Accessibility links

გირგვლიანის საქმე და ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი


მთავარი პროკურატურა

მთავარი პროკურატურა

სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულად ცნო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. გამოძიების თანახმად, იკვეთება სისტემური დანაშაული, რადგანაც სახელმწიფო სტრუქტურები „კოორდინირებულად“ მოქმედებდნენ დანაშაულის დაფარვის მიზნით. მთავარი პროკურატურის მიერ 27 ნოემბერს გამოქვეყნებული მასალები ასახავს აქცენტებს, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებაში გვხვდება. სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი ექს-პრეზიდენტის დადანაშაულებას მოელოდა.

საქართველოს ექს-პრეზიდენტს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით. 2006 წლის 27 იანვარს წამების შედეგად გარდაცვლილი სანდრო გირგვლიანის საქმეში მიხეილ სააკაშვილის ბრალი სისტემური დანაშაულის მნიშვნელოვან ნაწილად არის წარმოდგენილი. როგორც პროკურორ კოკა კაციტაძის მიერ 27 ნოემბერს საგანგებო ბრიფინგზე წაკითხულ განცხადებაშია აღნიშნული, „დანაშაულის დაფარვა, გამოძიების გაყალბება, დანაშაულში ჩართული მაღალი თანამდებობის პირებისთვის ხელის დაფარება და მათთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდება“ მოხდა „კორდინირებული და ურთიერთშეთანხმებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად“. აქვე დასახელებულია მოტივი, რაც ყოფილ პრეზიდენტს ამოძრავებდა:

„ამ ფაქტის გამო საზოგადოების მღელვარების მატებასთან ერთად, საქმით დაინტერესდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც გაცნობიერებული ჰქონდა, რომ დანაშაულში დავით ახალაიას ორგანიზატორობის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობის და შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის თამარ მერაბიშვილის დანაშაულთან შემხებლობის გამჟღავნება უარყოფითად აისახებოდა ხელისუფლების რეიტინგსა და ავტორიტეტზე, გაიზრდებოდა საზოგადოების უკმაყოფილება ხელისუფლებისადმი და გარდაუვლად დადგებოდა მასთან დაახლოებული პირების, შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დავით ახალაიას პოლიტიკური და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი“.

გამოძიების თანახმად, სწორედ პრეზიდენტის ხელდასხმით მოქმედებდნენ ჩამოთვლილი მაღალჩინოსნები, როდესაც განტევების ვაცების ძებნას შეუდგნენ. მაგალითად, დავით ახალაიამ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებს კატეგორიულად მოსთხოვა, რომ რამდენიმე მათგანს თავის თავზე აეღო დანაშაული და არ დაესახელებინა რეალური დამნაშავეები. სანაცვლოდ ისინი, პრივილეგიებით ისარგებლებდნენ, იქნებოდნენ ფინანსურად უზრუნველყოფილი და, იმდროინდელი პრეზიდენტის შეწყალების შედეგად, მოკლე ვადაში გათავისუფლდებოდნენ საპატიმროდან.

პროკურატურა აცხადებს, რომ „2008 წლის 24 ნოემბერს საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ბოროტად გამოიყენა რა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილება, დავით ახალაიასათვის წინასწარ მიცემული უკანონო დაპირების შესაბამისად, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით, შეიწყალა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა მსჯავრდებულებს გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძესა და ავთანდილ აფციაურს, რის შემდეგაც მათ მიმართ შესაძლებელი გახდა ვადამდე პირობით განთავისუფლების სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება და ისინი განთავისუფლდნენ სასჯელის მოხდისგან დაპატიმრებიდან 3 წლისა და 9 თვის შემდეგ“.

პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია ასევე, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე ახალი გარემოებების გამორკვევა და მიხეილ სააკაშვილისათვის ბრალდების გამოტანა მოხდა საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული განახლებული გამოძიების ფარგლებში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

სტრასბურგის სასამართლოს 2011 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება ჩვენთან საუბრისას დავით ჯანდიერმაც ახსენა, ადვოკატმა, რომელიც სანდრო გირგვლიანის ოჯახის ინტერესებს სწორედ სტრასბურგის სასამართლოში იცავდა. "სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ... რათა ამ საშინელი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“, – განაცხადა მაშინ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ და მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულთა შეწყალება „სიცოცხლის უფლების“ მიმართ უპატივცემულო მიდგომად ჩათვალა. ადვოკატ ჯანდიერს არ უკვირს, რომ გამოძიება სახელმწიფოს უმაღლეს პირამდეც მივიდა:

„ბუნებრივია, არსებობდა იმის მოლოდინი, რომ პროკურატურა ერთ დღეს, თავის ხელთ არსებული მასალების შემდგომი ძიების ჩატარების საფუძველზე, მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ სწორედ საქართველოს პრეზიდენტი შეიძლებოდა ყოფილიყო იმ ინსტიტუტების ურთიერთშეთანხმებული მოქმედების უკან, რაზეც სტრასბურგის სასამართლო საუბრობს, – რაც მიზნად ისახავდა სწორედ იმას, რომ გირგვლიანის საქმე მსჯავრდებული პირებისთვის ყოფილიყო მსუბუქი, რეალური მოტივი დამალულიყო და შემდგომში ამ ადამიანებს თავისუფლად ეგრძნოთ თავი“.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კვალდაკვალ, აღარ ჩათვალა საჭიროდ საქმეზე ხელახალი გამოძიების ჩატარება და მთელი ეს ისტორია გირგვლიანის მამისთვის ფულადი კომპენსაციის გადახდით დაასრულა. თუმცა დავით ჯანდიერი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში იმთავითვე ხედავდა საქმეზე ხელახალი გამოძიების ჩატარების ვალდებულებას, გადაწყვეტილებაში ასახულ დარღვევებზე დაყრდნობით. იმის დასტურად, რომ ეს ასეა, ადვოკატი კიდევ ერთ ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას:

„(ევროსაბჭოს) მინისტრთა კომიტეტს გამოაქვს საბოლოო რეზოლუცია და საქმეს დახურულად აცხადებს, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება. მინისტრთა კომიტეტს ამგვარი რეზოლუცია არა აქვს გამოტანილი. შესაბამისად, საქმე არის მიმდინარე, ანუ აღსრულება არ არის დასრულებული“.

სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებული ბრალდება უკვე მეოთხე ბრალდებაა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა მის ადვოკატს, ოთარ კახიძეს, რომელმაც კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა იმ მიზეზით, რომ ის არ იცნობს საქმის მასალებს. თუმცა აგვისტოში, როდესაც, ბევრისთვის მოულოდნელად, ალაპარაკდა სანდრო გირგვლიანის საქმეზე იმხანად დაკავებული ოლეგ მელნიკოვი და სწორედ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლების შეთანხმებულ, ერთობლივ ქმედებებზე გააკეთა აქცენტი, ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილისთვის ბრალის დამძიმებას არ მოელოდა, რადგანაც შესაძლოა ვიღაცისთვის გაუმართლებელი და მიუღებელი იყოს გირგვლიანის საქმეზე დაკავებული ოთხი დამნაშავის შეწყალების ფაქტი, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს ამის უფლება ჰქონდა და მას კანონი არ დაურღვევია.

მას შემდეგ, რაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ბრალდებულმა ოლეგ მელნიკოვმა ბრალი აღიარა, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მას ცრუ მოწმე უწოდეს და პოლიტიკურ ზეწოლაზე ალაპარაკდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები კი მიესალმებოდნენ ბრალდებულის მიერ სიმართლის თქმას მთელი მსოფლიოს გასაგონად.

სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი „დანაშაულის დაფარვის, გამოძიების გაყალბების და ციხეში მსჯავრდებულებისათვის კანონთან შეუსაბამო კომფორტული პირობების შექმნისთვის“, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილია ივანე მერაბიშვილის და ბაჩანა ახალაიას მიმართ, ხოლო დავით ახალაიას მიმართ საქმე სასამართლოშია წარმართული.

XS
SM
MD
LG