Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ტუღუში სასჯელაღსრულების მინისტრად დაინიშნა


გიორგი ტუღუში
გიორგი ტუღუში
საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში დათანხმდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პოსტზე მისი დანიშვნის შესახებ. ტუღუშის განცხადებით, მისთვის „ყველაზე დიდი მოტივაციის მომცემი“ არის ის ფაქტორი, რომ შეეძლება „გარდატეხის“ შეტანა და საქართველოში ისეთი პენიტენციალური სისტემის შექმნის ხელშეწყობა, რომელშიც არა მარტო აღმოიფხვრება ბოლო დროს გამოაშკარავებული მძიმე დანაშაულები, არამედ მინიმუმამდე იქნება დაყვანილი პატიმრების პრობლემები. ტუღუში დაჰპირდა პატიმართა ახლობლებს, მშობლებს, რომ მათი ოჯახის წევრები მაქსიმალურად იქნებიან დაცული სასჯელაღსრულების სისტემაში.

„ალბათ ბევრისთვის განცვიფრების საგანია, რატომ დათანხმდა ომბუდსმენი ამ გამოწვევას, თუმცა მინდა გითხრათ: აქამდე მე ვწერდი, დოკუმენტირებას ვახდენდი და ვაწვდიდი ხელისუფლებას ჩემს ხედვას. თუმცა, როგორც თავადაც აღნიშნა ბატონმა პრეზიდენტმა, ბევრი ჩემი რეკომენდაცია და მოწოდება დარჩა ყურადღების გარეშე. ახლა მე უნდა მომეცეს საშუალება, ის, რაზეც მე ვსაუბრობდი ბოლო სამი წელია, რეალურად გავატარო პრაქტიკაში“, განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის პოსტზე მან შეცვალა ხათუნა კალმახელიძე, რომელიც გუშინ გადადგა ამ პოსტიდან, პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ.
XS
SM
MD
LG