი პილოტი. ამის პასუხად სუნიტური ქვეყნის, იორდანიის მეფე თავად გაუძღვა იორდანიის სამხედრო-საჰაერო ფლოტს „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციების დასაბომბად. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ შექმნილ კოალიციაში, ასევე, გაერთიანებული არიან ისეთი სუნიტური ქვეყნები, როგორებიცაა თურქეთი, საურის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, მაროკო და ბაჰრეინი (აქვეა ლიბანიც, თუმცა ამ ქვეყანაში შიიტებისა და სუნიტების რაოდენობა დაახლოებით თანაბარია).

ისლამურ სამყაროში მიმდინარე მოვლენები ჰანტინგტონის წინასწარმეტყველებას გამანადგურებელ დარტყმას აყენებს. სუნიტებმა და შიიტებმა არათუ ვერ მოახერხეს გაერთიანება, არამედ სუნიტებს შორისაც პირველ ადგილზე გამოვიდა პოლიტიკური განსხვავებები, რომლებმაც გადაფარა საერთო „ცივილიზაციური“ ნიშნები. დღეს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სეკულარულ, დასავლურ, ქრისტიანული კულტურის მქონე ქვეყნებთან ერთად იბრძვიან ახლო აღმოსავლეთის სუნიტური და შიიტური ისლამის მიმდევრებით დასახლებული ქვეყნებიც. ეს ჰანტინგტონისეულ ცივილიზაციებს შორის დაპირისპირება კი არა, პოლიტიკურ იდეოლოგიებზე, ეკონომიკურ ინტერესებსა და სექტარიანულ განსხვავებებზე დამყარებული დაპირისპირებებია.

ამავე დროს, „ისლამური სახელმწიფო“ სწორედ იმ ჯგუფებს მიეკუთვნება, რომელთა მიზანი ცივილიზაციათა ომის გაჩაღებაა. მათ არ ასვენებთ ის, რომ ვერ ახერხებენ ყველა მუსლიმის, უპირველესად კი სუნიტი მუსლიმების გადაბირებას. პარიზში ევროპელებისა და ლიბანში შიიტების წინააღმდეგ ტერაქტებს ისინი სწორედ იმ მიზნით აწყობენ, რომ მთელი მსოფლიო ცივილიზაციათა ომში ჩაითრიონ. უპირველესად, ეს არის გამოწვევა დასავლეთისთვის, რომელმაც ყოველი ღონე უნდა იხმაროს, რომ არ მოხდეს გაუცხოება დასავლური ფასეულობების მიმდევრებსა და, ზოგადად, მუსლიმებს შორის. ეს არის გამოწვევა საქართველოსთვისაც, რადგან მას ჰყავს შიიტი და სუნიტი მოქალაქეები, რომლებიც ქართულ საზოგადოებაში ბოლომდე ინტეგრირებულნი არ არიან.

გასაკვირი არაფერია იმაში, რომ პარიზში მოწყობილ ტერაქტს დასავლეთში გაცილებით მეტი ყურადღება დაეთმო, ვიდრე ლიბანში მოწყობილს. მსგავსი კულტურის ხალხები თანაგრძნობას ერთმანეთის მიმართ უფრო გამოხატავენ, ვიდრე სხვა კულტურის ხალხებისადმი. არც ფეისბუკზე სამფეროვანი დროშების პროფილის სურათებად დაყენება არის მაინცდამაინც იმის ნიშანი, რომ დასავლეთის მკვიდრებს და მათ გულშემატკივრებს გული არ შესტკივათ ლიბანზე. ერთის დატირება არამც და არამც არ ნიშნავს მეორისადმი გულგრილობას. ომში ჩაბმული ქვეყნები უფრო მეტად თავიანთ დახოცილებს გლოვობენ, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სხვების ბედი არ ანაღვლებთ.

ამის მიუხედავად, რბილად თუ ვიტყვით, სრულიად არაადეკვატური მგონია იმის გამოცხადება, რომ ევროპელის სიცოცხლე უფრო მეტად ფასობს, ვიდრე ლიბანელისა. ეს აზრი, ძირითადად, ქართულ ფეისბუკზე გაკეთებულ სტატუსებსა და კომენტარებში ამოვიკითხე და უკიდურესად შეწუხებულები ვარ იმის გამო, რომ ზოგიერთი ჩვენი მოქალაქე ასე ფიქრობს. მეორე მხრივ, ვიცი, რომ ეს არის სამწუხარო გამოძახილი ჩვენი ორასწლიანი კოლონიური წარსულისა, რომელიც დღემდე სწორედ ასეთი პერვერსიული ფორმებით იჩენს თავს.

როგორც უნდა იყოს, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის მგონია, რომ ხელი არ შევუწყოთ რადიკალურ ჯგუფებს, აახდინონ ცივილიზაციათა დაპირისპირების პროგნოზი. ჰანტინგტონი წერდა, რომ ამ წინასწარმეტყველების ახდენა იქნება კატასტროფა, რომელიც ძირს გამოუთხრის მშვიდობას მსოფლიოში და ერთმანეთის წინააღმდეგ ომში ჩააბამს ადამიანთა ფართო მასებს. ამ წინასწარმეტყველების ახდენა დღეს ყველაზე მეტად სურს ტერორისტულ ორგანიზაციას „ისლამურ სახელმწიფოს“, რომელიც ყოველ ღონეს ხმარობს, რათა ცალკე დასავლელები და მათი მხარდამჭერები, და ცალკე მუსლიმები ერთ ჰომოგენურ მასად აქციოს. თუ ეს მოახერხეს, მაშინ ვეღარაფერი დაუდგება წინ ახალ ჯვაროსნულ ომებსა და ცივილიზაციათა შეჯახებებს. ამის თავიდან აცილებას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, თუ კრიტიკულად გავიაზრებთ ჩვენივე დამოკიდებულებას განსხვავებული იდენტობის მქონე ადამიანთა მიმართ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG