Accessibility links

ამ დღეებში 85 წელი შეუსრულდა ქართული წარმოშობის გერმანულენოვან მწერალს, გივი მარგველაშვილს.

ათწლეულების მანძილზე, სამოციანი წლებიდან ოთხმოციანების ბოლომდე, 14 დეკემბერს გივი მარგველაშვილი თბილისში, თავის ოროთახიან ბინაში, მეგობრებთან ერთად აღნიშნავდა დაბადების დღეს. უკრავდნენ ჯაზს, ცეკვავდნენ, საუბრობდნენ ხელოვნებაზე, ყოფით თუ ინტელექტუალურ თემებზე.

აქ შეხვდებოდით ლიტერატორებს, ფილოსოფოსებს, ხელოვანებს - ქართული ინტელექტუალური ელიტის ერთ ნაწილს, რომელიც არცთუ განებივრებული იყო ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ სამაგიეროდ განებივრებული იყო მასპინძლის მიერ. ასეთ წვეულებებს თან ახლდა ლამის სავალდებულოდ ქცეული კითხვა მისი ნაწარმოებებიდან.

თავისი ვიწრო წრისთვის საკითხავი კი გივი მარგველაშვილს მართლაც ბევრი ჰქონდა. ამ სახელდახელო ლიტერატურული საღამოების დამსწრეთა თქმით, საბეჭდ მანქანაზე გადაბეჭდილი და დასტებად დაწყობილი მისი თხზულებები ლამის მეტრობით განიზომებოდა.

საშინაო ლიტერატურული საღამოები მხოლოდ საიუბილეო თარიღებს არ უკავშირდებოდა და სხვა დროსაც იმართებოდა ხოლმე. ასეთი შეკრებების მონაწილენი იყვნენ, მაგალითად, გერმანისტები დავით დავლიანიძე, რეზო ყარალაშვილი, ნოდარ კაკაბაძე, ფილოსოფოსები, ლეონიდ ჭელიძე, მერაბ მამარდაშვილი და სხვანი. გივი მარგველაშვილს, რომელსაც უყვარდა ლიტერატურული დელიკატესებით თავისი სტუმრების გამასპინძლება, მაინც და მაინც არ სწყალობდა არც ხელისუფლება და არც, საერთოდ, ბედი. ის შინაგან ემიგრაციაში იმყოფებოდა. თუმცა არა მხოლოდ შინაგანში.

ყველაფერი დაიწყო ბერლინში, სადაც მომავალი მწერალი 1925 წელს მოევლინა სამყაროს ქართველი ემიგრანტების ოჯახში.

მამა, ფილოსოფოსი ტიტე მარგველაშვილი, გერმანიაში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე იყო. გივი ოთხი წლის იყო, როცა დედა დაეღუპა და მას მერე გერმანელი ძიძები ზრდიდნენ. მის მშობლიურ ენად გერმანული იქცა. გერმანიაშივე მიიღო შესანიშნავი განათლება.

მერე იყო მეორე მსოფლიო ომი, რომლის შემდეგაც ბერლინი გაიყო და მარგველაშვილები ქალაქის დასავლეთ ნაწილში აღმოჩნდნენ, მაგრამ არცთუ დიდი ხნით. 1946 წლის თებერვალში ტიტე მარგველაშვილი ბერიას ბრძანებით გადაიტყუეს საბჭოთა საოკუპაციო ზონაში და დააპატიმრეს. მას თან ახლდა თავისი 18 წლის ვაჟიც. მამა მალევე დახვრიტეს, გივი კი ჯერ საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკ ზაქსენჰაუზენში მოათავსეს, ერთი წლის შემდეგ კი, მამამისის მშობლიური საქართველოს გზას გაუყენეს.

ასე აღმოჩნდა იგი სრულიად უცხო სამყაროში, სრულიად უცხო ენობრივ გარემოში - ემიგრაციაში. აქ ისწავლა ქართული, რომელსაც ბოლომდე მაინც ვერ გაუშინაურდა. მხოლოდ გავლენიანი მეგობრებისა და ნათესავების წყალობით მოახერხა თავი დაეღწია რეპრესიებისთვის.

"ერთ სოციოლოგს აქვს ნათქვამი, რომ ემიგრაცია ნიშნავს ორმაგ არყოფნას, ორმაგ დაუსწრებლობას. ლიტერატურაში ამის ფანტასტიური მაგალითია გივი მარგველაშვილი, რომელიც არც საქართველოში იყო და ბოლომდე არც გერმანიაშია. ეს არის ადამიანი, რომლის იდენტობა არც ქართულია და არც გერმანული. მას აქვს ის, რასაც თამაედროვე კულტურის კვლევაში 'დეფისის იდენტობას' უწოდებენ ხოლმე. ანუ იდენტობა, რომელსაც ეწოდება 'გერმანულ-ქართული'" - ასე აფასებს გივი მარგველაშვილის ფენომენს ფილოსოფოსი გიგა ზედანია.

მწერლობა და მეგობრების წრე იყო გივი მარგველაშვილის შინაგანი ემიგრაციის სამყარო თბილისში ცხოვრების პერიოდში.

ასე რომ, უცხო გარემოში “ჩაგდებულობა”, - მისი საყვარელი ფილოსოფოსის, მარტინ ჰაიდეგერის ფილოსოფიის ერთ-ერთი მთავარი ცნება - მისი ცხოვრების ტექსტის მთავარი თემა გახლავთ. მთავარი თემა გახდა ის მისი ლიტერატურული ტექსტებისთვისაც.

გერმანისტი ალექსანდრე კარტოზია გივი მარგველაშვილის შემოქმედების ერთ-ერთი მკვლევარია: "ამ ბიოგრაფიამ, შეიძლება ითქვას, განაპირობა მისი ლიტერატურაც. უფრო მეტიც, განაპირობა საერთოდ ის, რომ გივი მარგველაშვილი გახდა მწერალი და უფრო მეტიც - ის, რომ მისი ცხოვრება გახდა ლიტერატურა. ერთი პოეტის სიტყვებით რომ ვთქვათ, გივი მარგველაშვილისთვის ‘ცხოვრება იქცა იმ ადგილად, სადაც ცხოვრება არ შეიძლება‘. ამიტომ უნდა გამოინახოს რაღაც სხვა ადგილი, სხვა სივრცე, სადაც ამ ადამიანს შეუძლია იცოცხლოს, შეუძლია ისუნთქოს. აი, ასეთი ადგილი გახდა მარგველაშვილისთვის ლიტერატურა."

გივი მარგველაშვილის ლიტერატურის მთავარი თემაა ტექსტი. უმეტესწილად ესაა სხვა ავტორების ტექსტები. იგი მათ ესესხება პერსონაჟებსა და თემებს და ცვლის მათ, რათა „აღადგინოს სამართლიანობა“, იხსნას პერსონაჟები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო იტანჯებიან ორიგინალის ტექსტში.

მაგალითად, მის ერთ-ერთ ნაწარმოებში "ვეფხისტყაოსნის" ცუდ თარგმანში პერსონაჟები - დაპირისპირებულებიც კი - ერთიანდებიან, ჯანყდებიან მთარგმნელის წინააღმდეგ, და თარგმანს ტოვებენ.

სხვაგან მშობლებს მათეს სახარებიდან ჩვილი ბავშვები გადასარჩენად გადაჰყავთ ლუკას სახარებაში, სადაც არ არის აღწერილი მეფე ჰეროდეს მიერ ჩვილთა გაჟლეტა.

ერთ-ერთ უკანასკნელ ნაწარმოებში, მარგველაშვილის მთავარი რომანის, "კაპიტან ვაკუშის" გმირი როულინგის პოპულარული წიგნების პერსონაჟის, ჰარი პოტერისგან ითხოვს ჯადოსნურ სარკეს, რათა, ბოლოს და ბოლოს, მოუპოვოს მკითხველები თავის წიგნს.

"მე ხომ ფილოსოფიიდან მოვდივარ ლიტერატურაში და ძალიან რადიკალურად ვაკეთებ ამას. აი, პირდაპირ წიგნის პერსონაჟად ვასახელებ რომანის ფიგურას. იცით, რაღაც მხიარული მეცნიერების მომენტია აქ, ვითომ მეცნიერებაა. ხუმრობაა, რა", ამბობს ავტორი.

როგორც ნაირა გელაშვილი ამბობს, იგი თვითონაც ამ პერსონაჟების ცხოვრებით ცხოვრობს, მათ სამყაროშია გადასახლებული: "თავის სამყაროში ძალიან ბედნიერია. თავისი წიგნები მოსწონს და მოსწონს. მათთან არის ჩაკეტილი, ფაქტიურად. რაღაცნაირად ცხოვრება აღარ სჭირდება. აი, ამ თვალსაზრისით გივი მართლა ბედნიერია, რომ თავის სამყაროში დიდ სიხარულს იღებს, ტკბება."

გივი მარგველაშვილი, მართალია, 80-იანი წლების ბოლოდან კვლავ თავის მშობლიურ ბერლინში გადასახლდა, მაგრამ ამას მაინც ვერ უწოდებ შინდაბრუნებას, ვინაიდან ის უცხო სამყაროში აღმოჩნდა. მისი არყოფნის პერიოდში გერმანია ძალიან შეიცვალა. უცხოდ გრძნობს იგი თავს გერმანულ ლიტერატურაშიც. მართალია, მას იცნობენ ინტელექტუალურ წრეებში, თავისი წიგნებისთვის ის 2006 წელს გოეთეს მედლითაც დააჯილდოვეს, მაგრამ ფართო მკითხველისთვის გივი მარგველაშვილი უცხოა. ამის მიზეზებზე გვესაუბრა ჰამბურგელი ფილოსოფოსი ფრანკ ტრემელი: "ასეა, დიდი სალიტერატურო ენები ყოველთვის ცოტა შოვინისტური ხასიათისაა. ამასთან, გერმანული ლიტერატურა ერთგვარად ინცესტურია. ის საკუთარი თავის გარშემო ტრიალებს და განსაკუთრებით არ აინტერესებს სხვა ლიტერატურები. წარმომიდგენია, რომ გივი მარგველაშვილის მიმართ ინტერესი უფრო დიდი იქნებოდა რომანულ ქვეყნებში და ის უფრო სწრაფად იპოვიდა მკითხველს".

ალბათ გერმანიაში წიგნის ბაზრის თავისებურებებმაც განაპირობა ის, რომ უკანასკნელ ხანებში მარგველაშვილი ტრივიალური თემებისკენ დგამს ნაბიჯს.

მაგალითად, მისი რომანი "პოლიციელი პემბრი", რომელიც 2007 წელს გამოსცა გამომცემლობა "ფერბრეხერმა", დეტექტიური რომანია, ოღონდ სრულიად გამორჩეული ხასიათის.

მის საფუძვლად აღებულია თომას ჰარისის გახმაურებული დეტექტიური რომანი "კრავების დუმილი".

თუკი მარგველაშვილის ესთეტიკისთვის ძირითადად ჩვეული იყო წიგნის პერსონაჟების დასახმარებლად ტექსტში გარედან შესვლა, აქ პირიქითაა - ეხმარებიან რეალურ პირს. თანაც ეხმარებიან წიგნის მეშვეობით.

ჰარისის რომანის ერთ-ერთი გმირი, პოლიციელი პემბრი თავისი წინდაუხედაობის გამო იღუპება წიგნის მთავარი გმირის, ბოროტმოქმედ ლექტერის ხელით.

მარგველაშვილთან კი საქმე ასე გამოიყურება: ყველაფერი, რაც ჰარისთანაა აღწერილი, ერთ მშვენიერ დღეს რეალობად იქცევა და იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული უბედურება, საჭიროა ჰარისის წიგნის გულდასმით წაკითხვა და ისე მოქმედება, რომ რომანში აღწერილი მოვლენები რეალურ ცხოვრებაში არ განმეორდეს.

"ჩემს წიგნში ეს ამბავი ასეა წარმოდგენილი, რომ გასული საუკუნის კრიმინალური რომანები იჩენენ ტენდენციას, რომ გახდნენ რეალური კრიმინალური ამბების პროგრამები და რეალური პერსონაჟები, რომლებმაც არ იციან, რა არის მათ თავზე, უცბად იქცევიან ამ ამბების, ამ რომანების რეალურ მსხვერპლად", ამბობს თავის ლიტერატურულ ხერხზე გივი მარგველაშვილი.

გივი მარგველაშვილი უსამშობლო ადამიანია და იგი როგორც მწერალიც უსამშობლოა, ბოლომდე არც გერმანულ ლიტერატურაშია შინ და, მით უმეტეს, არც ქართულში. მაგრამ, როგორც, ფრანკ ტრემელი ფიქრობს, მარგველაშვილი შესაძლოა მომავალმა თაობებმა უკეთ გაიგონ: "ეს უსამშობლოობა, რა თქმა უნდა, ჩვენი ეპოქის ნიშანია. ამდენად, შესაძლებელია, რომ მისი ლიტერატურა მომავლის ლიტერატურაა. ვინაიდან, ჩემის აზრით, რაც მან გადაიტანა და რის შემოქმედებითად გადამუშავებასაც ცდილობს, გარკვეული თვალსაზრისით, სიმპომატურია და არ არის მხოლოდ ინდივიდუალურად ტრაგიკული ბედი."

აქვე უნდა დავძინო, რომ უსამშობლოო მწერალი ახლახან ბერლინიდან ისევ საქართველოში გადასახლდა. თუმცა, მიუხედავად ამ მორიგი მიგრაციისა, ის მომავალშიც იქ გააგრძელებს ცხოვრებას, სადაც ყველაზე უფრო მეტად გრძნობდა თავს შინ - ლიტერატურაში. მიუხედავადა ასაკისა, გივი მარგველაშვილი აქტიურად მუშაობს და, როგორც ამბობს, კიდევ არაერთი ჩანაფიქრის განხორციელებას აპირებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG