Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი პოლიციის მიერ ნაცემი ახალგაზრდის შესახებ


გიორგი ტუღუში
გიორგი ტუღუში
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ 23 წლის გიორგი ქავთარაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს და ამ მიზნით ის მთავარ პროკურორს მიმართავს. ომბუდსმენის მიერ 12 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში საუბარია დაახლოებით ათი დღის წინ სოფელ ანაკლიის პოლიციის განყოფილებაში მომხდარ ფაქტზე, რამაც ახალგაზრდას ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა. ადგილობრივი ექიმების მიერ პირველ ეტაპზე უარყოფილი დაზიანებები საბოლოოდ მაინც დადასტურდა.

შეიძლება ითქვას, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფლის მკვიდრს, 23 წლის გიორგი ქავთავარაძეს, საკმაოდ ძვირად დაუჯდა 3 ივლისს სოფელ ანაკლიის მონახულებისა და ერთი ღამით იქ დარჩენის სურვილი. 4 ივლისს, გამთენიისას, ის ჯერ ანაკლიის საზაფხულო ბანაკის მიმდებარე ტერიტორიიდან პოლიციის განყოფილებაში, ხოლო შემდეგ ზუგდიდის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფო „რესპუბლიკაში“ მოხვდა. როგორც ჯერ ისევ საავადმყოფოში მყოფმა დაზარალებულმა 4 ივლისს მოუთხრო სახალხო დამცველის რწმუნებულს, პოლიციელებმა მას და მის მეგობრებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც ისინი საბუთებისა და ალკოჰოლის ტესტის გავლის შემდეგ პოლიციის მანქანით გადაიყვანეს. დაზარალებულის მონათხრობის მიხედვით, რაც სახალხო დამცველის განცხადებაშია ასახული, ”მან პოლიციელს სთხოვა, არ დაეკისრებინა მისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა, ვინაიდან მას ადრე უკვე ჰქონდა დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი”, მაგრამ ”აღნიშნულის გამო პოლიციის თანამშრომელმა მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი გაარტყა მარცხენა წარბის არეში, რის შემდეგაც ქავთარაძემ თავბრუსხვევა იგრძნო.”

გიორგი ქავთარაძის საავადმყოფოში გადაყვანის ამბავი ადგილობრივმა ინტერნეტპორტალმა ”ლაივპრესმა”საზოგადოებას 4 ივლისს პირველმა ამცნო და ისიც შეატყობინა, რომ მედიის წარმომადგენლებს საავადმყოფოს შენობაში შესვლა კარგა ხნის მანძილზე ეკრძალებოდათ. ოდნავ მოგვიანებით კი კომენტარი ზუგდიდის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა რონალდ ახალაიამ გააკეთა:

მას ჰქონდა ნაკაწრი ჭრილობები თავის და გულმკერდის არეში, რაც ჩანიშნული იყო ასევე სამედიცინო ბარათში და იმავე ბარათში ეწერა, რომ მას დაუდგინდა დიაგნოზი - თავის ტვინის შერყევა ...
Write your quote footer here...

”დაზიანებები საერთოდ არ აღენიშნება - წარბზე აქვს პატარა ნაკაწრი და მეტი არაფერი. ტრავმული ნიშნები არ აღენიშნება და თავის ტვინის შერყევა კიდევ არა აქვს ამჟამად და, აი, ასეთი მდგომარეობაა... ჩვენმა ექიმებმა ნახეს, ნეიროქირურგმა და ყველამ და ამჟამად მდგომარეობა არ არის საგანგაშო. დღეს დატოვეს, დაკვირვების ქვეშ იქნება და, თუ ყველაფერი ნორმალურად იქნება, შეიძლება ხვალ გავუშვათ. ეს დილით არის შემოყვანილი, 6 საათზე.”

ეს კომენტარი ზუგდიდის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა რონალდ ახალაიამ 4 ივლისს გააკეთა, სწორედ იმ დღეს, როდესაც თავად დაზარალებულმა ქავთარაძემ მოუთხრო სახალხო დამცველის რწმუნებულს, რომ პოლიციაში ცემის შემდეგ მას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა და მეტყველების პრობლემებიც კი გაუჩნდა.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა ნათია იმნაძემ 12 ივლისს უთხრა რადიო თავისუფლებას, გიორგი ქავთარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება უკვე ექიმების მიერაც არის დადასტურებული:

”მას ჰქონდა ნაკაწრი ჭრილობები თავის და გულმკერდის არეში, რაც ჩანიშნული იყო ასევე სამედიცინო ბარათში და იმავე ბარათში ეწერა, რომ მას დაუდგინდა დიაგნოზი - თავის ტვინის შერყევა. გარდა ამისა, მას აღენიშნებოდა ნევროზული მდგომარეობა და ენა ებმებოდა, რაც, ექიმის ჩანაწერის მიხედვით, მას ადრე არ აღენიშნებოდა.”

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ქავთარაძე უკვე უკეთ არის და გაწერილია საავადმყოფოდან, სახალხო დამცველის აპარატმა მთავარ პროკურორს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. მართალია, განცხადება 12 ივლისს გამოქვეყნდა, მაგრამ, ნათია იმნაძის თქმით, პროკურატურას ომბუდსმენმა დაახლოებით ერთი კვირის წინ მიმართა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, პროკურატურამ ქავთარაძის საქმესთან დაკავშირებით უკვე დაიწყო გამოძიება და ახლა სახალხო დამცველის აპარატი უკვე კონკრეტულ ინფორმაციას ელოდება და მათ შორის, სავარაუდოდ, უკვე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების შესახებაც. თუმცა ჩატარდა თუ არა ექსპერტიზა ანდა სხვა რა რეაგირება მოხდა გიორგი ქავთარაძის სავარაუდო ცემის ფაქტთან დაგავშირებით, ამ და სხვა შეკითხვებზე, მცდელობის მიუხედავად, რადიო თავისუფლებამ პროკურატურის პასუხები ვერ მოიძია.

როგორ პროგნოზს უკარნახებს და როგორ მოლოდინს უჩენს განვლილი წლების გამოცდილება სახალხო დამცველის აპარატს?

ნათია იმნაძის თქმით, ომბუდსმენის რეკომენდაციის საფუძველზე, როგორც წესი, საგამოძიებო პროცესი იწყება, მაგრამ ის ძირითადად უშედეგოდ მთავრდება. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, დამნაშავეები ბოლო წლებში მხოლოდ ერთი საქმის გამოძიების შედეგად დაისაჯნენ. ხოლო რაც შეეხება ძალის გადამეტებას პოლიციის მხრიდან, სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ასეთი შემთხვევები რეგულარულ ხასიათს ატარებს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG