Accessibility links

logo-print

19 წლის იოსებ გიორხელიძის გატაცებაში ბრალდებულ პირებს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ ამით სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა განსასჯელებისთვის საპატიმრო სანქციის შეფარდების შესახებ. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, გაასაჩივრებენ თუ არა ბრალდებულები განაჩენს, წინასასამართლო სხდომა კი 2 დეკემბერისთვის დაინიშნა.

19 წლის იოსებ გიორხელიძის გატაცებაში ბრალდებული პირები, - ყოფილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის, ანუ კუდის, თანამშრომელი დურმიშხან ღვაჩლიანი, ყოფილი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის, ანუ სოდის, თანამშრომელი ჯემალ შონია, ასევე ალექსანდრე ჭანტურია და გიორგი ქალდანი, - თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, წინასწარ პატიმრობაში 2 თვის განმავლობაში დარჩებიან. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ანგარებით მძევლად ჩაგდების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებამ დაადგინა, რომ 10 ოქტომბერს ჯემალ შონიამ და გიორგი ქალდანმა მოტყუებით შეაღწიეს გიორხელიძის სახლში, იარაღის მუქარით სახლიდან გამოიყვანეს, ფულის გამოძალვის მიზნით თავისუფლება აღუკვეთეს და გათავისუფლების სანაცვლოდ მის ოჯახს 300 000 ამერიკული დოლარი მოსთხოვეს.

ჯემალ შონიამ, რომელსაც ჰქონდა გაკეთებული სპეციალური ნიშანი, თითქოს იყო თანამშრომელი, გათბობიდან მოსული, მოატყუა ბავშვი, შევიდა სახლში, შესვლის შემდეგ ბავშვს კეფაზე დაადო ცეცხლსასროლი იარაღი, მოსთხოვა დაჩოქილიყო, გაუკეთა ხელბორკილი და ამის შემდეგ მასთან ბინაში შეიყვანა დანარჩენი ორი ბრალდებული...

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროკურორმა თენგიზ ხარებავამ მომხდარი ჟურნალისტებთან შემდეგნაირად აღწერა:

“ჯემალ შონიამ, რომელსაც ჰქონდა გაკეთებული სპეციალური ნიშანი, თითქოს იყო თანამშრომელი, გათბობიდან მოსული, მოატყუა ბავშვი, შევიდა სახლში, შესვლის შემდეგ ბავშვს კეფაზე დაადო ცეცხლსასროლი იარაღი, მოსთხოვა დაჩოქილიყო, გაუკეთა ხელბორკილი და ამის შემდეგ მასთან ბინაში შეიყვანა დანარჩენი ორი ბრალდებული. ბავშვს შეუკრეს ფეხები, შემდეგ მათ მიერ მოტანილ დიდ ჩანთაში ჩასვეს, რომ ჩანთით გაეყვანათ საცხოვრებელი ბინიდან. რადგანაც ჩანთა გაიხა, იმიტომ რომ ბავშვი მოცულობითი იყო და წონას ვერ გაუძლო იმ მოტანილმა ჩანთამ, ამის შემდეგ ისევ გაუხსნეს ხელ-ფეხი, ჩაიყვანეს ქვევით იარაღის მუქარით, ჩასვეს მისივე ავტომანქანაში და გოთუას ქუჩიდან შემდეგ წაიყვანეს სანზონის მიმართულებით“.

გამოძიების ვერსიის თანახმად, დურმიშხან ღვაჩლიანი გატაცებული იოსებ გიორხელიძის მამის, როინ გიორხელიძის, ნაცნობი იყო. პროკურორის თქმით, განსასჯელებისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობის დაყენებისას ბრალდებამ იხელმძღვანელა იმით, რომ ჩადენილი იყო უმძიმესი დანაშაული და, შესაბამისად, დიდი იყო ბრალდებულების მიმალვის საფრთხე. პროკურორი თენგიზ ხარებავა განმარტავს, რომ მუხლი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს, თავისუფლების აღკვეთას 9-დან 14 წლამდე ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შეფარდების პროცესზე 4 ბრალდებულიდან მხოლოდ ერთი, ალექსანდრე ჭანტურია, წარდგა ადვოკატით. ადვოკატმა, ვლადიმერ კიკნაძემ განაცხადა,რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დანაშაული აღიარა. დაცვის შუამდგომლობაც გირაოს - 10 000 ლარის - სანაცვლოდ მის გათავისუფლებას ითვალისწინებდა, თუმცა სასამართლომ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა:

“არის უამრავი ნიუანსი და გადასახედია და გამოძიების პროცესში, ალბათ, გამოჩნდება. სხვადასხვა სიმძიმეა. ყველაფერს აქვს თავისი ხარისხი - დანაშაულის ჩადენასაც. ზოგმა ის ჩაიდინა, ზოგმა ამდენად დაამძიმა თავისი მდგომარეობა, გამოჩნდება“.

ალექსანდრე ჭანტურიას ადვოკატი ვლადიმერ კიკნაძე ფიქრობს, რომ გამოძიება ყველა დეტალს დაადგენს და ყველას თავისი დანაშაულის მიხედვით მიეზღვება. სამართალდამცავებმა კი, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 12 ოქტომბერს ალექსანდრე ჭანტურია და ჯემალ შონია თბილისში, 13 ოქტომბერს დურმიშხან ღვარჩლიანი დაბა წყნეთში, ხოლო გიორგი ქალდანი სოფელ არმაზში დააკავეს. გიორგი ქალდანის პირადი ჩხრეკისას „ტე-ტეს“ სისტემის პისტოლეტი, ვაზნები და 10 000 დოლარი ამოიღეს.

მომხდარი დანაშაული ბრალდებულების დაკავებისთანავე, „გონივრული ეჭვით“, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დააკავშირა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის თანახმადაც, „ეს არის ‘ნაციონალური მოძრაობის’ სახე და ხელწერა“:

“კიდევ ერთხელ მე მინდა შევახსენო მოსახლეობას, თუ ვის ხელში იყო საქართველო. აი, სწორედ ასეთი კრიმინალების, გამტაცებლების, მკვლელების და ყაჩაღების ხელში იყო მთელი სამინისტრო. ესენი მართავდნენ სახელმწიფოს. ეს, რა თქმა უნდა, გასარკვევია და მე ვიცი, რომ მინისტრი მუშაობს და სამინისტრო მუშაობს ამის თაობაზე, თუ ვინ დგას ამის უკან. ეს შემთხვევითი არ არის. მე ძალიან გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ამის უკან დგას ორგანიზებული ძალა. ეს პირდაპირ... მე, ყოველ შემთხვევაში, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ არის პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, თუმცა ამას, რა თქმა უნდა, გამოძიება სჭირდება“.

ირმა ნადირაშვილი

ირმა ნადირაშვილი

გიორხელიძის საქმის გამოძიების გარდა, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული სხდომის პარალელურად, დებატები გაიმართა საქართველოს პარლამენტშიც, სადაც უმცირესობამ უმრავლესობა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა პოლიტიკური ოპონენტების აკრძალული მეთოდებით დევნაში. დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა:

“თქვენი ყელმოღერებული პრემიერი ორი წლის წინ გვაბრალებდა 9 თვის ბავშვის მკვლელობას და ახლა გვაბრალებს ადამიანის გატაცების მცდელობას. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის უპასუხისმგებლო და უთავმოყვარეო ადამიანის განცხადება, რომელსაც ხელში შემთხვევით ჩაუვარდა ძალაუფლება. და მინდა კარგად დაიმახსოვროთ: ციხეში ჩაგდება არაფერს არ ნიშნავს, შეიძლება ციხიდან გამოხვიდე, ვიცე-სპიკერიც გახდე და პარლამენტის სხდომებიც მართო“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების მხრიდან დესტაბილიზაციის შესახებ მის მიმართ არსებული ეჭვების, მათ შორის, იოსებ გიორხელიძის გატაცების საქმეზე, საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს, „ქართულ ოცნებაში“ კი კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავენ.

XS
SM
MD
LG