Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დასავლეთი?


ბოლო დროს საქართველოში აშკარად გაძლიერდა (პრო)რუსული პროპაგანდა. ამ პროპაგანდას სხვადასხვანაირად შეიძლება ვებრძოლოთ, მაგრამ, ჩემი წარმოდგენით, ყველაზე ეფექტიანად შევებრძოლებით რაციონალურად განსჯით იმისა, თუ რას წარმოადგენს თანამედროვე რუსეთი და რას − დასავლეთი, სად არის ჩვენი ინტერესები, რა ურთიერთობა აქვთ რუსეთსა და დასავლეთს ჩვენთან და რა ურთიერთობა უნდა გვქონდეს ჩვენ მათთან.

პირველ რიგში, ხაზს გავუსვამ, რომ აქ რუსეთისა და დასავლეთის მიმართ ემოციურ დამოკიდებულებაზე კი არ ვლაპარაკობ, არამედ ვსაუბრობ ჩვენს სახელმწიფო ინტერესებზე (უმთავრესად სუვერენული არჩევანის შენარჩუნებაზე) და დემოკრატიულ განვითარებაზე. აქვე დავამატებ, რომ იმათ, ვისაც დამოუკიდებლობა და დემოკრატია არ აღელვებს (ვიცი, რომ ჩვენ შორის ასეთებიც არიან), შეუძლია აქვე შეწყვიტოს სტატიის კითხვა − თავისთვის საინტერესოს მასში ვერაფერს აღმოაჩენს.

თავიდანვე შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჩვენი რეგიონის ქვეყნები დაყოფილი არიან ორ ბლოკად: ერთ მხარეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნები, ხოლო საპირისპირო მხარეს − რუსეთი. დანარჩენი ქვეყნები ან ერთის მხარდამჭერები არიან, ან მეორისა. მაგალითად, საუდის არაბეთი ნატოს პარტნიორია, ბაშარ ასადის სირია კი − რუსეთის და ა.შ. ჩვენ განვიხილავთ იმას, თუ რას მოგვცემს ან ერთის, ან მეორის პარტნიორობა თუ წევრობა. სხვა შემთხვევას (ანუ ნეიტრალიტეტს) არ განვიხილავ. ნეიტრალიტეტი ჩვენს შემთხვევაში არის უტოპია, რადგან ჩვენი ტერიტორია რუსეთის გავლენის სფეროში შედის და რუსეთი არ მოისვენებს, სანამ არ დაგვიმორჩილებს. ვინც საქართველოში ნეიტრალიტეტს ქადაგებს, სინამდვილეში (გააზრებულად ან გაუაზრებლად) ქადაგებს რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევას.

თანამედროვე რუსეთი არის ავტოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც მართავს დიქტატორი; სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლება აღმასრულებელისგან განცალკევებული არ არის; ოპოზიციის ყველა სერიოზული ლიდერი ან დაჭერილია, ან მოკლული, ან კი სახელმწიფოსგან დევნილი და შევიწროებული. დიქტატორთან ერთად, სახელმწიფოს აკონტროლებს ძალოვანთა ლამის ყოვლისშემძლე კლანი, რომელიც ასევე განაგებს ქვეყნის მატერიალურ რესურსებს. რუსეთში კლავენ უფლებადამცველებს და არ სჯიან მათ ნამდვილ მკვლელებს, სხვადასხვა გზებით აკონტროლებენ სამოქალაქო საზოგადოებას, და ფაქტობრივად, არ გააჩნიათ გავლენიანი დამოუკიდებელი მედია. გარდა ამისა, რუსეთის სახელმწიფო პირდაპირ ხელს უწყობს ექსტრემისტულ ნეონაცისტურ ორგანიზაციებს.

რუსეთის პარტნიორი ქვეყნები არიან ასევე ავტორიტარული სახელმწიფოები, სადაც შეზღუდულია ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. რუსეთის სამხედრო, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური გავლენა ამ ქვეყნებზე ხელს უწყობს ისეთივე ავტორიტარული რეჟიმების ჩამოყალიბებას და განმტკიცებას, როგორიც თავად რუსეთშია. რუსეთის არ არის დაინტერესებული ამ ქვეყნებში დემოკრატიის განვითარებით.

ნატოს ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატებია. ამ ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური ოპოზიცია, რომლის წევრებსაც არ დევნიან და არ კლავენ. სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლებები დამოუკიდებელია და გამოყოფილია აღმასრულებელი ხელისუფლებისგან. სამოქალაქო საზოგადოება თავისუფალია სახელმწიფოს გავლენისგან და სახელმწიფო არ აკონტროლებს მედიას. ამერიკაში ხელს არ უწყობენ ექსტრემისტულ ნეონაცისტურ, რასისტულ და ტერორისტულ ჯგუფებს.

ამერიკის დემოკრატია არ არის სრულყოფილი და მას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს (განსაკუთრებით, მემარცხენე ფრთიდან), მაგრამ ამის მიუხედავად, აშშ-ში არის ისეთი დემოკრატია, როგორიც რუსეთში არ არის და არც არასდროს ყოფილა. ასევე, აშშ-ის პარტნიორი ევროპის ზოგიერთი ქვეყანა ამერიკაზე მეტად დემოკრატიული და ეგალიტარულია, მაგრამ ამერიკა ხელს არ უშლის ამ ქვეყნებში დემოკრატიული პროცესების განვითარებას. ევროკავშირი და ამერიკა დღეს ეკონომიკურად თანაბარი ძალის სუპერძალებია, რომლებიც თანამედროვე დასავლეთის ბირთვს ქმნიან.

როცა გიწევს არჩევანის გაკეთება ამ ორ სამხედრო ძალას შორის, თუ დემოკრატიულობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების კრიტერიუმით იხელმძღვანელებ, აუცილებლად დასავლეთი უნდა აირჩიო. სხვაგვარად დემოკრატიას ვერ გადაარჩენ და განწირული ხარ იმისთვის, რომ მტკიცედ გადაიხარო ავტორიტარიზმისკენ.

დემოკრატიას სულაც რომ თავი დავანებოთ და მხოლოდ სუვერენიტეტის შენარჩუნებაზე გავაკეთოთ აქცენტი, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთმა ნაწილობრივ უკვე წაგვართვა სუვერენიტეტი და მომავალში კიდევ მეტის წართმევას გეგმავს − მაშინ, როდესაც დასავლეთს მსგავსი განზრახვები არ აქვს. შესაბამისად, თუ პრორუსულ კურსს დავადექით, ჩვენს სუვერენიტეტს სერიოზული საფრთხე დაემუქრება.

თუ ეს მოცემულობა ვერ მივიღეთ და ვერც ადეკვატური დასკვნები გავაკეთეთ, ესე იგი დემოკრატია და სუვერენიტეტიც არ გვდომებია. თუ მხოლოდ ეკონომიკური ინტერესები გვამოძრავებს, მაშინ, როგორც უკვე აღვნიშნე, ამ თემის განხილვას აზრი ეკარგება. საგარეოპოლიტიკური კურსის არჩევისას ეკონომიკური განვითარების არგუმენტი იმიტომ არ მომწონს, რომ ის მეტისმეტად მატერიალისტურ-მომხმარებლურია. მატერიალურად მდიდრები არიან სპარსეთის ყურის ქვეყნებიც, მაგრამ განა ისინი მისაბაძ მაგალითად გამოგვადგება? ზოგიერთი ჩვენგანი საბჭოთა დროს ეკონომიკურად დღევანდელზე უკეთ ცხოვრობდა, მაგრამ განა გვინდა საბჭოთა ტოტალიტარულ სახელმწიფოში დაბრუნება? მესმის, რომ ზოგიერთი მოქალაქისთვის საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა, ქვეყანაში დემოკრატია იქნება თუ ავტორიტარიზმი, მათთვის მთავარია, სოციალური პირობები გაუმჯობესდეს, მაგრამ ეს, დამეთანხმებით, ობივატელური და ავტორიტარული აზროვნებაა.

უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ მხოლოდ დემოკრატიული იდეალების მიღება და სოციალური პრობლემების უგულებელყოფა ვერაფერი გამოსავალია. ეს კარგად იციან ევროპის ქვეყნებში, სადაც არსებობს ე.წ. სოციალური საბაზრო ეკონომიკა − ანუ ისეთი საბაზრო ეკონომიკა, სადაც თავისუფალ ბაზარს არ აძლევენ საშუალებას, იყოს რესურსების ერთადერთი გამანაწილებელი. თავისუფალ ბაზარს ჰყავს წაგებულები და მოგებულები, მაშინ, როდესაც ევროპული სოციალური სახელმწიფოს მიზანია, წაგებულებმაც შეძლონ ღირსეულად ცხოვრება.

დღევანდელი ჩვენი არჩევანი დასავლეთსა და რუსეთს შორის არის გარდაუვალი არჩევანი, რომელიც უკვე გავაკეთეთ და რომლის შესანარჩუნებლადაც ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ. უწინარესად, ეს არის არჩევანი დემოკრატიულ ქვეყნებსა და ავტორიტარულ, რეპრესიულ ქვეყანას შორის. თუ ვინმე დღეს ნეიტრალიტეტის ქიმერას ეკიდება, მან უნდა იცოდეს, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის განადგურებას ირჩევს. ის, რომ პრორუსულობა დღეს დემოკრატიასა და სუვერენიტეტზე უარის თქმას გულისხმობს, ცხადზე უცხადესია.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG