Accessibility links

logo-print
საქართველოში საბჭოთა კავშირის აღსასრულისა და პოსტსაბჭოთა ხანის დადგომის პირველი მატერიალური თუ საგნობრივი ნიშანი იყო „რეი-ბანის“ მზის სათვალე, რომელიც ძირითადად მამრობითი სქესის ახალგაზრდების სახეებზე მაშინ გამოჩნდა, როდესაც ამერიკის პრეზიდენტ რონალდ რეიგანს მეორე საპრეზიდენტო ვადა დაუმთავრდა. თუკი ჯინსები და ბოტასები „ჩეკებით“ თუ „სპეკულანტების“ წყალობით საბჭოთა კავშირშიც მოიპოვებოდა ან საზღვარგარეთ ნამყოფობის საამაყო სიმბოლო იყო, რეი-ბანის გაჩენამ რეიგანის მიერ „ბოროტების იმპერიად“ წოდებული საბჭოთა კავშირის დაშლა დაადასტურა და მის ნანგრევებში შავი, მზის სათვალიანი ახალი ქართველების ამობრწყინებას დაუდო სათავე.

რეი-ბანის მარკის მზის სათვალე ამერიკაში, ჯერ კიდევ 30-იან წლებში გამოიგონეს და ის, უპირველეს ყოვლისა, პოლიციელების ატრიბუტი იყო. პოლიციას მალე სამხედროები და განგსტერებიც შეუერთდნენ და რეი-ბანმაც საბოლოოდ დაიმკვიდრა მამაკაცურობისა და „კაი ბიჭობის“ სიმბოლოს სტატუსი. ამან თავისი ასახვა ჰოლივუდშიც ჰპოვა და ვიეტნამის ომსა თუ განგსტერულ თემებზე გადაღებული ფილმებით რეი-ბანის შავმა მზის სათვალეებმა რეიგანის მმართველობის ბოლოს საქართველომდეც ჩამოაღწია. ამდენად, საქართველოში რეი-ბანის, როგორც დასავლური ცივილიზაციის სიმბოლოსა, და მისი მატარებელი ახალი ქართველების გაჩენას მნიშვნელოვანწილად ჰოლივუდმა შეუწყო ხელი.

ჰოლივუდი კი ის ადგილია, საიდანაც კინომაყურებელმა რონალდ რეიგანი გაიცნო კოვბოის ქუდითა და რევოლვერით ხელში, თუმცა იქ არა მხოლოდ მისი სამსახიობო კარიერა, არამედ პოლიტიკური აღმასვლაც დაიწყო. საბჭოთა პროპაგანდა ჰოლივუდში მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებლის გაპრეზიდენტებას დაცინვით შეხვდა. საქართველოს ტელევიზიის საინფორმაციო გადაცემის – „მოამბის“ საერთაშორისი მიმომხილველმა აბონ ციციაშვილმა ერთხელ რეიგანზე დაახლოებით ასეთი რამ თქვა: როგორც მსახიობი ის ჰოლივუდის ზარალი იყო, როგორც პრეზიდენტი კი საერთაშორისო პოლიტიკისო. თუმცა კი ამგვარი არაკეთილმოსურნე ფრაზები რადიკალურად შეიცვალა სულ ორიოდე წელიწადში, როდესაც რონალდ რეიგანი და მისი მეუღლე ნენსი საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივან მიხეილ გორბაჩოვთან და მის მეუღლე რაისასთან ერთად მოსკოვში, „წითელ მოედანზე“ გამოვიდნენ სასეირნოდ და ცივი ომის დასრულება აუწყეს მშვიდობას მოწყურებულ საბჭოთა და ამერიკელ ხალხებს. მათაც ისე გაუხარდათ, რომ ამერიკელებმა ახალშობილ ბავშვებს მიშა და რაისა დაარქვეს, საბჭოთა მოქალაქეებმა კი რეიგანების საპატივცემულოდ რეი-ბანები შეიძინეს, რათა თავისუფლების სინათლეს, რომელიც რეიგანმა მოჰფინა საბჭოეთს, განსაკუთრებით კი ქართველ ერს, თვალები არ დაეზიანებინა.

რეიგანმა და რეი-ბანმა დასავლური კულტურის თვალსაჩინო ნიმუშებით დაასაჩუქრეს საბჭოთა იმპერიის მარწუხებში გატანჯული საქართველო და „რკინის ფარდაში“ გაჭრილი პირველივე სარკმლიდან შემოყარეს ახალი ჰოლივუდური გმირები: ტონი მონტანა და კორლეონეების მთელი ოჯახი, ტერმინატორი და რამბო. და რადგან საბჭოური აღზრდიდან ისიც ვიცოდით, რომ გმირი მისაბაძია, რეი-ბანიანმა ქართველებმაც გადაწყვიტეს, რომ ახალი გმირების საგმირო საქმეები გაემეორებინათ.

მაგრამ, როგორც ლეგენდარული აბონ ციციაშვილი იტყოდა, რეიგანს დავიწყებოდა ქართული ანდაზა – „რაც მოგივა დავითაო, გადაგხდება თავსაო“(!) და ვერ გათვალა, რომ არც მშობლიური ხუთკუნჭულა და ბაყბაყდევები აპირებდნენ ასე ადვილად ასპარეზის დათმობას და პირდაპირ პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარვებთან ააფრიალეს ტრანსპარანტი რეიგანის მემკვიდრის – (მამა) ჯორჯ ბუშის გადადგომის მოთხოვნით. საგონებელში ჩავარდნილ რეიგანსა და მის ყოფილ მოადგილეს – (მამა) ჯორჯ ბუშს რეი-ბანიან საქართველოს მაშველთა კორპუსი გამოექომაგა და ჰოლივუდური მეთოდებით მოიგერია ხუთკუნჭულელთა რევანშისტული ამბოხი და საქართველოში რეიგანის, ბუშის, შულცის, ბეიკერისა და გენშერის საერთო მეგობარი – ედუარდ შევარდნაძე ჩამოიყვანა. ამით რეი-ბანიანელები და რეიგანი „ჩერეზ-ძმაკაცები“ გახდნენ.

მაგრამ შევარდნაძე არანაირ სათვალეს, მათ შორის არც მზისას, არ ატარებდა და არც რეიგანი ემეტებოდა რეი-ბანიანელთათვის საზიაროდ. ამიტომაც მან რეი-ბანიანელები მათივე საყვარელი ჰოლივუდური ფილმების სცენარით ჩამოიცილა, მაგრამ ამით საკუთარ თავსაც გამოუტანა განაჩენი, რადგანაც საქართველოში ურეიბანოდ ვერც რეიგანის იდეები მოიკიდებდა ფეხს. ასე აღსრულდა რეიგანის ანდერძი და მის ნაპრეზიდენტალ ამერიკაში აღზრდილმა ქართველებმა სულ რეი-ბანების ქნევით გამოამწყვდიეს შევარდნაძე მის რეიგანამდელ კრწანისის რეზიდენციაში. თავად კი ამ ღირსშესანიშნავი დღის მერვე წლისთავზე საბჭოთა იმპერიის შემმუსვრელი რეიგანის ძეგლი აღმართეს თბილისის გულში, ნიშნად იმისა, რომ სწორედ აქ, საქართველოში განხორციელდა მისი იდეები! რომ ეს ასეა, ამას რეი-ბანების შეძენაც აღარ სჭირდება: დღეს უკვე ყველას შეუძლია მიბრძანდეს რიყის პარკში და სკამზე შემოუსკუპდეს საქართველოს გამათავისუფლებელს - რონალდ რეიგანს!

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG