Accessibility links

17 დეკემბერს „ქართულ ფილმში“ გაიმართა მწერლისა და კინორეჟისორის, გოდერძი ჩოხელის, 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო. კინოკრიტიკოსებმა, მსახიობებმა, რეჟისორებმა გოდერძი ჩოხელის შემოქმედება გაიხსენეს.

ერთხელ, 18 წლის წინ, ავიღე 12-ფურცლიანი მწვანე რვეული, რამდენიმე ფანქარი და დიღომში ერთ-ერთ მაღალსართულიან კორპუსს მივადექი. კორპუსი კორპუსი იყო. მონაცრისფრო, საბჭოთა არქიტექტურის ერთ-ერთი მორიგი, მოსაწყენი ხედით. ხმის ჩამწერი მაშინ მე არ მქონდა და ჩემი ხელის სისწრაფესა და მახსოვრობის სისხარტეზე ვიყავი დამოკიდებული. ცხოვრებაში პირველი ინტერვიუ, ალბათ, ყველას ახსოვს. ჰოდა, მეც მახსოვს. ბინა მაღალ სართულზე. დიდ ფანჯარასთან მიმდგარი ხის მაგიდა. მაღალი კარადა, წიგნებითა და ჭურჭლის ვიტრინით. 80-90-იან წლებში თითქმის ყველა ოჯახში რომ იდგა, ისეთი. ორი ბიჭი, ერთი თითქმის ჩემი ასაკის, მეორე - უფრო პატარა. ახალგაზრდა ქალი და გოდერძი, მუქი ლურჯი თბილი ჯემპრით. კითხვების სია რომ ამოვაძვრინე ჩანთიდან, ერთი კი შეიცხადა, ამდენ კითხვაზე პასუხი სულ ხელით უნდა ჩაიწეროო? და დაიწყო ლაპარაკი დინჯად. თან, ალბათ, მე მიწევდა ანგარიშს და თან, ალბათ, ისედაც ასეთი ტიპი იყო. რამდენიმე ამბავი მახსოვს იმ ინტერვიუდან: როგორ ნახა პირველი ფილმი, „ჯარისკაცის მამა“, როგორ უნდოდა ბავშვობისას ველოსიპედი, როგორ გამოიყვანა ერთ თოვლიან დღეს მასწავლებელმა კლასი ეზოში და თოვლში „ფრენა“ ასწავლა და როგორ უსაყვედურა ერთმა კოლეგამ, რა სულ ბალახზე და მთაზე იღებ ფილმს, ასფალტზეც გადაიღე რამეო. კიდევ ბევრი რამე მიამბო მაშინ გოდერძი ჩოხელმა, 12-ფურცლიანი რვეული მწვანეყდებიანად გავავსე, წამოვიღე სახლში, დავწერე და ჟურნალ „სტუდიაში“ დავბეჭდე. ფოტოც მახსოვს ინტერვიუს საილუსტრაციოდ. ის ფოტოც გოდერძიმ მომცა: სამთვლიან საბავშვო ველოსიპედზე ზის გოდერძი და აქეთ-იქით ლუკა და ნიკა, შვილები, უდგანან.

პირველივე სცენარი, რომელიც მომიტანა, იყო საფლავებთან აბსოლუტურად კონკრეტული ლაპარაკი. როგორი, იცი? ისე ელაპარაკებოდა საფლავებს, როგორც ასე მე და თქვენ ვლაპარაკობთ. მისთვის არ არსებობდა არარეალური და რეალური, არაკონკრეტული და კონკრეტული...

გოდერძი სოფელ ჩოხში დაიბადა: მწერალი, პოეტი, ნოველისტი და კინორეჟისორი - ასე მოიხსენიებენ მას. 1979 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი და იმავე წელს დაიწყო მუშაობა კინოსტუდია „ქართულ ფილმში" დამდგმელ რეჟისორად. ერთ წელიწადში მოთხრობების პირველი კრებულიც გამოსცა - „წერილი ნაძვებს“. იმას მოჰყვა სხვა წიგნები: „ბინდისფერი სოფელი", „თევზის წერილები", „შემინახე, დედაო მიწავ!", ,„სულეთის კიდობანი", რომანები „მგელი“ და „მღვდლის ლოცვა“ და სხვა.

გოდერძის ფილმები კი თავიდანვე მოექცა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კინოკრიტიკოსებისა და კინოფესტივალების ყურადღების ცენტრში. მისმა ერთ-ერთმა პირველმა ნამუშევარმა, „ადგილის დედამ“, 1982 წელს გერმანიაში, ქალაქ ობერჰაუზენში, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე გრანპრი დაიმსახურა. ამ პრიზს მომდევნო წლებში სხვა არაერთი პრიზი მოჰყვა მონტე-კარლოში, ხიროსიმაში და სხვა.

17 დეკემბერს „ქართულ ფილმში“ გოდერძი ჩოხელის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში გოდერძი ჩოხელთან პირველ შეხვედრას იხსენებს: „ტელეფილმების სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი ვიყავი მაშინ და ჩემთან გამოაგზავნეს, აბა, ნახე, საინტერესო ახალგაზრდააო და ნახე ერთიო. პირველივე სცენარი, რომელიც მომიტანა, იყო საფლავებთან აბსოლუტურად კონკრეტული ლაპარაკი. როგორი, იცი? ისე ელაპარაკებოდა საფლავებს, როგორც ასე, მე და თქვენ ვლაპარაკობთ. მისთვის არ არსებობდა არარეალური და რეალური, არაკონკრეტული და კონკრეტული... მისი მოთხრობა, რომელმაც მე სრულიად გამაკვირვა და მერე ისიც ფილმად აქცია, „წერილი ნაძვებს“, - მხარზე რომ ამოუვიდა ადამიანს ნაძვი, რომელიც როგორც შვილი, ისე ჰყავდა და ბოლოს მისთვის მოკვდა. ამოთხარა მიწა, ჩაწვა შიგნით და ნაძვი გაახარა და თვითონ მოკვდა. ანუ ზუსტად ისე მოიქცა, როგორც ჩვენ ვიქცევით ჩვენი შვილებისთვის“.

მერაბ კოკოჩაშვილი

მერაბ კოკოჩაშვილი

მთიდან ქალაქში ჩამოსულ გოდერძის სულ ენატრებოდა მიწა და მთა. იმიტომაც სულ მთაზე წერდა. იქაურებზე. იმიტომაც სულ მთაზე იღებდა. იქაურებზე. აი, რას იხსენებს მერაბ კოკოჩაშვილი: „აი, აქ, ფანჯარაში ვიყავი გადმოყუდებული. ფილმზე ვმუშაობდი. და ვხედავ, ჭიშკარში შემოვიდა ვიღაც და ქვაფენილზე კი არ მოდის, პირდაპირ ბალახზე წამოვიდა. მოდის, მოდის... ვაა, ეს გოდერძია... დავუძახე: გოდერძიი, გოდერძიი! რას შვრები? ქვაფენილი არა გყოფნის? გამომხედა და, „მამენატრა“, მითხრა. ის იყო მიწიდან ამოსული ადამიანი, რომელსაც ისეთი ნიჭი ჰქონდა, რომ მისთვის წარსული, მომავალი, დღევანდელობა, სულიერება, განცდა, ფიქრი, აბსოლუტურად ერთიანი სამყარო იყო“.

ერთ დღეს გოდერძი მსახიობ ბერტა ხაფავას გაებუტა. გაებუტა იმიტომ, რომ ბერტა მცივანა გამოდგა და თოვლიან ზამთარში ვერ გაჰყვა გოდერძის გუდამაყარში გადაღებებზე. მთელი წელი არ მელაპარაკებოდაო, იხსენებს ბერტა. მიუხედავად იმისა, რომ ბერტა გოდერძი ჩოხელის რამდენიმე ფილმში მონაწილეობს, ის მაინც ერთ როლს გამოყოფს: „ერთ მშვენიერ დღეს მეუბნება, უნდა გადაგიღო, მაგრამ მკვდარი უნდა გათამაშო, ისეთი გამომსახველი სახე გაქვსო. როგორ, არ გადამრიო, მკვდარს რად უნდა გამომსახველი სახე, მკვდარმა რა უნდა ვითამაშო-მეთქი? არაფერიო. წავედით ორჯონიკიძეში. გამახვიეს სუდარაში, დამაწვინეს გაჭიმული საკაცეზე. ნამდვილი მოლები მოიყვანეს და იქაური წესით, სულ ცეკვით დამმარხეს. ასე სცოდნიათ. ეს იყო ჩემი როლი, რომელიც მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება. მერე მოლებმა მითხრეს, დიდხანს არ მოკვდებით, ისე კარგად გიტირეთო“.

გოდერძი ჩოხელის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევრის, „სამოთხის გვრიტების“, პრემიერა ფასანაურის კლუბში 1998 წლის ზაფხულში შედგა. მახსოვს ხალხის რეაქცია. მიუხედავად იმისა, რომ კლუბი ძირითადად ახალგაზრდებით იყო გადაჭედილი, ფილმის დასრულების შემდეგ სრული სიჩუმე ჩამოდგა. ამ ფილმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ბრიგადირი სტეფანე, ხანდაზმული თანასოფლელების სწავლა-განათლებაზე ზრუნვას დროის კარგვად მიიჩნევს და სწავლაში ხელს უშლის. ბრიგადირი სტეფანეს როლი ფილმში კახი კავსაძემ შეასრულა:

როცა წერდა, ამ პროცესს ჩვენ არასდროს გვაჩვენებდა. ან წერდა მაშინ, როცა მარტო იყო, ან ღამით. არც ის უყვარდა, მისი დაწერილი წამეკითხა. როცა დაიბეჭდებოდა ხოლმე, მაშინ მოარბენინებდა გახარებული, უკვე დაბადებულ ნაწარმოებს...

კახი კავსაძე მეუბნება, გოდერძიზე სალაპარაკოდ მილიონი წელიც არ მეყოფაო. ის ერთ კადრს იხსენებს. მიკროფონის წინ ამ კადრის განსახიერებას იწყებს: ჯდება სკამზე, მუხლებზე ხელებს ილაგებს და თავს ხრის: „აი ასე, დაფიქრებული, თავჩაღუნული იჯდა. რა იყო, ვეტყოდი, ვფიქრობ, მიპასუხებდა. რაზე? რა ვიცი, აბა, ყველაფერზე“...

ფიქრი კი მართლა უყვარდა გოდერძის. ხან რომ ადამიანების დარდებს აგროვებდა, ხან რომ საფლავებს ელაპარაკებოდა, ხან სიკვდილს ადამიანად აქცევდა... უბრალოდ, მარტო ფიქრი უყვარდა გოდერძის. ნინო მელაშვილი, გოდერძის ცოლი, მეუბნება, არასდროს მინახავს, როგორ მუშაობდა, როგორ წერდაო. არც არასდროს მაკითხებდა თავის ნაწერებსო. უბრალოდ, ამბებს მიყვებოდა, რაზე აპირებდა დაწერას, ეს იყო და ესო: „როცა წერდა, ამ პროცესს ჩვენ არასდროს გვაჩვენებდა. ან წერდა მაშინ, როცა მარტო იყო, ან ღამით. არც ის უყვარდა, მისი დაწერილი წამეკითხა. როცა დაიბეჭდებოდა ხოლმე, მაშინ მოარბენინებდა გახარებული, უკვე დაბადებულ ნაწარმოებს“.

ლუკა, გოდერძის უფროსი ვაჟი, ახლა 32 წლისაა. 12 წლის იყო, გოდერძის ფილმში „ლუკას სახარება“ მთავარი როლი რომ შეასრულა. სცენარის წაკითხვის შემდეგ თავად გამოუთქვამს ფილმში მონაწილეობის სურვილი. თუმცა გოდერძის შემოქმედებით მხარეზე მეტად მასზე, როგორც მამაზე, ისე ურჩევნია ლაპარაკი. მის მახსოვრობას მამასთან ურთიერთობის ეს კადრი შემორჩა: „დიღმის ხეივანში მასეირნებდა ხოლმე. ახლა იქ დავით აღმაშენებლის ძეგლი დგას, მაშინ პატარა მოედანი იყო და იქ ვთამაშობდით ხოლმე ერთად. სახლებს ვუშენებდი ჭიანჭველებს და ჭიამაიებს..."

გოდერძი ჩოხელი 2007 წელს, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილი კი მისთვის სხვა კი არაფერი, უბრალოდ, ადამიანად არყოფნის სევდა იყო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG