Accessibility links

logo-print
საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსმა მესაზღვრეებმა უკვე ღობეების მონტაჟი დაიწყეს. ხურვალეთისგან განსხვავებით, სადაც მავთულხლართებია გაბმული, სოფელ დიცთან რუს ჯარისკაცებს გამზადებული კონსტრუქციები მიაქვთ და ღობეებს სწრაფად აწყობენ. ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, ღობეებს მიღმა რჩება სოფლის საძოვარი, სახნავ-სათესი ფართობები, სარწყავი წყლის გამშვები ნაგებობა, სასაფლაო და რამდენიმე სახლი. დიცელი ოთარ მაისურაძე აცხადებს, რომ რუსები ეგრეთ წოდებულ საზღვარს სოფლის სიღრმეში სწევენ, მათთან მოლაპარაკება კი უშედეგოა.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, საოკუპაციო ხაზზე რუსები საბჭოთა კავშირის დროინდელი რუკებით ხელმძღვანელობენ და ღობეს სწრაფად აშენებენ, ამის შედეგად კი რამდენიმე სახლი ხაზს მიღმა დარჩება, გაჩნდებიან ახალი დევნილები; გარდა ამისა, ბერუაშვილების საგვარეულო სასაფლაოც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცევა.

დიცის რწმუნებულის მოადგილე აკაკი ჯალაბაძე აცხადებს, რომ დაახლოებით კილომეტრ-ნახევარში უკვე გადმოწეულია ეგრეთ წოდებული საზღვარი, თუმცა ამ ღობეების გაბმაში იგი პოზიტივსაც ხედავს: მისი აზრით, ადგილობრივი მოსახლეობა და პირუტყვი მეტად დაცული იქნება და ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვეღარ მოხვდებიან.
მწვანე ღობე კონფლიქტის ზონაში

მწვანე ღობე კონფლიქტის ზონაში


საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ეგრეთ წოდებულ საზღვართან რუსული ძალების ქმედებებზე რეაგირების ერთადერთ ბერკეტად დიპლომატია რჩება. საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკანიანმა განაცხადა, რომ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების პრობლემის შესახებ ინფორმაციას მუდმივად აწვდიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეებს.

დიცელები საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ და სოფლისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას ითხოვენ, რადგან, მათი თქმით, ღობეებს მიღმა დარჩენილი სარწყავი წყლის გამშვები სისტემა ჩაიკეტება და ძლიერი გვალვის გამო გადამხმარი მოსავალი მთელ სოფელს გაჭირვებაში ჩააგდებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG