Accessibility links

გირგვლიანის საქმე - მთავარი მოწმე ცრუ ბრალდებებზე საუბრობს


პროკურატურის შენობა

პროკურატურის შენობა

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მთავარი მოწმე, ლევან ბუხაიძე, ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც საქმე ხელახალ გამოძიებაში დაბრუნდა, მის წინააღმდეგ ბინძური კამპანია დაიწყო. ლევან ბუხაიძის თანახმად, ბოლო დროს მედიასაშუალებებში მის წინააღმდეგ აბსურდული შინაარსის ცრუ ბრალდებები ქვეყნდება. სანდრო გირვლიანის მეგობარი ფიქრობს, რომ, დამნაშავეების რეაბილიტაციის მიზნით, მიზანმიმართული კამპანია წარმოებს.

გაერთიანებული ქართული ბანკის თანამშრომლის, 28 წლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ხელახალი გამოძიება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. საქართველოს მთავარ პროკურატურაში დღეს ამბობენ, რომ გამოძიება ჯერ არ დასრულებულა:

“მიმდინარეობს გამოძიება. ეტაპებად ვერ მოგახსენებთ, მაგრამ გამოძიება რომ მიმდინარეობს, გიდასტურებთ ამას და პროცესია საგამოძიებო“, - გვითხრა საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თემურ დოლიძემ.

შედარებით სიტყვაუხვი აღმოჩნდა ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი. გადაცემა „პოლიტიკის დროში“ 4 თებერვალს მან განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანის საქმე „მნიშვნელოვნადაა გამოძიებული“:

არჩილ კბილაშვილი

არჩილ კბილაშვილი

“აბსოლუტურადაა გამოძიებული სუფრის სცენა, გამოძიებულია ციხეში რა ვითარებას ჰქონდა ადგილი, თითქმის ყოველი დღე. იქ ერთი ელემენტი იყო დარჩენილი, რომელიც დღესაც კი, თუ არ ვცდები... ყოველ შემთხვევაში, ჩემს დროს ასე იყო: გამოძიებას საჭიროებდა გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი რა იყო, რადგან ვერ ხერხდებოდა ზუსტად დადგენილიყო, ის მოკლული იქნა თუ გაქცევის დროს იქნა გარდაცვლილი“.

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის თანახმად, არ შეიძლება ადამიანს დააბრალო მკვლელობა, თუ ის ბოლომდე არ არის გამყარებული მტკიცებულებებით. არჩილ კბილაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ამ მიმართულებით ბევრი საგამოძიებო მოქმედება და ექსპერიმენტი ჩატარდა, თუმცა ეჭვები მაინც რჩება. მისივე შეფასებით, სწორედ ეს ეჭვები ქმნის ობიექტურ სირთულეს.

გამოძიების მასალებს, გასაგები მიზეზების გამო, არ ახმაურებს, თავის მხრივ, სანდრო გირგვლიანის მეგობარი და მისი მკვლელობის საქმეში მთავარი მოწმე, ასევე დაზარალებული ლევან ბუხაიძე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღაჩინოსნების მიერ მისი და სანდრო გირგვლიანის გატაცებიდან გასული 8 წლის შემდეგ იგი საზოგადოების ყურადღების ცენტრში საგანგებო განცხადებით მოექცა. ლევან ბუხაიძე ამბობს, რომ მედიაში მისი საწინააღმდეგო კამპანია საეჭვოდ და მიზანმიმართულად გააქტიურდა:

“’პრაიმ ტაიმში’ გამოქვეყნდა პუბლიკაცია, თითქოს სანდროს მკვლელობაში ბრალდებულ განსასჯელებს ციხეში ვნახულობდი და ჩემი ტელეფონის ნომრით სარგებლობდნენ. კატეგორიულად ვაცხადებ, ეს არის სრული სისულელე და ტყუილი! თან ამის დადგენა ძალიან მარტივია და გამოძიება დაადგენს. ვინ უნდა მენახა ციხეში - სანდროს მკვლელები და ჩემი სიცოცხლის გამმწარებლები? ვერც ამ აბსურდულ ტყუილზე და ვერც ახალაიას ადვოკატის ავადმყოფურ და ბნელ აზრებზე ვერ დავიწყებ თავის მართლებას, თითქოს მე მაქვს კავშირი სანდროს მკვლელობასთან... ეს რომ სიმართლე იყოს, მაშინ გამოძიებას არ გაუჭირდებოდა ჩემთვის ამ მკვლელობის დაბრალება, რისი მცდელობა მაშინვე იყო“.

ლევან ბუხაიძე ეჭვობს, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში დამნაშავეების რეაბილიტაციის კამპანია მიმდინარეობს. ამ კამპანიის ნაწილად აღიქვამს იგი გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ეჭვმიტანილის, დათა ახალაიას, ადვოკატის, ირაკლი ზაქარეიშვილის შემდეგ განცხადებას:

“მე მინდა კატეგორიულად განვაცხადო, რომ გირგვლიანის საქმეზე გამოძიება შესულია ჩიხში. მოვუწოდებ პროკურატურას კარგად გაარკვიონ გირგვლიანის მეგობრის, ლევან ბუხაიძის, და ქალაქის სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელობის როლი გირგვლიანის გარდაცვალების საქმეში. მე ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, რომ საზოგადოებას წინ ელის შოკისმომგვრელი ფაქტები“.
გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველაფერი იგივე რჩება. უბრალოდ, პირველი ჩვენება, სულ პირველი, მოწმედ რომ იკითხებოდა, ის სხვა რაღაცა იყო, შემდეგ უკვე რომ დადგინდა და გაირკვა ყველაფერი, აბსოლუტურად იდენტური ჩვენებებია...

ლევან ბუხაიძის ადვოკატი ლაშა ავალიანი კი, თავის მხრივ, აზუსტებს, რომ გამოძიება სხვადასხვა ვერსიას ამუშავებს, თუმცა ლევან ბუხაიძის ჩვენებები უცვლელია:

“გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველაფერი იგივე რჩება. უბრალოდ, პირველი ჩვენება, სულ პირველი, მოწმედ რომ იკითხებოდა, ის სხვა რაღაცა იყო, შემდეგ უკვე რომ დადგინდა და გაირკვა ყველაფერი, აბსოლუტურად იდენტური ჩვენებებია“.

სანდრო გირგვლიანის საქმეში არსებულ ახალ გარემოებებზე ამ ცოტა ხნის წინ, ასევე გადაცემა „პოლიტიკის დროში“, ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემაც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ახალი გარემოებები სანდრო გირგვლიანის ხელახალი გამოძიების პროცესში ძირითადად მაღალჩინოსნების ბრალეულობას უკავშირდება. ამ მხრივ, მან, პირველ რიგში, დაასახელა შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელსაც ბრალი გირგვლიანის საქმის ეპიზოდითაც დაუმძიმდა. კერძოდ, კახი კალაძის თანახმად, ვანო მერაბიშვილი ხელს უშლიდა გამოძიებას და ცდილობდა არასწორი მიმართულებით წაეყვანა იგი:

“ასევე ძმები ახალაიები, ასევე იყო ერთ-ერთი თანამონაწილე, ბატონი მელნიკოვი, რომლის ჩამოყვანა მოხდა თბილისში და მიმდინარეობს გამოძიება; ყოფილი კუდის ყოფილი თანამშრომელი, ბატონი დავით ქოქიაშვილი. თუ არ ვცდები, ეს არის ბოლოდროინდელი ახალი გარემოებები, რაც პროკურატურამ დაიწყო მუშაობა ამ მიმართულებით და ვფიქრობ, რომ საზოგადოებას უახლოეს ხანში აუცილებლად ექნება პასუხი, რა მოხდა სინამდვილეში და ვინ იდგა ამ საქმის უკან“.

სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს, მრავლობითი დაზიანებებით, ოქროყანის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. დანაშაულში ეჭვმიტანილის სტატუსით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 4 თანამშრომელი დააკავეს. მართლმსაჯულებამ მათ 7-8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 2006 წელს წარმოებული გამოძიებით და სასამართლოს განაჩენით სანდრო გირგვლიანის გარდაცვალება შეფასდა როგორც „შარდენ ბარის“ გასასვლელთან წარმოშობილი პირადი კონფლიქტის გაგრძელება. მოგვიანებით დაკავებულები პრეზიდენტმა შეიწყალა. სანდრო გირგვლიანის ოჯახი კი მკვლელობის დამკვეთებად შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს - ვასილ სანოძეს, დათა ახალაიას, ვასილ მელნიკოვს, გურამ დონაძეს - და შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლეს, თაკო სალაყაიას, ხოლო უშუალო შემსრულებლად ოლეგ მელნიკოვს ასახელებდა.
XS
SM
MD
LG