Accessibility links

logo-print

რუდი ჯულიანის მიმართ შეიძლება შეკითხვები გაჩნდეს მისი წარსულის გამო


რუდი ჯულიანი

რუდი ჯულიანი

რუდი ჯულიანის, ნიუ-იორკის ყოფილ მერს, რომელიც აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მთავრობაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობის დაკავების მთავარი კანდიდატია, წარსულში გარიგებები ჰქონდა უცხო ქვეყნების - მათ შორის სერბიის, რუსეთისა და ირანის - პოლიტიკურ ლიდერებთან. ვარაუდობენ, რომ ამან შეიძლება გულმოდგინე შესწავლის საგნად აქციოს იგი სახელმწიფო მდივნად დანიშვნის შემთხვევაში..

ჯულიანიმ აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჰილარი კლინტონი გააკრიტიკა მისი კავშირების გამო უცხოურ მთავრობებთან და კორპორაციებთან, როცა კლინტონი საარჩევნო კამპანიას მართავდა. მაგრამ კრიტიკოსების აზრით, ჯულიანი თავად შეიძლება იქცეს მსგავსი ბრალდებების სამიზნედ საკუთარი ძველი კონტაქტების გამო.

მაგალითად, ნიუ-იორკის ყოფილ მერს გაუხსენეს, რომ 2012 წელს ის ბელგრადში შეხვდა სერბიის ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს, ალექსანდარ ვუჩიჩს, რომელიც მაშინ სერბიის პროგრესულ პარტიას ედგა სათავეში. ეს პარტია წარსულში სერბიის ავადსახსენებელი ლიდერის, სლობოდან მილოშევიჩის მოკავშირე იყო.

„ეს აღმაშფოთებელია“, წერდა ამ შეხვედრის თაობაზე ჰილარი კლინტონი იმეილში, რომელიც მოგვიანებით ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა და აშშ-სა და სერბიას შორის ურთიერთობებზეც იმოქმედა. ბელგრადში აშშ-ის საელჩო იძულებული გახდა განცხადება გაეკეთებინა და ეთქვა, რომ ვაშინგტონი არცერთ მხარეს არ ემხრობა სერბიის არჩევნებში.

თავად ჯულიანი ფიქრობს, რომ სწორედ თავისი საერთაშორისო გამოცდილებისა და კონტაქტების გამოა სახელმწიფო მდივნობის შესაფერისი კანდიდატი.

„ნამყოფი ვარ ოთხმოც ქვეყანაში, 150-თ სხვადასხვა ტურნეში... ისინი სხვადასხმა მიზანს ემსახურებოდა. იყო გამოსვლები, უსაფრთხოების საკითხებში კონსულტაციები, რომლებითაც დახმარებას ვწევდი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.“

კიდევ ერთი ცნობის თანახმად, ჯულიანის ფული გადაუხადა ირანის დისიდენტურმა ჯგუფმა მუჯაჰედინ-ე ხალყმა, რომელსაც კავშირი აქვს ექვსი ამერიკელის მკვლელობასთან 1970-იან წლებში. ჯგუფი ითხოვდა, რომ ამოღებული ყოფილიყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორისტული ორგანიზაციების შავი სიიდან.

მუჯაჰედინ-ე ხალყი სწორედ ჰილარი კლინტონის მინისტრობის პერიოდში, 2012 წელს იქნა ამოღებული შავი სიიდან. ოფიციალურ დასაბუთებაში ნათქვამია, რომ ჯგუფს, სულ მცირე, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში არ ჰქონდა განხორციელებული ტერორისტული აქტები. ჯულიანის თქმით, ჯგუფთან მისი კავშირები სრულიად გამჭვირვალეა.

ჯულიანის შესაძლოა უხერხულობა შეუქმნას რუსეთთან კონტაქტებმაც. ნიუ-იორკის ყოფილ მერს ჯერ კიდევ 2004 წლიდან ჰქონდა კავშირები კომპანია TriGlobal Strategic Ventures-თან, რომელიც უცხოელ კლიენეტებს დახმარებას უწევდა ყოფილ საბჭოთა კავშირში ახალი ბაზრების ათვისებაში. კომპანიის ვებსაიტის თანახმად, ჯულიანი მოსკოვში ხვდებოდა რუს ბიზნესმენებსა და პოლიტიკოსებს.

საიტზე ვკითხულობთ, რომ კომპანიის პრეზიდენტი ვიტალი პრუსი „მჭიდროდ თანამშრომლობდა“ Giuliani Partners-თან, კონსალტინგის ფირმასთან, რომელიც რუდი ჯულიანიმ 2002 წელს დააარსა მას შემდეგ, რაც დატოვა ნიუ-იორკის მერის პოსტი. რუსებთან თანამშრომლობის მიზანი იყო მონოპოლისტი ნავთობკომპანია ტრანსნეფტისა და სხვა კომპანიებისთვის სტრატეგიის შემუშავება.

სახელმწიფო კომპანია ტრანსნეფტი ერთ-ერთია იმ კომპნიებს შორის, რომლებსაც შეეხო დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები პასუხად რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიაზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG