Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იქნება თუ არა თარგამაძე კვლავაც ნდობის ჯგუფის წევრი


უმცირესობის ერთ-ერთი წევრი და წინა მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი გივი თარგამაძე 11 მაისს საქართველოში დაბრუნდა. ოფიციალური ინფორმაციით, ინტერპოლმა მისი ძებნა შეწყვიტა. თარგამაძე აცხადებს, რომ ევროპაში საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება პრინციპის საკითხი იყო. მის დაბრუნებასთან ერთად აქტუალობა შეიძინა პარლამენტში ნდობის ჯგუფის ჩამოყალიბების საკითხმაც, რომლის წევრად „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ გივი თარგამაძის კანდიდატურას აყენებს, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც არის მმართველი პარტია.

გივი თარგამაძემ ბოლო სამი თვე ლიტვაში გაატარა. დეპუტატი, რომლის ექსტრადირებასაც რუსეთი მოითხოვდა, საქართველოში 11 მაისს დაბრუნდა. რამდენიმე დღის წინ ლიტვამ ოფიციალურად განაცხადა უარი თარგამაძის რუსეთისთვის გადაცემაზე. როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა გივი თარგამაძეს 2012 წლის 6 მაისს ბალოტნაიას მოედანზე მომხდარი მასობრივი არეულობის ორგანიზებაში დასდო ბრალი. სამშობლოში დაბრუნებული თარგამაძე საკუთარი გეგმების შესახებ პრესკონფერენციის გამართვას 14 მაისს გეგმავს, მანამდე კი უმცირესობის წევრი აცხადებს, რომ მისთვის საკუთარი სიმართლის დამტკიცება პრინციპული საკითხი იყო:

”ჩემთვის რთული იყო საქართველოში არყოფნა ასეთ სიტუაციაში ამ სამი თვის განმავლობაში, მაგრამ იყო პრინციპული და მნიშვნელოვანი იმის დამტკიცება, რაც მე დავამტკიცე ევროპაში, რაც დავუმტკიცეთ პრაქტიკულად პუტინს”.

დებულების მე-3 მუხლს. შესაბამისად, რუსეთის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროს ვაცნობეთ, რომ გივი თარგამაძის შესახებ ინფორმაცია ამოღებული იქნება ინტერპოლის ბაზიდან...
ინტერპოლი
ეს განცხადება თარგამაძემ ჩამოსვლის დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთა. მისი თანაგუნდელი დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი ინტერპოლის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს:

”მადლობა ღმერთს, რომ არსებობს ობიექტური საგამოძიებო ორგანოები, რომლებიც ვითარებას ასევე ობიექტურად აფასებენ. ინტერპოლმა რუსეთის მოთხოვნა უარყო და ყველა შეზღუდვა, რომლის დაწესებასაც რუსეთის შესაბამისი სამსახურები ითხოვდნენ გივი თარგამაძის წინააღმდეგ, დღეს მოხსნილი და გაბათილებულია”.

ამასთან, რუსული გამოცემა "ნოვაია გაზეტა" ავრცელებს ინტერპოლის გენერალური მდივნის რონალდ ნობლის მიერ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის 5 აპრილს გამოგზავნილ წერილს, რომელშიც წერია:

"ინტერპოლის იურიდიულმა სამმართველომ განიხილა გივი თარგამაძესთან დაკავშირებული შეტყობინება, რომელიც რუსეთის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ გაიგზავნა. ინტერპოლის იურიდიულმა სამმართველომ დაასკვნა, რომ ის არ შეესაბამება ინტერპოლის წესებს, კერძოდ, დებულების მე-3 მუხლს. შესაბამისად, რუსეთის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროს ვაცნობეთ, რომ გივი თარგამაძის შესახებ ინფორმაცია ამოღებული იქნება ინტერპოლის ბაზიდან”.

გივი თარგამაძეზე რამის თქმა, რომ მისთვის ქართული ეროვნული სახელმწიფოს კლასიფიცირებული ინფორმაციის გადაცემა არ შეიძლება, ეს არის ისეთი არასწორი და არაადეკვატური ეროვნული ინტერესების რეალურ არსთან დაკავშირებით, რომ მეტი არ შეიძლება...
დავით დარჩიაშვილი
გივი თარგამაძე სამომავლო გეგმებს საზოგადოებას, სავარაუდოდ, პრესკონფერენციაზე გააცნობს, თუმცა მანამდე, როგორც ცნობილია, ის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ნდობის ჯგუფის წევრადაა წარდგენილი. ეს ჯგუფი ახალი პარლამენტის შეკრებიდან შვიდი თვის თავზე ჯერ კიდევ არ დაკომპლექტებულა. მიზეზი, როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით დარჩიაშვილი აცხადებს, სწორედ თარგამაძის კანდიდატურის მიმართ არსებული უარყოფითი დამოკიდებულებაა. საპარლამენტო უმრავლესობა წინააღმდეგია ნდობის ჯგუფში, რომლის მიზანიცაა აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების სპეციალური პროგრამებისა და საიდუმლო საქმიანობის ბიუჯეტის კონტროლი, თარგამაძე შევიდეს. წინააღმდეგია თავად პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც, რომელიც ამ თემას ერთი კვირის წინ, ჯერ კიდევ თარგამაძის საქარველოში დაბრუნებამდე, გამოეხმაურა:

”მე პირადად გივი თარგამაძის კანდიდატურას ნდობის ჯგუფში მხარს ვერ დავუჭერ ძალიან მარტივი მიზეზის გამო: ის მე რამდენიმე თვეა არ მინახავს. ამიტომ, როგორ წარმოგიდგენიათ, ნდობის ჯგუფში შევიყვანოთ ადამიანი, რომელიც შესაძლოა კიდევ ორი თვე ვერ ვიხილოთ საქართველოში? ნდობის ჯგუფში ჯილდოები კი არ რიგდება. ეს არის ხალხი, რომელმაც უნდა იმუშაოს, გააკონტროლოს ის უწყებები, რომლებიც საიდუმლო საქმეებს აწარმოებენ. და ესეც რომ არ იყოს, ჯერ რეალური გივი თარგამაძისგან აშენებული ქვეყანა ხომ ვნახეთ, რაც იყო, და ახლა ვირტუალური გივი თარგამაძით როგორ გავაკეთოთ ეს ნდობის ჯგუფი?”

უმრავლესობის წევრები „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავენ თხოვნით, შეცვალონ კანდიდატურა, უმცირესობის ლიდერები კი აცხადებენ, რომ მათი უფლებაა აირჩიონ, ვინ დაიკავოს უმცირესობის კვოტა. შესაბამისად, როგორც დავით დარჩიაშვილმა რადიო თავისუფლებასთან განაცხადა, ისინი კანდიდატურის შეცვლას არ აპირებენ:

”გივი თარგამაძეზე რამის თქმა, რომ მისთვის ქართული ეროვნული სახელმწიფოს კლასიფიცირებული ინფორმაციის გადაცემა არ შეიძლება, ეს არის ისეთი არასწორი და არაადეკვატური ეროვნული ინტერესების რეალურ არსთან დაკავშირებით, რომ მეტი არ შეიძლება. ანუ ადამიანს, რომელსაც რუსული პროკურატურა ემუქრება და სწორედ რუსეთი არის ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების მთავარი პრობლემა, მას არ უცხადებ ნდობას და რუსეთის პროკურატურას ვინც მოეწონება, იმას თუ გამოუცხადებ ნდობას, მაშინ რომელი ეროვნული ინტერესების და უსაფრთხოების დაცვაზე ვლაპარაკობთ?
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG